ვის ხშირ სტუმრობას ნატრობს ნიკა ფაიქრიძე - გზაპრესი

ვის ხშირ სტუმრობას ნატრობს ნიკა ფაიქრიძე

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე ერთდროულად ხელოვნების ორ ბომონს - თეატრსა და პოეზიას ემსახურება. მზრუნველი მშობელივით ხან ერთს მივაძინებ და მეორეს ვუვლი, ხან გაღვიძებულს ვუყვავებ, ვანებივრებ და ასე დაუსრულებლადო, - მითხრა შეხვედრისას, როცა შეკითხვა თეატრსა და პოეზიას შეეხო. მაქსიმალური გულწრფელობა თუნდაც გაურკვეველი ან არასათანადო უკუკავშირის სანაცვლოდ და თავგანწირვა სიყვარულისთვის მისთვის უცხო არაა. საყვარელი ადამიანისთვის დადებითი ემოციის მოგვრის მიზნით, ექვსი თვე შიმშილის ზღვარზეც ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც შეუძლია სხვას აჩუქოს - დროა. ალბათ ამიტომაც, ასაკით არც ისე დიდს უკვე ათეულობით როლი აქვს მორგებული და თანაც ისე, რომ რაოდენობა ხარისხს არ "ჩაგრავს"... ნიკამ თეატრის, პოეზიის, დედის, სასურველი ქალისა და სიყვარულის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით გვიპასუხა...

- თეატრსა და პოეზიას ერთდროულად ემსახურებით. ერთი ხმაურთან, აღიარებასთან, ხალხთან მჭიდრო კონტაქტთანაა დაკავშირებული, მეორე კი ჩუმი, "კარჩაკეტილი", განმარტოებული, თავის თავშია ჩაღრმავებული... ავსებენ ისინი თუ ზოგჯერ ხელსაც უშლიან ერთმანეთს?

- ახალ ლექსს ვკითხულობ, როგორც მსახიობი. ვხვდები, სად არ მეყო სუნთქვა, სად მომჭრა სიტყვამ ყური. ვწერ როგორც პოეტი და ვკითხულობ, როგორც მსახიობი. როცა სარეპეტიციო პერიოდი მაქვს, მოწამლული ვარ იმით, რაც სცენაზე უნდა გავითამაშო და წერას ვწყვეტ. ასეთ დროს პოეზია "ეჭვიანობს" და სულ ცდილობს რამის დაწერა მაიძულოს.. კარგი მშობელივით ერთს რომ მივაძინებ, მეორეს მივხედავ... მერე პირველი "აჯღავლდება" და იმას დავუწყებ ხოლმე მოფერებას...

- თქვენი ლექსები ხშირად ვნებად იღვრება...

- ალბათ, ასაკის ბრალია (იცინის). ნეტა შემეძლოს დროშის ფრიალი და პატრიოტული ფრაზების წერა, მაგრამ სადაც გულწრფელი არ ვიქნები, მირჩევნია, არც შევეხო...

- ყველაზე შეუფერებელი სიტუაცია, დრო ან ადგილი, სადაც მუზამ შეგაწუხათ... გალაკტიონივით ხელსახოცზეც ხომ არ მიაწერთ ხოლმე ლექსის ტაეპებს?

- იყო პერიოდი, როცა თან ფანქარი და უბის წიგნაკი დამქონდა, ახლა კი ისინი ტელეფონით ჩავანაცვლე. რთულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სოციუმი ხშირად რაღაცებს არ გპატიობს. რომ დაინახონ ფაიქრიძე თავზე შლაპით, ყელზე შარფით და ხელში უბის წიგნაკით "მოძრაობს", ამას ახლა ერთი "პატარა" ფსიქოლოგი არ აწყენდაო, - იფიქრებენ (იცინის)... ამიტომ, ვერიდები ვინმეს თვალში უცნაურად არ მოვხვდე... ერთხელ სპექტაკლის თამაშისას ერთი-ორი სიტყვა თავში ისე მიტრიალებდა, სპექტაკლის ფრაზები ამერია... სანამ ტელეფონთან არ მივედი და არ ჩავიწერე, ტვინი ვეღარ გავაკონტროლე. მხოლოდ ამის შემდეგ დავმშვიდდი და განვაგრძე მუშაობა. ნეტავ, ქალბატონი მუზა ხშირად მესტუმრებოდეს და ნებისმიერ გარემოში შემიძლია საქმე შევწყვიტო და ფრაზები ჩავინიშნო...

GzaPress

- რას აფასებთ ქალში? გვითხარით ყველაზე უცნაური რამ, რის გამოც ქალი მოგწონებიათ... - მზერა. საერთოდაც არ არის გამორჩეულად ლამაზი... არც არაფერს აკეთებს მნიშვნელოვანს... წამში შემოუხედავს და მიგრძნია, რომ მისით ვარ მოწამლული... არასოდეს მიფიქრია, რომ რამე კონკრეტული უნდა გააჩნდეს... ყველას თავისი აურა, ინდივიდუალიზმი აქვს. ჩემი, როგორც მსახიობის საქმეც ესაა - სიტყვების მიღმა, "ქვედა დინებებში" ვეძიო საინტერესო. რაც ზედაპირზეა, იმის წაკითხვა ხომ ყველას შეუძლია?! მეშინია ჭკვიანი ქალების. ჯერ ქალი რომ გყავს გვერდით, რამხელა ცდუნებაა?! მერე თუ ლამაზია და თუ ამას ჭკვიანიც ემატება, შეიძლება გაგიჟდე... (იცინის)

- ანუ როცა გვერდით ნაკლებად ჭკვიანი ქალი გყავთ, თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობთ?

- არ მომწონს, როცა ქალები ფრთიანი ფრაზებითა და ამონარიდებით მესაუბრებიან... თუმცა, სასურველია, ცხენსა და ძროხას არჩევდეს ერთმანეთისგან (იცინის). ძალიან ვაფასებ იუმორის გრძნობას, თვითირონიის უნარს...

- გარკვეული გულისტკივილი გაქვთ დედასთან დაკავშირებით. წლებია, ის თქვენგან ფიზიკურად შორს, ამერიკაში ცხოვრობს. დღევანდელი გადასახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ არაფერი ღირს იმ სიცარიელის ფასად, რომელიც დედა-შვილის დაშორების შედეგად ჩნდება?

- გარკვეულწილად გეთანხმებით, თუმცა, სრულად არა. თუნდაც ის, რომ მე დღეს ამ თეატრში ვარ და სხვა საქმე არ "გავიჩინე", მხოლოდ და მხოლოდ დედას დამსახურებაა, ვინც მატერიალურ მხარეზე იზრუნა. მისი დამსახურებით ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე ღელვა არ მიხდება. უნამუსო უნდა ვიყო ვთქვა, რომ ის აქ უნდა ყოფილიყო. ეს დომინანტი თემაა სოციალურ ქსელშიც - არიან ემიგრანტი დედები გმირები თუ ქალები, რომლებიც სირთულეებს გაექცნენ?! ყველა მათგანის პრობლემა ინდივიდუალურია. როცა დედა წავიდა, არა მხოლოდ ჩვენი ოჯახი, არამედ ფაქტობრივად, მთელი სანათესავო შიმშილის ზღვარზე იყო. ამ ერთმა ქალმა საკუთარ თავზე აიღო კილომეტრების გადაღმა წასულიყო და ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე ეზრუნა. ასეთ ნაბიჯს მართლაც ახლავს ურთიერთობის წყვეტა, გაცივება, მაგრამ ესეც დროებითი და მოჩვენებითია. როცა ჩამოსულს ვნახულობ, მგონია, რომ განშორების წლები არც ყოფილა. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მისი შვილი მქვია...

- როგორ ფიქრობთ, რამდენად იცნობენ ნიკას მეგობრები, ოჯახის წევრები... თუ საკუთარ თავს ბოლომდე თავადაც არ იცნობს?

- იმავე შეკითხვას ჩემს თავს ყოველდღე ვუსვამ. ხშირად ვდგავარ სარკესთან და ვუყურებ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ მგავს... ვფიქრობ, მეგობრები კარგად მიცნობენ, ესმით, რატომ ვაკლდები ხშირად შეკრებებს. როცა მათ ვხვდები, ვერ ვგრძნობ, რომ ურთიერთობა გაცივდა ან მათ "სადღაც" ჩამოვრჩი. მათ იციან, რომ ვაკეთებ საქმეს, რომლის გარეშეც არ შემიძლია, ის კი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. რომ არ მიცნობდნენ, ამის გაგება გაუჭირდებოდათ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, იციან, რომ ერთი ჯუჯღუნა, ბუზღუნა ბიჭი ვარ. უცებ ვიღლები, მოულოდნელად მეცვლება განწყობა...

- დაასახელეთ ადამიანები, ვინც თქვენი ცხოვრების კონკრეტულ ეტაპებზე გარდატეხა შემოიტანა...

- ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში, ბუნებრივია, დიდი წვლილი აქვს მამას, დედას და ამის მადლობელი ვარ, მაგრამ გამოვარჩევდი ბაბუა ნუგოს - მსახიობსა და პოეტს, რომელიც სცენაზე გარდაიცვალა. ის ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მეგობარი და ძმაკაცი იყო, რომელთანაც უხილავ კავშირს მუდმივად ვგრძნობ. ხშირად მეკითხებიან, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. ალბათ, იმის შეგრძნება მაძლიერებს, რომ მისი შეწყვეტილი საქმე გავაგრძელე. სცენაზეც სულ ვგრძნობ, რომ სადღაც იქვეა. შემდეგ იყო ჩემი უახლოესი მეგობარი კოკი. ამ ქვეყნიდან მისმა წასვლამ სიცოცხლის არსზე, ურთიერთობებზე, პრიორიტეტებზე ღრმად დამაფიქრა. მაშინ მივხვდი, რომ ყველასთვის, ვინც მიყვარდა, ხმამაღლა უნდა მეთქვა ამის შესახებ... ხშირად უნდა გამემეორებინა, რომ ბედნიერი ვიყავი მათთან ურთიერთობით. რაც შეეხება თეატრს, გამიმართლა, რომ დიმა ხვთისიაშვილს შევხვდი. მისგან ყოველდღიურად საოცარ გაკვეთილებს, დარიგებებს, რჩევებს ვიღებ. უამრავი რამ მასწავლა თავად მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. ხუთი სხვადასხვა, თავისებური სტილისა და მსოფლმხედველობის რეჟისორი გვყავს. მათთან მუშაობის შედეგად მსახიობი უნივერსალური ხდება. გვაქვს ფუფუნება ერთ დღეში უდიდეს დრამატურგებსაც შევეხოთ და საბავშვო რეპერტუარსაც.

- ამბობთ, რომ ზოგჯერ მელანქოლია გძლევთ. ასეთ დროს საკუთარი თავის "მკურნალობის მეთოდები" რაში გამოიხატება?

- წამალი სწორედ ლექსის წერა გახლავთ. ეს არ არის ჩემთვის ჰობი, გატაცება ან მოდა. ეს გახლავთ ერთგვარი თერაპია, რითაც სულს, ნერვებს, განწყობას "ვმკურნალობ". მესამე წიგნზე ვმუშაობ და თითოეულ წერტილსა თუ სიტყვაზე ღამეებს ვათენებ. ადრე ამდენ რამეზე არ ვფიქრობდი. შეველიე უამრავ ლექსს, დავხიე, დავწვი. საქმე მაქვს ისეთი, რომ ჩემი სხეული ჩემი "ინსტრუმენტია". მას "მწყობრიდან ვერ გამოვიყვან" - ვერ დავლევ, ვერ მოვწევ... ჰოდა, ვწერ ლექსებს. ფაქტია, წერას ვყავარ ატანილი... არ მასვენებს გამჩენი (იცინის)...

- ფიქრობთ ხოლმე, კარგი იქნებოდა, უფრო მეტად "პრაქტიკული" პროფესია გქონოდათ?

- დიახ, ყოფილა. ახლახან კლასელები შევიკრიბეთ. საუბარი შემოსავალს შეეხო. თითოეულმა საშუალო შემოსავლად ოთხციფრიანი რიცხვი დაასახელა, ჯერი ჩემზე მოდგა და სად გავმქრალიყავი, არ ვიცოდი (იცინის). რომ აღარ მომეშვნენ, ვუთხარი, შემოსავალს არასოდეს ვითვლი-მეთქი. სინამდვილეში, მსახიობები ფაქტობრივად, პროფესიის მიმართ დიდი სიყვარულის ხარჯზე ვმუშაობთ. მე შემიძლია ვითამაშო ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მაგრამ ვერ შევძლებ ვემსახურო სხვა რომელიმე პროფესიას... გულით მხოლოდ სცენაზე ვიხარჯები. სწავლის პერიოდში ბარში ვმუშაობდი, რადიოს დილის გადაცემა მიმყავდა, პარალელურ რეჟიმში მითამაშია სხვადასხვა თეატრში, მაგრამ ამას იმდენი დრო და ენერგია მიჰქონდა, გადავწყვიტე, მხოლოდ ერთგან ვყოფილიყავი. როცა პასუხისმგებლობას ვიღებ, მინდა ხარისხიც მაღალი ვაჩვენო.

- ყველაზე უცნაურად გამოხატული სიყვარული...

- ყველაზე ძვირფასი, რაც შემიძლია ადამიანებს ვაჩუქო, დროა. ხშირად ვჩნდები ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გვერდით მაშინ, როცა წარმოდგენაც არ აქვთ... რაც შეეხება ქალს, ექვსი თვე მხოლოდ ჯემითა და პურით გამიტანია თავი მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანისთვის მისი ოცნების ძაღლი მეყიდა...

- თუ კიდევ მოვა გრანდიოზული სიყვარული, შესაძლებელია ახლა უკვე იახტის გამო იშიმშილოთ?

- თუნდაც... სხვათა შორის, გამოიცანით, ჩემი ოცნებაა იახტა მყავდეს და რიგი ქვეყნები მოვიარო. ძალიან მაღელვებს ზღვა, გემები, მეზღვაურები თავიანთი ფორმებით... წყალი ჩემი სტიქიაა. არაფერი მინახავს უფრო ლამაზი, ვიდრე ტალღის კლდეზე შეჯახებაა... შტორმს რომ ვხედავ, ვგრძნობ, ცოცხალი ვარ... ზღვის ხმა, წვიმა ზღვაზე - ამის მოსმენისას სასწაულს განვიცდი...

შორენა ლაბაძე