"ნურავინ გაბედავს ემიგრანტის სახელის ურიგოდ ხსენებას" - გზაპრესი

"ნურავინ გაბედავს ემიგრანტის სახელის ურიგოდ ხსენებას"

ქალბატონი ირმა სარაული ემიგრაციაშია. გარდა იმისა, რომ როგორც თავად ამბობს, ემიგრანტი დედის მანტია მოირგო და ცდილობს, შვილებს, ოჯახს არაფერი მოაკლოს, ლექსებსაც წერს, კრებულიც გამოსცა და ამ გზით მიღებული შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. ქალბატონი ირმა მწერალთა კავშირის წევრია, რომელსაც კულტურის დესპანის წოდება მიანიჭეს.

დაკარგული ლექსების რვეული

"წერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დავიწყე. მახსოვს, პატარა ვიყავი, ზეპირად ვთხზავდი რაღაცებს, ჩემებურად. არავის ვუმხელდი, უბრალოდ, მე მსიამოვნებდა, რაღაცნაირად თამაშს უფრო ჰგავდა გამოგონების პროცესი.

შემდეგ, როცა წამოვიზარდე, უკვე მცირე ზომის ლექსებზე გადავედი. ვწერდი და სამწუხაროდ, არ ვაგროვებდი, ამას არც ვამბობდი. ალბათ, თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ეს. არც არავის ვეუბნებოდი ამ ჩემი გატაცების შესახებ, თორემ დარწმუნებული ვარ, დამეხმარებოდნენ ოჯახის წევრები. წარჩინებული მოსწავლე მთელ დროს მეცადინეობაში ვატარებდი და ასე მეგონა, ლექსებზე არ უნდა გავჩერებულიყავი (დიდი ხნის ამბებია). მიყვარდა თავისუფალი თემების წერა და კარგადაც გამომდიოდა. ჩემს დროს პიონერები და კომკავშირელები იყვნენ, შესაბამისი ორგანიზაციებით, მათ შორის სკოლებშიც. გამოდიოდა კედლის გაზეთები, რაც ჩემი ნიჭის საასპარეზო ადგილი გახდა ბავშვობაში.

შემდეგ უკვე გავიაზრე, რომ მინდოდა და აუცილებლად უნდა მეწერა. ავიღე სქელი რვეული და დავიწყე წერა. ვწერდი და ვწერდი ხელით რვეულის ფურცლებზე, როცა ამის სურვილი წამომივლიდა. ჩემმა საახლობლომ, სამეგობრომ გაიგო ამის შესახებ და ეს რვეული ხელიდან ხელში გადადიოდა.

ერთხელაც, უკვე მთლიანად სავსე რვეული უკან აღარ დამიბრუნდა... დღესაც არ ვიცი, სინამდვილეში რა ბედი ეწია. ვფიქრობ, ღუმელს შეეწირა ერთი ოჯახის მოხუცი წევრის ხელით. ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო; იმდენად ძლიერი, რომ სტრესი მივიღე და ჩემმა გონებამ უარი თქვა წერაზე, რაღაც პროტესტის მსგავსი მოხდა ჩემში და მას მერე წლების მანძილზე, სიტყვაც არ დამიწერია, საერთოდ გამიქრა წერის სურვილი და ძალიანაც რომ მომენდომებინა, უბრალოდ, ვერ ვწერდი, არ გამომდიოდა. თითქოს ხელში კალამი არასოდეს მჭეროდეს.

გავიდა დრო. თითქმის მივიწყებას მიეცა ყველაფერი, აღარც მახსოვდა თუ ოდესმე ვწერდი, არანაირი რეაქცია არ მქონდა თუნდაც სხვისი ნაწერების კითხვისას. წავიკითხავდი და მორჩა, სულ ეს იყო, შეფასების სურვილიც კი არ მიჩნდებოდა. ყველაფერს ვუყურებდი ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მკითხველის პოზიციიდან და სასიამოვნოდ საკითხავიც კი არ მიღვივებდა რაიმე გრძნობას..."

GzaPressემიგრანტობის დასაწყისი

"მერე იყო და ცხოვრებაც აირია საქართველოში. რას აღარ მოვკიდე ხელი, კომერციული აფთიაქიდან ვაჭრობამდე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, უფრო და უფრო რთულდებოდა ყველაფერი. უკვე მეუღლე და ორი შვილი მყავდა. სამუშაო არ გვქონდა, არადა, შვილებს სწავლა, არსებობა ხომ სჭირდებოდათ?

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩავალაგე ჩემოდანი და ნაცნობის, ანუ დამსაქმებლის დახმარებით დავადექი სტამბოლის გზას და დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. მადლობა ღმერთს, იმ ოჯახში, სადაც სამუშაოდ მიმიყვანეს, ბებო და ბაბუა ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ძნელი კი იყო მწოლიარე მოხუცის მოვლა, მაგრამ ბებო დედასავით გვერდიდან არ მცილდებოდა და სტიმულს მაძლევდა, არანაირად არ მზღუდავდა.

ექვსი წელი ბაბუას ვუვლიდი, მერე სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მე და ბებო დავრჩით, შრომაც შემიმსუბუქდა და მეტი თავისუფლებაც მომეცა. უძვირფასესი ქალბატონი გახლდათ, ჩემი მეგობრების და ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის ღია იყო მისი სახლის კარი. ჩემი გოგონა ყოველ ზაფხულს იქ ისვენებდა.

ხალხს აქ ერთი დასვენების დღე აქვს, ჩემთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა დღეებს - როცა თავისუფალი დრო მქონდა, შემეძლო გასვლა და ჩემი საქმის მოგვარება. ხშირად მომიყვანია სახლში უმუშევარი მეგობრები, ნაცნობები, ჩემი ბებო კი ყველას გულთბილად ხვდებოდა - ეს იშვიათობაა აქ. მე გამიმართლა ამაში, არ მიგრძნია, სხვისი სახლი რომ იყო..."

მეუღლე, შვილები...

"6 თვეში ერთხელ და თუ საჭიროა, უფრო ხშირადაც ვახერხებ საქართველოში ჩასვლას. აქ სამუშაო ვიზა მაქვს ისევ იმ მოხუცისგან და ამიტომაც ვარ შედარებით ლაღად. რატომ სტამბოლი? - სხვა ქვეყანაში რომ წავსულიყავი, ოჯახს უფრო მეტად მოვწყდებოდი. ახლა ჩემი შვილები დიდები არიან. ოჯახს სხვა სერიოზული შემოსავალი არა აქვს, ვაჟის ხელფასი მიზერულია და ჯერჯერობით, ვერანაირ გზას ვერ ვხედავ სამშობლოში დასაბრუნებლად... სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მუდმივი სამუშაო არც მე მაქვს და ხელფასები აქაც საშინლად დაბალია ინფლაციის გამო...

ერთი პერიოდი მეუღლეც წამოვიყვანე სტამბოლში. მაშინ ძალიან იწვალა, სად აღარ იმუშავა, მაგრამ რატომღაც ვერ აეწყო, შემდეგ ცოტა ნორმალური ადგილი ვნახეთ რესტორანში, კარგად იყო იქ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ აქაურმა კაცმა გაუფუჭა საქმე, ალბათ თავისთვის უნდოდა ის ადგილი და უმუშევარი დარჩა. იმ პერიოდში ჩვენს შვილებს ბებო და პაპა უვლიდნენ, მერე კი სამწუხაროდ, ჯერ მამამთილი და შემდეგ მალევე - დედამთილიც გარდაიცვალა და გადავწყვიტეთ, ჩემი მეუღლე დარჩენილიყო სახლში, აქ მაინც ვერ აეწყო მისი საქმეები.

ამჟამად გოგონა არ მუშაობს, ვაჟი კი ბავშვთა კალათბურთის გუნდის მწვრთნელია..."

ახალი ცხოვრების დასაწყისი

"ერთ დღესაც მაგიდაზე რვეული და კალამი დავინახე. არადა, არ მახსოვდა, როდის დავდე. უნებურად ავიღე ხელში და წერა დავიწყე. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, საკმაოდ დიდი ლექსი შემომეწერა, რომელიც გადავიტანე "ფეისბუკ"-გვერდზე, მაგრამ "გაზიარება" არც მიფიქრია, ყოველთვის კომპლექსები მქონდა. ჩემი "ფეისიც" ჩაკეტილი იყო, მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ წაეკითხათ. ერთ მეგობარს დაუკოპირებია და თავის გვერდზე გადაუტანია, მერე მისგან სხვას და ეს ჩემი ლექსი შემთხვევით ვნახე ასე "გაზიარებული", ჩემი გვარის გარეშე და ზედ 50 ადამიანი იყო მონიშნული. უამრავი კომენტარი და "გაზიარება" ჰქონდა.

არ ვიცი, რა დამემართა იმ წუთებში. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ დავუკავშირდი იმ გოგონას და ვთხოვე ჩემი გვარი მიეწერა, სიამოვნებით დამთანხმდა, არ ვიცოდი ავტორის სახელიო, მომიბოდიშა. ეს, ასე ვთქვათ, აღიარება თუ მოწონება საკმარისი აღმოჩნდა, რომ როგორც მოულოდნელად შევწყვიტე წერა, ისე მოულოდნელად ახლიდან დამეწყო. იმ ლექსს ორ დღეში სამი ათასი "გაზიარება" ჰქონდა და ეს გახდა ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი...

აი, ამ ლექსმა მარგუნა ეს სიხარული: "ქალი ამაყი და თანაც რა თავნება,/ მიდის და შლეიფით მიაქვს მთელი ქუჩა,/ ერთი ღიმილისთვის გული შევთავაზე,/ თვალი მომაპყრო და უცებ გაიბუტა./ ქალი მიდიოდა ფარჩა-მაქმანებით,/ გული ამიჯანყდა, გრძნობამ გადამრია,/ უხმოდ ავედევნე დიდი მოწიწებით/ ჩემთვის ვბუტბუტებდი, ღმერთო რა ქალია!/ ვერც კი შეამჩნია ჩემი აღელვება,/ უკან მივყვებოდი უკვე რა ხანია,/ ნაზად მოუხატავთ ღვთაებრივ ფუნჯებით,/ მუხლი მომეკვეთა. ვაი რა ქალია! ქარი თითქოს ჯიბრით, კაბას უფრიალებს,/ სისხლმა მოწოლილმა ნერწყვი ვერ დალია,/ მწვანე ფოთლებს უკან მიხმობს ანგელოზი,/ სულში ჩამისახლდა, როგორც აფთარია!/ შედგა ალვის ხესთან, ზურგით მიყრდნობილი,/ ფრთხილად შეისწორა კაბის ნაოჭები,/ ფარად დაზნექილი ტოტი მოიჩრდილა,/ დავრჩი დაბნეული ტურფა საოცრებით./ თვალი ვერ მოვწყვიტე აფეთქებულ კვირტებს,/ თმებმა, დალალებმა სუნთქვა გადარია,/ ქალი მიღიმოდა ხის ქვეშ ვნებიანად,/ ღმერთო მიზაფხულე, ვაი რა ქალია!/ თვალი ვეღარ უძლებს უცხო სილამაზეს,/ ჩუმად მიღიმის და წამწამს აფახულებს,/ ჯერ ხომ გაზაფხული კარს არ მოგვდგომია,/ ის კი მიღიმის და ზამთარს აზაფხულებს./ ქალი სათნოების უხმო განმარტება,/ ქალი ჩემი გულის გახდა მეპატრონე,/ ღმერთო არ მაცოცხლო თუნდაც ერთი წუთი,/ ასეთ სილამაზეს თუ ვერ ვუპატრონე!"

წიგნები ქველმოქმედებისთვის

"იმ დღის მერე, ერთი დღეც არ ყოფილა, რამე არ დამეწერა. ვწერ ყველაფერს: პროზას, ლექსებს და რაც ყველაზე უცნაურია და ბევრი შეესწრო კიდეც ამას, არასოდეს ვწერ წინასწარ ფურცლებზე, ყველაფერი ექსპრომტად ხდება. წარმოიდგინეთ და, ასე დავწერე რომანი ემიგრანტების ცხოვრებაზე, რომელიც ვიმედოვნებ, ძალიან მალე იქნება მზად. ეს არის ერთობ საინტერესო საკითხავი, რეალურ ამბებზე აგებული. "მძიმე სუნთქვა" - ასე დავარქვი მას. ახლა ვმუშაობ მეორე რომანზე, ცოტა მძიმე წასაკითხი იქნება, თუმცა მის შინაარსს სიურპრიზად დავტოვებ... ვარ ორი კრებულის ავტორი და დასაბეჭდად მზად მაქვს სამი - ლექსების, ერთი - ნოველების და ერთიც - საბავშვო ლექსების წიგნი. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თორემ აქამდე ყველა მზად იქნებოდა...

მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი წიგნების მცირე ნაწილი გადავეცი ქართულ ასოციაცია "აისს". ასევე აქ არსებულ დახმარების ჯგუფს, სადაც ვტოვებ გაყიდული წიგნების ღირებულების მეოთხედს. ორი წლის წინ გავხდი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, უღრმესი მადლობა მათ, ჩემი შრომის ასეთი დაფასებისთვის...

ასევე ვიტყვი, კომპოზიტორ დავით გასიტაშვილს ოთხი სიმღერა აქვს დაწერილი ჩემი ლექსების ტექსტზე, ერთიც ბატონ გოჩა ჭაბუკაიძეს, ხოლო მომდევნო ორი სიმღერის ავტორს ჯერ არ ვასახელებ, რამდენადაც დამუშავების პროცესშია.

ვარ ერთი დამწყები პოეტის წიგნის რედაქტორი. ახლახან მწერალთა კავშირმა მომანიჭა კულტურის დესპანის წოდება, უღრმესი მადლობა მათ ამ ნდობისათვის..."

ოცნება საქართველოზე "დღესდღეობით ისევ აქ ვარ, და ემიგრანტულ ცხოვრებას და ჩვეულებრივ ტემპში მუშაობას ვაგრძელებ. დღე-დღეზე ველოდები ახალი კრებულის გამოსვლას, რომლის წარდგინებაც სავარაუდოდ, სტამბოლში მოხდება და გაყიდული წიგნებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაეცემა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის შექმნილ, ქეთევან ბიგანაურის ჯგუფს, დანარჩენი თანხა კი მომდევნო წიგნის დაბეჭდვას მოხმარდება.

ასე გრძელდება ემიგრაციაში ჩემი ტკბილ-მწარე ცხოვრება და როგორც ყველა სხვა ემიგრანტი თუ არაემიგრანტი (და იქნებ მეტადაც), ვოცნებობ გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოზე, სადაც არასოდეს, არც ერთი დედა არ გამოცდის იმ ტკივილს, იმ მონატრებას, რომელიც შვილების გარეშე ცხოვრებას მოაქვს. უმძიმესი ტვირთი იტვირთა ქართველმა ქალმა, უამრავი ლექსი მაქვს ამ თემაზე დაწერილი, რომელთა წაკითხვისას, ყოველ ჯერზე, თავადაც მეტირება.

ნურავინ შემეკამათება და ნურავინ გაბედავს ემიგრანტის სახელის ურიგოდ ხსენებას, სანამ ცუდს იტყოდნენ, კარგად მიმოიხედონ გარშემო, რამდენი უწესობა ხდება იქვე და სულაც არ სჭირდებათ ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა.

ნამდვილი ემიგრანტი დედების მანტია მოისხან და წლების მერე მათი გადმოსახედიდან დანახული გვიამბონ..."

GzaPress

თხოვნა ყველას...

"ვთხოვ ყველას, ვისაც საქართველოზე ცუდი წამოსცდენია, ნუ იქნებით ასეთი გულუბრყვილონი და გულქვანი, ის ჩვენი სახლია, ჩვენი ფუძეა, მშობელია და ნუთუ შეიძლება მშობლის არჩევა? როგორც მოვექეცით, ისე მოგვექცა. არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება თავის დროზე და ახლა ვიმკით შედეგს.

არ მინდა პესიმისტი ვიყო, მით უმეტეს, რომ მჯერა, მოვა დრო, ჩვენი ლამაზი ქვეყანა ისევ ფეხზე დადგება და ჩვენი მომავალი თაობები ბედნიერები იქნებიან ამ მადლიან მიწაზე...

დაბოლოს, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო გორის მწიგნობართა სახლის დირექტორს, ქალბატონ მარინა ჯალიაშვილს, რომელიც უანგაროდ დამიდგა მხარში, როგორც ემიგრანტს და ცდილობს, არასოდეს მაგრძნობინოს შორს ყოფნით გამოწვეული მარტოობა; მარტოობა და სიშორე ქართველი მწერლებისგან, მადლობა მას. და მადლობა თქვენ, რომ საშუალება მომეცით ორიოდე სიტყვით მესაუბრა ჩემს თავზე, ჩემს შემოქმედებაზე..."

შვილისთვის მიძღვნილი ლექსი

"მაპატიე დედაო", - ამ ლექსს 13 000 "გაზიარება" აქვს. როცა ეს დავწერე, შვილი მყავდა ძალიან ავად, ის საქართველოში იყო, მე - სტამბოლში და ოპერაციამდე წასვლას ვერ შევძლებდი. გამწარებულმა დავწერე:

"მაპატიე, შეწუხებას ვბედავ,/ ღვთისმშობელო ლოცვას შეგთხოვ შვილის,/ მოაცილე განსაცდელი გზიდან,/ სახიდან კი ნუ მოუშლი ღიმილს./ გულში ისე აბობოქრდა ცრემლი,/ სადაცაა გადმოხეთქავს ნაპირს,/ ვერკინები მოულოდნელ ზვირთებს,/ დედა ფარ-ხმალს არასოდეს დაყრის./ შენებრ დედობის არა მაქვს ნიჭი,/ ახლაც სიტყვები ბაგეზე თრთოდა,/ რომ არ გეხვეწო, ვეღარ ვჩერდები,/ შენს გზაზე მუდამ სიმშვიდე ქროდა./ გული გრძნობების გახდა მეწყვილე/ და შენთან თხოვნას გულწრფელად მთხოვენ,/ ფიქრები ღრუბლად მეხვევა თავზე,/ ცრემლით დახლართულ ბადეებს ქსოვენ./ მე სხვა სიმდიდრე არცა მქონია,/ მოკრძალებული თხოვნით მოვედი,/ ვიცი რომ კალთას გადააფარებ,/ რადგან შვილია შენი ყოველი./ ლამაზად ლოცვა იქნებ ვერ შევძლო/ და გადმოცემა სიტყვათა არსის,/ მაგრამ დედობა ყველგან ერთია/ და სიტყვის წყობა ჩემს თხოვნას არ სცვლის./ ვიცი დედაო, ახლაც მომისმენ,/ ქორფა კვირტივით, გაბარებ ჩემს შვილს,/ გთხოვ მაპატიო თუ შემეშალა, დედას დაღლილს და ჭკუიდან შეშლილს".

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია