ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - გზაპრესი

ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ნაკრების წევრი, 17 წლის ზესტაფონელი ტატო სამხარაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა კარატეში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ლიგაზე. ეს ტურნირი კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში ჩატარდა. ტატო სამხარაძემ კარატე დოში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ეგვიპტელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა კიდეც. როგორც მისი მწვრთნელი ირაკლი ღონღაძე ამბობს, ტატომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული გამოსვლა აჩვენა.

- 6 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. მინდოდა, სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები მეცადა და წარმატებებსაც მივაღწიე. თავიდან, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, თან მაშინ შესაბამისი პირობებიც არ იყო. მახსოვს, დარბაზში წყალი ჩამოგვდიოდა, მაგრამ გული მაინც არ ავიცრუე. სპორტი ჩემთვის ყველაფერია. ბუნებით მებრძოლი ვარ და ეს მეხმარება წარმატების მიღწევაში. ეს არის ბრძოლის ის სახეობა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სწორედ შეტევასა და სიმტკიცეზე.

- კიდევ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარატისტი?

- პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, მობილიზებული და მონდომებული უნდა იყო. ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო და ბევრი იშრომო, თუკი გამარჯვება გინდა. ტატამზე როცა დადგები, თუ გონება არ გიმუშავებს, შედეგს ვერ მიიღებ, რადგან ყველაფერი უნდა გათვალო, სისხარტე უმთავრესია.

6 წლის ვიყავი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატზე რომ გავედი და ჩემპიონი გავხდი. 12 წლისამ დანიაში ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ავიღე, 14-15 წლის ასაკში კი ჰოლანდიაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ყველა გამარჯვება ჩემთვის ემოციური და განსაკუთრებულია. ზოგადად, ემოციების გამოხატვა არ მიყვარს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში მიჭირს დამალვა - მეამაყება, რომ საქართველოს ვასახელებ, როცა ჩვენი ქვეყნის დროშა ფრიალებს და ჩემი გამარჯვებით კიდევ ერთხელ იგებენ საქართველოს სახელს.

GzaPress

- ვიდრე ტატამზე გახვალ, რამე ტრადიცია გაქვს? - აუცილებლად ვიწერ პირჯვარს და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა გამარჯვებისთვის. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. თუ ერთხელ მაინც არ დამარცხდი, წარმატების ფასს ვერ მიხვდები.

- ტატო, ალბათ ბევრს ვარჯიშობ, გაკვეთილების მოსამზადებლად თუ გრჩება დრო?

- ყოველ დილით დავრბივარ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და ამიტომ, სწავლას დიდ დროს ვერ ვუთმობ, არც ვაპირებ სადმე ჩაბარებას. სპორტში ვიპოვე საკუთარი თავი.

- კვიპროსში ჩატარებულ ტურნირსა და კიდევ ერთ წარმატებაზეც გვითხარი.

- მსოფლიო ტურნირზე 100-ზე მეტი ქვეყნის 420 კლუბი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით ვასპარეზობდით და ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. 7 შეხვედრა ჩავატარე. ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში ეგვიპტელ სპორტსმენებს დავუპირისპირდი, მანამდე კი ამერიკელი, პორტუგალიელი, ბოსნიელი და ირლანდიელი მოწინააღმდეგეები დავამარცხე. ფინალში მართლაც დაძაბული ბრძოლა მქონდა, მაგრამ შევძელი მისი დამარცხება. კვლავაც საბრძოლო შემართება მაქვს და მინდა, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში მეგობრები და ოჯახის წევრები, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დამხვდნენ და ჩემპიონობა მიმილოცეს. მე კი მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს საუკეთესო მწვრთნელს - ირაკლი ღონღაძეს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, ასეთი წარმატებული რომ ვარ, მან მასწავლა ყველაფერი. ყოველთვის ჩემ გვერდითაა, თავის გამოცდილებას მიზიარებს, ფსიქოლოგიურად მამხნევებს. ამჟამად ვემზადებით ახალი ტურნირისთვის - ხორვატიაში ტარდება ახალგაზრდული ლიგა და ვეცდები, 2024 წლისთვის ლიცენზია მოვიპოვო.

- მშობლები თუ ესწრებიან ხოლმე შენს ბრძოლებს?

- როდესაც ახერხებენ, აუცილებლად ესწრებიან. დედას ცრემლები მოადგება ხოლმე, როცა ჩემი გამარჯვების მომსწრე ხდება. თავიდან ეშინოდა და ნერვიულობდა, ახლა უკვე შეგუებულია.

- თუ დაგჭირვებია ქუჩაში ფიზიკური ძალის გამოყენება?

- ძალიან იშვიათად, მაქსიმალურად ვერიდები ქუჩაში კონფლიქტს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას. თუ ვიჩხუბე, ცუდად მთავრდება ეს ამბავი. ასეც ხდება ზოგჯერ, როცა ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს და სიტყვით ვერაფერს აგებინებ.

- წარმატებებს გისურვებ!

ნინო ჯავახიშვილი