"ვიგონებდი ისეთ სამაგიდო თამაშებს, რაც გონებადაქვეითებულებს სწავლაში დაეხმარებოდა" - გზაპრესი

"ვიგონებდი ისეთ სამაგიდო თამაშებს, რაც გონებადაქვეითებულებს სწავლაში დაეხმარებოდა"

მერაბ მერაბიშვილი რუსთაველის თეატრის სადადგმო ნაწილის უფროსი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი მხატვარი გახლავთ. მისი პროფესიული გზის დასაწყისი სწორედ სასახლეს უკავშირდება, სადაც 7 წლის მანძილზე ეუფლებოდა ამ საქმეს. თეატრში სპექტაკლის დეკორაციის შექმნის მთელ ტექნიკურ მხარეს ის ხელმძღვანელობს. 12 საამქროა მის დაქვემდებარებაში და თავადაც რამდენიმე პროფესიას ფლობს. მერაბ მერაბიშვილმა თეატრის ყველა კუთხე-კუნჭული იცის და როგორც ამბობენ, ისიც ზეპირად იცის, ეზოში სად და რანაირად მოღუნული ლურსმანი გდია.

- ბატონო მერაბ, პიონერთა სასახლის (ადრე ასე ერქვა) დროინდელი მოგონებებით დავიწყოთ საუბარი.

- პიონერთა სასახლეში ძერწვის წრეზე მიმიყვანა ჩემმა მეგობარმა საშა რუხაძემ, როცა მეხუთე კლასში ვსწავლობდი. წლების მანძილზე, სკოლის დამთავრებამდე ერთად დავდიოდით ამ წრეზე. გასაოცარი პედაგოგები გვყავდა. კაბინეტს განაგებდა ბატონი ზაქარია კრაწაშვილი, გვასწავლიდა ქალბატონი მერი სარაული. ორივე რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი იყო. ჩვენთვის მარტო პედაგოგები კი არა, მშობლებიც იყვნენ. ქალბატონ მერის ასეთი თვისება ჰქონდა, მეცადინეობის დაწყების წინ გეკითხებოდა: მშიერი ხომ არ ხარ, საჭმელი ჭამე? 70 წლის კაცი ვარ და ეს არ მავიწყდება. იმათ ჩაგვიყარეს საფუძველი, რომ შემოქმედებითი გზით წავსულიყავით. ყველაფერს აკადემიურად გვასწავლიდნენ, ჩვენც თავჩარგულები ვმუშაობდით. სასახლეში ყოველი წლის ბოლოს საანგარიშო გამოფენა იმართებოდა და მთელი წლის ნამუშევრებს სარკეებიან დარბაზში გამოვფენდით ხოლმე. ძალიან გვიხაროდა, რადგან იქ იშვიათად გვიშვებდნენ. ამ დღისთვის დიდი მონდომებით ვემზადებოდით. ეს იყო პაექრობა, იგივე შემოქმედებითი შეჯიბრება, მერე კი დიპლომებით ან სიგელებით გვაჯილდოებდნენ.

GzaPress

- მაშინ იფიქრებდით, რომ წლების მერე სასახლეში მუშაობას დაიწყებდით? - ვერ წარმოვიდგენდი, რომ მშობლიურ სასახლეს მთავარ მხატვრად მოვევლინებოდი. მანამდე, გონებრივი სათამაშოების ფაბრიკის მხატვრად ვიმუშავე. სასახლეს თავისი პატარა ფაბრიკა ჰქონდა. ისეთ სამაგიდო თამაშებს ვიგონებდი, გონებადაქვეითებულ ბავშვებს სწავლაში რომ დაეხმარებოდა. მაგალითად, 5-6 ბავშვს შეეძლო ერთდროულად ეთამაშა და თან არითმეტიკა ესწავლა. თამაშს "ბილიარდი" ერქვა, ჯოხებს არ ვიყენებდი. ეს იყო ბურთულები, რომლებზეც ციფრები ეწერა. ბავშვები ერთმანეთს უგორებდნენ ბურთულებს და ხალისობდნენ. ჩემი გამოგონება (თამაშები) რამდენჯერმე მოსკოვში წარვადგინე "ვედეენხას" გამოფენაზე. გონებრივი სათამაშოების რესპუბლიკური გამოფენები სარკეებიან დარბაზში იმართებოდა, გვესწრებოდნენ განათლების სამინისტროდან, კომკავშირის ცეკადან... გვაჯილდოებდნენ ან მოსკოვის პიონერთა სასახლეში მივლინებით გვგზავნიდნენ. მთავარი მხატვარი მაშინ გავხდი, როცა სასახლის დირექტორი თეიმურაზ ჟღენტი იყო. იუბილეებსა და სხვა ღონისძიებებსაც ვაფორმებდი. მივიღე რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება. როცა საჭიროა, სასახლეს დღესაც ვემსახურები.

- რუსთაველის თეატრში ვინ მიგიწვიათ?

- თეიმურაზ ჟღენტი რუსთაველის თეატრის გენერალურ დირექტორად დანიშნეს. მან რამდენჯერმე თეატრში გადმოსვლა შემომთავაზა. ვეუბნებდი, - ამდენი ხანია აქა ვარ, სასახლე როგორ მივატოვო-მეთქი? ბოლოს, რამაც დამაინტრიგა, იყო ის, რომ ბატონმა თეიმურაზმა მითხრა: ბიჭო, რობერტ სტურუასთან მუშაობა არ გინდაო? კი, მინდა-მეთქი და მეორე დღესვე საქმეში ჩავერთე. მაშინ გიზო ჟორდანია მცირე სცენაზე დგამდა სპექტაკლებს და მასთან ვიმუშავე. გიზოს ერთი ჯგუფი მთლიანად გადმოვიდა თეატრში სამუშაოდ. სასწაული ახალგაზრდები იყვნენ, დღემდე ჩემი დები და ძმები არიან. დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ.

ერთხელ ესპანეთში ვართ, სადაც აჩვენეს "ამაღამ, მგონი იქნება ქარი" და "დარისპანის გასაჭირი". დამდგმელმა მხატვარმა, ჩემმა მეგობარმა თემურ ნინუამ ესპანეთში წინასწარ გაგზავნა დეკორაციების ფოტომასალები. ჩავედით, მშვენიერი დარბაზია, დგას დეკორაცია, შუაში წრეში ფუნჯები და საღებავები დევს. შემოვიდა გიზო, შეხედა ამ ყველაფერს და თქვა: ცხენი სად არისო? სპექტაკლს შუაზე გადაჭრილი ცხენი სჭირდებოდა, რომლის უკანა ნაწილი და თავი ცალ-ცალკე იდგა და ერთმანეთს უყურებდნენ. იმ დეკორაციაში ცხენს დიდი დატვირთვა ჰქონდა. ცხენის როლს გოჩა კაპანაძე შესანიშნავად ასრულებდა. ხალხი სპეციალურად მოდიოდა სპექტაკლის სანახავად, დარბაზი მუდამ სავსე იყო. გიზო ამბობს, საღამოს სპექტაკლს ვერ ჩავატარებო. ცხენის გაკეთება საკუთარ თავზე ავიღე. წამიყვანეს გაკრიალებულ სახელოსნოში, სადაც ძლივს მივაგენი ფანერის ნამტვრევს, რომ ამეხსნა, რა მასალა მინდოდა, რადგან ესპანური არ ვიცოდი. მომცეს ფანერი და ფანქარი, ესპანელი ბიჭი წავიდა. მოვხაზე ცხენი და უნდა გამოვხერხო, ველოდები იმ ბიჭს. მოვიდა და მოიტანა პლაკატი, სადაც 200 ცხენი მაინც იყო დაბეჭდილი (იღიმის). უკვე დაგიხატიათო, მითხრა. ჩქარა, დროზე გამოვჭრათ, უნდა მოვასწროთ, - ვეუბნები. ცხენი მანქანაში ჩავდეთ, მივედით დარბაზში და საღებავებით დავასრულე სამუშაო. ბიჭმა ის პლაკატი მაჩუქა. გიზოს ცხენი მოეწონა: თბილისში რომ გვაქვს, იმას სჯობია და თან წავიღოთო. სად უნდა წავიღოთ, რომ ჩავალთ, თუ გინდა მთელ ჯოგს გავაკეთებ-მეთქი (იცინის).

GzaPress

- რუსთაველის თეატრის სცენა ცნობილია გრანდიოზულობით. მისი პარამეტრების შესახებ მითხარით და რა სამუშაოებია საჭირო დეკორაციის დასამზადებლად? - კი, გრანდიოზული სცენაა, მისი სიმაღლე 24 მეტრია. სცენის სარკის სიგანე 12 მეტრია, ხოლო სიმაღლე 9 მეტრი. სარკეში იგულისხმება ის ღიობი, რასაც მაყურებელი აღიქვამს, პორტალს ეძახიან. არის მარჯვენა, მარცხენა და ჰორიზონტალური პორტალი. მაღლა ისეთი აგრეგატებია, ლამის მთელი ქარხანაა - 40-მდე შგანგეტი (ფოლადის ძელები), 4-4 ტროსი. მათ ხელითაც ამუშავებენ და ასევე, ელექტრონულად. ეს ეხება ფარდების, რაიმე ნივთის მაღლა აწევას და სხვა. სცენის ატრიბუტების გარეშე დადგმა ვერ განხორციელდება. თეატრში სამი სცენაა და სამივეს დეკორაცია სჭირდება, უნდა გამოვიწერო მასალა, დავადგინო მაკეტი როგორ კეთდება და საერთოდ, უამრავი საკითხია გადასაწყვეტი. ძალიან რთულია! მხატვარი აკეთებს მაკეტს იმისა, რაც უნდა იდგეს სცენაზე. თეატრის მთავარი მხატვარი, ბატონი მირიან შველიძე და მე შეხმატკბილებულად ვმუშაობთ. მაკეტს სამხატვრო საბჭოზე გავიტანთ, მივიღებთ და ჩავიბარებ. ამის შემდეგ ვიწყებ მასშტაბში კონსტრუქციული ნახაზების კეთებას. შესრულებაზე მუშაობს 12 საამქრო. აქ შედის განათება, ხმის ოპერატორი, მკერავი, მეწაღე, დურგალი, რკინის სამუშაოები და ა.შ. შეკრული გუნდი მყავს. ვიცი, რომ სამუშაო კარგად და დროულად შესრულდება. ბოლოს დეკორაცია სამონტაჟოში შემოდის, ეწყობა და გამზადებული მიდის სცენაზე. აქ უკვე რეჟისორი, ვთქვათ ბატონი რობერტი შეხედავს და კორექტირება შეაქვს. რასაც მალევე ვასწორებთ. რობიკო გენიოსია, ისეთი თვალი აქვს, იმწამსვე წერტილში არტყამს და დეტალს გააკეთილშობილებს ხოლმე.

- პრემიერებს ყოველთვის ესწრებით?

- პრემიერის დროს აუცილებლად კულისებში ვარ და ყურადღებას ვაქცევ გადასვლებს. ყველაფერი წამი წამზეა გათვლილი, არაფერი გაუთვალისწინებელი არ უნდა მოხდეს. თუმცა, ასეთი შემთხვევისთვისაც არსებობს დაზღვევა, რაც ასევე მოფიქრებული მაქვს. პრემიერების შემდეგ აღარ ვდგავარ კულისებში, რადგან უკვე შეითვისა უფროსმა მემანქანემ ყველა დეტალი. თუმცა, არის გამონაკლისიც, მაგალითად ტროსებზე ჩამოკიდებული მსახიობი ჰაერში, მაღლა უნდა ავწიო - ამას პირადად ვაკონტროლებ. სპექტაკლში "ასულნი", ეკა მინდიაშვილისთვის გავაკეთე ლონჟა, ასე ჰქვია იმ ჩასაცმელს. მსახიობი გამოდის ჩაცმული, ზემოდან ჩამოდის ორი ტროსი თავისი ორი სამაგრით. მოვამზადებ მსახიობს და ჯერ 50 სმ-ზე ავწევ. ვსინჯავ, სადმე თუ უჭერს, რამე აწუხებს. როგორც კი მეტყვის, კარგია, ჩემი ხელიდან "მიფრინავს" და ნელ-ნელა ადის. მე მივიპარები. როცა ჩამოვა, უნდა მივადგა კიბე, რომელზეც ერთი წერტილია (ადგილი) და იქ უნდა დადგეს ერთი ფეხით - ამ დროს ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ არ ვიმჩნევ.

- ალბათ, სპექტაკლის შინაარსს ყურადღებას ვეღარც კი აქცევთ.

- ჩემი ჯგუფი ყველა რეპეტიციას ვესწრებით და ტექნიკური მხარის გარდა, ვხედავთ, მსახიობები როგორ თამაშობენ. ზოგჯერ მაყურებელზე მეტსაც ვხედავთ, რადგან ხანდახან, ქრონომეტრაჟის გამო, რომელიმე ეპიზოდი შეიძლება ამოიღონ სპექტაკლიდან, მე კი ის ვნახე და ძალიანაც მომეწონა. ასე რომ, ბევრი საინტერესო მონაკვეთი მინახავს.

- ცნობილ მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილს იცნობდით?

- ჩემზე უფროსი იყო, კარგი კაცი და საყვარელი ადამიანი. მატარებელში გავიცანი, საქართველოს კულტურის დღეები ტარდებოდა მოსკოვში და იქ მივდიოდით. მაშინ ჭედურობის ხელოვნების განხრით მქონდა ნამუშევრები წარმოდგენილი გამოფენაზე. მერაბი გურამ საღარაძის კარის მეზობელი იყო და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ერთხელ მერაბმა გურამის პორტრეტი გააკეთა, თაბაშირში ჩამოასხა და მიუტანა, მაგრამ ქანდაკება "პიედესტალის" გარეშე იყო. მერაბს უთქვამს, ახლა მასალა არა მაქვსო. გურამმა მე მომმართა, შენ გამიკეთეო. ესკიზი დავხატე, მოეწონა და მასალები ვიყიდეთ. მსახიობს ლამაზი "პიედესტალი" სახლში მივუტანე. გურამ საღარაძემ თავის მეგობარს დაუძახა და გვითხრა: ერთმა მერაბ მერაბიშვილმა პორტრეტი გამიკეთა, მეორე მერაბ მერაბიშვილმა პოსტამენტიო.

GzaPress

- სამუშაო მაგიდაზე ბევრი ინსტრუმენტი გიწყვიათ და საინტერესო ნივთებსაც ვხედავ... - მაკეტი რომ დაამზადო, ალბათ, 12 სპეციალობა მაინც უნდა იცოდე. უამრავ დარგში მიწევს მუშაობა. ვიცი მირჩილვა, ვერცხლზე მუშაობა, დურგლობა და სხვა. კედელზე ჩემი ესკიზებია, ჩარჩოებში ჩავსვი. თეატრში "ოლივერ ტვისტი" დაიდგა და მისი მაკეტი გავაკეთე, მხატვარ-დეკორატორი ვიყავი. აგერ, პიონერთა სასახლის ერთ-ერთი საიუბილეო თარიღის პროგრამა დევს. ამ ტიპის პროგრამა რამდენიმე იუბილესთვის დავამზადე. საბჭოთა კავშირის დროინდელ ბუკლეტში ჩემი ჭედური ნამუშევრებია დაბეჭდილი. ეს ბუკლეტი 14 ენაზე გამოიცა... არც ერთი ჭედურობა არ გამიყიდია, სახლში ვინახავ ნაკეთობების მთელ გალერეას. ეს რობიკო სტურუას ნიღაბია - ჩემი ჭედურობა. ბატონი რობიკო 75 წლისა რომ გახდა, მე და ბატონმა მირიან შველიძემ ნიღაბი ოქროში ჩამოვასხით და ვაჩუქეთ. "წათეს წითელი წაღები" როცა დაიდგა, მსახიობმა მითხრა, ნამდვილი ხმალი გამიკეთე, რომ ვიგრძნოო. რკინისა გავაკეთე, მძიმეა... მოლბერტიც მე გავაკეთე, ჩემი მოგონილი კომპოზიციაა.

- თქვენ, როგორც მხატვარი, გამოფენებში მონაწილეობთ და ნამუშევრების შესაქმნელად დრო როგორ გრჩებათ?

- იცით, რა დროს ვმუშაობ? დაიწყო სპექტაკლი, ვზივარ ჩემს ოთახში (ფაქტობრივად, პატარა სახელოსნოა), რადიოტრანსლაცია ჩართული მაქვს და ყველაფერი მესმის. სანამ სპექტაკლი დამთავრდება, იმ ორი საათის მანძილზე ვმუშაობ. ახლა ჩემში პატრიოტულმა თემამ გაიღვიძა და ცხრა ძმა ხერხეულიძეზე ვაკეთებ კომპოზიციას. დღეს ბევრი რამ იკარგება, მათ შორის პატრიოტიზმი და რატომ, ვერ ვხვდები. თუ ერთად ვიქნებით, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს. ცხრა ძმა ხერხეულიძის იდეა თვითმფრინავში მომივიდა, პირველი ესკიზი იქ დავხატე. ჩამოვედით გასტროლიდან და მისი გაცოცხლება ჭკუაში დამიჯდა. ორი პოეტის, ასათიანისა და ჩიქოვანის ლექსების მიხედვით ჩავიფიქრე კომპოზიცია. ლადო ასათიანი წერდა ლექსში "ცხრა ძმა ხერხეულიძე", ბრძოლის ველზე უპატრონოდ დარჩენილ ბედაურებზე, ხოლო სიმონ ჩიქოვანი - "ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას..." გულის ამაჩუყებელია! ჰოდა, გადავწყვიტე გავაკეთო. ცოტა რთული თემაა, მაგრამ სურვილი მაქვს წარმოვაჩინო. მინდა ეს ნამუშევარი გამოვფინო მხატვრების საშემოდგომო გამოფენაზე.

ნანული ზოტიკიშვილი