გამორჩეული პედაგოგი და შეყვარებულის მოსაძებნად "ცხრა მთას იქით" წასული ქეთევანის ამბავი
font-large font-small
გამორჩეული პედაგოგი და შეყვარებულის მოსაძებნად "ცხრა მთას იქით" წასული ქეთევანის ამბავი
"პაოლო იაშვილმა შეყვარებული გოგონა სიმართლის სათქმელად ვერ გაიმეტა"


რეზო კლდიაშვილის რეგალიები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი ცხოვრება. ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, დრამატურგი... ის ყოველთვის საინტერესო რესპონდენტია. "როდესაც დამიკავშირდით და ჩვენი საუბრის თემა მითხარით, ცოტათი დავიბენი. იმდენ საინტერესო პიროვნებას შევხვედრივარ, ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი იმდენმა ადამიანმა ითამაშა, ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე და მათგან ჩემი მასწავლებლის გახსენება გადავწყვიტე; პედაგოგის, რომლის მსგავსი პროფესიონალების დეფიციტი არის ჩვენს ქვეყანაში", - მითხრა უკვე ინტერვიუზე მისულს. მოლოდინი, რომ წინ საინტერესო ამბები მელოდა, გამართლდა.


- მეამაყება, რომ რამაზ ლაღიძის ასპირანტი ვიყავი. მან მასწავლა, ნებისმიერი საქმე უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით რომ უნდა ვაკეთო. ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ორგანიკოსი გახლდათ. მიტროფანე ლაღიძის შვილი იყო, ოჯახმა კარგი განათლება მისცა.
GzaPress- მასთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებთ?
- შთამბეჭდავი იყო. წარმოიდგინეთ, სტუდენტი ვარ, იღება კარი და შემოდის დარბაისელი კაცი, სიმპათიური, დახვეწილი ჩაცმულობით გამორჩეული. პარიზიდან ახალი ჩამოსული იყო, ევროპაში ძმებთან იმყოფებოდა. რამაზ ლაღიძე ბევრს არ ჰგავდა, თუმცა ქიმიის ფაკულტეტზე, სადაც მე ვსწავლობდი, საუკეთესო პროფესურა მოღვაწეობდა. ვერ აკადრებდი, მოუმზადებელი მისულიყავი. სულ მინდა, მათ ვგავდე. თითოეულისგან აკრეფილი მაქვს თვისებები, რაც მომწონდა. სასწავლებელი რომ დავამთავრე, ქირურგიის ინსტიტუტში, პოლიმერების ლაბორატორიაში მოვეწყვე. მერე ისე მოხდა, რომ ეს ინსტიტუტი დაიწვა, მათ შორის - ჩემი ნაშრომებიც. ამ ინსტიტუტში ბატონი რამაზ ლაღიძე შემხვდა, გამომკითხა, რას საქმიანობო და ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, თავის ლაბორატორიაში დამიბარა. ასპირანტურაში მასთან ჩავაბარე და დაიწყო ძალიან საინტერესო ცხოვრება. რამაზ ლაღიძე კაპიტალისტის შვილი იყო, უმკაცრესი, მომთხოვნი... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, შეყვარებულთან პაემანზე წასვლა მინდოდა, გონება მეფანტებოდა და ის ესპანელი ინკვიზიტორი მეგონა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მისი სიმკაცრე ძალიან კარგი კი არა, აუცილებელიც კი ყოფილა. ეს კაცი სხვანაირად მზრდიდა. ჩამისვამდა მანქანაში და ზედაზენზე წამიყვანდა. იქ რომ ავიდოდით, გარემოს აკვირდებოდა, მეც დაკვირვებას მასწავლიდა. ხან მცხეთაში ვიყავით, ხან - კიკეთში.
- რას გესაუბრებოდათ?
- ერთხელ კავკასიონისკენ გაიხედა, დიდხანს აკვირდებოდა და უეცრად მითხრა: - მეშინია. - რის გეშინიათ-მეთქი? - ჩვენი სამეზობლოსი მეშინიაო. ეს 70-იანი წლების დასაწყისში იყო. სამწუხაროდ, მისი შიში გაცხადდა. ერთხელ საერთაშორისო კონკურსზე წამიყვანა, ახალგაზრდა ასპირანტი ვიყავი და მსგავსი გასვლები მაინტერესებდა. ტაშკენტში მსოფლიოს მეცნიერები იყვნენ შეკრებილები, ლაღიძეს ყველა დიდი პატივით ეგებებოდა, საბჭოთა კავშირის პროვინციიდან ჩასული რიგითი მეცნიერი კი არ იყო, მას ცნობდნენ, ავტორიტეტი გახლდათ... ჩვენთან უზბეკეთის პრეზიდენტი და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი მოვიდნენ, ბატონ რამაზს მიესალმნენ, იქვე ვიდექი და მათ ჩემი თავი გააცნო. გვარი კლდიაშვილი რომ გაიგონეს, გაგიჟდნენ და მკითხეს, ქეთო ხანუმს იცნობთო? როგორ არ ვიცნობ-მეთქი. ის მწერალ დავით კლდიაშვილის ქალიშვილი გახლდათ. ქეთევან კლდიაშვილი ტაშკენტის მერის (შემდგომში ფინანსთა მინისტრის და მოსკოვში საამიროების წარმომადგენელია) მეუღლე გახლდათ. თურმე შაბათობით მოსკოვში მყოფი ღარიბი სტუდენტებისთვის სადილს მართავდა. უზბეკ ქალებს ძალიან მოსწონდათ, სიარულის მანერაში, ჩაცმულობაში ჰბაძავდნენ.
- საინტერესოა, ქეთევან კლდიაშვილი ტაშკენტში როგორ მოხვდა?
- მას საოცარი თავგადასავალი აქვს. ქეთევანს და პაოლო იაშვილის ძმას ერთმანეთი უყვარდათ. ქეთევანი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ. ერთ დღეს ბიჭი პაემანზე არ მივიდა, მეორე დღესაც არ მივიდა, არც მესამე დღეს გამოჩნდა. ქეთევანს ბაღის კიდესთან ცისფერყანწელებთან ერთად მდგომი პაოლო შეუნიშნავს. მისულა და მორიდებით უკითხავს: ტუპია სად არისო? პაოლოს უთქვამს, ტუპია ცხრა მთას იქით, ტაშკენტში გაიქცაო. თურმე იმერეთის თავადაზნაურობა რომ დაიჭირეს და შორაპანში ვაგონებში ჩაცხრილეს, მათ შორის ტუპიაც ყოფილა. პაოლომ შეყვარებული გოგონა სიმართლის სათქმელად ვერ გაიმეტა და ეს ტყუილი მოიფიქრა. ქეთევანს კი სიმართლე ეგონა, სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს და ტაშკენტში შეყვარებულის მოსაძებნად წავიდა. იქ ქართველების დიასპორა იყო და ახლობლები ეგულებოდა. ტაშკენტში ჩასულმა გაიგო, ტუპიას რაც დაემართა. გარკვეული დროით ნათესავებთან დარჩა, თან კონსერვატორიაში სწავლობდა. ერთ დღეს ქეთევანი ოპერაში წაიყვანეს. ლოჟაში ტაშკენტის მერმა აკბარ ისლამოვმა უცხო ეროვნების ლამაზი გოგონა შენიშნა. მალე ქეთევანმა და აკბარმა იქორწინეს. შემდეგ ისლამოვიც დახვრიტეს. ქეთევანი მეგობრებმა საქართველოში გამოაპარეს. მისი შვილი - თემური, სადღაც უდედმამო ბავშვთა სახლში იყო, მოძებნეს და ისიც საქართველოში გამოაპარეს.

ბავშვობა
- ბავშვობიდანაც არაერთი წარუშლელი შთაბეჭდილება მომყვება. ქუთაისში, საფიჩხიაზე ვცხოვრობდი, საოცარი ბებია და ბაბუა მყავდა, განსხვავებულები იყვნენ. მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, ქცევა, ოჯახური გარემო იყო მისაბაძი. არ გამიგონია, ბებიას ბაბუისთვის "გენაცვალოს" გარეშე მიემართოს. ჩვენს ეზოში მეზობლებიც კი მოწიწებით შემოდიოდნენ. აკაკი ვასაძე ბაბუას მეგობარი იყო. თბილისიდან ქუთაისში ადგილობრივი თეატრის ხელმძღვანელად რომ ჩამოვიდა, თითქმის ყოველ საღამოს ჩვენთან მოდიოდა. მატერიალური სიმდიდრით გამორჩეული ოჯახი არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ბებია სუფრას ისე გააწყობდა, ამას ვერ იგრძნობდით. ოჯახში სულ სხვა სიმდიდრე გვქონდა.
აკაკი ვასაძეს ბაბუასთან ლაპარაკი ძალიან უყვარდა. მას სტუმარი რომ ჩამოუვიდოდა, ისიც ჩვენთან მოჰყავდა. ერთ საღამოს ალექსანდრე რონდელი და მისი მეუღლე მოიყვანა. ბაბუას კარგი განათლება ჰქონდა, საინტერესო მოსაუბრე გახლდათ. არაჩვეულებრივი დრო გაატარეს, თავად აკაკი ვასაძე იყო უაღრესად განათლებული, ის რომ ვინმესთან ინტერესით მიდიოდა, უკვე იმ კაცის ღირსებად ითვლებოდა. მახსოვს, 2 დღის შემდეგ, ჭიშკარი გაიღო და რონდელის მეუღლე შემოვიდა. ალექსანდრე ფილმს იღებს, დაკავებულია, მე კი თქვენ ისე მომენატრეთ, მცირე ხნით შემოგიარეთ, არ გაგაცდენთო. ბებია მიეგება, გაუმასპინძლდა.
GzaPressერთხელ ვსადილობდი და ბებიას ვთხოვე, წყალი მომიტანე-მეთქი. ბაბუამ მაგიდაზე ხელი მკაცრად დაარტყა: - შენ დღეს არ ისადილებ, ბებიას ეგ როგორ აკადრეო? მერე მივხვდი, რატომ გამიბრაზდა. მაშინ ერთმანეთის მიმართ სხვაგვარი რიდი ჰქონდათ.
თეატრის რეჟისორი თამაზ მესხი მოსწავლეთა სასახლეში "თეთრას" დგამდა. აკაკი ვასაძემ ჩემი თავი შესთავაზა. რეჟისორიც დათანხმდა და ამ სპექტაკლში მთავარი როლი ვითამაშე. ბევრმა ბავშვმა ნახა. კარგი სპექტაკლი გამოვიდა. ამ ამბიდან ბევრი წლის შემდეგ, ერთ დღეს მოსკოვიდან ვბრუნდებოდი და თვითმფრინავზე მაგვიანდებოდა. როგორც იქნა, მივუსწარი. სალონში გულამოვარდნილი შევედი, დავჯექი, ჰალსტუხი შევიხსენი და ვხედავ, გვერდით ულამაზესი გოგო მიზის. მოულოდნელად მეუბნება, - მე თქვენ მთელი ბავშვობა მიყვარდით, "თეთრაზე" იმდენი ვიტირეო. ჩვენ მერე დიდი რომანი გვქონდა.
დაუვიწყარი იყო სიმონეთში გატარებული დღეები, იქაურ მწყემს ლენიასთან ურთიერთობა, სამწყემსურში სიარული. იმ დღეების დამსახურებაა "იმერული რექვიემის" (სპექტაკლი "ახმეტელის თეატრში" დაიდგა) დაბადება. ლენიას ნათქვამმა სიტყვებმა: "რეზიკო, იქ წინწკილაა, იმ მთაზე გიჟები ცხოვრობენ", წლების შემდეგ პიესა დამაწერინა.
ერთხელ სოფლის ბავშვებთან ერთად ბლის მოსაპარად წავედი. ყველანი ხეზე ავედით. მოულოდნელად ხის პატრონი მოვიდა, ამდენი ბავშვი რომ დაგვინახა, აყვირდა. ყველანი სწრაფად ჩამოვიდნენ, ჩემთან შედარებით სხარტები იყვნენ. მე ხეზე შევრჩი. იმ ქალს ხელში წკნელი ეჭირა და მკითხა, რა გვარი ხარო? გულწრფელად ვუპასუხე, - კლდიაშვილი ვარ-მეთქი. ვაი, თქვენი გვარი ამოწყდესო! თავად სამანიშვილი ყოფილა.
ძალიან განვიცდი, რომ ჩემს შვილიშვილს სოფელთან არ აქვს ურთიერთობა. იქ სხვა განცდებს ეზიარები, სოფლიდან სხვაგვარი სიყვარული და სითბო მოგყვება. დღესაც სიმონეთში რომ ჩავდივარ, ისეთი ენერგიით ვიმუხტები, მერე მთელი წელი მყოფნის ბავშვობასთან "შეხეთქება".
GzaPress
ახალი გატაცება
- ბუნებით მოგზაური ვარ. ახლა ზაზა აბაშიძის მოწვევით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კონსერვაცია-რესტავრაციის განყოფილების გამგე ვარ. აქაურობით შეშლილი ვარ. ისეთი საინტერესო ამბები წამოვიწყე. მე-17 საუკუნის დაზიანებულ ხელნაწერზე ქართული მელნის სტრუქტურა და ქიმიური შემადგენლობა შევისწავლე. ახლა მის შეჭიდულობას ვსწავლობ მიკროსკოპზე.
ეს ყველაფერი ჩემში რამაზ ლაღიძემ ჩადო. მისგან ვისწავლე, რომ რასაც ვაკეთებ, სიყვარულით უნდა ვაკეთო. როდესაც ექსპერიმენტის ჩატარებისას, ოთახში შემოვიდოდა, მეტყოდა ხოლმე, - მოეფერე. კოლბაში ორ ნივთიერებას როგორ უნდა მოეფერო? მაგრამ ვეფერებოდი, ვუმღეროდი. ასე სიყვარულში 27 ახალი ქიმიური ნივთიერება მივიღე და მისი სტრუქტურა დავადგინე. მოხსენებისთვის 3 თვით ადრე მავარჯიშებდა. ნახაზებს მაკეთებინებდა, დიდ ყურადღებას აქცევდა მეტყველებას... უნდა გადმომეცა მუშაობის პროცესში რას განვიცდიდი და ამან მიმიყვანა დრამატურგიამდე. ლაღიძემ მასწავლა, რომ ლექციაზე სიყვარულით უნდა შევიდე. დღეს ჩემს ლექციებს 100-მდე სტუდენტი ესწრება. მათთან შესახვედრად ხომ ისედაც ვემზადები და გარდა ამისა, მანქანაში მუსიკას ვრთავ, რომ განწყობა შემიქმნას. ქიმიის ლექტორისგან ცოტათი უცნაურია, მაგრამ სანამ ლექცია იწყება, ხშირად მუსიკას სტუდენტებსაც ვასმენინებ. შემდეგ ვესაუბრები ქიმიურ ბმებზე, წონასწორობაზე და ა.შ. უნდა ნახოთ, როგორი დამუხტულები მისმენენ. 70 წლამდე ისე მოვედი, არასდროს მიკეთებია საქმე, რომელიც არ მიყვარდა.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
როგორ ცხოვრობდა ვასილ მჟავანაძის ოჯახი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1544 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი