კაცი, რომელსაც იები უყვარდა...
font-large font-small
კაცი, რომელსაც იები უყვარდა...
ვინ უფასებდა სიმღერებს ავთო შარვაძეს

18 ივნისს დაიბადა. მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩნდა: ხატავდა, ლექსებსა და სიმღერებს წერდა, თამაშობდა ფეხბურთს, ჭიდაობდა, აბსოლუტური სმენა ჰქონდა და შეეძლო არაერთ ინსტრუმენტზე დაკვრა. თუმცა, გამორჩეულად მაინც გიტარას ფლობდა. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და წლების განმავლობაში მუშაობდა კიდეც პროფესიით. თუმცა, ხალხი მას უფრო მეტად, როგორც კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ისე იცნობდა. სხვადასხვა პოეტის ლექსებთან ერთად, საკუთარ ლექსებზეც წერდა სიმღერებს და მღეროდა ყველგან, სადაც სურვილი ჰქონდა და სადაც სთხოვდნენ.

არიან მომღერლები და კომპოზიტორები, რომლის ერთი ნამღერი თუ სიმღერა, ერთხელ მოსმენის შემდეგ სამუდამოდ გრჩება მეხსიერებაში. არ მინდა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ბავშვობიდან სწორედ ასე მახსოვს ავთო შარვაძე, მისი ხმის ტემბრი თუ სიმღერის მანერა. "ფეხზე დაგიდგები ჩემი საქართველო" (იგივე "წითელფეხება მტრედებო"), "მე და მთვარე", "შემოდგომა", "სატრფიალო", "ხიდი", "ცისადარო", "გიორგობისთვე", "ქალაქური რომანსი", "თამუნია" - ეს და ბევრი სხვა სიმღერა სწორედ ავთო შარვაძეს ეკუთვნის.
ვლადიმერ შარვაძისა და ნადეჟდა (ჟენია) ზვიადაძის ოჯახში ქალ-ვაჟი იზრდებოდა. ეს წყვილი ქუთაისიდან იყო. დედაქალაქში ჯერ კაცი დასახლდა, დაქორწინების შემდეგ კი ქალიც და 1944 წლიდან ერთად ცხოვრება რუსთაველზე, სამსართულიან სახლში დაიწყეს. მოგვიანებით ეს შენობა დაანგრიეს და მის ადგილას ტელეგრაფის შენობა აიგო. წყვილს ჯერ გოგონა ნელი შეეძინა, 1 წლისა და 8 თვის შემდეგ ბიჭი. ნელი და ავთო ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ერთად იყვნენ, შინ თუ გარეთ, თბილისში თუ ქუთაისში. ერთად მღეროდნენ და შემდეგში, და ძმის მუსიკალურ საქმიანობას უწევდა ორგანიზებას. სწორედ მუსიკოსსა და პიანისტ ნელი შარვაძეს ვთხოვე ძმაზე და მის ცხოვრებაზე საუბარი.
ავთო შარვაძის დედის ოჯახში კარგად მღეროდნენ. ამბობდნენ, ავთო სიმღერის ნიჭით განსაკუთრებით სამამულო ომში დაღუპულ ბიძას ჰგავდაო, ხოლო მეორე ბიძა დირიჟორი იყო, რომელიც ერთხანს მუშტაითის ბაღში გამართულ კონცერტებს დირიჟორობდა.
ვლადიმერ შარვაძე პროფესიით გეოლოგ-ინჟინერი იყო და ამავდროულად, ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდა მაშინდელი ინტელიგენცია, თავადაც ხშირად იყვნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის სტუმრები.
პირველად რომ გაისმა ფრაზა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" და ამ იდეის გარშემო ბევრი კომუნისტური პარტიის წევრი თუ არაპარტიული ადამიანი გაერთიანდა, დაიწყო გამოსვლები და ხალხში დამოუკიდებლობის ტალღა აგორდა, მთავრობა დაშინდა და "კაგებემ" დაიწყო დაჭერების ფართომასშტაბიანი სერია.
1956 წელს ვლადიმერი რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა და 3 წელი იყო პატიმრობაში. იმ დროს მისი მეუღლეც დაიჭირეს, თუმცა ქალი ორ დღეში გამოუშვეს და ის შვილებთან დაბრუნდა. მძიმე წლები იყო, მაგრამ ოჯახისთავის შინ დაბრუნების შემდეგ, ოჯახი კვლავ წამოდგა ფეხზე.
GzaPress
ავთო ჯერ ხალხურ სიმღერას ისმენდა, მერე ოპერას, ქალაქურ სიმღერებს, თუმცა მუსიკალურ ჟანრებს შორის ჯაზი მაინც გამორჩეულად უყვარდა.
თავად ისწავლა გიტარაზე დაკვრა. ავთო შარვაძემ მეოთხე მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. მისაღებ გამოცდებამდე ტრიო შექმნეს: ავთომ, მერაბ ანდრონიკაშვილმა და ვაჟა კობაიძემ. სტუდენტები რომ გახდნენ, ამ სამეულის გარეშე აპოლონ ქუთათელაძე სტუმრებს არ ხვდებოდა თურმე. შემდეგ ავთომ იქვე ორკესტრიც შექმნა და მას ხელმძღვანელობდა. ერთხელ რექტორს ავთოსთვის ურჩევია, იქნებ კონსერვატორიაშიც ჩააბარო, მე ყველანაირად ხელს შეგიწყობო. თურმე მაშინ არ შეიძლებოდა ორ უმაღლესში სწავლა და აპოლონ ქუთათელაძეს უთქვამს, დავმალავ, რომ ჩემი სტუდენტი ხარო, მაგრამ ავთოს შეზარებია და მეორე უმაღლესში საბუთები აღარ შეუტანია. თუმცა, ამ ამბავს შემდეგში ძალიან ნანობდა.
ავთო სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე სწავლობდა, როცა პირველი სიმღერა ჯგუფელის, მარინა ბუაძის ლექსზე "შენთვის რამდენი ცრემლი მდენია" დაწერა. მას წლების განმავლობაში ასრულებდნენ და-ძმა შარვაძეები და მას შემდეგ აღარ გაჟღერებულა. როგორც ქალბატონმა ნელიმ მითხრა, ავთოს ყველა კონცერტი ამ სიმღერით იხსნებოდა... შემდეგი სიმღერა იყო "მე და მთვარე", რომელსაც ახლა დათო სირბილაძე მღერის. საერთოდ, სიმღერის დაწერას დიდ დროს არ ანდომებდა. შეარჩევდა ლექსს და მერე მასზე სიმღერას სწრაფად ქმნიდა.
- ქალბატონო ნელი, ვის ლექსებზე უყვარდა ყველაზე მეტად სიმღერების წერა?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ავტორის ლექსებზე გამორჩეულად უყვარდა წერა, თუმცა ალბათ, ყველაზე მეტი სიმღერა თავისი ძმაკაცის, ავთო მაღლაკელიძის ლექსებზე აქვს შექმნილი. მათ შორისაა: "შემოდგომა", "ზამთარი", "გაზაფხული". წერდა თავის ლექსებზეც. მაგალითად, "მე და მთვარე" ავთოს ლექსზეა შექმნილი. როგორ შექმნა "ქუთაისო", ამასაც გიამბობთ: ვქეიფობდით, სუფრას როსტომ ყენია თამადობდა. საუბარში ავთომ უთხრა, სიმღერა მინდა ჩემს დედულეთზე დავწეროო. აიღო გიტარა და მელოდია დაუკრა. მეორე დღეს, როსტომ ყენიამ დარეკა, მდივანო, - ასე მომმართა, - აბა, ჩაიწერე ლექსიო. ასე ერთ ღამეში დაწერილი ლექსითა და 2 დღეში შექმნილი მელოდიით შეიქმნა ეს სიმღერა.
- თავის ნაწერებს, სიმღერებს უფრთხილდებოდა თუ ვინმე სხვა უვლიდა?
- მე ვუვლიდი. თავის სიმღერებს ნიშნებს უწერდა და აფასებდა, მაგრამ უფრო მკაცრი მე ვიყავი. მერჩივნა მე მეთქვა და კარგი გამოსულიყო, ვიდრე სხვისგან სტკენოდა გული.
- მიუხედავად იმისა, რომ უფროსი და იყავით, იცოდა კონტროლი, შენიშვნები ან რამე მსგავსი?
- არა, რას ამბობთ?! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენს დაძმობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა. სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთს ვაბალანსებდით. ახლა არის მოდაში სიტყვა "დემოკრატია" და ავთო სწორედ ასეთი დემოკრატი იყო. რბილი და დამთმობი, არაკონფლიქტური, თავმდაბალი, კაცთმოყვარე. ერთადერთი შენიშვნა სიგარეტს უკავშირდება, ვერ იტანდა. იმ პერიოდში ხშირად ვისვენებდით აფხაზეთში, კერძოდ ლიძავაში. ჩემი მეგობრები ეწეოდნენ, არც სუნი მსიამოვნებდა და არც ბუღი, მაგრამ ბოლოს მეც დავიწყე. ერთხელ ჩვენმა მეგობარმა ჟენია მაჭავარიანმა ბარში დაგვპატიჟა. ამოვიღე სიგარეტი და მოვწიე, ავთოს ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს რესტორანში ვიყავი და იქაც რომ დავაპირე მოწევა, მითხრა, - ახლა მიქარავ, მეტი არ გაბედოო. ეს იყო და ეს. მეც არ მქონდა მოთხოვნილება და არ მომიწევია. სამი მეუღლე ჰყავდა და სამივე ეწეოდა, მაგრამ ამაზე რეაქცია არ ჰქონია, საოცარია, არა?! ისე, დათვური სამსახური მაქვს ავთოსთვის გაკეთებული. ბევრ რამეს ვიღებდი საკუთარ თავზე. ძალიან წესიერი იყო. უამრავი კონცერტი აქვს ანშლაგით ჩატარებული, ტრიუმფი ტრიუმფზე ჰქონდა, ყველაფერს ორგანიზებას მე ვუწევდი, სულ კულისებში ვიდექი. ამ საკითხებში აბსოლუტურად უსუსური იყო. აქვე მინდა გითხრათ, რომ მის ბოლო სიმღერაზე "სიყვარულის ნაღველი" ავთოს გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე. იმ დროს ის თავის ბოლო მეუღლესთან, თინასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მასზე ძალიან ზრუნავდა და ყველანაირად უწყობდა ხელს. ავთო იმ დროს უკვე ბევრს სვამდა და მასზე ვბრაზობდი. სუფრებმა და ქეიფებმა შეიტყუა, ამ რეჟიმიდან თავის დახსნა კი მოგეხსენებათ, მერე რთულია.
GzaPress
- შეგიძლიათ მითხრათ, სახალხო ცნობადობა რომელმა სიმღერამ მოუტანა?
- "წითელფეხება მტრედებო". ეს სიმღერაც ძალიან მალე შეიქმნა. შუაღამეს მირეკავდა ნასვამი ავთო და მასმენინებდა ამ სიმღერას, რომელშიც მურმან ლებანიძის ორი ლექსი გააერთიანა. ერთ საღამოს მეგობრები ვისხედით, ავთომ ეს სიმღერა უკვე დასრულებული სახით რომ მოგვასმენინა. ჩვენ შორის იყო გულიკო ერისთავი, რომელმაც მოისმინა თუ არა, აიჩემა, მურმანთან წავიდეთო, არადა, უკვე ღამის 12 საათი იყო. წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ მან თავისი გაიტანა. ძალიან მრცხვენოდა, ყველაზე უკან ვიდექი. შუაღამისას კარი რომ გაგვიღეს, გაოცდნენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც შეგვიპატიჟეს, მურმანის მეუღლემ რაც ჰქონდა, გამოაწყო, სუფრა გაგვიშალა. გულიკომ უთხრა, რისთვისაც ვიყავით მისულები და მასპინძელმა ავთოს სთხოვა, იმღერეო... მურმანმა მოუსმინა, მერე წამოდგა, ჭიქა ასწია, ცრემლები წამოუვიდა და თქვა, ეს ლექსები სამშობლოს სიყვარულმა დამაწერინა, შენც სამშობლოს სიყვარულმა დაგაწერინა მასზე მელოდია და ეს ჰიმნი უნდა იყოს საქართველოშიო. ეს სიმღერა პირველად რობერტ ბარძიმაშვილმა შეასრულა, საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ავთოს სიმღერებს მღეროდნენ: ანსამბლი "75", "ტრიო სიმი", "ტრიო თბილისი" და სხვა შემსრულებლები, თუმცა, "წითელფეხება მტრედებო" იყო ის სიმღერა, რომელმაც ავთოს პოპულარობა მოუტანა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მისი კონცერტები მიჰყავდა: გივი ბერიკაშვილს, ზურაბ ქაფიანიძეს, რეზო ჩხიკვიშვილს, გია ჭირაქაძეს, მაგრამ მათი წარდგინების შემდეგ, მსმენელთან უშუალო კონტაქტში ავთო შედიოდა. ის პირველი იყო, ვინც მსმენელთან ურთიერთობა დაამყარა, ჯერ კიდევ "გეპეიში" კონცერტის დროს და ამ ფაქტს სხვაც დაადასტურებს.
- ქალბატონო ნანა, ასევე ძალიან პოპულარული იყო სიმღერა "თამუნია" და ბევრი ფიქრობდა, რომ კონკრეტული თამუნა არსებობდა...
- დიახ, სულ თამუნიაზე შეყვარებული ეგონათ. თუმცა, ის ყველა ქალზე იყო შეყვარებული. იმიტომ კი არა, რომ ჩემი ძმაა, მაგრამ ყველამ, ვინც მას იცნობდა, იცის, რომ ის არ იყო "ბაბნიკი". ის უბრალოდ გახლდათ დიდი პოზიტივი და სიყვარულის ბურთი. შინ ერთი პორტრეტი მაქვს, ავთო შაჰ-აბასის ქუდით. ასე იცოდა, სხვადასხვა როლს თამაშობდა, წარმოდგენებს მართავდა და ხალხი კარგ განწყობაზე დგებოდა. იები უყვარდა და სწორედ ამიტომ, შინ სიმბოლურად ხელოვნური იები მაქვს. დორიან კიტიას ძმამ, მარლენმა მაჩუქა პატარა კალათა იებით და კედელზე დავკიდე.
- შინ იცოდა იების მოტანა?
- დიახ, იცოდა ყიდვა. არც ის დამავიწყდება, პირველად საზღვარგარეთ რომ წავიდა, ჩემს დაბადების დღეზე ჩამოფრინდა. მე და ჩემს მეგობარს საყურეები ჩამოგვიტანა საჩუქრად. აი, ასეთი ძმა იყო.
დღესდღეობით ნელი შარვაძის გადაწყვეტილებით, ავთო შარვაძის 10 სიმღერა, ტრიო "ბალადას" გადაეცა, რადგან ფიქრობს, რომ ანსამბლის ორი წევრის ქუთაისური წარმომავლობა და ზოგადად ამ შემადგენლობის ჟღერადობა ავთო შარვაძის შემოქმედება კარგად ერგება. სიამოვნებს, რომ მისი ძმის სიმღერები დღემდე ახსოვთ, მოსწონთ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ავთო შარვაძეს უამრავ საქველმოქმედო კონცერტში აქვს მონაწილეობა მიღებული. სადაც დაუძახებდნენ, მიდიოდა. სიამოვნებდა, მის სიმღერებს რომ ასრულებდნენ უცნობები თუ ნაცნობები. ერთხელ უთქვამს: მთავარი არ არის ხალხმა იცოდეს ამა თუ იმ სიმღერის კომპოზიტორი, რადგან მღერის, ესე იგი მოსწონს, გაითავისა და მაინც მოგებული ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ მოკვდებიო!..
GzaPress
- მის შთამომავლებზე რას მეტყვით? რამდენი შვილი ჰყავდა?
- ოთხი: ვლადიმერი, დიმიტრი, რომელიც ახლა ბერად აღიკვეცა და მამა იაკობი გახდა, გიორგი და ანა. ლადო სტრასბურგში ცხოვრობს, დიტო ჯვრის უღელტეხილზე მონასტერში მსახურობს, გიორგი მეუღლესთან ერთად, 2-წლიანი ხელშეკრულებით პარიზში მუშაობს, ხოლო ანა მხატვარია, თბილისში ცხოვრობს, მუშაობს და ბავშვს ელოდება. დიტოს და ანას გამოჰყვათ მუსიკალური ნიჭი, დიტო მღერის და გიტარაზე ისე უკრავდა, ოთარ რამიშვილს რომ მოუსმენია, ავთოსთვის უთქვამს, ორივეს გვაჯობაო. ანა შესანიშნავად უკრავდა, უბრალოდ მუსიკა პროფესიად არც ერთს არ გაუხდია.
- მისი ცხოვრების ბოლო დღეები და წუთებიც მინდა გაიხსენოთ...
- 2005 წელი იყო. ინფექციურ საავადმყოფოში იწვა ციროზის დიაგნოზით. 18 ივნისი მისი დაბადების დღეა და საავადმყოფოში შეხვდა. ჩემი მეგობრები იყვნენ მოსული და ავთოსთან ერთად, მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა ლიამ, სამ ხმაში ვიმღერეთ. გაგისწორეთ, ჯიგრებოო?! - გვითხრა. ამ დროს ბევრი გულისტკენა უკვე ჰქონდა, ფიზიკურად ძალიან გაღატაკებული იყო, მაგრამ სულიერად ძლიერი დარჩა... რამდენიმე დღეში ექიმმა თავის კაბინეტში რომ დამიბარა, მივხვდი, საქმე მძიმედ იყო. პირდაპირ ვთხოვე ეთქვა, რამდენი დღე ჰქონდა ავთოს დარჩენილი. დღეიდან 20 დღეო, - მიპასუხა. მშვიდად ავდექი, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და გამოვედი. მერე ცნობილი აკადემიკოსი, ინფექციონისტი იზა გოცაძეც მოვიდა. ავთოს პალატაში შემოვიდა და ჰკითხა: ბიჭო, შენ აქ რა გინდაო?! ეჰ, იზა ჯან, მივდივარ, მივდივარო, - უპასუხა ავთომ. რას ამბობ, მალე წამოდექი, ჩემს ოჯახში ვახტანგური უნდა დავლიოთო, - "გულის გაკეთების" მიზნით იხუმრა იმ 80 წელს გადაცილებულმა ქალმა, თუმცა მანაც და ყველამ იცოდა უკვე, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავით.
ავთო ბოლომდე პოზიტიურად იყო, არაფერს იმჩნევდა. ამბობდა, ღმერთს ვუყვარვარ და თავის დღეს წამიყვანსო. ასეც მოხდა. კომაში რომ ჩავარდა, სამი დღე იყო ასე. ძალიან მეცოდებოდა. მახსოვს, აივანზე ვიდექი და ღმერთს ვთხოვე, წაიყვანე-მეთქი. 4 საათს 10 წუთი აკლდა, სული რომ ამოუვიდა. იმ დღეს პეტრე-პავლობა იყო... უფალმა სურვილი აუსრულა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
904 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი