დავბრუნდებით?!
font-large font-small
დავბრუნდებით?!
"პურის ნატეხს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი..."

ელისო ხარჩილავამ უმძიმესი ცხოვრების გზა გამოიარა სოხუმიდან თბილისამდე. მან ამქვეყნიურ გოლგოთას დაუპირისპირა შრომა, მოთმენა, სწავლა და დღეს ის "დაკარგული თაობის" იმ იშვიათ ნაწილს ეკუთვნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზება რომ შეძლო.


იაპონური მაგნიტოფონი რუსულ სკოლაში
"მეხუთე ბაბუშარაში დავიბადე. მამა პროფესიით რევიზორ-ბუღალტერი იყო, დედა - სამშობიარო სახლის ექთანი. ვცხოვრობდით ისე, როგორც ყველა - იმდროინდელ აფხაზეთში. ვსწავლობდით, ვშრომობდით, ვმეგობრობდით და ვნათესაობდით ყველა იმ ეროვნების ადამიანთან, რომლებიც ირგვლივ იყვნენ. მამამ დაგვიანებით იქორწინა და 37 წლისა იყო, მე რომ გავჩნდი. პირველი შვილი ვიყავი და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. მშობელთა კრებაზე დედები მოდიოდნენ ყოველთვის, გამონაკლისი მე ვიყავი - მამა მოდიოდა სკოლაში... ძმა 11 თვით უმცროსია ჩემზე და მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის მეგრძნობინებინა, რომ უფროსი ვიყავი! მახსენდება ერთი ფაქტი: მე ქართულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ძმა - რუსულში. 80-იან წლებში რვა მარტის ღონისძიებები ყველგან იმართებოდა და მეც ვთქვი კლასში, რომ იაპონურ მაგნიტოფონს მივიტანდი, რათა მუსიკალურად გაგვეფორმებინა ღონისძიება. სახლში რომ მივედი, ჩემებმა მითხრეს, შენმა ძმამ წაიღო სკოლაშიო. თანაკლასელი გოგონები ავიყოლიე, მივედით მოიერიშეებივით რუსულ სკოლაში და გამოვიტაცეთ მაგნიტოფონი. კი გააპროტესტა ჩემმა ძმამ, მაგრამ რას გახდებოდა - მე უფროსი ვიყავი! ეს მოგონება ლამაზ წარსულს ეკუთვნის, ისევე, როგორც საზაფხულო კურორტებზე წასვლა ჩრდილოეთ კავკასიაში, საახალწლოდ კი - მოსკოვში, სადაც ყოველთვის იყო ყინვა და თოვლი. აბა, აფხაზეთში სად ვნახავდით ისეთ სიცივეს და თოვლს? ზღვას კურორტად არც განვიხილავდით, რადგან ზღვის პირას ვცხოვრობდით... ერთი მამიდას სახლი, მესამე ბაბუშარაში, ისე ახლოს იყო ზღვასთან, რომ ღელვისას ეზოში შემოდიოდა ტალღის ქაფი... მახსენდება ისიც, როგორ ვტოვებდით ბაბუშარაში გაკვეთილებს იმისთვის, რომ სოხუმში გამართულ აქციებზე დამოუკიდებლობის მოთხოვნას შევერთებოდით. მასწავლებლების ნაწილი მკვახედ გვეკითხებოდა, - იცით, რა არის დამოუკიდებლობა? იცით, რომ მოგშივდებათ? მაშინდელ აფხაზეთში შიმშილი, როგორც სიტყვის მნიშვნელობა, არავის ესმოდა... ვერც წარმოვიდგენდით, საჭმელი მოგვენდომებინა და არ გვქონოდა! ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი და კედლის გაზეთს ვრედაქტორობდი, რომელსაც "სარკე" დავარქვით. ბავშვური გულწრფელობით გვჯეროდა, რომ ამ გაზეთით რამე განსაკუთრებულს ვაკეთებდით. ილიას მოწოდება "კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე", მართლა წესად გვქონდა და ვცდილობდით, თუნდაც ამ გაზეთით, სარგებელი მოგვეტანა სკოლისთვის. ჩვენი კლასი გერმანული ენის კაბინეტში იყო, მაგრამ ხშირად კაბინეტური სწავლების გამო გვიწევდა იქიდან გამოსვლა და ადგილის სხვებისთვის დათმობა. გერმანული ენის გაკვეთილებს იქ უტარებდნენ ყველას და თავისთავად ეცნობოდნენ ჩვენს ჟურნალისტურ შემოქმედებას..."

მამა
"მამა სრულიად განსაკუთრებული ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა ოჯახისთვის სიურპრიზების მოწყობა. წარმოდგენა რომ არ გვქონდა, სწორედ იმ დროს გააკეთებდა ისეთ რამეს, რომ დღესასწაულს უწოდებდი თავისუფლად... აფხაზეთში ჩვენი გვარის ნაწილი ქართველად, ნაწილი კი აფხაზად ეწერა პასპორტებში. მამას კარიერის გასაკეთებლად შესთავაზეს ეროვნების შეცვლა, რაც კატეგორიულად იუარა. უამრავი მეგობარი ჰყავდა არა მარტო აფხაზეთში, რაც მერე გამოგვადგა, დევნილობისას. სტუდენტობის დროსაც, როცა აფხაზეთიდან სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი ქუთაისში "გადასახლდა", ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა გამეგრძელებინა. გამწვანების ინჟინერიას ვსწავლობდი, ახლა ლანდშაფტის დიზაინი რომ დაარქვეს და მამას ძალისხმევა რომ არა, ეს სპეციალობა შეუსწავლელი დამრჩებოდა..."

აფხაზები
"სოხუმში რუსი, უკრაინელი, ებრაელი, აფხაზი, სომეხი ქართველების გვერდით ისე ცხოვრობდნენ, არასდროს მიგრძნია, რომ ისინი სხვა ხალხი იყვნენ... ერთი მამიდა აფხაზზე იყო გათხოვილი. ბიძაჩემი ჯუმკა გვინჯია დედითა და მამით აფხაზი გახლდათ და სოფელ კინდღში ცხოვრობდა. ქართულად არ ლაპარაკობდა, მაგრამ მისი შვილები ყოველთვის ქართულად გველაპარაკებოდნენ. ბიძაჩემს ძალიან ვუყვარდით და მუდამ პატივისცემით ვიხსენებ ამ გაწონასწორებულ და წესიერ კაცს. ჩემი ძმა 18 წლის ასაკში ავარიაში მოყვა. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. 40 დღე კომაში იყო. მკურნალი ექიმი ნეიროქირურგი მესხია მართლა ლეგენდარული პროფესიონალი გახლდათ და როცა ჩემი ძმა კომადან გამოვიდა, მან თქვა, აქ მე არაფერ შუაში ვარ, ეს ღვთის ნება იყოო. როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯუმკა ბიძიას ილორის წმინდა გიორგისთვის აღუთქვამს, ოღონდაც ცოლისძმის შვილი გადარჩეს და სამადლობელ სუფრას გავშლიო. მართლაც აასრულა ეს ნათქვამი ბიძაჩემმა, თუმცა მინდა დავამატო ის, რომ მამიდამ სახალხოდ ერთი პეშვი მიწა შეჭამა, თურმე ძმისწულის გადარჩენისთვის მიწის სახალხოდ შეჭმას დაჰპირებია წმინდანს და აასრულა კიდეც...
ჩემი მამიდაშვილები კონფლიქტის დროს ნეიტრალიტეტს იჭერდნენ გასაგები მიზეზების გამო. მათთვის ქართველიც და აფხაზიც თანაბრად პატივსაცემი ეროვნება იყო. მერე მხედრიონელებმა ქონების გამო ერთი მამიდაშვილი მომიკლეს, მეორე - "მინაზე" აფეთქდა, მესამე - მამიდაშვილისა არაფერი ვიცი, ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. შეიძლება ოჯახიც შექმნა. სხვათა შორის, თბილისში ერთხელ დედით ქართველი და მამით აფხაზი ახალგაზრდა კაცი გავიცანი და მან თქვა, - ჩვენ, ქართველები და აფხაზები ერთად უნდა დავმდგარიყავით "მხედრიონის" წინააღმდეგო...
ჩვენს ახლოს ცხოვრობდა ფაცურაშვილების ოჯახი. ფაცურაშვილს ვარდების სათბური ჰქონდა. საოცრად უყვარდა ქართველები და ამას ვერ პატიობდა გუდაუთელი ცოლი, ეთნიკურად აფხაზი. ეს ქალი იყო სეპარატისტი... ქმარს გაეყარა ეროვნების გამო და შვილებიც თან წაიყოლა. მერე ფაცურაშვილი ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს... დედამისმა სათბურიდან ვარდების ნერგები გამოიტანა და სამეზობლოში ჩამოარიგა, ჩემი შვილის სახელზე გქონდეთო... სეპარატიზმი ბოლო პერიოდში წარმოჩინდა, თორემ 90-იანი წლების დასაწყისამდე ვინ ასხვავებდა ადამიანებს? არც არავინ!"
GzaPress
ჩემი წილი გოლგოთა
"1993 წლის 27 სექტემბრამდე ჯიუტად გვჯეროდა, რომ აფხაზეთში სასიკეთოდ შეიცვლებოდა ყველაფერი. ვფიქრობდი, რომ ერთ მზიან დილას იტყოდნენ, ომი დასრულდაო და ისევ გავაგრძელებდით ცხოვრებას მრავალფეროვან სოხუმში... 27 სექტემბერს მკაცრ რეალობას თვალებში ჩავხედეთ. ბაბუშარაში იყო რკინიგზის სადგურიც, ზღვაც და აეროდრომიც. ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან - ყველა მხრიდან ისროდნენ. ჩემ თვალწინ შეიწირა ტყვიამ ფეხმძიმე ქალი, მოხუცი კაცი, ბავშვი... უკრაინულ გემს ვერ მივუსწარით, თვითმფრინავშიც არ აღმოჩნდა ადგილი ჩვენთვის. უბრალოდ, გამოვკეტეთ კარი, თითქოს სამიოდე დღეში დავბრუნდებოდით შინ და ბიძაჩემის "გრუზავიკით" გავუდექით გზას საკენისკენ. ჩვენ გარდა ბევრი სხვაც იყო. გავრბოდით და გვქონდა განცდა, რომ ახლა მოგვდევენ სეპარატისტები, მერე კი ისევ მოგვეცემოდა შინ დაბრუნების საშუალება... საკენის საღამო არ დამავიწყდება არასდროს. აფხაზები ბარში ზეიმობდნენ სოხუმის დაცემას, მანათობელ ბურთებს უშვებდნენ ცაში და ყიჟინებდნენ. დამიჯერებთ, რომ მათი ხმა მესმოდა! საკენიდან 5 მთა თუ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო. ჩვენს ჯგუფს არ მოუწია ქარბუქში მოძრაობამ, უბრალოდ, თოვლი იდო და იყო მშვიდი სიცივე ალპურ ზონაში. ხუთი გოლგოთა გავიარე მაშინ. ისე მაღლა მივდიოდით მშივრები, თითქოს ღმერთთან ვიყავით ახლოს. წარმოიდგინეთ, რომ არა უფლის ნება, 12 დღე ულუკმაპუროდ როგორ უნდა იარო? მხოლოდ უშაქრო ჩაის ვსვამდით და მივდიოდით ჯიუტად ბილიკზე! მახსოვს, სახეღიმილიანი გაყინული ადამიანების ცხედრები გზადაგზა! მახსოვს ერთმანეთზე ჩახუტებული ორი მოხუცი, ღიმილით რომ გადაებიჯებინათ სააქაოდან იქ, სადაც მხოლოდ სიმშვიდეა! როცა დაღლილი იძინებენ ადამიანები, მოდის სიმშვიდე და ბედნიერი ღიმილი, რომელიც მიაცილებს მუდმივ განსასვენებელშიო, - ვიღაცამ ასე თქვა. მე იქ სხვასახიანი გარდაცვლილი არ მინახავს. მახსოვს ქალი, რომელსაც ჭუბერის გზაზე, სადღაც შვილები დაჰკარგოდა და ყველა შემხვედრს ეკითხებოდა მათზე... ჩვენი გუნდიდან ყველაზე წინ მე მივდიოდი, დაღლილი ჩავიმუხლებდი და წამთვლემდა. მოვიდოდნენ მერე ჩემები, გამომაფხიზლებდნენ და ვაგრძელებდით გზას თითქოს არსაით... ალპურ ზონაში სადღაც-სადღაც მწყემსის ფარღალალა ქოხები იყო, ქალებს და ბავშვებს კაცები გვითმობდნენ ქოხში ადგილს, თავად კი გარეთ ათევდნენ ღამეს, საიდანღაც გაჩენილი ფიჩხის ალზე... მამას და ძმას მოჰყავდა დედაჩემი, წნევიანი და თითქოს სრულიად იმედდაკარგული. მე-12 დღეს გამოჩნდა ჭუბერის ტყეები! უზომოდ გაგვიხარდა ტყის დანახვა, რადგან უკვე შეიძლებოდა გაბედულად დაგვენთო ცეცხლი და გავმთბარიყავით. ისევ ვაგრძელებდით გზას, მშივრები და დაკონკილები. ფეხსაცმელი კოცონის პირას მიმეწვა - ისე ვიყავი ცეცხლს დანატრებული, დისტანცია ვეღარ დავიცავი... ჭუბერიდან ზუგდიდისკენ მანქანით წაგვიყვანეს მერე, მანქანაში აყვანამდე "მასკიანებმა" ჩამოგვართვეს ყველაფერი, თუ რამე გაგვაჩნდა... ჭუბერის გზამდე ხუთი გოლგოთის გავლის მერე დაიწყო ჯოჯოხეთი! ხაიშამდე კიდევ ერთხელ გაგვჩხრიკეს და თუ რამე იპოვეს, ყველაფერი წაიღეს... სრულიად უქონლები მივდიოდით ჩვენსავე სამშობლოში და გზა ისევ იყო არსაით! ხაიშთან მესამეჯერ დაგვიპირეს გაჩხრეკა. მძღოლმა გაუჩერებლად გადასძახა "მასკიანებს", უკვე ორჯერ გაგვჩხრიკეს, რაღა გინდათო... ვიღაცამ ჰაერში გაისროლა ავტომატიდან, კლდეს მოხვედრილი ტყვიები ასხლეტით თავზე დაგვეყარა. მამამ დაიყვირა, - ცოცხლები ხართ? ხმა გამეცითო... გავეხმაურეთ მამას და ჯვრამდე სისხლიანი ტვინის ნაფლეთებით მოსვრილები ველოდებოდით, როდის გაჩერდებოდა მანქანა, რომ გვენახა, ვინ შეიწირა "რიკოშეტმა". მოკლული გვარად ბოკუჩავა აღმოჩნდა, ნაომარი ბიჭი, რომელმაც ჩემთან ერთად გადმოიარა ჭუბერის გზა. ჭუბერიდან წამოსვლისას მოხუცი დედა კაბინაში ჩასვა და რა იცოდა, თუ ასე მოხდებოდა! დაჭრილებიც იყვნენ და ჯვარში აღმოუჩინეს პირველადი დახმარება მათ, მე კი დავცქეროდი პურის ნატეხს, ჭუბერის გზაზე ვერტმფრენიდან რომ გადმომიგდეს და თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი... ამ პურის ნატეხზე სისხლიანი ტვინი იყო მიმხმარი... ეს ჩემთვის ჯოჯოხეთზე მეტი იყო! ზუგდიდში ჩასულები გადაგვანაწილეს, ზოგი ნათესავმა წაიყვანა, ზოგიც სრულიად უცხომ. ჩვენ კი სენაკში გვინდოდა ჩასვლა, სადაც ბიცოლაჩემის ოჯახი იყო. მივედით იქ, მაგრამ ვერც იქ ვიპოვეთ სიმშვიდე. სენაკს ხან "მხედრიონი" აკონტროლებდა, ხან - ზვიადისტები... მერე თბილისში წამოვედით და დევნილებს წყნეთში მოგვცეს საცხოვრებელი, სადაც წლები ვცხოვრობდით, თუ იმას შეიძლება უწოდო ცხოვრება!"

სტუდენტობა
"სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი ქუთაისში რომ გადმოიტანეს, მამამ ბინა მიქირავა ქუთაისში. ვსწავლობდი თავგამოდებით. არ მინდოდა, მამას ნაჯაფ-ნაწვალები წყალში ჩამეყარა და საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, წითელ დიპლომზე დავასრულე ფაკულტეტი. ლექციები ხშირად ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გვიტარდებოდა. ლექტორები ადგილზე გვაცნობდნენ მცენარეებს და მეც ნელ-ნელა ვემზადებოდი დიპლომის დასაცავად. მერე მოხდა ისე, რომ ლანდშაფტის დიზაინის სადიპლომო ნაშრომი სოფელ მესხეთის ეკლესიის ეზოსთვის გავამზადე. ეს შემთხვევით მოხდა, ვეძებდი დიზაინისთვის ლანდშაფტს და მესანთლე ქალს შევთავაზე, ეკლესიის ეზოს დაგიგეგმარებთ-მეთქი. მოძღვარი ეძებს მაგისთვის ხალხს და რა დროზე მოხვედიო, მითხრა. ასე იყო - პირველი დიზაინის მაკეტი ეკლესიისთვის შევქმენი. მერე სულ ვეძებდი წიგნებსა და ჟურნალებში პროფილურ ინფორმაციას, ვინახავდი დიდი ამბით. გადავემზადე სხვა სპეციალობითაც, ვმუშაობდი მეტროს უფროს მოლარედაც ღამღამობით, დღე კი საპატრიარქოს დენდროლოგიურ კურსებს ვესწრებოდი. ვისწავლე კომპიუტერული პროგრამები და მის მერე ბევრი ობიექტი ჩემი პროექტებით მოეწყო... განსაკუთრებით მას მერე დაიწყეს შეკვეთები, როცა 2013 წელს ურბანულ პროექტირებაში დენდროლოგიური ელემენტები აუცილებელ მოთხოვნად იქცა... ამის მერე თავი მეორედ ვიპოვე, ჩემი აფხაზეთის სილამაზე გადამაქვს საქმეში! ძალიან მიყვარს წიწვოვნები, ვარდები და ჰორტენზიები, ყველას ვურჩევ, რომ ეზოში ნაძვი ჰქონდეთ, ვარდებიც ლამაზია და სოხუმს მახსენებს ჰორტენზია..."

დავბრუნდებით?
"ადრე მჯეროდა, რომ სოხუმში დავბრუნდებოდი, მერე ეს აზრი ნელ-ნელა ჩაქრა ჩემში. უიმედობა არ მახასიათებს, მაგრამ ..."
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
სიკვდილს მადლობას ეუბნებიან?!
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
186 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი