ბელკა და დათხარია - გზაპრესი

ბელკა და დათხარია

საჩხერის შესასვლელთან, ყველა "სავანის კრუგს" რომ ეძახის, სამი ძაღლი მიმდევრობით მიჰყვებოდა ერთმანეთს. სავარაუდოდ, ცხოველური ინსტინქტით ან საფრთხეს გრძნობდნენ, ან შიმშილი მიარბენინებდათ გამწარებით. ასეთ სურათს ყველგან ნახავთ, გასაოცარი არაფერია ამ ფაქტში, უბრალოდ, ამ ჩვეულებრივი სანახაობის რიგში მესამე ძაღლის სამფეხიანობამ გული ამიჩუყა. ვეება ძაღლს, რომლის ერთი წვივიც ადამიანის დაუდევრობას ან გამხეცებას ჰქონდა შეწირული, იმდენად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, რომ გზის მეორე მხრიდანაც ადვილად შევამჩნიე. თუმცა, მგონი, ძაღლებს ყოველთვის ნაღვლიანი თვალები აქვთ, მიუხედავად იმისა, მაძღრად არიან თუ შიათ, სცივათ თუ სცხელათ, უბრაზდებიან თუ ეალერსებიან...

კომუნისტების დროს ჩვენთან, სოფლად, ყოველ შაბათს "კინო მოდიოდა". ბიჭიკო დახურულ "გაზიკს" მოაყენებდა სოფლის კლუბს და ვერცხლისფერი მოზრდილი კასრებით დაგრაგნილ ლენტებს გადმოალაგებდა. მერე თავის ჯიხურში შეიტანდა და აახრიალებდა კინოაპარატს. ზიტა და გიტა, ჯიმი და რათხუ გამოჩნდებოდა უზარმაზარ ზეწარზე, რომელიც სააქტო დარბაზის ბოლოს ჩამომხრჩვალივით ეკიდა. ფილმი გვიან მთავრდებოდა და გუნდ-გუნდად ვბრუნდებოდით სახლში. ზოგჯერ ზაური ბიძია თავის "ზილზე" შეგვსვამდა და უბნის გადასახვევებში ტოვებდა ბავშვებს. თუ "ზილს" არ ეცალა, ფეხით მოვყვებოდით კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას და რა ალალი ამბები გვქონდა მოსაყოლი ერთმანეთისთვის... ახლა რომ არიან დანევროზებულ-"დაფეისბუკებული" ბავშვები, ეგეთები არ ვიყავით. ყურებამდე გვეხსნებოდა პირი სულ უბრალო სიხარულა ამბავზე! უბნის თავში, ელენა ბიცოლას სახლის წინ, განათების ბოძის ძირში მუდამ გველოდა ძაღლი, რომელსაც რუსული სახელი ბელკა ერქვა. ეს ძაღლი, სკოლაში ვიდრე მიმიყვანდნენ, მანამდე მოიყვანეს საიდანღაც და იყო სულ თეთრი - როგორც ახალდათოვლილი მინდორი. ჩვენს მომლოდინე ძაღლს წინა თათებში ჰქონდა ჩაყოფილი შავი ცხვირი და გველოდა. როცა კინოში წავიდოდით, დათქმულივით იმ ბოძთან დაყუნტდებოდა და გვიცდიდა. მერე დინჯად გამოგვყვებოდა ეზომდე და ჩვენ სახლში შევიდოდით, ბელკა კი ბეღლის ქვეშ გაიშოტებოდა. რომ დაბერდა, დაგვეკარგა. მეზობელს შემთხვევით დაუნახავს ყანის ხვნისას ხრამში ჩავარდნილი და გვითხრა, მგონი, თქვენი ბელკა იქ არისო. კარგი ძაღლი შინ არ კვდებაო, გვეუბნებოდა გამოცდილი ხალხი. ვერ გავბედე იმ ხრამთან მისვლა, მკვდარს რომ ვნახავდი, გული კიდევ უფრო მეტად დამწყდებოდა... მერე, კარგა ხანი არ ვაპირებდი ძაღლის მოყვანას. ვერ ჩავანაცვლებდი ბელკას სხვა ცხოველით.

GzaPressგასულ წელს თეთრი ძაღლი მოგვეკედლა: ფერდელა, ფეხაუცა და დაფეთებული. რაღაცით ჰგავდა ბელკას, ოღონდ ეს ჭამაზეა გადარეული, ის კი დინჯი იყო. ამ ცუგას კოჭლობა მის კვერცხიჭამიობას უკავშირდება. ყოფილ პატრონს ცემით გამოუგდია ეზოდან და ჩვენთან დამკვიდრდა. მოვიდა და აღარ წავიდა. არც ჭიშკრის ყურთამდე გაღებამ უშველა, არც დაცაცხანებამ. ცუგას გამოჩენის მერე, ლელო-ძაღლი მოგვიყვანეს, მეტისი ნაგაზი, რომელიც ნამდვილი დოყლაპიაა, მადიანად ჭამს და მსუქანია, უყვარს თამაში, ძილი და მოფერება. ეზოში შემოსულ ადამიანებს კეთილგანწყობით ხვდება, ნებისმიერს წინა ფეხებით მხრებამდე აეტოტება და ვალსის მოცეკვავესავით ჯერ თვალებში ჩახედავს, მერე - თითქოს რაღაც ადამიანისეულმა ცოდვის ამოკითხვამ გვერდზე გაახედაო, ტორებს ნელა ჩამოაცურებს მხრებიდან და ჩვეულ ადგილას წამოწვება... ცუგა კი პატარაა და მხრებამდე ვერავის სწვდება, მუხლებამდე აგეტორღიალება და ისეთი თვალებით შემოგხედავს, მთელი დღე რომ ჩაგაგდებს სინანულში... ორივე ძაღლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბელკა მაინც სხვა იყო, ბავშვობას პარალელურად გაყოლილი ერთგულება და სითეთრე.

კახა ნადირაძე: "ბაბუაჩემს ერთი ყავისფერი ძაღლი ჰყავდა. მე რომ დავბადებულვარ, მაშინ მოუყვანია მეგობრისაგან ჯერ კიდევ ლეკვი. დრათჰაარი იყო ჯიშით, მაგრამ არა სუფთა სისხლის. იმერეთში არავინ იტეხავს ენას გერმანული გამოთქმებით და დათხარს ეძახიან ამ ჯიშს. მოგეხსენებათ, ადამიანები, ძაღლის სახელებს დიდი რუდუნებით არ ვარჩევთ და ამ ძაღლსაც ჯიშის შესაფერი სახელი შეურჩია თურმე ბაბუამ - დათხარიას ეძახდნენ.

ერთ დღეს ბაბუამ ჩვეულად დაუდგა ძველ ტაფაზე ჩაი, შიგ ჩამბალი პურით. ზანტად წამოიზლაზნა დათხარია და უხალისოდ მივიდა საჭმელთან. ბაბუა ამბობდა, ძალიან უყვარს ჩაი და პური, თან ზაფხულშიც კარგია, ცხელი საკვები მალე გააგრილებსო. მთელი შვიდი წელი ასე ასაუზმებდა, ჩაცუცქული, თითქმის თავისი ხელით, თან ამბებს უყვებოდა. ახლაც, პურის ყუა ჩაის წყალს ზევით დარჩენილიყო დაულბობლად და ბაბუამ გადაწყვიტა, რომ ამოებრუნებია ეს ნატეხი და ჩაელბო. აიღო თუ არა პურის ნატეხი, დათხარიამ ერთი ბრაზიანად შეჰღრინა, ბაბუმ გაიცინა და ეს სიცილი შეაკვდა სახეზე! დათხარიას მისი ნახევარი მტევანი კბილებს შორის მოექცია და მთელი ძალით ჰკბენდა.

შეიქმნა ჩოჩქოლი, გნიასი, კეტების ტრიალი, დათხარიას დამუნათება, რომ გაეშვა პირი! ცალკე ლანძღვა და გინება იყო ყურში გაუგონარი!

როგორც იქნა, ყველანი დავმშვიდდით მას შემდეგ, რაც ბაბუას იოდით გადაწითლებულ ხელზე, თეთრი, ქათქათა სახვევი დავინახეთ. არ მტკივაო, - ბაბუ იხტიბარს არ იტეხდა. ხელზე უფრო, გული სტკიოდა. არა იმიტომ, რომ თავისმა აღზრდილმა ასე გაიმეტა, არამედ იმის გამო, რომ განაგონი ჰქონია ბავშვობაში, ძაღლი რომ პატრონს უკბენს, სიკვდილი აქვს ტანშიო. დიდი დღე არ უწერია ამ საბრალოსო, გვეუბნებოდა და დაკვირვებით ათვალიერებდა, რაიმე გარეგანი სენი იქნებ შევნიშნო და ვუშველოო. დათხარიას გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, შვიდი წლის ძაღლის პირობაზე იდგა ზუსტად, ჯანსაღად და ყოჩაღად. ვხუმრობდით, ვთამაშობდით, ვერთობოდით მე და ჩემი უმცროსი ძმა დათხარიასთან ერთად; ხანაც ის თავგამოდებით დასდევდა ქუჩაში ღორებსა და თხებს, ჩვენ კი ღობის კიდეზე დავდევდით ეზოდან შეძახილებით. ყველას მიგვავიწყდა ლამის კბენის ინციდენტი. ძაღლი ერთგულებას გვიმტკიცებდა და ბაბუმაც ლამის აპატია. თუმცა, ეჭვით უყურებდა მაინც. ცრუმორწმუნე (ასე რომ ვთქვათ) კაცი იყო ბაბუა და მეც დამჩემდა ეს. თუმცა, თავს იმართლებდა მოხუცი, მე, ბაბუ, ცრუმორწმუნე კი არ ვარ, იმის მწამს, რაც სხვისგან მომისმენია და მერე თვითონაც გამომიცდიაო.

ამ ამბიდან 20 დღეც არ იყო გასული. მთელი ოჯახი ერთად ვიყავით შეკრებილნი, ჩემი უმცროსი ძმის გარდა. უცებ ქუჩიდან დიდი ღრჭიალი და ხმაური მოისმა. ყველა ერთად გავცვივდით კარში, ოღონდ როგორ, არ მახსოვს! ვიფიქრეთ, რომ ჩემს 3 წლის ძმას მანქანა დაეჯახა. თუმცა, იგი ჭიშკარს მისდგომოდა, თითი წინ გაეშვირა და ჩვენკენ თავმოტრიალებული, სანახაობით თვალებამზევებული გვეუბნებოდა, დათხარია მაშინამ მოიქციაო..."

დაპირებული მოთხრობა GzaPress "მე მომიტაცეს. ქართული ნაგაზი ვარ, ბორა. მთაში ძაღლებს მკაცრი ცხოვრება აქვთ, მაგრამ მე გამიმართლა დაბადებიდან - ბავშვივით მანებივრებდნენ, შვილებში არ მარჩევდნენ და უჩემოდ ვერ ძლებდნენ. დიდ ოჯახში ვცხოვრობდი. ჩემი სახლი ერქვა იქაურობას და იმ მიდამოებში ყველა მცნობდა. იმ ღამით ყველას ეძინა, როცა თენგო მოადგა ჭიშკარს. არც დამიყეფია, ჩვენიანი იყო, მივედი და კალთაში ჩავუდე თავი. მარჯვენა ხელზე ნაჭერი ჰქონდა გადახვეული და უცნაური სუნი ასდიოდა ამ ჩვარს. ცხვირზე მისვამდა მარჯვენას და მეორით ყურებს მისრესდა. გულისრევა და თავბრუსხვევა ვიგრძენი... გამოფხიზლებულმა პირველად უცხო სუნი ვიგრძენი - თავი ავწიე, რომ ჰაერი კარგად შემეყნოსა და... ჯაჭვმა არ გამიშვა. გამიკვირდა, არასდროს დავუბივარ არავის! თვალებში ნელ-ნელა მიბრუნდებოდა ხედვა - ქვითკირის ღობე მოჩანდა მხოლოდ და მოშორებიდან უცხო ხმები ისმოდა. დავიყეფე. სამნი გამოჩნდნენ, კაცები; შორიახლოს დადგნენ და მიყურებდნენ. მივხვდი, კარგი არ ხდებოდა ჩემს თავს - გადავწყვიტე, ღირსეულად შევხვედროდი განსაცდელს. ავიქოჩრე და ლაშები ავად დავაღე, ყრუდ ვიღრინებოდი და ვაფრთხილებდი, არ მომკარებოდნენ. ერთი თვის მერე მიხვდნენ, არავის ვიგუებდი პატრონად და ხელიც ჩაიქნიეს. საღამოობით ცხვრის ბღავილი და ძაღლების ყეფა მესმოდა. შიგადაშიგ ძვლებს გადმომიყრიდნენ და ჭუჭყიან ჯამში სალაფავს ჩამისხამდნენ. სუფთა წყალი მენატრებოდა და ჩემების ხელით მოწვდილი ხორცის ნაჭერი! სად კვდები, "ბორა"! - სინანული გამკრავდა გულში და ჩემებზე ვდარდობდი. რა ეშველებოდათ აბა, უჩემოდ! ხშირ-ხშირად გავიწევდი ხოლმე, იქნებ გამეგლიჯა ეს დაწყევლილი ჯაჭვი! გავხდი. ჭუჭყიანი და გაბოროტებული ვიყავი. ახლოს რომ მომკარებოდნენ, არ დავინდობდი არც ერთს! თუმცა არა, გოგო ჰყავდათ ერთი - ცხვირაპრეხილი და ვარდისფერლოყებიანი; ზოგჯერ მოდიოდა და ჩაცუცქული მიყურებდა - ჩაცუცქულივე მოჩოჩავდა ჩემკენ, სანამ არ დავიღრენდი. ქადები მოჰქონდა ჩემთვის - დადებდა ძირს და მერე გრძელი ჯოხით მოაცურებდა ჩემკენ. ლილე ერქვა. მას ვერაფერს დავუშავებდი, თუმცა არ ვენდობოდი მაინც. სამი წელი დაბმული ვიყავი - ბეწვი გამცვივდა და კბილები დამიბლაგვდა. ზამთარში ძვლებში ატანდა სიცივე, მაკანკალებდა და სიზმარში ჩემს სახლს ვხედავდი - თინას გამოწვდილ ხელზე დაყრილ ნიგვზის ლებნებს...

ლილე გაიზარდა. ისე აღარ ეშინოდა ჩემი. მეც შევეჩვიე - მოდიოდა და თავისი პატარა ხელებით ცდილობდა ჯაჭვი დაეგრძელებინა როგორმე. ჩუმად მოიპარებოდა ჩემთან და ხელისგულებზე დაყრილ შაქრის ნატეხებს მაწვდიდა...

მესამე შემოდგომა ილეოდა. ზამთრის მოლოდინი დაბინდულ გონებას მიშფოთებდა და ძვლებში მამტვრევდა. ვგრძნობდი, ამ ზამთარს ვეღარ გადავიტანდი - 5 წლის ნაგაზი ბებერს ვგავდი ამდენი დარდით. თავისუფლებაზე ფიქრი კი მაინც არ მომშორებია. იმ საღამოს ლილე მოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ჩემს სადგომს ათჯერ მაინც შემოუარა, საყელური მრავალჯერ მომისინჯა გადახეხილ კისერზე - თავის წვრილ თითებს აყოლებდა რკინის რგოლებს და უცნაურად მიყურებდა. რა ვიცოდი, რომ ეს ტყვეობის ბოლო ღამე იყო!.. ჯერ ისევ ბნელოდა და მზის არც ერთი სხივი არ ჩანდა, როცა ლილე ფეხაკრეფით მომიახლოვდა. ორიოდე წუთი იწვალა ჩემს საყელურზე და ბოლოს რკინის საყელური პირდაპირ მის მუხლებზე დაეცა!.. ფრთხილად დადო მიწაზე, ჩამეხუტა ასე ჭუჭყიანს და გაწამებულს - სახლში წადი, პირდაპირ იარე სულ, - ჩამჩურჩულა და სახლის უკანა მხრიდან დიდ შარაგზაზე დამაყენა...

უკანასკნელი ძალებით მივქროდი დაღმართზე - შინ, შინ, შინ! ვიღლებოდი, ვწვებოდი ორიოდე წუთით და ისევ გავრბოდი!.. საღამოს ის ქედი გამოჩნდა, რომლის მერეც ჩემი სოფელი იწყებოდა... იმ ღამით ჩემს სახლში ვიყავი - წინ ჯამით ხორცი მედგა და თინა გადაგლეჯილ კიდურებზე მალამოს მადებდა. ყურებზე მეცემოდა მისი ცხელი ცრემლები და ვგრძნობდი, რა ბედნიერი ვიყავი! ჩემი სახლი, ჩემი ეზო და ჩემები - ყველა შემდეგი დღე სიხარულით სავსე! ბორა დაბრუნდა! - დუდუნებდნენ მთები. ბორა დაბრუნდა! - ფრთხიალებდნენ ჩიტები. ბორა დაბრუნდა! - მიღიმოდა სახლი...

P.S. ბორას სახლიდან ორმოციოდე მეტრში დაუმთავრებელი სახლი იდგა. შავოსანი ქალი გამოჩნდებოდა ხოლმე, ნელა ჩაივლიდა ბორას სახლთან, ჭიშკართან შეჩერდებოდა და ცრემლებს გადაყლაპავდა - აკი შენმა ცოდვამ უწია ამ ჩემს უბედურ შვილსაო, ჩაილაპარაკებდა და გასცდებოდა მესერს... თალხ კაბაზე პატარა მრგვალი გულსაბნევი ჰქონდა მიმაგრებული - თუ გახსნიდი, თენგოს ფოტო იყო შიგნით, ისეთივე, როგორიც მისი საფლავის ქვაზე..."

როლანდ ხოჯანაშვილი