"69 წლის მამა ემიგრაციაში ყოფნისთვის აღარ ემეტებათ"
font-large font-small
"69 წლის მამა ემიგრაციაში ყოფნისთვის აღარ ემეტებათ"
18 წელი საქართველოდან შორს

18 წელია, რაც მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და ჟურნალისტი - მირიან ზალოშვილი ემიგრაციაშია. წარმოშობით კასპიდან არის. 10 წლისას მამა გარდაეცვალა. ყმაწვილობისას ბიძამ რუსთავში სამუშაოდ წაიყვანა... ამჟამად, 69 წლის ბატონი მირიანი საბერძნეთში ცხოვრობს...


- საბერძნეთში რა მიზნით გაემგზავრეთ?
GzaPress- ეს მტკივნეული საკითხია. საქართველოში სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) კულტურის ინსტიტუტში კი - რეჟისურის. რუსთავის კულტურის განყოფილებაში სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით. ასევე, საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო ჯგუფში მსახიობი ვიყავი. პარალელურად, რუსთავის საექსკურსიო ბიუროს ხელმძღვანელად ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - ყველაფერი აირია: ქვეყანაში ცხოვრების ახალი ეტაპი რომ დადგა, ჯერ მზად არ ვიყავით ახალ რელსებზე გადასასვლელად, სამსახური აღარ იყო. საკუთარი ბინაც გავყიდე და ბებიის ნაჩუქარიც - მე და ჩემს მეუღლეს ემიგრაციაში წასვლა ამან გვაიძულა. მეუღლე საბერძნეთში ჩემზე ადრე გამოემგზავრა, მერე მეც ჩამოვედი. მეუღლე ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, მე კი - ტურისტულ ფირმაში. პარალელურად, სხვადასხვა სამსახურს ვითავსებდი: ოჯახში დამხმარედ, მზარეულად, ავადმყოფის მომვლელადაც მიმუშავია... წარმოიდგინეთ, ერთ ოჯახში 40 ადამიანს (7 და-ძმა იყვნენ, რომლებსაც ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები სტუმრობდნენ) ვუვლიდი - მათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ვზრუნავდი, მაგიდების დაშლა-აწყობაც მევალებოდა. პლუს, იხვებს, ბატებსა და ქათმებს თვალ-ყურს ვადევნებდი. რთული სამუშაო იყო, მაგრამ ვუმკლავდებოდი. ხელფასსაც არა უშავდა. ასევე, ათენში მოხუც, ავადმყოფ მამაკაცს ვუვლიდი, ეტლით ვასეირნებდი... ჩემი ძირითადი სამსახური მაინც ტურისტული ოფისი იყო, სადაც უკვე 15 წელია, ვმუშაობ... საბერძნეთში ემიგრანტული გაზეთი - "ელადა" 2002 წლიდან გამოდის. მისი დამფუძნებელი ქალბატონი ანა ყურშავიშვილი გახლავთ. 2004 წლიდან ამ გაზეთთან ვთანამშრომლობ: თავდაპირველად, ჟურნალისტი გახლდით. შემდეგ რედაქტორის მოადგილედ დავწინაურდი, უკვე 4-5 წელია, რაც რედაქტორი ვარ. ასევე, გაზეთის ლიტერატურულ დამატებაშიც ვმუშაობ. სამწერლო მოღვაწეობასაც ვეწევი. 2006 წელს პირველი წიგნი - "გამარჯობა, ელადა" (ნოველები, პუბლიცისტური წერილები) გამოვეცი, 2008-ში - "ემიგრანტის თეატრი" (ძალიან კარგი მოგონებები, ნოველები), რომელიც ჩემი დედიკოს, ეკატერინე ზალოშვილის 80 წლის იუბილეს მივუძღვენი. მესამე წიგნი - "შორია საქართველომდე" 2010 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ნოველები, მოთხრობები, ლექსებია შესული. მეოთხე წიგნი - "ერთი სიცოცხლე რომ მქონდეს კიდევ" ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მივუძღვენი. ახლახან კიდევ ერთი წიგნი - "ღვთის ბოძებული საჩუქარი" გამოვეცი, რომელშიც ერთი რომანი და ნოველები, მოთხრობები, ლექსებია შესული.
- მეუღლის შესახებ გვიამბეთ...
- ის საბერძნეთში ყოფნისას დაავადდა. ოპერაცია გავუკეთეთ. ავადმყოფობის გამო, საქართველოში დაბრუნდა. ასეთ მძიმე სიტუაციაში, მისგან შორს ყოფნა მიწევდა. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო:
"...ცივი წვიმა კი დაუზოგავად აწვიმს თეთრ სახლებს./ დავხეტიალობ მთლად გალუმპული ქუჩებში ამდენს,/ ნეტავ, უშენოდ ამ ქალაქში როდემდე გავძლებ..."
მეუღლის გასვენებას ვერ დავესწარი, რადგან საბერძნეთში დღემდე უსაბუთოდ ვარ: საქართველოში რომ გავმგზავრებულიყავი, საბერძნეთში ვეღარ დავბრუნდებოდი. არადა, მეუღლის მკურნალობას დიდი თანხა სჭირდებოდა (ოპერაცია, ქიმიოთერაპია...). ასე რომ, ჩემი გამგზავრება-გამომგზავრებისთვის საჭირო თანხა ისევ მის მკურნალობას მოვახმარეთ, მაგრამ ამან ვერ უშველა...
- შვილები რა ასაკის იყვნენ, როცა ემიგრაციაში წახვედით?
- უფროსი 21 წლის იყო, უმცროსი - 18-ის. შვილიშვილი და რძალი აქ გავიცანი - როცა წლების მერე, ჩემი ვაჟი მეუღლესა და შვილთან ერთად საბერძნეთში მესტუმრა...
- შვილებს თქვენი დახმარება ისევ სჭირდებათ?
- მთხოვენ, - ოღონდ ჩამოდი, შენი დახმარება არ გვჭირდებაო. სამსახურები აქვთ. ძალიან კარგად არ აქვთ აწყობილი ცხოვრება, მაგრამ 69 წლის მამა ემიგრაციაში ყოფნისთვის აღარ ემეტებათ. მეხვეწებიან, - სახლში დროზე დაბრუნდიო.
GzaPress- რატომ არ ბრუნდებით?
- მწერალთა კავშირის წევრი ვარ, "მწერალი" მქვია, მწერალმა კი უნდა წეროს. საქართველოში ამას თანხა სჭირდება, რისი საშუალებაც არ მქონდა. აქ ჩემს ჭიას ვახარებ: უდიდესი სიამოვნებაა, როცა წიგნებს წერ, რომ შემდეგ ვიღაცებმა წაიკითხონ. ჩემს საქმეს ვაკეთებ.
- ანუ საბერძნეთში თავს უფრო რეალიზებულად გრძნობთ...
- რა თქმა უნდა!
- თეატრალურ სფეროში მუშაობასაც აგრძელებთ?
- დიახ, აუცილებლად. ალბათ, ამის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა. საბერძნეთში ქართული თეატრი გვაქვს. ქართველმა მსახიობმა გოგონამ - თამარ სამხარაძემ (რომელიც ბერძენზეა გათხოვილი და ლამაზი ოჯახი აქვს) ქართულ-ბერძნული თეატრალური საზოგადოება - "დიონისე" დააარსა. ამ გოგონას საქმეში გვერდით ვუდგავარ. თეატრს საბავშვო სტუდია აქვს, რომელიც წელიწადში ორ საბავშვო სპექტაკლს დგამს, უფროსებისთვის კი - ერთს. შარშან ჩემმა ერთ-ერთმა საბავშვო პიესამ - "ღამურა" (აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით) სიღნაღის ფესტივალზე გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო პიესამ. საერთოდ, 4 პრიზი მიიღო, თუმცა მე გავიმარჯვე, როგორც საუკეთესო სცენარისტმა. ამ ფაქტმა დამატებითი მოტივაცია შემძინა და ჩემი ნოველების მიხედვით, ახალი პიესა დავწერე. სპექტაკლი ჩვენს ქართულ თეატრში დავდგით. წიგნში პიესას "ჩემი სოფლის ეტიუდები" ჰქვია, მაგრამ სპექტაკლს სახელი შევუცვალეთ - "ცოტაც გვაცალეთ" დავარქვით. მასში ემიგრანტი მშობლების მომლოდინე შვილების ყოფაა აღწერილი. ძალიან კარგი კომედია გამოგვივიდა... სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა - ხალხს მოეწონა. პიესა თავად დავდგი და მთავარ როლს ვთამაშობდი. ჩემი შვილი საბერძნეთში რომ მესტუმრა, ასეთი ზეიმი მოვუწყვე. ჩემი დღე იყო (იღიმის)...
- 18 წელია, საქართველოში არ ყოფილხართ. როგორია ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო, ქალაქი რუსთავი, სადაც საბერძნეთში გამგზავრებამდე ცხოვრობდით?
- მინდა, ამ შეკითხვას ჩემი ლექსით ვუპასუხო:
"ზარები, ზარები მსწრაფლ ააგუგუნეთ,/ განგაში ატეხეთ, ხალხო,/ რომ ჩვენი სამშობლო კვლავ ჩვენად ვიხილოთ,/ რომ ჩავალთ, კვლავ ჩვენად ვნახოთ!/ რა დროს თურქობაა ან თუნდაც სპარსობა?/ ჩინელი ხომ სულ მთლად გავიდა თავს!/ ძირძველი ქართველი გადაკარგულა.../ ემიგრაციაში მოთქვამენ და პურის ფულად უვლიან სხვას.../ შენ, ვისაც გეხება ქვეყნის ბედ-იღბალი,/ გგონია, აკეთებ კარგს?!/ რას ფიქრობთ, რას სჩადით, მომავალს რა ეტყვით/ და რითი იმართლებთ თავს?!"
დღევანდელი საქართველოს შესახებ ჩემი შეხედულება ასეთია. მართალია, ეს ლექსი 2011 წელს დავწერე, მაგრამ დღესაც აქტუალურია, რადგან საქართველოში ჩვენი პოლიტიკური ყოფა ძალიან მოუგვარებელია... რუსთავი გალამაზდა და მოხარული ვარ. ქალაქიც გაალამაზეს, მაგრამ სამუშაო ადგილების უქონლობა მთელი ქვეყნის პრობლემაა. ხალხის შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები არავის აქვს. ჩემს სამშობლოში არსებული სიტუაციის გამო, გული ძალიან მტკივა.
- საქართველოში დაბრუნება თქვენს გეგმებში თუ შედის?
- რა თქმა უნდა. აქ სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა - საქართველოში ყოფნა მსურს. ჩემი სოფელი მინდა, სადაც გავიზარდე, ჩემი ქალაქი - სადაც დავვაჟკაცდი... ჩემი კოლეგები, ახლობლები მენატრება. აუცილებლად ჩამოვალ. ჩემი რუსთავი აუცილებლად უნდა ვინახულო, მაგრამ ვიდრე ჩამოვალ, მანამდე კიდევ ერთი პიესა უნდა დავდგა (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა შემთხვევაში გარბიან თაყვანისმცემლები მიზანდასახული მარტა ბარამიძისგან
ინტერვიუ იშხნელების ცნობილ შთამომავალთან
"მე ხშირად მავიწყდება მისი სიკვდილი და ნადირას - არასდროს"
სპექტაკლი-აქცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შესახებ
როგორ ცხოვრობდა ვასილ მჟავანაძის ოჯახი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1544 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი