იცოდა თუ არა სოკოლოვის კულინარიული შესაძლებლობების შესახებ მისმა მეუღლემ - გზაპრესი

იცოდა თუ არა სოკოლოვის კულინარიული შესაძლებლობების შესახებ მისმა მეუღლემ

"მასტერშეფის" საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი მონაწილე ვლადიმერ სოკოლოვი ამბობს, რომ როდესაც გულიანად ამზადებს კერძს, ის ყოველთვის გემრიელი გამოსდის. ვლადიმერი პროფესიით სასამართლო ტექნიკური ექსპერტია, კულინარიაში უყვარს ექსპერიმენტები და უმეტეს შემთხვევაში, შედეგით კმაყოფილიცაა. თუ მის მომზადებულს დააგემოვნებთ, მიხვდებით, რომ სამზარეულოში მხოლოდ ქალის ადგილი არ არის და იქ კაცებიც კომფორტულად გრძნობენ თავს.

- არჩეული პროფესია მომწონდა და სტაჟირებასაც გავდიოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, სხვა სფეროში მეცადა ბედი. ივენთკომპანიებში ორგანიზატორად ვმუშაობდი, ფინანსურ და ლოჯისტიკურ სფეროშიც ვიყავი. ერთი წლის წინ კი მეგობართან ერთად სადალაქო გავხსენი. საკუთარი თავის მოვლა მომწონს, ეს აუცილებელიც კია და ამან მიკარნახა, გამეკეთებინა სადალაქო, რა თქმა უნდა, მხოლოდ მამაკაცებისთვის.

- გარდა კულინარიისა, სხვა რა გატაცება გაქვს?

- აქტიურად ვვარჯიშობ, რაც ისევე, როგორც კულინარია, განტვირთვაში ძალიან მეხმარება. სამომავლოდ მინდა კულინარიის სფეროში თავი უფრო წარმოვაჩინო, ამ პროექტის შემდეგ "დავლაგდები" და გადავწყვეტ, რას გავაკეთებ.

- ეს სამომავლო გეგმები ამ პროექტში მონაწილეობის მიზეზი ხომ არ იყო?

- ეს პროექტი ჩემთვის ფავორიტია. წლებია, უცხოურ გადაცემებს თვალს ვადევნებ, ყველაზე ხშირად ამერიკულ შოუს და ყოველთვის მქონდა სურვილი, ვინმეს ამის ანალოგი საქართველოშიც გაეკეთებინა. მეგობრების დამსახურებაა, რომ "მასტერშეფში" მოვედი. ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს ძალებში, რომელიმე სატელევიზიო შოუსთანაც არასდროს მქონია შეხება. მეგობრებმა, გინდა თუ არა, შეგიძლიაო და მართლებიც აღმოჩნდნენ - ათეულში მოვხვდი, რაც ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა.

- შენი მოლოდინი თუ გაამართლა პროექტმა?

- კი, რაც ნანახი მქონდა, ზუსტად იმის ანალოგია ქართული ვერსიაც. ჟიურის წევრებს ხშირად საყვედურობენ სიმკაცრისა და უხეში საქციელის გამო, მაგრამ უცხოური გადაცემები რომ ნახონ, საერთოდ გაგიჟდებიან. ვფიქრობ, პირიქით, ლმობიერებიც კი არიან. ჟიური მკაცრი უნდა იყოს და მკაცრად უნდა გვაფასებდეს, ასეთია პროექტის ფორმატი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თავიდან შოკი იყო ჩემთვის მათი საქციელი. როდესაც პირველი მონაწილე, გიორგი გავარდა, მისი თეფშის ნიჟარაში ჩაგდება ახლაც მახსოვს. ძალიან განვიცადე გიორგის ნაცვლად.

- ყველაზე მკაცრი მაინც რომელია და როგორ რეაგირებ მათ შენიშვნებზე, არ ბრაზდები?

- ყველა მკაცრია, პატარა შეცდომაზე შენიშვნა მზად აქვთ. ზოგჯერ ისე გიყურებენ თვალებში, თავს დახრი კაცი, თვალებს ვერ გაუსწორებ. იქ უნდა იდგე, რომ ეს ყველაფერი შენზე გამოცადო. შენიშვნები ჩემთვის სტიმულია, შეცდომებზე ვსწავლობ, ზოგიერთივით არ ვღიზიანდები და შემდეგ ეტაპზე ვითვალისწინებ ხოლმე.

- ჩაწერის პროცესში სირთულეს რა გიქმნის?

- რეალურად არ იცი, რას ამზადებ, გხვდება ყუთი, რომელშიც აწყვია ინგრედიენტები და ფიქრობ, ნეტავ, რა შეიძლება იყოს, ყუთს ყნოსავ, რომ იქნებ მიხვდე (იცინის) და ა.შ.. წარმოიდგინე, გავხსენი ყუთი და დამხვდა გოგრა, რომელიც არც მიყვარს და არც გამისინჯავს. სხვა რა გზა მქონდა? მოვამზადე და დავაგემოვნე კიდეც. მივხვდი, რომ გემრიელი ყოფილა.

- რა გასწავლა ამ პროექტმა?

- დრო გვაქვს საათი ან მაქსიმუმ საათ-ნახევარი, მაქსიმალურად გამოიყენო. თითოეული ინგრედიენტი თანდათანობით უნდა დაამატო კერძს და თან გასინჯო, რომ ან ზედმეტი არ მოუვიდეს, ან არ დააკლდეს. არ მეგონა, ერთ საათში რამდენიმე კერძის მომზადებას თუ შევძლებდი, ოპერატიულად მუშაობა ვისწავლე. სახლშიც კი, როდესაც რამეს ვამზადებ, სულ საათს ვამოწმებ ხოლმე, მეშინია, ვაითუ ვერ მოვასწრო.

GzaPress

- კონკურენცია უკვე იგრძნობა. ამაზე რას იტყვი, რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავს? - კონკურენცია იგრძნობა, მაგრამ მე რასაც ვაკეთებ, იმის მსგავსს არავინ ამზადებს. 2 ადამიანს მსგავსი იდეა ერთდროულად ხომ არ მოუვა თავში? რა თქმა უნდა, ყოველ გადაცემაში ვამბობ, რომ ჩემი კერძი მაგარია, რის გამოც სოციალურ ქსელში რას აღარ წერენ ჩემზე - აკომენტარებენ, ბოღმააო, არადა, ასე არ არის.

- ე.ი. ბრაზდები ხალხის შეფასებებზე?

- ყველასთვის მოსაწონი როგორ იქნები? სიმართლე გითხრა, იშვიათად ვკითხულობ უდროობის გამო, ვიღაცისთვის ბოღმა ვარ, ვიღაცისთვის - ძალიან კარგი. სხვათა შორის, ქუჩაში ბევრი უცნობი მეუბნება, გგულშემატკივრობთო, წარმატებებს მისურვებენ.

- კონკურენტების კერძები თუ გაგისინჯავს? ობიექტურად მითხარი, მოგეწონა თუ არა?

- ძალიან მინდოდა თათიას შუს გასინჯვა და ვერ მოვახერხე, აღარ შემხვდა. ასე რომ, თუ გამოაცხობს და დამპატიჟებს, დიდი სიამოვნებით. რაც გავსინჯე და ძალიან მომეწონა, შაინინას კერძებია. ქართული გემოები და სამზარეულო ძალიან მიყვარს, შაინინა კი შეუდარებელია ქართულ სამზარეულოში. მაკა კვიციანის შქმერულიც მომეწონა ტარხუნით, სოფო ხალვაშის აჭარული კერძი, სინორიც არაჩვეულებრივი იყო. ახლა თინას გაკეთებული "მამალო"? ვაიმე, რა მაგარი იყო. დასრულდა თუ არა გადაცემა, ვტაცე ხელი და შევჭამე. ბავშვობა გამახსენდა. ბებია მუხიანში ცხოვრობდა და იქ, მეორე სართულზე იყიდებოდა ხოლმე "მამალოები", ხშირად ვყიდულობდით.

- კერძი, რომლის გაკეთებასაც მეგობრები ხშირად გთხოვენ, რომელია?

- ჩემთვის გამორჩეული კერძია შქმერული და ხშირადაც ვტესტავ - ხან როგორ ვაკეთებ და ხან - როგორ. რაც შეეხება მეგობრებს, მათ შემწვარი ქათამი უყვართ, მართლა ძალიან გემრიელი გამომდის - უცხიმოდ ვწვავ გაზქურაში. ცალკე ვამზადებ ბულიონს, რომელშიც ვურევ მოხარშულ კარტოფილს, ვაბლენდერებ ამ ყველაფერს და ნახევარი სათის შემდეგ ვასხამ ქათამს, ვაყრი ხახვს, 10 წუთით ვტოვებ გაზქურაში და ეგ არის, მზადაა და უგემრიელესია. ბავშვებსაც უყვართ. ჩაქაფულიც, ტრადიციულად, ხშირად კეთდება ჩემს ოჯახში. აბა, ჩაქაფული ქათმის ფილეთი და ხის სოკოთი ერთად სცადეთ, უგემრიელესია.

- გისმენთ და ვფიქრობ, როგორ გაუმართლა თქვენს მეუღლეს და შვილებს.

- (იცინის) სხვათა შორის, მეუღლეც გემრიელად ამზადებს. როდესაც გამომყვა, არ იცოდა ჩემი კულინარიული შესაძლებლობები. ისე, კულინარია რომ მიტაცებს, ბებიაჩემის დამსახურებაა. მას უყვარდა სამზარეულო და გემრიელადაც ამზადებდა. სულ ვაკვირდებოდი და ახლაც ხშირად მახსენდება მისი რეცეპტები. წლების წინ, როდესაც დედაც და დაც საზღვარგარეთ წავიდნენ საცხოვრებლად და მარტო დავრჩი, მიწევდა რაღაცების მომზადება. ერთ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ვისვენებდი კოჯორში. აღმოჩნდა, რომ საჭმელი არ გვქონდა. "ტუშონკა" ვიყიდეთ და თუ რამე გვქონდა მაცივარში დარჩენილი, ყველაფერი გამოვიყენე. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ.

- მეუღლე პროფესიით ვინ არის?

- სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, დიზაინერია. გვყავს 2 შვილი - სანდრო 8 წლისაა და მომავალი ფეხბურთელია, ანა კი 10 წლისაა, ტანმოვარჯიშეა და საკმაოდ წარმატებულიც.

- მოკლედ, კაცი კულინარები ამსხვრევთ იმ სტერეოტიპებს, რომ მხოლოდ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში...

- რა თქმა უნდა, კაცი უფრო გულიანად ამზადებს კერძს, ქალი კი ყველაფერზე ყოყმანობს - საკმარისია თუ არა მარილი, ხახვი, სანელებელი... ვამბობ ხოლმე, კაცი ვიცი "კუხნაში"-მეთქი. არ ამიჯანყდეს ახლა ხალხი, ვხუმრობ.

- ამ პროექტის შემდეგ რა გეგმები გაქვს, ამ პროფესიით თუ გააგრძელებ საქმიანობას?

- ზაფხულში დასვენებას ვგეგმავ ოჯახთან ერთად და მერე ვნახოთ, თუ იქნება შემოთავაზება, რომელიმე რესტორნის შეფმზარეულობაზე, რატომაც არა? მივიღებ ამ გამოწვევას.

ნინო ჯავახიშვილი