"ჩვენი მიზანია, ყველა ცხოველს პატრონი ჰყავდეს" - გზაპრესი

"ჩვენი მიზანია, ყველა ცხოველს პატრონი ჰყავდეს"

დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და მათი პოპულაციის მართვაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ზრუნავს. ეს სააგენტო კიდევ არაერთი მიმართულებით მუშაობს, რის შესახებაც მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია გვესაუბრება.

- სააგენტოს რამდენიმე ფუნქცია აქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ნელ-ნელა შევამციროთ. ამას შესაძლოა 10 ან მეტი წელი დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგას. მოგეხსენებათ, მიუსაფარი ცხოველები მხოლოდ თბილისში არ არიან. ისინი მოძრაობენ ქალაქიდან ქალაქში, ზოგიერთ შემთხვევაში ქვეყნის საზღვარსაც კვეთენ. ბუნებრივია, ეს მდგომარეობას ართულებს. თუ გვინდა, სასურველი შედეგი მივიღოთ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოები ყველა რეგიონსა და ქალაქში უნდა მუშაობდეს. მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა შესაძლოა შევამციროთ თბილისში, მაგრამ შემოვიდნენ მცხეთიდან, რუსთავიდან... კონკრეტულ ტერიტორიაზე ძაღლების რიცხოვნობას საკვების რაოდენობა განაპირობებს. თუ ადგილზე არის იმის საშუალება, რომ 100 ძაღლი გამოიკვებოს, იქ აუცილებლად ამ რაოდენობის ძაღლი იქნება. როგორც კი საკვების რაოდენობა აღარ ჰყოფნით, მერე იწყებენ ბრძოლას და სხვა ძაღლს თავიანთ ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. სწორედ ამიტომ, ძაღლი, რომელიც არ არის აგრესიული, უბნიდან კი არ უნდა გავიყვანოთ, ადგილზე დავტოვოთ, რომ იქ სხვა ძაღლი არ შემოუშვას. ტერიტორიაზე ახალშემოსული ცხოველი უფრო აგრესიულია, მას თავი დამკვიდრებული არ აქვს, შეშინებულია.

- უბნიდან მიუსაფარი ძაღლების გაყვანის მოთხოვნით, მოქალაქეები ხშირად გირეკავენ?

- ჯერ კიდევ შემორჩენილია ძაღლები, რომლებიც არ არიან სტერილურები, ცოფზე აცრილები, არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია. ისინი მეტი რისკის მატარებლები არიან. ძაღლი, რომელსაც ყურზე საჭდე უკეთია, ნაკლებად საშიშია. ასეთები ხროვაშიც აღარ ერთვებიან. ის ძაღლები, რომლებსაც გამრავლების უნარი აქვთ, ხშირად ერთად მოძრაობენ და ხროვა გაცილებით საშიშია. ჩვენ ვებრძვით ხროვებს. ყოველ გამოძახებაზე მივდივართ და მდგომარეობას ადგილზე ვამოწმებთ.

GzaPress

- ეს ზარი ფასიანია? - უფასოა. ყველანაირ ხარჯს თბილისის მერია ფარავს. ჩვენ დღეში 18-20 ოპერაციას ვაკეთებთ (კასტრაცია, ჭრილობების დამუშავება, ამპუტაცია და ა.შ.). თვეში 600-მდე ოპერაცია კეთდება. გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანები უბნიდან ძაღლებს გვატანენ, გვთხოვენ გავასტერილოთ, ავცრათ და უკან დავაბრუნოთ. ბოლოს სამი თვის განმავლობაში, თავშესაფარში 1000-ზე მეტი ძაღლი შევიდა.

- მას შემდეგ, რაც ცხოველს თავშესაფარში ყველა საჭირო პროცედურას უტარებთ, მერე რა ხდება?

- პირველ რიგში ვუტარებთ ამბულატორიულ შემოწმებას. მას შემდეგ, რაც დავადგენთ, რომ ძაღლი ჯანმრთელია და შეიძლება ოპერაციის ჩატარება, ვამზადებთ საოპერაციოდ. რამდენიმე საათში ძაღლი უკვე მზად არის, დატოვოს თავშესაფრის ტერიტორია. ნაწილს გავაჩუქებთ, ნაწილს ისევ ქუჩაში ვუშვებთ. ჩვენ გვყავს საუკეთესო სპეციალისტები, თითოეულ ექიმს დაახლოებით 3-5 ათასი ოპერაცია აქვს გაკეთებული...

- როცა ძაღლი აგრესიულია, ამ შემთხვევაში როგორ იქცევით?

- აგრესიის რამდენიმე ტიპი არსებობს. შესაძლოა, ეს იყოს შიშით გამოწვეული აგრესია. თუ ძაღლი ქცევის კორექციას ექვემდებარება, მასთან კინოლოგები იწყებენ მუშაობას. თუ გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ძაღლს ფსიქიკური აშლილობა უდგინდება, ასეთ დროს ხდება მისი ევთანაზია... წლების წინ, თავშესაფარში მოხვედრილი ძაღლების ევთანაზიის რიცხვი 48% იყო, ახლა 25%-ია. ცხოველს გადარჩენის შანსი თუ აქვს, რა თქმა უნდა, მას ვმკურნალობთ, მაგრამ თუ იტანჯება და გამოჯანმრთელების შანსი არ აქვს, ევთანაზიის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ქუჩაში ძაღლს თუ ერჩიან და არის საფრთხე მოსახლეობამ ავნოს, მასზე იძალადოს, ვცდილობთ ტერიტორია შევუცვალოთ, ეს კი ძაღლისთვის სტრესთან არის დაკავშირებული. გარდა ძაღლებისა, თბილისის ე.წ. წითელ ზონაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აყვანასაც ვახდენთ. ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს ქვეწარმავლებზეც.

სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამაშველო სამუშაოები, ჩვენთან 52 მაშველი და 6 მთავარი სპეციალისტი მუშაობს. მხოლოდ გასულ წელს 420 სამაშველო ოპერაციის შედეგად, 500-მდე ცხოველი გადავარჩინეთ. ჩვენმა მაშველებმა ახლახან მტკვრიდან ძაღლი ამოიყვანეს. ამ ძაღლმა გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე იცურა, ძალიან დაღლილი იყო, ამოსასვლელს ვერ პოულობდა. მაშველებმა დროზე მიუსწრეს. შარშან ერთი ძაღლი მტკვრიდან, ერთ კვირაში ორჯერ ამოვიყვანეთ. ძალიან ხშირია ცხოველების ჩავარდნის ფაქტები თხრილებსა და ლიფტის შახტებში.

- მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს რომ "აპატიმრებთ", მერე რა ხდება?

- თუ ადგილზე პატრონის მოძიება ვერ მოხერხდა, საქონელიც თავშესაფარში გადაგვყავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ზონასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ინფორმირებული იყოს.

- თავშესაფრიდან საქონლის გამოხსნის ღირებულება რამდენია?

- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. გარდა იმისა, თითოეული დღე, რომელსაც საქონელი თავშესაფარში ატარებს, გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს თანხაც უნდა აანაზღაურონ. ძაღლსა და კატაზე სხვადასხვა ფასია. თუ კატა გამოგვყავს კერძო ტერიტორიიდან, მომსახურების ღირებულებაა 30 ლარი, ძაღლის - 40 ლარი. თუ საჯარო სივრცეა, თავშესაფარში უფასოდ გადაგვყავს.

- როცა ძაღლი ოჯახიდან იკარგება და თქვენს თავშესაფარში ხვდება, პატრონს რა სანქციები ეკისრება?

- ოჯახიდან დაკარგული ძაღლის პატრონმა კანონი დაარღვია, ძაღლი უმეთვალყურეოდ დატოვა (ჯარიმა პირველ შემთხვევაში 8 ლარია, გამეორებისას - 50). თუ პატრონი იმავე დღეს განაცხადებს, რომ ძაღლი დაკარგა და ეძებს, მაშინ ჯარიმას აღარ გადაიხდის. როცა შეტყობინება გვიან ფიქსირდება, ჯარიმა ამ შემთხვევაში იწერება. თუ ჩიპი აქვს, მაშველები პატრონს ადგილიდან უკრეკავენ და ძაღლის ადგილსამყოფელს ეუბნებიან. თუ არ აქვს, მერე ხვდება თავშესაფარში. კანონები იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ თავად ვიყოთ დაცულები.

GzaPress

- ცხოველთა მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრა. ამაზე რას გვეტყვით? - პრობლემა კანონში გვქონდა. ჩვენ დავიწყეთ ფიქრი კანონის გამკაცრებაზე, შევიმუშავეთ ვარიანტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შევათანხმეთ. ცვლილებათა პაკეტი გავაცანით პარლამენტს. ეს კანონი უფრო მეტად დაიცავს ცხოველებს... ვფიქრობ, ადამიანმა, რომელიც დღეს ცხოველზე ძალადობს, შესაძლოა ხვალ ადამიანებზეც იძალადოს. შარშან 11 აშკარა ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. იყო დამდუღვრები, ბლაგვი და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები. ერთ-ერთ დაჭრილ ძაღლს ოპერაციის დროს გული ორჯერ გაუჩერდა, მაგრამ გადარჩენა მაინც მოხერხდა. ბოლო პერიოდში სისასტიკე თანდათან იკლებს, საზოგადოება ცხოველების მიმართ სულ უფრო მგრძნობიარე ხდება.

- დღევანდელი მონაცემებით, თავშესაფარში რამდენი ცხოველი გყავთ?

- შარშან 700-ზე მეტი ცხოველი გავაჩუქეთ და 130-ზე მეტი პატრონს დავუბრუნე. დღევანდელი მონაცემებით, თავშესაფარში 287 ცხოველია, მათ შორის: 86 ზრდასრული ძაღლი, 117 ლეკვი, 21 კატა, 51 კნუტი და 2 ვირი, რომელიც წითელ ზონაში ავიყვანეთ. მათ პატრონმა არ მოაკითხა და სავარაუდოდ, აუქციონზე გაიყიდება.

- თავშესაფარში ოჯახიდან დაკარგულ ცხოველს რამდენი დღე ინახავთ?

- დაკარგული ცხოველის პატრონს 10 დღის განმავლობაში ველოდებით. ინფორმაციას ვავრცელებთ ვებგვერდის და სოციალური ქსელის საშუალებით. პატრონი თუ არ გამოუჩნდება, ვუტარებთ კასტრაციის ოპერაციას და ვუშვებთ ბუნებაში. განსხვავება ქუჩასა და სახლში გაზრდილ ძაღლებს შორის ძალიან დიდია. ოჯახში გაზრდილს უჭირს ქუჩაში ცხოვრება. არ აქვს უნარი საკვები მოიპოვოს, თავი გადაირჩინოს...

ვფიქრობ, ცხოველების კასტრაცია, სტერილიზაცია სოფლებშიც უნდა მოხდეს. ამ ოპერაციის შემდეგ, ძაღლი უფრო ჯანმრთელი ხდება, მამრებს აგრესია უმცირდებათ და უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მათ აღარ ხვდებათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მცირდება სიმსივნური დაავადებების რისკი. თბილისში აკრძალულია მეტისების გამრავლება. სახლში თუ გვყავს ძაღლი, რომელიც არის ჯიშიანი, მაგრამ არ ვართ მომშენებლები, ამ კატეგორიის ადამიანებს რეკომენდაციას მივცემ, ცხოველს კასტრაციის ოპერაცია ჩაუტარონ. ჩვენი მიზანია, ყველა ცხოველს ჰყავდეს პატრონი.

- ქვეწარმავლებზეც გკითხავთ, ახლა მათი აქტიურობის სეზონია. ამ მხრივ ქალაქში როგორი მდგომარეობაა?

- ამ ეტაპზე გამოძახებების რაოდენობა შემცირებულია. ეს მაინც ამინდზეა დამოკიდებული. რაც უფრო ცხელი დღეებია, მით მეტია გამოძახება. გარდა ამისა, თბილისის მერია და ჩვენი სამსახური, გამგეობებთან შეთანხმებით, ტერიტორიების დამუშავებას ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ხსნარით ვახდენთ - ის არ კლავს ქვეწარმავალს, მაგრამ აიძულებს, იმ ტერიტორიაზე არ შევიდეს. თუ ძლიერი წვიმა არ მოვიდა, მისი მოქმედების ვადა 1 თვეა. კერძო ტერიტორიებზე მომსახურება ფასიანია.

- დაჭერილი ქვეწარმავლები სად მიგყავთ?

- ჩვენ მათ დასახლებული პუნქტებიდან შორს ვუშვებთ, ნაკრძალებში, ტყეში... ბევრი საყვედურს გამოთქვამს, რატომ არ კლავთო? ცხოველთა სამყაროში არის ბუნებრივი ჯაჭვი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება, სადაც არ არის ქვეწარმავალი, იქ დიდი რაოდენობით ჩნდებიან მღრღნელები, რამაც შეიძლება სხვა პრობლემა წარმოშვას.

- ოჯახში ძაღლი თუ გყავთ?

- მყავდა, მაგრამ აღარ მყავს. ოჯახის წევრს ალერგია აღმოაჩნდა, რაც მისი გაჩუქების მიზეზი გახდა. სამაგიეროდ, ოფისში გვყავს კატა, რომელიც ყველა თანამშრომელს ძალიან გვიყვარს.

თამუნა კვინიკაძე