დიდი დარდი
font-large font-small
დიდი დარდი
"მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!"

"ამ წერილის ავტორი თქვენ ხართ?" - მიგზავნის ახალგაზრდა კაცი აფხაზეთზე დაწერილი სტატიის ფოტოპირს სოციალური ქსელში. დადებითი პასუხის მერე, კარგა ხანს მისგან არაფერი ისმოდა. დაახლოებით ერთი კვირის თავზე ვრცელი წერილი მივიღე, რომელსაც შეულამაზებლად გთავაზობთ:


"საქართველოდან ბევრი ადამიანი ჩამოდის ტურისტულად გერმანიაში. მიხარია, ქართველებს ტურიზმისთვის დრო და ფული რომ გამოუჩნდათ. დრეზდენის ცენტრში ყოველდღე ათეულობით ქართველს ნახავ. ხმაურიანებს, ზურგჩანთამოკიდებულებს, შანსს არ კარგავენ, რომ იხორხოცონ და თან გემრიელად ჭამონ ქუჩის ღია კაფეებში ან ლუდი მოიყუდონ უზარმაზარი კათხებით. რაც მართალია, მართალია: გერმანელებს კარგი ლუდი აქვთ, ხორცპროდუქტებიც. მე კარგა ხანია, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. ბევრი არაფერი, უბრალოდ, კაფეში ბარმენი ვარ.
ჩემი გვარის ადამიანები უფრო ზუგდიდში ცხოვრობენ, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუა სოხუმში გადასულა საცხოვრებლად. მარიფათიანი კაცი ყოფილა ძუკუ ლაგვილავა, მერე მისი შვილიც მამის კვალზე წასულა... მამაჩემიც ყოჩაღი იყო. 1993 წლის სექტემბერში 17 წლის გავხდი. ზუსტად 27 სექტემბერს! ვის ეცალა ჩემი დაბადების დღისთვის. თანაც, მამა და დედა, ორივე გარდაცვლილი იყო, ავარიას ემსხვერპლნენ. მამა ნასვამი ყოფილა, ნათესავთან ზომაზე მეტად შეზარხოშებული ამტყდარა, შინ უნდა მივიდე, ბიჭი უნდა ვნახოო. დედას დაუშლია, მაგრამ გაჯიუტებული ქმარი არ მიუტოვებია, გვერდით მისჯდომია და ერთად შეელეწნენ გზის პირას მდგარ უზარმაზარ ხეს... მე მაშინ ათიოდე წლის ვიყავი და კარგად ვერც ვაცნობიერებდი, რა ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს. მერე ბებია და ბაბუა ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, საუკეთესოს მაცმევდნენ, საუკეთესოს მაჭმევდნენ, მასწავლებლებთან დამატარებდნენ და სკოლის დასრულებამდე უკვე რუსულად, გერმანულად, ქართულად, მეგრულად და აფხაზურად გამართულად ვსაუბრობდი. გერმანული წარმოშობის ოჯახი გვყავდა მეზობლად. მართალია, სახალხოდ არსად ამბობდნენ, მაგრამ ამაყობდნენ იმით, რომ დადიანებთან ნათესაობა აკავშირებდათ და რუსეთის იმპერატორის შორეულ ნათესავებადაც ითვლებოდნენ თურმე. მათ გერმანულად ველაპარაკებოდი, ზაფხულობით ჩამოსულ რუსულენოვან ტურისტებს - რუსულად, მეზობელ აფხაზებს და მეგრელებს - აფხაზურ-მეგრულად და სახლში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობდით. ბაბუა მოწესრიგებული კაცი იყო. არ მახსოვს, სადმე გასულიყო და გაუუთოებელი პერანგი სცმოდა. მუდამ შავი პერანგი ეცვა ან რუხი. ბებიაც სულ თალხებით იმოსებოდა.
ბაბუა სიტყვაძვირი კაცი იყო. მშობლების საფლავზე წელიწადში რამდენჯერმე მივყავდი, მაგრამ სამი დღე იყო გამორჩეული: მშობლების დაბადების და გარდაცვალების დღეები. საუფლო დღეებშიც მივდიოდით. მარმარილოს ქვებს ხელს გადაუსვამდა, ამოიხვნეშებდა და ზურგს უკან გადაჭდობილი ხელებით, მდუმარედ გაჩერდებოდა რამდენიმე წუთი. მერე თავს სინანულით გადაიქნევდა და შინ ვბრუნდებოდით. სულ ბოლოს მითხრა, ამათ გამო (საფლავის ქვებზე მიმანიშნა) ჩემი დარდისა და სევდის ფარდი სიტყვა ვერ მიპოვიაო. მაშინ არც დავკვირვებივარ მის ნათქვამს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მშობლებზე უფრო ძვირფასი ბებია-ბაბუა იყო. დედაჩემის მშობლებს ბაბუა ხმას არ სცემდა. დაკრძალვის წინა დღეებში მძახალმა უთხრა, შენმა ბიჭმა თავისი უტვინობით შვილი მომიკლაო. იმ დღეს ბაბუამ კბილებში გამოცრა, მძახალო, ახლა მწუხარების სიმძიმეს რა ვუთხრა, გავა დრო და გეტყვიო. წლისთავზე უთხრა კიდეც, - აქ ნუღა მოხვალ, ჩემი შვილი თუ შენი შვილის მკვლელია, რა ფასი აქვს შენს აქ მოსვლას. საფლავზე მიდი თუ გინდა, შვილი იტირე, ჩემს შვილზე აუგი არ დაგცდეს, თორემ მერე აღარ ვიცი, რას ვიზამო... ბაბუა ჩემთვის დიდი ავტორიტეტი იყო. დედაჩემის მშობლებთან მიკარებაც არ მინდოდა. ვიცოდი, ბაბუას არ უყვარდა ისინი და ჩემთვის დედულეთი სულ გაუცხოვდა. იმათ სხვა შვილიშვილებიც ჰყავდათ და ჩემზე დასახარჯავი სიყვარული მათზე გადამისამართებულიყო, მერჩივნა.
როცა სოხუმი დაეცა, ბაბუამ საკენის გზას გაგვიყენა მე და ბებია. ბებია მოტეხილი იყო. ფეხით სიარული გამიჭირდება, შვილის საფლავის დატოვებაც არ შემიძლიაო... გამოყრუვდი და გამოშტერდი შენო, - ბაბუამ შეუღრინა, ჩვენ გამო კი არა, ამის გამო მივდივართო და ცერის ოდნავი ჩემკენ გადმოწევით ანიშნა. ბებიას მერე ხმა აღარ ამოუღია. წავიდეთ, გოჩა, წავიდეთო... საოჯახო ალბომიდან რამდენიმე ფოტო ამოიღო, საოჯახო ძვირფასეულობა პატარა პარკში გამოკრა, ფულიც აიღო და უზარმაზარ, ჯანჯღარა სატვირთოზე ჯეელების დახმარებით ავედით. საკენიდან უკან მოხედვა არ მინდოდა. სოხუმი სისხლისა და ცეცხლის საზარელ ფერებში გახვეულიყო და იდგა სიკვდილის, უნდობლობის და საუკუნოვანი მეგობრობის დანგრევის სუნი!
და რატომ გწერ იცი ამას? საკენიდან ჭუბერისკენ მიმავალ გზაზე მეც ჯოჯოხეთი გავიარე, მერეც სულ ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის სამშობლო, ვიდრე არ გავექეცი საქართველოს! იმ წერილის შინაარსიდან ბევრი რამ მეცნო. გაინტერესებს, როგორ წავიკითხე შენი წერილი? დრეზდენში, "ქალების ეკლესიის" მახლობლად ვმუშაობ კაფეში. სამი ადამიანი შემოვიდა, ორი ახალგაზრდა კაცი და შუა ასაკს მიღწეული ქალი. ყავა და ტკბილეული შემიკვეთეს. ქალი უაქცენტო გერმანულით მესაუბრა. სამივე ბართან ახლო მაგიდას მიუსხდნენ და ქართულად ალაპარაკდნენ. შეჩვეული ვარ ქართველების კაფეში შემოსვლას. არ ვეუბნები, რომ მეც ქართველი ვარ. ვერიდები ზედმეტ ნაცნობებს და სენტიმენტებს...
GzaPress
რა ლამაზი შენობებია ამ დრეზდენშიო, ერთმა თქვა, მეორემ - გალერეა ეგებ მოვასწროთ დღეს, აქაური ფაიფურის ასტრონომიული ფასები არ მაინტერესებსო... მერე ზურგჩანთიდან ჟურნალი ამოიღო და ვიდრე შეკვეთილს მივუტანდი, კითხვა დაიწყო. ფაცხაფუცხით დალიეს ყავა, ნამცხვრის უზარმაზარი ნაჭრებიც მიირთვეს და გაცვივდნენ გარეთ. მაგიდის ალაგებისას ჟურნალი ხელში ავიღე, მომნატრებია ქართული სიტყვები და მისი კითხვა... თვალი გადავავლე ჟურნალის ფერად ყდას, მერე გვერდზე გადავდე, რადგან სამსახურში არ შეიძლება სხვა რამით თავის შექცევა. საღამოს სახლისკენ გავიყოლე ჟურნალი, ის ღამე თითქმის გავათენე. ვკითხულობდი შენს სტატიას, დავასრულებდი და ისევ ვუბრუნდებოდი. მეგონა, იქ კიდევ ვიპოვიდი ჩემთვის ნაცნობ ამბებს, მაგრამ რაც ერთხელ წავიკითხე, იგივე იყო მეორედ წაკითხვისას. მგონი მეათედ წაკითხვის დროს მივხვდი, რომ ტყუილად ვეწვალებოდი ფურცლებს...
იქ გეწერა, როგორ ნახა ქალბატონმა ელისომ მკვდარი მოხუცები, ღიმილშეყინულები. მერე სატვირთო მანქანაში სისხლშერეული ტვინით მგზავრების დაზაფვრა... ამაზე მაქვს სალაპარაკო!
ალპურ ზონამდე ვიდრე ავიდოდით, ბაბუამ გზად სიმინდის ყანაში ტაროები დაამტვრია. მიკვირდა, რად უნდოდა ეს გამხმარი ტაროები. როცა უკანასკნელი ხემსები გამოგველია, ბაბუა მარცვლავდა ტაროს და ნელ-ნელა ყლაპეთო, გვეუბნებოდა. ნეტავ გენახათ, რა დანანებით ვყრიდით გაცარიელებულ ნაქურჩალს... ის მწყემსების ქოხმახებიც მახსოვს, სადაც ქალებსა და ბავშვებს უმალავდნენ სექტემბრის მიწურულის ყინვას, ჩვენ კი, კაცები (მეც უკვე კაცი ვიყავი, მერე რა, რომ მხოლოდ 17 წლის!) გარეთ ვიდექით... გზა უსაშველოდ იწელებოდა. მეგონა ზოგჯერ, თითქოს ანგელოზი მკიდებდა მხარში ხელს და მამსუბუქებდა აღმართზე ასვლისას. ბებიას უჭირდა აღმართები, კიდევ უფრო მეტად - დაღმართები. ნეტამც არ დავბადებულიყავიო, - მოიყვედრა ერთხელ და ბაბუამ შეუბღვირა, - ქალო, გონება დაკარგეო?! მოხუცმა უსასოოდ გაიღიმა და კუნკულით აუყვა მიფიფქულ ბილიკს! მოგვიანებით გამახსენდა, როგორ გაგვისწრეს ჯგუფს ჩემმა მოხუცებმა. ავიდნენ აღმართზე და რაღაცას ჩურჩულებდნენ. მე არ მიმიქცევია ყურადღება. კუჭი უფრო და უფრო ნაკლებად მაწუხებდა. თითქოს ჭამა არც იყო საჭირო, არც სმა. ახალი გადავლილი იყო ქარბუქი და ძლიერი თოვა. ამომავალი მზის სხივები ბრჭყვიალებდა თოვლზე და გეგონებოდა, ბრილიანტის თვლები ეყარა ირგვლივ, ბრილიანტები, რომელიც ისევე გამოუსადეგარი იყო, როგორც რობიზონ კრუზოსთვის უკაცრიელ კუნძულზე ნანახი განძი. მანამდე, თუ ბებია და ბაბუა მორიგეობით მესაუბრებოდნენ, - არ ჩაგეძინოს, მუხლი არ მოდრიკოო, არ შეშინდეო, უცებ მათ ხმაში ფოლადი და ყინვა გაჩნდა. განსაკუთრებით ბაბუა იყო უცნაური! მეგონა, რომ დაღლილობამ და გაჭირვებამ შეცვალა მოხუცი. ერთხელაც ბებიას გამოკვეთილად უთხრა, ამ ნაბიჭვრის გამო როგორ გავიტანჯეთ ცხოვრებაო. შემეშინდა. ასეთი სიტყვა მისი პირისგან არასდროს წამოცდენილა. ჰო, ჰოო... ვეუბნებოდი ჩემს ბიჭს, თავისი უნაყოფო ცოლი გაეშვა, სხვა მოეყვანა და იმასთან შვილი ეგებ გასჩენოდაო. ვითომ ვერ გავიგონე. დათმენა ვარჩიე. ორიოდე საათის მერე ისევ დაიწყეს, უკრაინიდან რომ არ ჩამოეთრიათ, აქ არავინ იქნებოდა, რომ ეშვილებინათო? ბებიამ, ვინ იცის, ვინაა მაგისი ნამდვილი მშობლები, რას ვაკლავთ თავს მართლა ამ ნაბიჭვარსო... სისხლი გამეყინა და ფეხები მომეკეცა. ერთად მიმავალი გუნდის წევრებიდან ვიღაც მომეშველა, ამაყენა და არ გრცხვენია ახალგაზრდა კაცსო?! მეც სირცხვილის გრძნობით მივაბიჯებდი და ვფიქრობდი, ვინ ვარ, აქ რა მინდა, რატომ მიშვილეს?! შემზიზღდა ორივე მოხუცი. იმდენად შემზიზღდა, რომ ძალა გამიორკეცდა. მივაბიჯებდი და უკან არ ვიხედებოდი... მერე ისინი გუნდს ჩამოსცილდნენ, ჩვენ მომდევნო გუნდს გამოვყვებითო, დანარჩენს უთხრეს. მე არც მიმიქცევია ყურადღება. მეთქი, წავალ, ვივლი, ოდესმე ეს ტვირთად ქცეული ნაბიჭვარი მოვცილდები გაბოროტებულ მოხუცებს-მეთქი.
სიმწრით ტუჩებს ვიკვნეტდი, ფრჩხილებს ვიჭამდი და სულერთი იყო ჩემთვის სამყარო! ჭუბერში რომ ჩავაღწიე, ორმოციოდე წლის ქალი, ნინა დეიდა მომიახლოვდა და მითხრა, საქმე მაქვს, კაცი ხარ, უნდა გაუძლოო. მეთქი, მეტს რაღას მეტყვის, რაც მოხუცებმა თქვეს... პატარა ცელოფანი მომაწოდა და მითხრა, აქ წერილიცაა, წაიკითხეო და შორიახლო გაჩერდა. საოჯახო ოქროს ნივთები იყო, 4 ცალი ოქროს რგოლი და კიდევ სხვებიც... არ იყო ცოტა ნამდვილად. ხელიგულისოდენა ფურცელზე ფანქრით ეწერა:
"ბაბუ, ასე რომ არ გაგვეკეთებინა, შენ ჩვენ არ ჩამოგვცილდებოდი. ბებიაშენს ფეხები დაუსივდა, ვეღარ ივლის, მე კი მაგას ვერ მივატოვებ. ჩვენ ბევრი სიხარული და ტკივილი გამოვიარეთ ერთად. მის ბოლო ამოსუნთქვას მე უნდა დავესწრო მხოლოდ. შენ არა! შენ მომავალი ხარ, ჩვენ მიმავლები! უკვე ახლოსაა ჭუბერი, ვიცი, რომ მიაღწევ იქამდე, მერე გიპატრონებენ და თავსაც მიხედავ, დიდი კაცი ხარ უკვე. ჩვენ სამშვიდობომდე გამოგყევით, მალე მშვიდად მოვკვდებით. არ დაბრუნდე უკან, რადგან ცოცხლებს ვეღარ მოგვისწრებ. ჩვენთვის ნუგეშია, რომ შენ ცოცხალი გვრჩები, ჩვენი სიცოცხლის გაგრძელება! არავითარი ნაშვილევი, არავითარი უკრაინა! ნუთუ ვერ იხსენებ, როგორ ჰგავხარ დედაშენს?! ეს მხოლოდ იმიტომ მოვიგონეთ, რომ ჩვენი გზად დატოვება გაიოლებულიყო შენთვის! ოქროს ნივთები როგორც გინდა, ისე გამოიყენე. იცოდე, შრომით და პატიოსნებით მიღწეულია ყველაზე დიდი მიღწევა, ჩვენ ათასში ერთხელ გახსენებაც გვეყოფა, სადღაც ცის კიდესთან გაყინულ ორ მოხუცს!"
ატირება მინდოდა. ცრემლი გამშრობოდა. ნინა დეიდამ, - კაცი ხარ, ნამდვილი ვაჟკაციო. არც ეს სიტყვები ნიშნავდა იმწუთას არაფერს. მინდოდა, ჩემს გამზრდელ მოხუცებთან ერთად ვყოფილიყავი მკვდარი, მაგრამ მე ცოცხალი ვიყავი და წინ უნდა გადამედგა ნაბიჯები...
ჭუბერში გაგვჩხრიკეს და ყველა ოქროს ნივთი წამართვეს. მე ვეხვეწებოდი, ამ ოთხი "კალიცოდან" ერთი დამიტოვეთ, სიცოცხლის ფასი მიღირს-მეთქი და სხვა ხო არაფერი გინდა, ღლაპოო, მითხრა ერთმა ღიპგადმოვარდნილმა. ნინა დეიდამაც სთხოვა, ერთი მაინც დაუტოვეთო, თან მოხუცების გზად დარჩენის ამბავი დაწვრილებით მოყოლა გადაწყვიტა, მაგრამ არ აცალეს, მაგნაირი იმდენი დაწყდა გზაში, მაგ ზღაპრების მოსასმენად სად გვცალიაო... არ მახსოვს, როგორ დამალევინეს ჩაი, შაქრიანი ჩაი. გემო მეუცნაურა, მერე საბარგო მანქანაზე შეგვყარეს და მერე სისხლიანი ტვინიც შემომენთხა სადღაც სვანეთსა და სამეგრელოს შორის... შემოდგომის ამინდმა შემახმო სახეზე წითელი ნათქვეფი, რომელიც ისე უგრძნობლად ჩამოვიბანე, თითქოს ფეხბურთი მეთამაშოს და ოფლით მოვთხვრილიყავი...
ზუგდიდში გაგვაჩერეს, დაგვანაწილეს... დედაჩემის ძმისშვილი მოვიდა იქ, მომიკითხა. აქაა ბებია და ბაბუაცო. ბოლო რამდენიმე წლის მერე იყივლა ჩემში მათმა სისხლმა და პატივისცემამ ან სიბრალულმა! ვიტირე ბებიას კალთაზე, ვტიროდი მთის ბილიკზე გაყინულ მოხუცებს, სოხუმში მიტოვებული მშობლების საფლავებს და ჩემს თავს... ჩემებს ოქროს ნივთები გადმოეტანათ მალულად, თან ისეთი ხერხით, რომლის თქმასაც აზრი არ აქვს, ეგებ არც დაიჯერონ... ჩავედით თბილისში, გამოვიტირეთ ჩვენი წარსული და გადავწყვიტეთ, გადავკარგულიყავით იმ ქვეყნიდან, სადაც დევნილებად ვიქეცით. მე გერმანია ვარჩიე, გერმანული ენის ცოდნის გამო. ჩემი დანარჩენი ნათესავები რუსეთის დიდ ქალაქებს შეეფარნენ...
ეგებ ის ღიმილიანი, გაყინული მოხუცები ჩემი ბაბუა და ბებია იყვნენ? ვინ იცის... ის კი ვიცი, როგორი ტანჯვით შეასრულეს ის როლები, რომლების გათამაშებამაც მოუწიათ საბრალოებს... სხვანაირად ვერც მოაღწევდა კაცობრიობა, თუ არა მომავალი თაობისთვის ასეთი თავდადება... ის ჟურნალიც ალბათ ბედისწერამ დაატოვებინა იმ ქართველ ტურისტებს... წერილის წაკითხვის მერე მომეცა იმედი, რომ ჩემი ბებო და ბაბუ სიკვდილს ღიმილით შეეგებენ და თითქოს ნუგეში ვეცი ჩემს თავს ამით!
თუმცა, ეს ჩემი სადარდელია მხოლოდ, სხვისი - ნაკლებად. წერეთ ხშირად აფხაზეთზე. წერეთ იმიტომ, რომ ვიღაცები მაინც დაბრუნდებიან იქ, აუცილებლად დაბრუნდებიან! ჩვენების საფლავები და სისხლი დააბრუნებს იქ ადამიანებს. თუ ოდესმე მოხვდე დრეზდენში, აუცილებლად მინახულე. გამიხარდება... ისე კი, ჩემი დარდიც იმხელაა, რომლის ფარდი სიტყვა ვერც მე მომიძიებია..."

P.S. თუ ოდესმე ჩავედი დრეზდენში, იმ კაფეში შევალ და ვინახულებ კაცს, რომლის დარდიც ისე დიდია, რომ მისი ფარდი სიტყვა ვერ მოძებნილა ცისქვეშეთში...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი