ბიჭი-ხახვი "ჩიპოლინოს" პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე - გზაპრესი

ბიჭი-ხახვი "ჩიპოლინოს" პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

სპეციალისტების შეფასებით, თეატრი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, საკუთარი თავის შეცნობისა და სინდისის გაღვიძების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თეატრი, რომელსაც ძველქართულად "სახილველად" მოიხსენიებდნენ, ცოცხალი ქმედების, თვალსაჩინო სანახაობის ენაზე მეტყველებს და ადამიანის სულზე ზემოქმედების საშუალებათა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხასიათდება. სცენაზე ხორცს ისხამენ, ხელშესახები, რეალური და "მისაწვდომი" ხდებიან აბსტრაქტული ცნებები - სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, სიძულვილი, გმირობა...

GzaPress

მეგობრობის, ერთგულების, სიკეთისა და თავგანწირვის საუკეთესო მაგალითები პატარებს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ამჯერად რეჟისორმა მაია ჩართოლანმა მუსიკალურ სპექტაკლში - "ჩიპოლინო" წარმოუდგინა. ჯანი როდარის 1951 წელს გამოცემული ზღაპარი-რომანი "ჩიპოლინოს თავგადასავალი", რომელიც მწერლის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიიჩნევა, ოცდაექვსმა მსახიობმა გააცოცხლა.

პატარა ბიჭი-ხახვის ბრძოლაში უსამართლობისა და უთანასწორობის წინააღმდეგ ხილისა და ბოსტნეულის არაერთი მისი მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე წარმომადგენელი მონაწილეობს: ერთგული მეგობრები - ბოლოკა, პრასა და სტაფილინიო, გრაფინია ალუბლები, უფლისწული ლიმონი, მეწაღე ყურძენიკო, პროფესორი მსხალა, სენიორ პომიდორი, მაძებარი სტაფილოუ, გოგრიკო, მოახლე გოგო მარწყვა და შინაურებისგან თავმობეზრებული მარტოსული ბიჭი, გრაფების შთამომავალი ალუბლიკო. შეუპოვარი ჩიპოლინო მეგობრების დახმარებით საბოლოოდ, უთანასწორობასა და ჩაგვრაზე იმარჯვებს - უსამართლო ტყვეობისგან არა მხოლოდ მამას, არამედ მთელი მშობლიური კუთხის ხილ-ბოსტნეულს ათავისუფლებს და კვლავ განაგრძობს უდარდელ ცხოვრებას მზიან, ხმაურიან და ახლა უკვე სამართლიან იტალიაში...

ანა ზამბახიძე, მსახიობი: - მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალურ ნაწარმოებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, ჩვენ პოლიტიკა სრულად ამოვიღეთ და ნაწარმოები სულ სხვა სათქმელით დავტვირთეთ, მთავარი აქცენტი მეგობრობასა და ერთად ყოფნაზე გადავიტანეთ... ფერად-ფერადი, მუსიკალური, სახალისო სპექტაკლია თანდართული ბავშვური თამაშებით. ვფიქრობ, მშობლები სწორად მოიქცევიან, თუ არჩევანს სწორედ "ჩიპოლინოზე" შეაჩერებენ... მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პროცესი ურთულესი იყო, მას თან სახალისო მუხტიც ახლდა, თუნდაც, იმ მიზეზით, რომ სამი გოგო ვასახიერებთ სამ ბიჭს. მაქსიმალურად ვცდილობდით ბიჭებს დავმსგავსებოდით. ვფიქრობ, სპექტაკლმა გაამართლა, პატარებს მოეწონათ, კარგად გაერთნენ, ამბავში თავადაც მაქსიმალურად ჩართულები დადებით ემოციებს გამოხატავდნენ.

GzaPress თამარ ტყემალაძე, მსახიობი: - გრაფინია ალუბლებს მე და ჩემი "და", არაჩვეულებრივი მსახიობი ანო მღებრიშვილი ვასახიერებთ. იდგა საკითხი, რომ დები ყოფილიყვნენ თითქმის იდენტური და ამავდროულად, მათ შორის დიდი კონფლიქტი ყოფილიყო. პარტნიორი ყოველ წამს ჩემ გვერდითაა, თითქოს, სიამის ტყუპი ვართ. მუშაობის ამგვარი ფორმა ახალი და მეტად საინტერესო იყო. მართალია, ეს სპექტაკლი ადრე მაქვს ნანახი, მაგრამ მუშაობისას ვინმეს მიერ განსახიერებული როლის მიხედვით არ გვიხელმძღვანელია, არაფერი გაგვიმეორებია. მე და ჩემმა პარტნიორმა, ანუ ალუმ და ბალმა შეთანხმებულად შევქმენით ერთმანეთი. ერთმანეთს აზრებს, იდეებს ვუზიარებდით. ისინი სიამტკბილობენ სხვის დასანახად, მაგრამ როგორც კი მარტო რჩებიან, კონფლიქტი იწყება. ისევე, როგორც მარტო დარჩენილებს საკუთარ თავთან გვაქვს ხოლმე შეუთავსებლობა... მიუხედავად იმისა, რომ დადებითი პერსონაჟები არ არიან, აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მათი აზრებითა და შეფასებით ყოველთვის განსაკუთრებით ვინტერესდები და მიხარია, რომ მიუხედავად დების უარყოფითი როლისა, ისინი მათით მაინც ძალიან მოიხიბლნენ...

დევი რეხვიაშვილი, მსახიობი: - თუ ბავშვობაში სცენაზე სიმღერას არ ჩავთვლით, მიუზიკლში პირველად ვითამაშე. ასე რომ, ეს როლი ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაც იყო. რეჟისორი ჩვენი კოლეგაა. აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი რეჟისურული შესაძლებლობები აქვს. გუნდის თითქმის ყველა წევრს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩიპოლინოს მეგობარს, სტაფილინიოს ჩემი მეუღლე ასახიერებს. მადლობა მინდა გადავუხადო მაია ჩართოლანს სპექტაკლის დადგმისა და მასში ჩემი დაკავებისთვის, ასევე, ქორეოგრაფს, მხატვარს და მთლიან შემოქმედებით ჯგუფს.

შორენა ლაბაძე