უჩვეულო სწავლების მეთოდებით მიღწეული წარმატება - გზაპრესი

უჩვეულო სწავლების მეთოდებით მიღწეული წარმატება

ბოლო დროს იშვიათად თუ მომისმენია პედაგოგის ისეთი ქება, როგორც დაწყებითების მასწავლებელს, ნათია ჭაბუკიანს აქებენ. ამბობენ, ეს ქალბატონი ყველაზე ჭირვეული ბავშვის მორჯულებასაც კი ახერხებსო. მოთმინება, პატარების სიყვარული, თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა, მათთვის თავისუფლების მინიჭება, შემდეგ - გამოცდა, დაკვირვება, რჩევის თუ შენიშვნის ისე მიცემა, რომ იოლად მიხვდეს პატარა შეცდომას და მის გამოსწორებაზე იფიქროს - ასეთია პედაგოგის მიდგომა, რომელიც გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე, აკვირდება თითოეულ მოსწავლეს, რათა ღირსეულები იყვნენ და 4 წლის შემდეგ, როცა სხვა პედაგოგს გადაულოცავს კლასს, უკვე ყოფილმა აღსაზრდელებმა მხოლოდ და მხოლოდ ასახელონ.

GzaPressროცა ასე ნაქები პედაგოგის საკლასო ოთახში შევედი, გამაოცა მაგიდების არასტანდარტულმა წყობამ, კედელზე გაკრული ნამუშევრებისა და შესასვლელში ჩამოკიდებული სიგელების რაოდენობამ...

- ხშირად ვცვლით დიზაინს, იმის მიხედვით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ იმ დღეს. ამჯერად, ჩემი პატარები ჯგუფებად დაყოფილები მუშაობდნენ, პრეზენტაციებს ამზადებდნენ და მაგიდების ასეთი უცნაური წყობა ამის ბრალია. ცოტა არასტანდარტული მასწავლებელი ვარ (იღიმის).

- როგორც მითხრეს, პედაგოგობის 15-წლიანი სტაჟი გაქვთ...

- დიახ, მაგრამ 4 წელი მქონდა საქმეში წყვეტა - ჩემი მეუღლე ისრაელის მოქალაქეა, ქართველი ებრაელია და 4 წელი ისრაელში მოგვიხდა ცხოვრება. მერე საქართველოში დავბრუნდით და საყვარელი საქმე გავაგრძელე.

- ნათია, თავის დროზე მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ? მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში, როცა თქვენ პროფესიას ირჩევდით, ვეჭვობ, პედაგოგობა პოპულარულ საქმედ არ მიიჩნეოდა...

- მართალი ხართ, მაშინ მოდური იყო სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები. მეც მირჩევდნენ, მედიცინა ამერჩია, მაგრამ პედაგოგობა უფრო მომწონდა. ქუთაისში ვსწავლობდი, მე-11 საჯარო სკოლაში, საფიჩხიაზე. იმდენად კარგი პედაგოგები მყავდა (განსაკუთრებულად დაწყებითების მასწავლებელი მიყვარდა), მართლა მათ გამო ავირჩიე ეს პროფესია და მაშინ მიღებული გადაწყვეტილება არასდროს მინანია. მერწმუნეთ, მხოლოდ ხელფასისთვის არ ვმუშაობ, ბავშვებთან ურთიერთობა მსიამოვნებს. დღემდე, ყოველდღიური ჩემი მუშაობა დაკვირვებაა ბავშვებზე და საკუთარ თავზე. ენთუზიაზმით სავსე ვიყავი მუშაობის დაწყების მომენტიდან.

- ენთუზიაზმი თავიდან ყველას აქვს... არასდროს ჩამქრალა ის თქვენში?

- არა, არ ჩამქრალა! რომ ჩამქრალიყო, სკოლაში არ დავრჩებოდი... აი, სკოლის პროგრამა 2 კვირით ადრე ამოვწურეთ და ამის შემდეგაც არ გავჩერებულვართ, დავიწყეთ მუშაობა პრეზენტაციებზე. ამჯერად მესამე კლასი მყავს და ვიფიქრე, რომ დრო იყო, ესწავლათ აუდიტორიასთან ურთიერთობა და ის, თუ როგორ მიიქციონ ყურადღება, როგორ ახსნან მუშაობის პროცესი, როგორ გადმოსცენ ნაფიქრი და ა.შ. ავუხსენი, - როგორც დიდებმა, ისე უნდა იმუშაოთ-მეთქი.

- დღეს პრეზენტაციებზე მუშაობა მოდურია, ყველა სკოლაში მიმართავენ სწავლების ამ ხერხს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თქვენი მოსწავლეები პრეზენტაციებს სკოლაშივე, დამოუკიდებლად ამზადებენ და არა მშობლების ან ინტერნეტის დახმარებით.

- როცა ბავშვი მიდის სახლში, მას მეცადინეობაში ხშირად, მშობელი ეხმარება, პრეზენტაციას უწერს, მერე ბავშვი გაიზუთხავს ტექსტს - ასეთ დროს რა გამოდის, რომ მშობელი დავტვირთე და მისი აზროვნების განვითარებაზე ვიზრუნე. ამიტომ მირჩევნია, აქ იმუშაონ. თავიდან არ გამოსდით ხარისხიანი ნამუშევარი, მაგრამ მესამე-მეოთხე ჯერზე სულ უფრო ავითარებენ, მათი ნამუშევრები იხვეწება და საბოლოოდ, სასურველ შედეგს ვაღწევთ. ამავდროულად, ჯგუფურ მუშაობას ეჩვევიან. 4-5-კაციან ჯგუფს ვაძლევ ვრცელ ტექტს, რომელსაც ბავშვები თავად ყოფენ აბზაცებად და ერთმანეთში ანაწილებენ: შენ ამაზე იმუშავებ, შენ იმაზეო. ხომ არის, ვიღაცას ტექსტის ათვისების უნარი აქვს კარგად განვითარებული, ვიღაც ხატავს კარგად და ა.შ. ბავშვები ასე სხვისი შესაძლებლობის აღიარებასაც სწავლობენ, გონებას ავარჯიშებენ, ახალ ინფორმაციას იღებენ, უცხო სიტყვებს ითვისებენ და ამ ყველაფერს ერთმანეთის დახმარებით აღწევენ. ყველა ნიუანსს აკვირდებიან. მეც არავის არაფერს ვუწუნებ, მაგრამ ხაზგასმით ვლაპარაკობ იმ ჯგუფზე, რომლის პრეზენტაციაც საუკეთესო იყო და ამის შემდეგ სხვებსაც უჩნდებათ სურვილი, მათი ნამუშევარიც ასე კარგად და პომპეზურად წარვადგინო. მერწმუნეთ, კლასში აღარ მყავს ისეთი ბავშვი, რომელსაც მსჯელობის უნარი არ აქვს.

- დამეთანხმებით, არიან გონებრივად კარგად განვითარებული, მაგრამ ისეთი ბავშვები, რომლებსაც გადმოცემა უჭირთ, თხრობის დროს ნერვიულობენ...

- დიახ, ზოგ ბავშვს გადმოცემის დროს შფოთვა ეწყება. როდესაც ნერვიულობს, ვცდილობ გავამხნევო: რა მაგარია, ყოჩაღ, კიდევ რას დაამატებ? კიდევ რას მეტყვი-მეთქი? ამ შეძახილებით და წახალისებით, ნელ-ნელა იხსნება, შფოთვა ეხსნება. საერთოდ, როცა ბავშვი პირველად გამომყავს რაიმე თემაზე სამსჯელოდ, მხოლოდ მე მიყურებს, თანატოლებისკენ გახედვა აბნევს, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევა აზრის გადმოცემას, თავისუფლად მსჯელობენ, არაფრის კომპლექსი აღარ აქვთ...

- როგორ ახერხებთ ბავშვების ნდობის მოპოვებას? ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მიამბეს ერთ მოსწავლეზე, რომელსაც სკოლაში სიარული არ უნდოდა, არც ერთ კლასში არ ჩერდებოდა, მასწავლებლებს არ ელაპარაკებოდა, მერე მოხვდა თქვენთან და... დარჩა...

- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩემამდე კარგად მომზადებული მოსულხართ (იღიმის)... მასწავლებელი სამართლიანი უნდა იყოს და რაც მთავარია, გულწრფელი, აბსოლუტურად თავისუფალი და გახსნილი. მე ჯერ საკუთარ თავზე ვსაუბრობ პატარებთან. როცა ხვდებიან, რომ მათ თანასწორად მივიჩნევ, ანალოგიურად იქცევიან. აი, დღეს პირველი გაკვეთილი ასე დავიწყეთ: დავხატე მუხა და ვთქვი, - ეს მე ვარ. მუხა სიძლიერის ნიშანია. დავხატე იმიტომ, რომ გარკვეულ წლებში დიდი პრობლემა შემხვდა, მაგრამ გადავიტანე, ძლიერად დავდექი და დღემდე ვაძლიერებ ჩემს ოჯახს. მაინტერესებს, რას შეადარებთ თქვენს თავს-მეთქი? ყველამ მაშინვე დაიწყო მუშაობა და აბსოლუტურად გულწრფელად ისაუბრეს საკუთარ თავზე: ერთმა მატარებელი დახატა, მოგზაურობა მიყვარსო; მეორემ ჭიამაია და განმარტა: ჭიამაიასავით ფრენა არ შემიძლია, მაგრამ მასავით საყვარელი ვარო. ერთმა ფარი გამოსახა, - ესეც სიძლიერის ნიშანია და მე ჩემი ოჯახისთვის ასეთი ვიქნებიო.

აი, კედელზე ხედავთ წარმატების ხეს - ამანაც დიდი როლი ითამაშა მოტივაციის ამაღლებაში. სკოლაში რომ მოვიდნენ, ბავშვებს ვუთხარი, ყველას მოეტანა განსხვავებული ფერის ღილი და ვისაც დღის ბოლოს წარმატებულ მოსწავლედ დავასახელებდით, ღილს ხეზე მიაკრავდა. წარმატებული კი იქნებოდა ბავშვი, რომელიც იაქტიურებდა გაკვეთილზე, კარგად მოიქცეოდა და ა.შ. ყოველი დღის ბოლოს, ჩემთან ერთად, ბავშვებიც ასახელებდნენ იმ დღის წარმატებულ მოსწავლეს და ეს იყო სტიმული სხვებისთვის, რომ მომავალში მათი სახელი დაგვესახელებინა. ბავშვს წახალისება ყოველთვის სჭირდება.

GzaPress- სკოლამდელი ბავშვებზე აზრი ორად იყოფა - უნდა ისწავლონ თუ არა წერა-კითხვა?

- ჩემი აზრით, ბაღში სხვა უნარები უნდა განუვითარონ. მაგალითად, უნდა ასწავლონ ზონარის შეკვრა, ნივთების მილაგება, თავიანთ საჭიროებებზე ზრუნვა და ა.შ. პირველ კლასში მოსულმა პატარამ წერა-კითხვა თუ იცის, მერე მასწავლებლის მოსმენის ინტერესი აღარ აქვს. მასწავლებელი აქცენტს აკეთებს პროგრამის მიხედვით, ცდილობს მოსწავლეებს ასწავლოს წერა-კითხვა და ვინც ეს უკვე იცის, ის "იკარგება", ვეღარ ვითარდება, მისი აზროვნება ერთსა და იმავე ზონაში ტრიალებს. თუმცა, თუ მასწავლებელი საქმის პროფესიონალია, ის ასეთ ბავშვსაც მისცემს გონების სავარჯიშოს. ცალკე დავალებები უნდა გქონდეს იმათთვის, ვინც სწავლობს წერა-კითხვას და ცალკე იმათთვის - ვინც უკვე იცის ეს.

- სახელმძღვანელოებს ხშირად აკრიტიკებენ...

- შეიძლება ვიღაცას კონკრეტული სახელმძღვანელო არ მოეწონოს, მაგრამ განათლების სამინისტრო არ გვეუბნება, გინდა თუ არა ეს უნდა გამოიყენოო. ამასთან, დამატებითი წიგნების გამოყენების უფლებასაც არავინ გვართმევს. პირადად ჩემთვის, დირექტორს არასდროს უთქვამს, რომ რაიმე არ უნდა შემოვიტანო კლასში - ამ მხრივ სრული თავისუფლება მაქვს. სახელმძღვანელო საშუალო დონეზეა გათვლილი, ანუ იმაზე, რომ ყველამ აითვისოს, მაგრამ თუ პედაგოგი ფიქრობს, რომ მის მოსწავლეებს სხვა ეტაპზე გადასვლაც შეუძლიათ, დამატებით წიგნებსაც შეიტანს კლასში.

- მაგრამ ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული...

- ყველა მშობელი ორიენტირებულია ბავშვის განათლებაზე. პირადად მე, მათთან შეთანხმებით ვიღებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. თუ პრობლემა შეიქმნება, დაქსეროქსებული ფურცლებიდანაც შეგვიძლია სწავლა ან რამე სხვა მეთოდს გამოვძებნით.

- თანამშრომლობა მშობელსა და პედაგოგს შორის - ამ თემაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს აუცილებელია, ერთად უფრო დიდ შედეგს მივიღებთ. მასწავლებელს მხოლოდ მაშინ არ უნდა ახსენდებოდეს მშობელი, როცა მისი შვილი რამეს დააშავებს. ვფიქრობ, მათ შორის ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა, განსაკუთრებით პირველ კლასში. კრებას იშვიათად ვაწყობ. არ მესმის, ხშირად რომც შევიკრიბოთ, რა თემაზე უნდა ვისაუბრო. კრებაზე თითოეული ბავშვს ვერ დავახასიათებ, ყოვლად მიუღებელია, მშობლები ისმენდნენ სხვისი შვილების დახასიათებას. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა სჯობს.

- ზოგს არ მოსწონს თანამედროვე სწავლების მეთოდი და ამას აპროტესტებს, - ძველად ზედმეტი რაღაცების გარეშე ვიღებდით განათლებასო...

- მე ვერ შევადარებ ძველი სწავლების მეთოდებს ახალს, რადგან ე.წ. ძველი მეთოდით არ მიმუშავია. კი, მაშინაც სწავლობდნენ, მაგრამ ახლა სულ სხვა თაობაა და მათთან სხვანაირი მიდგომებია საჭირო... სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, ერთწლიანი გადამზადება გავიარე. ტრენინგს თანამედროვე მეთოდებზე გვიტარებდა გიორგი ნოზაძე, რომლის წყალობითაც ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე. როცა მუშაობის დაწყების შანსი გამიჩნდა, პირველი გაკვეთილი ჩავატარე ქალბატონ ლიზიკოსთან ერთად (რომელიც 54-ე სკოლაში ასწავლიდა), იმ ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც გადამზადების დროს გვასწავლეს და სტაჟიანი პედაგოგის შექება დავიმსახურე. მანამდე, ვიდრე გაკვეთილს ჩავატარებდი, მითხრა: ძალიან რთულია დამწყებ პედაგოგს ანდო შვილი, ამიტომ გაკვეთილი ერთად ჩავატაროთ და მეორე გაკვეთილზე თვითონ ბავშვებს ვკითხოთ, ვინ გადმოვა თქვენთანო. მეორე დღეს, როცა მოსწავლეებს ჰკითხეს, ნათია მასწავლებელთან რომელი წახვალთო? ლამის მთელი კლასი ადგა. ქალბატონმა ლიზიკომ სიამოვნებით გამომაყოლა ეს ბავშვები. გამიმართლა კოლეგაში, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მან აღიარა, რომ თანამედროვე მეთოდები საინტერესოა.

- ამბობენ, რომ თქვენს მოსწავლეებს სრული თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ, გაკვეთილიდან უკითხავადაც კი გავიდნენ. ამით პატარები ცუდად არ სარგებლობენ?

- დიახ, აბსოლუტური თავისუფლება აქვთ. მათ თავიდანვე ვუთხარი: გაკვეთილის ახსნის დროს არ შემიშალოთ ხელი, არც მეგობარს შეაწყვეტინოთ საუბარი, თუ რამე მოგინდებათ, ადექით და გადით, მაგრამ მალევე უნდა დაბრუნდეთ-მეთქი. ცხადია, ზოგიერთი ცდილობს ამით ისარგებლოს და ვთქვათ, ერთი გაკვეთილიდან სამჯერ გადის. უკვე ვხვდები, ჩემი კეთილგანწყობა ვინ როგორ გამოიყენა, რა თვისებები აქვთ. მათ იმწუთას არაფერს ვეუბნები, დასვენების დროს კი დავუძახებ და ვეტყვი, - მოგეწონა შენი საქციელი? გაკვეთილიდან ამდენჯერ გასვლა აუცილებელი იყო-მეთქი. აუცილებლად შერცხვება და მეორედ ასე აღარ მოიქცევა. ამ თავისუფლებაში არის დადებითი, ყველაზე მეტად საკუთარ თვისებებს ასეთ დროს ავლენენ და მერე ვცდილობთ მინუსები ძალდაუტანებლად გამოვასწოროთ.

GzaPressმართალია, პირადად მე ხატვა დიდად არ მეხერხება, მაგრამ ამ მეთოდსაც ხშირად ვიყენებ: ვთქვათ, როცა რთული ტექსტია ასახსნელი, ბავშვებს ვთხოვ წაკითხული ტექსტის ილუსტრირებას - ეს მათ ამბის გააზრებაში, საბოლოოდ კი დამახსოვრებაში ეხმარება. როცა მუშაობას მორჩებიან, კლასელებს უხსნიან, რა დახატეს და რატომ. ახატვინებ რა, ხატვის გაკვეთილიაო? - ბევრმა მითხრა ეს, მაგრამ ასე უკეთ აზროვნებენ. ეს მეთოდი გონებას ავარჯიშებს და რთული ტექსტის დამახსოვრებაშიც ეხმარება. შეგიძლიათ, თქვენც სცადოთ. ასევე გამაკრიტიკეს იმის გამო, რომ კლასში სწრაფად კითხვაში ვატარებდი შეჯიბრებას: წამმზომს ჩავრთავდით და მერე, კონკრეტულ ტექსტს ვინ რამდენ ხანში წაიკითხავდა, ამას ვიწერდით, საბოლოოდ კი გამარჯვებულს ვასახელებდით. საშინაო დავალებად მათი შედეგების გაუმჯობესებას ვაძლევდი და მეორე დღეს, ამ ტექსტს უფრო სწრაფად კითხულობდნენ. კითხვის სწავლის ეს მეთოდი დამიწუნეს მოტივით, ასეთ დროს ბავშვები სასვენ ნიშნებს არ აქცევენ ყურადღებასო. კი, მაგრამ მე ჯერ კითხვაში გავწაფე ჩემი მოსწავლეები, მერე მოვახერხეთ გააზრება, სასვენი ნიშნებისთვის ყურადღების მიქცევა, შესაბამისი ინტონაციით წაკითხვა და კითხვის დროს გრძნობების გამოხატვაც. საბოლოოდ, მესამეკლასელი გამართულად და მხატვრულად კითხულობს.

- მიუხედავად საქმის სირთულისა, თქვენ ინდივიდუალურად მუშაობთ თითქმის ყველა ბავშვთან - სწორად მივხვდი?

- ყველა ბავშვი სხვადასხვა დონეზეა განვითარებული და ყველას უნდა მისცე ისეთი დავალება, რომლის შესრულებასაც შეძლებს - ვცდილობ, ასე მოვიქცე, რამდენად გამომდის, ამაზე სხვებმა ისაუბრონ... სკოლა არის ღერძი, სადაც ბავშვმა შესაძლოა კარგი განათლება მიიღოს, პედაგოგმა კი საამისოდ მოტივაცია უნდა გაუღვივოს... აი, როცა ჩვენ პრეზენტაციებზე ვმუშაობთ, ზოგჯერ მთელ შესვენებას იყენებენ სამუშაოდ და მე ამის უფლებასაც ვაძლევ. მეუბნებიან, ეს რომ სამინისტროში გაიგონ, საყვედურს გეტყვიანო. რატომ? თუ ბავშვი ამით სიამოვნებას იღებს და შრომა სურს, ხელი როგორ უნდა შევუშალო? როცა მუშაობას მორჩებიან, დასვენებაც რომ არ იყოს, ვთხოვ, ცოტა ხანს დაისვენონ, ოღონდ არ იხმაურონ, სხვა კლასებს რომ არ შეუშალონ ხელი. მე მჯერა მათი, ყველაფერს გააკეთებენ, თავი რომ არ შეირცხვინონ და შენიშვნა არ დაიმსახურონ.

P.S. არ ვიცი, მომავალში ვინ გახდებიან ნათიას ნამოწაფრები, მაგრამ მისი კლასიდან აღფრთოვანებული წამოვედი. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ მომინდა, დრო უკან დაბრუნებულიყო და მეც მისი მოწაფე ვყოფილიყავი. მჯერა, მისი მეთოდები სასურველ შედეგს გამოიღებს და ნათია აუცილებლად იამაყებს ამ ბავშვებით...

ლიკა ქაჯაია