ციხიდან გამოსული ადამიანის საზოგადოებაში ადაპტაციის პრობლემა - გზაპრესი

ციხიდან გამოსული ადამიანის საზოგადოებაში ადაპტაციის პრობლემა

ვასილ შუქშინმა ფილმში 28 როლი შეასრულა, თავად 6 ფილმის რეჟისორი გახდა და უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები შექმნა. თუმცა, მწერალმა, კინორეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ბოლოს, ერთ წელიწადში გადაიღო თავისი ცხოვრების ყველაზე მთავარი სურათი - "წითელი ძახველი", რომელიც საბჭოთა კავშირის ეკრანებზე 1974 წლის მარტში გამოვიდა, ნახევარი წლით ადრე შუქშინის გარდაცვალებამდე. ავადმყოფობდა, აწუხებდა კუჭის წყლული. არსებობს ვერსია, რომ ის მოწამლეს, თუმცა, როგორც ოფიციალურად ითქვა, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ვასილ შუქშინი იმ დროს მხოლოდ 45 წლის იყო. წელს, 25 ივლისს, მისი დაბადებიდან 90 წელი შესრულდება.

"წითელი ძახველი" ტრიუმფი იყო შუქშინისთვის. ფილმმა მიიღო რამდენიმე კინომატოგრაფიული პრიზი, მათ შორის გახდა საბჭოთა კავშირის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი, ნახა 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა და ამ ფილმმა მაყურებელთა რაოდენობით, საბჭოთა კავშირის კინოგაქირავების ისტორიაში მე-14 ადგილი დაიკავა.

ეგორ პროკუდინის ისტორიამ, რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავის ჩვეულ ყოფასა და გარემოში ადგილი ვერ იპოვა, ვერ შედგა როგორც პიროვნება და ვერ დამკვიდრდა, იმ პერიოდში მთელი ქვეყნის აღელვება და სიყვარული დაიმსახურა. მართალია, ფილმი საბჭოთა რეალობის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა, იმავე პრობლემების წინაშე დგანან ის ადამიანები დღესაც, ვისაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზაგადოებაში ადაპტირება უჭირთ და მუდმივად თან სდევთ ხალხის ეჭვის თვალი.

17 და 25 მაისს, გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში, დავით მღებრიშვილის სცენური ვერსიით, ვასილ შუქშინის ნაწარმოების "წითელი ძახველის" პრემიერა გაიმართა. დრამა ერთ მოქმედებად გადაწყდა. რეჟისორი დავით მღებრიშვილი შუქშინის ამ ნაწარმოებს სხვადასხვა კუთხით მიუდგა. ეს ეგზისტენციალური სპექტაკლია, არამდგრად, ჩამოუყალიბებელ ადამიანურ ცხოვრებაზე, პიროვნების მიერ საკუთარი თავის გადალახვაზე, ოცნებასა და თავგანწირვაზე, იმედებსა და უიმედობაზე. ის პრობლემას არა მხოლოდ ერთ რუსულ სოფელში ტოვებს, არამედ განზოგადოებულს ხდის.

GzaPress

დავით მღებრიშვილი: - წელს შუქშინის საიუბილეო წელია. ვფიქრობ, "წითელი ძახველი" გენიალური მოთხრობაა და ასეთივეა ფილმიც. არ დავმალავ, ამ ნაწარმოების დადგმა საკმაოდ რთული იყო, რადგან შენ თავიდანვე ხდები მძევალი თუ მსხვერპლი, გენიალური ფილმის "წითელი ძახველისა". იმედი მაქვს, ჩვენს სპექტაკლში ახალი სიტყვა იქნება ნათქვამი. "წითელ ძახველში" მე მომწონს თემატიკა - ადამიანს სურვილი აქვს დაიწყოს ახალი ცხოვრება და სამწუხაროდ, მას ეს არ გამოსდის. მარადიული თემაა, ზედმეტად გულში ჩამწვდომი და ღრმა...

- თქვენთვის რიგით რომელი სპექტაკლია "წითელი ძახველი" ამ თეატრში და დასს როგორ იცნობთ?

- დასს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგან "წითელი ძახველი" ამ თეატრში ჩემი რიგით მესამე სპექტაკლია. პირველი იყო "მისტიფიკატორი", მეორე "თვითმკვლელი" და ახლა, 20-წლიანი პაუზის შემდეგ "წითელი ძახველი" დავდგი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი და იმედია, მაყურებელს მოეწონება ეს ნამუშევარი.

ივანე ქურასბედიანი (ეგორ პროკუდინი):

- ბატონ დავით მღებრიშვილს დიდი ხანია ვიცნობ, ის ერთ-ერთი ჩვენი წამყვანი მსახიობის, ლუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილის შვილია. თუმცა, როგორც რეჟისორს, არ ვიცნობდი და მასთან მანამდე არ მიმუშავია. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. კომფორტული იყო მასთან მუშაობა... რომ გავიგე, "წითელი ძახველი" იდგმებოდა და მე უნდა ვყოფილიყავი მთავარ როლში, კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ვერ შევძლებდი. ეს მოთხრობა წმინდა რუსული ლიტერატურის ნიმუშია და თან სდევს შლეიფი, რომელიც რუსი ხალხის ტკივილია და არა მარტო შუქშინის ნაწარმოებში გვხვდება, არამედ გოგოლთან და სხვა ავტორებთანაც. ვფიქრობდი, რომ ამას მხოლოდ რუსები გაიგებდნენ. ბოლოს გადავწყვიტე და ჩემს პერსონაჟს მოვხსენი ყველანაირი კილო, სოფელში აღზრდილი კაცის ლაპარაკის მანერა, რადგან ვფიქრობ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ბიჭისგან ეს ზედმეტი იქნებოდა.

- თუმცა, რეალურად, საზოგადოებაში ადაპტაციის პრობლემა, რომელიც ციხიდან გამოსულ შენს პერსონაჟს აქვს, არა მხოლოდ რუსეთშია პრობლემა, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც და სხვაგანაც...

- კი, ზუსტად აქამდე მივედი. ერთადერთი გამოსავალი დავინახე სწორედ ეს საყოველთაო პრობლემა წარმომეჩინა და ჩემი პერსონაჟიც არა რომელიმე კონკრეტული რუსული სოფლიდან, არამედ ზოგადი გმირი ყოფილიყო. საერთოდ, როლში ბევრი მიმართულება და დეტალია, მაგრამ ვფიქრობ, ჯობია რაღაცები "მოკლა" და როლი შენი გზით წაიყვანო, შენ მოირგო და შენში იპოვო მისი ტკივილი, ამ გზით ხდება პერსონაჟი უფრო ნამდვილი და საინტერესო.

GzaPress

- სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს მიზეზი, რის გამო მოიხადა ადამიანმა სასჯელი, ამ შემთხვევაში არსებობს ერთი სიტყვა "ნაციხარია" და ადამიანი ავტომატურად კეთროვანივით ირიყება მასიდან... - სამწუხაროდ, ასეა. ჩემთან ყველაზე ახლო ეს საერთაშორისო პრობლემაა და სწორედ ასეთი ადამიანი ვითამაშე მეც. ვიცნობ ადამიანებს, ვინც ინტეგრაცია ვერ მოახერხა და სამწუხაროდ, ცუდი გზით წავიდა, ზოგმა ბევრი წვალების შედეგად მაინც "გატეხა" საზოგადოების აზრი, თავს მოერია და აღარ დაუბრუნდა წარსულში ჩადენილ შეცდომებს, მაგრამ ფაქტია, რომ სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა უფრო ხშირია. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა და უპირველესად რეჟისორს. პირადად მე, შედეგით კმაყოფილი ვარ.

"წითელი ძახველის" დადგმაზე, სცენურ ვერსიასა და მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა დავით მღებრიშვილმა, სცენოგრაფიაზე - თამარ ოხიკიანმა, ქორეოგრაფიაზე - დავით მეტრეველმა. რეჟისორის თანაშემწეა - დინა ბალაკირევა. მოქმედი პირები: ეგორ პროკუდინი-მეტსახელად "გორე" - ივანე ქურასბედიანი; ლიუბა ბაიკალოვა - ნატალია ვორონიუკი; ფიოდარ ბაიკალოვი, ლიუბას მამა - სლავა ნათენაძე; ლიუბას დედა, ქალი აკორდეონით - ნანა დარჩიაშვილი; პეტრო, ლიუბას ძმა - ოლეგ მჭედლიშვილი; პეტროს ცოლი - ხატია ბერუაშვილი; დედა - ლიუდმილა არტიომოვა მღებრიშვილი; გუბოშლეპი - ვლადიმირ ნოვოსარდოვი; ლუსიენი - სოფო ჩალაშვილი; ბულდია, ოფიციანტი, გამომძიებლის ხმა - მერაბ ქუსიკაშვილი. დირექტორი - ვასილ გაბაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ "წითელი ძახველის" ნახვას მომავალ სეზონზე შეძლებს მაყურებელი, რადგან გრიბოედოვის თეატრმა 26 მაისს უკვე დახურა სეზონი რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ერთ-ერთი ახალი სპექტაკლით "შინელი". ეს სპექტაკლი ნაჩვენები იყო XXI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "შეხვედრები რუსეთში", რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა და უკვე მიწვეულია საერთაშორისო ფესტივალებზე.

ანა კალანდაძე