როგორ გადაარჩინა ლობიოს ქოთანმა აწიოკებას ახალსოფლელები - გზაპრესი

როგორ გადაარჩინა ლობიოს ქოთანმა აწიოკებას ახალსოფლელები

ახალსოფელი საქართველოსა და დაღესტნის საზღვართან მდებარეობს, მდინარეების - ავანისხევსა და შაროხევს შორის, ისტორიული გავაზის ტერიტორიაზე. კახეთის ეს ულამაზესი სოფელი გარშემორტყმულია კავკასიონის მთებით, მდიდარია ხეობებით, მდინარეებითა და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია VI საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელი დიდია, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, აქ 4158 ადამიანი ცხოვრობს, არის 2 სკოლა, 2 საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, ბიბლიოთეკები, აფთიაქები, მაღაზიები, სილამაზის სალონიც. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ ძლიერი სოფელია, შრომისმოყვარე და დაუზარელი ხალხით დასახლებული - ამაზე მათი მოვლილი სახლ-კარიც მეტყველებს.

GzaPress

პროფესიით ჟურნალისტსა და მუსიკათმცოდნე თიკა დუღაშვილს ჰოლანდიაში ყოფნის დროს გაუჩნდა სურვილი, დაბრუნებულიყო კახეთში და ტურისტებისთვის შეექმნა ისეთი გარემო, სადაც ისე იგრძნობდნენ თავს, როგორც შინ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ფული ჰქონდა ამ იდეის განსახორციელებლად და ოჯახის წევრებიც ეჭვით უყურებდნენ მის ამ წამოწყებას, ოცნება მაინც რეალობად აქცია მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. უკვე არაერთმა სტუმარმა მოინახულა ყვარლის ეს ულამაზესი სოფელი და დუღაშვილების გულიანი მასპინძლობითაც ბევრი მოიხიბლა. იქ ჩასულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ, როგორ ცხოვრობს ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, ათვალიერებენ ძველ ნივთებს, მარანს, სურვილის შემთხვევაში თონეში აცხობენ პურს, კრეფენ ხილს, ჩურჩხელის ამოვლებასაც სწავლობენ, წალამზე შემწვარ მწვადსა და ქვევრის ღვინოს აგემოვნებენ და ამ ყველაფერთან ერთად, ქართული ხალხური ცეკვითა და სიმღერითაც ტკბებიან. ერთი სიტყვით, ჩემი მასპინძლები - თიკა, მისი და-ძმა და მშობლები არიან. ჩემი მისვლისას ყველანი უცხოელი სტუმრების მისაღებად ფუსფუსებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ბაღნარს ჰგავდა, მაინც ნერვიულობდნენ, რამე უწესრიგოდ არ დავახვედროთ მომსვლელებსო...

თიკა: - 14 წლის ვიყავი, ნიჭიერთა ათწლედში სასწავლებლად თბილისში რომ გადავედი საცხოვრებლად, მანამდე სოფელში ვიზრდებოდი. ვუკრავდი და ვმღეროდი კიდეც, თუმცა არ ვთვლი, რომ განსაკუთრებული ხმა და ნიჭი მაქვს. ჯერ კონსერვატორია დავამთავრე, მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. როცა სოფელში ჩამოვდიოდი, პაპა განსაკუთრებულად გვხვდებოდა, უხაროდა ჩვენი დანახვა. მეღვინე კაცი იყო, წლების განმავლობაში ღვინის ქარხანაში მუშაობდა და გამორჩეულ ღვინოსა თუ არაყს აყენებდა. მახსოვს, მისი დაყენებული ღვინო ისე მოსწონდათ, ლეკები ჩამოდიოდნენ და დაღესტანში გაჰქონდათ. ბავშვობაში გვემუქრებოდნენ, - თუ ცუდად მოიქცევით, იცოდეთ, ლეკებს გაგატანთო. ასე რომ, მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენთვის კარგად ნაცნობი დარგი იყო. ამას წინათ პაპას საფლავზე ვიყავით და ვამბობდი, - ნეტავ, ახლა ხედავდე, შენს ეზო-კარში რა ხდება-მეთქი. სწორედ მისმა მეღვინეობამ, მისმა გაკეთებულმა მარანმა და კიდევ ბევრმა სხვა რამემ განაპირობა ჩვენი დღევანდელი საქმიანობა და წარმატება.

- როგორ გაჩნდა ეს იდეა?

- როდესაც ჰოლანდიაში ვსწავლობდი, მქონდა ბევრი თავისუფალი დრო და ხშირად ვსტუმრობდი მებაღეებს, მეთევზეებს, უბრალო ადამიანებს და მივხვდი, რომ მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ისინი რეალურად, რას მიირთმევდნენ, ყოველდღიურად რა ხდებოდა მათ ოჯახებში და ა.შ. სტუმარი ღვთისაა და ყველას სიხარულით ვიღებთ, მაგრამ ევროპელების კულტურა განსაკუთრებულად მიყვარს, ბევრი რამ ვიცი მათ შესახებ და უფრო ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას მათთან. თუ ვინმეს აინტერესებს საქართველო, აინტერესებს რეალური ცხოვრება და რეალური ადამიანები, ვინც მათ უბრალო ენაზე ესაუბრება. ხვალ ჩამოდის ბრიტანელი წყვილი, ისინი დღეს დაქორწინდნენ აქ, საქართველოში და ხვალ ახალსოფელში მოდიან. რამე განსაკუთრებული და საინტერესო უნდა მოვიფიქროთ მათთვის. ალბათ ღვინოს ჩამოვასხმევინებ თავიანთი ხელით და ექნებათ თავისი სახელობის ღვინო ქორწინების მოსაგონებლად.

GzaPress

- 10 წელი იმუშავე ტელევიზიაში, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო", ტრენინგებზე არაერთ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, სწავლობდი ჰოლანდიაში - ეს ყველაფერი როგორ მიატოვე? - მართლაც შემეძლო, სხვანაირად ამეწყო ცხოვრება. 14-ზე მეტი საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს ადამიანის უფლებების, კულტურის გაცვლის დარგში. რამდენი წელია, "ერასმუსის" პროექტების მონაწილე ვარ და მაქვს ბევრი კონტაქტი საზღვარგარეთ, ტელევიზიაშიც წლების მანძილზე ვიმუშავე, მაგრამ ის იყო ეტაპი, რომელიც დავასრულე და დავიწყე სხვა ეტაპი ისე, რომ გული არაფერზე დამწყვეტია - კახეთს ვუწევ პოპულარიზაციას, ჩემს მხარეს, ჩემს ქვეყანას და ამაზე კარგი რა უნდა მეკეთებინა? ისტორიის სიყვარული მასწავლებლისგან შევითვისე, რაც ძალიან მახარებს. ვიღაცამ ბავშვობაში უნდა აგანთოს სამშობლოს სიყვარულისთვის და ეს მარიკა მასწავლებლის დამსახურებაა.

მარიკა ცუკილაშვილი უკვე 37 წელია, ახალსოფლის სკოლაში ისტორიას ასწავლის. საოცრად კარგი მოსაუბრეა, თავის საქმესა და კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი, რომელმაც ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო ახალსოფლის შესახებ:

- პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ის თავდადება, რაც ჩემი პროფესიისადმი მაქვს, გენეტიკურად მომდევს. პედაგოგი თუ თავდადებული არ ხარ, მაშინ ვერაფერს მიაღწევ შენს საქმეში და ვერც მოსწავლეების სიყვარულს დაიმსახურებ. ადრე მეტი მოკრძალება და რიდი იყო მასწავლებლებისა და ზოგადად, უფროსების მიმართ. "ბოდიში" და "მადლობა" რომ უნდა იცოდეს ბავშვმა, ეს ხომ ელემენტარული რამეა? თუმცა ახლანდელი თაობა გაცილებით პრაგმატული, მოაზროვნე და თავისუფალია, ესეც უნდა აღვნიშნო.

GzaPress

- ქალბატონო მარიკა, მიამბეთ თქვენს სოფელზე? - ჩვენი სოფელი ყველანაირად გამორჩეულია - ინტელექტუალური დონითაც, მდებარეობითაც, სილამაზითაც. სოფელი დაყოფილია, როგორც ამბობენ, დაპლანულია 7 უბნად ალექსანდრე აფხაზის მიერ და სხვათა შორის, პირველი სოფელია, რომელიც ასეთი ინჟინრული პროექტით დაიგეგმა 1852 წლის 9 თებერვალს. გარშემო მწირმიწიანი სოფლებიდან ჩამოუსახლებიათ ხალხი. თურმე ურმებით მოდიოდნენ და სახლდებოდნენ, ამიტომაცაა ბევრი გვარის ადამიანი: კახიძეები, თურმანიძეები, ცაგარელები, პავლიაშვილები, კურტანიძეები, პაპოვები, დუღაშვილები. დაღესტნის საზღვარი ძალიან ახლოსაა და ამის გამო, ხშირი იყო ლეკიანობა, მათგან თავდასაცავად საგვარეულოებს ჰქონდათ თავიანთი ციხე-კოშკები, შემორჩენილიცაა მაგალითად, ბაბაანთ ციხე. 103 წლის იყო მეზობლის ქალი, საოცრად კარგი მთხრობელი და ასეთი რამ გვიამბო თავისი პატარაობიდან: ვიღაცამ დაიძახა, ლეკები მოდიანო და ბებიამ ბავშვები სასწრაფოდ ქვევრში გადაგვმალა. ლეკების გამოჩენისთანავე იქ ჩაგვსხამდა ხოლმე და ოდნავ გადაწეულს დაგვიტოვებდა სახურავს, ჰაერი რომ გვქონოდაო. ეზოში ცეცხლზე ლობიოს ხარშავდა თურმე, ცეცხლი კი გადაქექა, მაგრამ ვეღარ მოასწრო ქოთნის აღება. ლეკები რომ შემოვარდნილან და დაუნახავთ ჩამქრალ ცეცხლზე ლობიო დუღდა, "შაითან, შაითანის" ძახილით გაქცეულან უკან. სასწრაფოდ გასცლიან იმ უბანს კი არა, მთელ სოფელს. ასე გადაარჩინა ლობიოს ქოთანმა აწიოკებას აქაურები. უძველესი სოფელია და დღემდეა შემორჩენილი ისეთი ტოპონიმური სახელწოდებები, როგორიცაა ნაბაზრალი, ნაკალოვარი, კოპალე... ძველი აბრეშუმის გზა თურმე ჩვენს სოფელზე გადიოდა და ეტყობა, იმ ადგილას, რომელსაც ნაბაზრალი ჰქვია, ვაჭრები საქონელს ცვლიდნენ. ძალიან ცნობილი მევენახეები ყოფილან ახალსოფელში. არჩილ მეფე, პოეტი წერს "გაბაასება თეიმურაზისა და ქეთევანისაში": "ღვინო მასვით გავაზური". ახალსოფელს ადრე ხომ გავაზი ერქვა. XIX საუკუნის ბოლოდან აქ იდგა სამხედრო ნაწილი, ნიკოლოზ პირველისა და ალექსანდრე მეორის დროს პატარა სოფელ საცხენეში ყოფილან დასახლებული რუსი ოფიცრები და ქართველი თავადაზნაურობა. ისინი ნიკოლოზის არმიაში მსახურობდნენ და საზღვარს იცავდნენ. ადგილობრივი გოგოები შეუყვარდათ თურმე და ამის შესახებ ბევრი ლამაზი ისტორიაა შემორჩენილი. მაგალითად, როგორ იდგა თავადი თავდგირიძე ადიდებული შოროხის წყალში თავისი ცხენით და ერთ-ერთ გლეხს ქალიშვილის ხელს სთხოვდა. ქალი მჭედლიშვილი ყოფილა, თქვენი ქალი შემიყვარდა და ნება მომეცით, მასზე დავქორწინდეო. თურმე იმ გლეხს ეგონა, თავადი მასხრად იგდებდა და უარი უთქვამს. მაშინ ახლავე მოვიკლავ თავსო, ამოუღია იარაღი თავადს. ეს მიამბო რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლამზირა ჩხეიძემ, მას დედა ჰყავდა ამ სოფლიდან და დედამისის ბიძაშვილი ყოფილა ის ქალი, ვინც ცოლად წაუყვანია თავადს.

GzaPress

- ხუმრობით, თუმცა მაინც ამბობენ აქაურები, ახალსოფელი ევროპული ყაიდის სოფელიაო, რატომ? - ამ სოფელში სხვანაირად იციან ქეიფიც, სიყვარულიც. გასული საუკუნის 40-იან წლებში ტარდებოდა ასეთი დღესასწაული - ხის საქანელა. ყველიერის კვირაში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები მიდიოდნენ ტყეში, ჭრიდნენ მსხვილ მორებს და მოჰქონდათ მხრებით. ეკლესიის ეზოში ღრმად არჭობდნენ ამ ძელებს, ზედ ჰკიდებდნენ 2 საქანელას ისე, რომ კარუსელივით წრიულად ეტრიალა. ამ ძელს ქვემოთ ჰქონდა რგოლი, რომელსაც ბიჭი ძლიერად ქაჩავდა, რადგან გოგოს, რომელიც უყვარდა, შორს ეტრიალა და მისი კაბის კალთას ვერავინ შეხებოდა. ამით ხვდებოდნენ, ვის ვინ უყვარდა, მაშინ სიყვარულის გამჟღავნების ასეთ ხერხს იყენებდნენ თურმე, დედაჩემი მოსწრებია ამ ამბავს. ასეთი რამ არც წამიკითხავს და არც გამიგია. მერე ცეკვა-თამაში იმართებოდა, საღამოს კი დიდი სეირნობა. ასეთ ევროპულ ყაიდაზე ცხოვრობდა ეს სოფელი ადრე. ჩემი ევროპული ახალსოფელიო, - ასე უწოდა ერთხელ ჩემთან შეხვედრისას პაატა ბურჭულაძის დედამ, თამარა შარაშენიძემ, რომელიც წარმოშობით ახალსოფლიდანაა. მათი ნასახლარი ჯერ კიდევ არის აქ.

ეთერ მაჭავარიანი თიკას დედაა და სწორედ მისი დამსახურებაა, დუღაშვილების ეზო ბაღნარს რომ ჰგავს და სტუმრები აღფრთოვანებულები რჩებიან ულამაზესი ყვავილების ხილვით. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის ბუნებასთან, ყვავილებთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა. ამბობს, რომ ყვავილების მოვლა ანტიდეპრესანტია.

- წარმოშობით რაჭველი ვარ, მამაჩემი აქ დასახლებულა, გურჯაანის რაიონში, გავაზში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ უმუშავია, დაქორწინებულა და დარჩენილა კიდეც საცხოვრებლად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად ვმუშაობდი და როდესაც ამ სოფელში სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობა გათავისუფლდა, აქ გადმომიყვანეს 24 წლის გოგო. პედაგოგად მუშაობის 42 წლის სტაჟი მაქვს. მეგობარმა გამაცნო ჩემი მომავალი მეუღლე, მთავარი ზოოტექნიკოსი იყო. ამ სოფლის რძალი ვარ უკვე 43 წელია. დიდი მეურნეობა ჰქონდა სოფელს, ხალხი დასაქმებული იყო. ახლა ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ერთმანეთისთვის თითქოს აღარ სცალიათ. სხვათა შორის, მიგრაცია ჩვენს სოფელს ნაკლებად შეეხო. შემოსავლის ძირითადი წყარო მევენახეობა, მიწათმოქმედებაა, საზამთროსა და მარწყვის ბაღებსაც ამუშავებენ.

- ყვავილების სიყვარული ბავშვობის ასაკიდან დედამ ჩამინერგაო, მითხარით. თქვენი ეზოსა და ყვავილების შესახებაც მითხარით.

- დედა სპეციალობით ბიოლოგი იყო და რა გასაკვირია, რომ ულამაზესი ეზო და საუკეთესო ყვავილნარი ჰქონდა ყოველთვის. დედასთან ერთად მეც ვმონაწილეობდი ეზოს გალამაზებაში. მერე, როდესაც ბევრმა შეიტყო ჩემი ამ გატაცების შესახებ, მჩუქნიდნენ ბოლქვებს, თესლს. თვითონაც ვიწერდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყვავილების ნერგებს. შედეგად მივიღე ის, რომ ჩვენს ეზოში ამჟამად ხარობს - ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები, ბანანი და ოლიანდრი, სამხრეთული კალისტემონი და ფრანგული ოსტინის სტილის ვარდებიც კი. როდესაც სტუმრების აღფრთოვანებულ სახეებს ვხედავ, უფრო მეტი სტიმული მეძლევა და მინდა, ჩვენი ეზო კიდევ უფრო გალამაზდეს და გამრავალფეროვნდეს.

ნინო ჯავახიშვილი