"როცა ფეხბურთს ვთამაშობ, მგონია, ვხედავ"
font-large font-small
"როცა ფეხბურთს ვთამაშობ, მგონია, ვხედავ"
24 წლის ასაკში დაკარგული მხედველობა და აქტიური ცხოვრების სტილი


გიორგი პეტრიაშვილი საკუთარი მაგალითით საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სტიმულის მიმცემია. 24 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მომავლის იმედი, სილაღე, იუმორის გრძნობა... ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, თამაშობს ფეხბურთს, იტაცებს კულინარია და ბუნებაში სიარული უყვარს.


- ყოველთვის აქტიური ცხოვრება მქონდა. სკოლა რომ დავამთავრე, ბუღალტერია ვისწავლე, მერე ჯარში ვიმსახურე, შემდეგ - ელმავალმშენებელ ქარხანაში ვიყავი. 24 წლისას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო. ზამთარში თოვლი მოვიდა და მზის ანარეკლი თვალში რომ მხვდებოდა, ცრემლი მომდიოდა. ექიმთან მივედი, - სერიოზული არაფერიაო. ვიმკურნალე და დიდხანს აღარ შევუწუხებივარ. შემდეგ ისევ ამ პრობლემის წინაშე დავდექი. იმ პერიოდში მე და ჩემი მომავალი მეუღლე შეყვარებულები ვიყავით. ექიმთან ერთად წავედით. 3 თვე ისევ ვიმკურნალე, მაგრამ უკეთესობა რომ ვიგრძენი, თავი დავანებე. მერე დავქორწინდით, პირველი შვილი შეგვეძინა. 24 წლის ვიყავი, ძლიერი ტკივილები რომ დამეწყო, თვალის ქრონიკული ანთება დამიდგინეს. ექიმებთან სისტემატურად დავდიოდი. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გვიანი იყო, ერთი თვალი დავკარგე, ამოღება აუცილებელი გახდა, პროთეზი ჩამისვეს. მეორე თვალზე ოპერაციის დროს ბადურა ჩამომეშალა. ახლა ჩემი მხედველობის პროცენტი ნულია.
- ამ მდგომარეობით ახალი ცხოვრების დაწყება გაგიჭირდა?
- ვერ ვიტყვი, რომ დეპრესია მქონდა, ტკივილები კი - ძლიერი, ზოგჯერ 3-4 ღამე არ მეძინა... უსინათლოთა კავშირში გავწევრდი. იქ სხვა უსინათლოები გავიცანი, დავმეგობრდით. ერთ-ერთმა მეგობარმა მკითხა, დეპრესია გქონდაო? - ეგ რა არის-მეთქი (იცინის)? თურმე, მხედველობის დაკარგვის შემდეგ, თავად ძალიან ჩაკეტილა, გარკვეული პერიოდი სახლიდან არ გადიოდა. პირველად სწორედ ის მელაპარაკა ინტერნეტში არსებულ ხმოვან პროგრამებზე. როგორ უნდა მომეხმარა ტელეფონი, კომპიუტერი... ვუსმენდი და ვფიქრობდი, ეს გიჟია, რას ლაპარაკობს-მეთქი. ახლაც სოციალურ ქსელში ვინმეს რომ გავიცნობ და ვეუბნები, უსინათლო ვარ-მეთქი არ იჯერებენ, აბა, როგორ წერო? ზოგი აფერისტს მეძახის (იცინის).
- ქალაქში დამოუკიდებლად ხშირად გადაადგილდები. თბილისი განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის არ არის სრულად ადაპტირებული. როგორ ახერხებ?
- ზოგ ადგილას ხმოვანი შუქნიშანი არის, მაგრამ იმდენი დაუდევარი მძღოლი მოძრაობს, ვერ ვენდობი, წითელზეც ისე დადიან, როგორც - მწვანეზე. უმეტესწილად, მიწისქვეშა და რკინის გადასასვლელი ხიდებით ვსარგებლობ. ვიცი, სად არის გაჩერებები. როცა შუქნიშანზე მინდა გადასვლა, დახმარებას სხვას ვთხოვ.
- საზოგადოების დამოკიდებულება როგორია?
- ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი და ავტობუსის ნომერი ვიკითხე, რამდენ წუთში მოვა-მეთქი? - აი, იქ წერია, ძმაოო, - მივიღე პასუხი. არ არსებობს, გვერდით ადამიანი რომ ჩამივლის, ვერ ვიგრძნო. როგორც კი ვეტყვი, - უკაცრავად, ერთი წუთით... მშორდება, მტოვებს და მიდის. ზოგი თავისთვის ჩაილაპარაკებს: შეხედე, ბრმა მოდის, ვაი, ვაი, როგორი ცოდოა. ერთხელ ასეთი სიტყვების ადრესატს მივუბრუნდი და ვკითხე, - მე უფრო ცოდო ვარ თუ თქვენ-მეთქი?
საზოგადოების მხრიდან გულგრილობაც ბევრი მინახავს და ზედმეტი მზრუნველობაც. ზოგიერთი მაშინ მომვარდება, დახმარება სულ რომ არ მჭირდება. ეს საშიშიც არის. მე ხომ გონებით ვიცი ის ადგილი, სადაც დავდივარ, ვიცი რამდენი მეტრი უნდა გავიარო, გაჩერებამდე რომ მივიდე. ყველაზე მეტად ხელს ბორდიურებზე გაჩერებული მანქანები მიშლის. ერთხელ ორი მანქანა ერთმანეთის გვერდიგვერდ ისე იყო ჩაყენებული, შუაში ვერ გავივლიდი და გვერდი რომ ამექცია, სამანქანო გზაზე უნდა გადავსულიყავი. ვიღაც წამომეწია, - დაგეხმარებიო, - არ მინდა-მეთქი. - რა იყო გიტყდებაო? - კი არ მიტყდება, ამ წუთში დახმარება არ მჭირდება-მეთქი. მოკლედ, მაინც მოვიდა, მანქანებს გამაცილა და დამტოვა. მეგონა, გაჩერებასთან ნაპირზე ვიდექი, მაგრამ საპირისპირო მხრიდან წამოსულმა მანქანამ რომ ჩამიარა, მივხვდი, შუა გზაზე ვიყავი. ამ დროს, რომ არ დაგარტყას, ადგილზე უნდა გაშეშდე. მეც ასე მოვიქეცი, შემდეგ ვიღაც ქალმა გადმომიყვანა.
ერთხელ გორიდან უსინათლო მეგობარი იყო ჩამოსული. მან თბილისის გზა არ იცოდა და უსინათლოთა კავშირში მე წავიყვანე, მენდო. სამარშრუტო ტაქსიდან რომ ჩამოვედით, იქვე ქალები ისხდნენ. შემოგვთავაზეს, მიგიყვანთო. - არ გვინდა, მადლობა-მეთქი. - ეს უსინათლოები როგორი ამპარტავნები ხართო. - გალანძღვა აუცილებელია-მეთქი?
ერთხელ ავტობუსში კონტროლიორმაც გამაბრაზა. ბილეთი ასვლისთანავე მომთხოვა, ჯერ არ ამიღია და თუ დამეხმარები, ავიღებ, ვერ ვხედავ-მეთქი. - ბარათი მომაწოდეთო. ჯიბისკენ ხელი რომ წავიღე, მითხრა, - თუ ვერ ხედავ, მარტო რას დადიხარო. - შენ ვინ გეკითხება, მარტო ვივლი თუ დამკვრელებთან ერთად-მეთქი? ერთი ორი სალანძღავი სიტყვაც გამომტყუა.
GzaPress
- ამ ყველაფერზე ახლა ღიმილით საუბრობ, კარგი იუმორი გაქვს.
- ამან გადამარჩინა. მსგავს ამბებს სერიოზულად არ ვუყურებ. სიძნელე და პრობლემა ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. ვგრძნობ, ქუჩაში ხალხი უცხოპლანეტელივით მიყურებს. უცნაური შეკითხვები არაერთხელ მომისმენია: მაგალითად, სახლშიც ხელჯოხით დადიხარ? კბილის ჯაგრისს როგორ არჩევ?
- უსინათლოთა ფეხბურთით კავშირში გაწევრებისთანავე დაინტერესდი?
- რომ დამირეკეს და შემომთავაზეს ფეხბურთზე მევლო, სერიოზულად ვერ აღვიქვი. თან, ბავშვობაშიც დიდად არ ვიყავი ფეხბურთზე გაგიჟებული. ხელმეორედ შემოთავაზება წელიწად-ნახევრის შემდეგ მივიღე. ამ პერიოდში უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში დავდიოდი, რამდენიმე სპექტაკლშიც ვითამაშე. მერე ფონიჭალაში სიარული ვეღარ შევძელი და თავი დავანებე. იქ ჩემი გუნდის კაპიტანიც დადიოდა. მითხრა, მოდი, ფეხბურთის თამაში სცადე, ხალხი გვაკლია და თუ არ მოგეწონება, თავი დაანებეო. მივედი და მივედი. მერე მეუბნებოდნენ, - თავი დაანებე, ხომ ხედავ ცხვირ-პირს იმტვრევო, მაგრამ ეს საქმე მომწონს. როცა ვთამაშობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვხედავ.
- თქვენი წესები, თამაშის ტექნიკა განსხვავებულია?
- დიახ, ჩვენ ვთამაშობთ ბურთით, რომელიც ხმას გამოსცემს. გვყავს მხედველი მეკარე და მწვრთნელები, რომლებსაც გიდებს ვეძახით. ერთი გიდი მოწინააღმდეგის კარის უკან დგას. პირველ ათ მეტრში მეკარე გველაპარაკება, მიმართულებას გვაძლევს, შემდეგი ათი მეტრი გვერდითა გიდი გვკარნახობს და შემდეგ - მოწინააღმდეგის კარს უკან მდგარი გიდი. დაცვაში ვთამაშობ. საქართველოში მოწინააღმდეგე გუნდი არ გვყავს, რომ ვეთამაშოთ. მთავრობისგან ყურადღება ნაკლებად გვექცევა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ბევრი შშმ პირი სახლშია ჩაკეტილი და არ აქტიურობს. ახლახან რუმინეთში ევროპის წინა შესარჩევ ჩემპიონატზე ვიყავით, სადაც ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ.
პერიოდულად, უსინათლოთა კავშირი აწყობს უსინათლოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების, ნახატების გამოფენა-გაყიდვას. ეს საქმე მეხერხება. უკვე 4-5 გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა. პირველი გამოფენა ამერიკის საელჩოს შენობაში მოეწყო, ყველა ნივთი გავყიდე. მესამე ბავშვს ველოდებოდით და მეუღლეს ვუთხარი, - წამლები ჩემი ხელფასით უნდა გიყიდო-მეთქი.
ჩემი ბინის ნაწილი შარშან საკუთარი ხელით გავარემონტე. ელექტრობა, კედლებზე "შპაკლი" თავად გავაკეთე და ჭერის სამუშაოებზე მამიდაშვილი დამეხმარა. ადრე ბინის რემონტებზეც ვარ ნამუშევარი. რომელი საქმეც მხედველობის დაკარგვამდე მიკეთებია, დღეს ყველაფრის გაკეთება შემიძლია. რამდენიმე დღის წინ უსინათლოთა კავშირიდან დამირეკეს, ტელევიზორის ანტენას ვაწყობდი და დრელი მქონდა ჩართული. მკითხეს, - რისი ხმა ისმისო? - "დრელი" მაქვს-მეთქი ჩართული. - შენ ნორმალური ხარ? არ მოირტყაო. - მოვირტყა რა, ბრმა კი არ ვარ-მეთქი (იცინის). სამი შვილი მყავს: 11 წლის დათო, 8 წლის დაჩი და 5 წლის ნინი. პატარები რომ იყვნენ, ვუვლიდი, პამპერსს ვუცვლიდი, ვაბანავებდი. დათო რომ დაიბადა, მაშინ მხედველობა მქონდა, დაჩი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დავინახე და ნინის დაბადებისას უკვე ვეღარ ვხედავდი. მიუხედავად ამისა, ვიცი, როგორი გოგოა.
- კულინარობაც გეხერხება. "მასტერშეფში" როგორ მოხვდი?
- ოჯახისთვის სადილს ხშირად ვამზადებ, სტუმრებსაც სიამოვნებით ვუმასპინძლდებით. რუმინეთში ფეხბურთის ჩემპიონატზე რომ ვიყავით, რესტორანში ცხვრის ფილე მოგვიტანეს. ვიხუმრე, ხორცს როგორ აფუჭებენ, სამზარეულოში შემიშვან და ჩაქაფულს გავაკეთებ-მეთქი. მეგობარმა მითხრა, "მასტერშეფისთვის" მონაწილეებს არჩევენ, სურვილი თუ გაქვს, გადაცემაზე ჩემი მეგობარი ჟურნალისტი მუშაობს და შენს ნომერს მივცემო. საქართველოში როგორც კი დავბრუნდი, დამიკავშირდნენ და მივედი. ხინკალი მოვამზადე, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. შემდეგ ტურში გადავედი.
- ხინკალის შენეული რეცეპტი განსხვავებულია?
- არა, მე უბრალოდ ყველაფერს ბევრს ვუშვრები და გემრიელი გამოდის.
- წარსულიდან ყველაზე მეტად რა გენატრება?
- ჯარის გარდა, არაფერი მენატრება. ერთი პერიოდი საკონტრაქტო სამსახურშიც მინდოდა მოვხვედრილიყავი, მაგრამ... მხედველობა რომ არ დამეკარგა, დღეს აუცილებლად ჯარისკაცი ვიქნებოდი. ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს და ვერ პოულობს. წარმოიდგინეთ, ეს საკითხი რამდენად მწვავეა უსინათლოებისთვის. ძალიან მინდა სტაბილური სამსახური მქონდეს. მიუხედავად ყველაფრისა, აქტიური ცხოვრება მაქვს, ქალაქგარეთ გასვლასაც ვახერხებ. მაგალითად, ხვალ მეგობრებთან ერთად, ბატეთის ტბაზე მივდივარ. დაბოლოს, ყველა შშმ პირს აქტიურობისკენ მოვუწოდებ.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
როგორ ცხოვრობდა ვასილ მჟავანაძის ოჯახი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1544 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი