რას ჰყვება გერმანელი სამხედრო ქართველ სამშვიდობოებზე
font-large font-small
რას ჰყვება გერმანელი სამხედრო ქართველ სამშვიდობოებზე
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"

რამდენიმე წელია გერმანიის შეიარაღებულ ძალებში, ლოჯისტიკის სამსახურში მუშაობს. სამხედრო მზარეულობამდე ძალიან გრძელი გზა გაიარა, რადგან გერმანიაში, როგორც ნებისმიერ დეტალს, ამასაც უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან. ზოგჯერ, საერთაშორისო მისიებში წასვლამდე, გერმანიაში ჩასულ ქართველ სამხედროებსაც უმზადებს საკვებს და ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა ბაზაზე, ძალიან მაღალი დონის მომზადებას გადიან.
გერმანიის შეიარაღებული ძალების სერჟანტი რობერტ გიუნტერი კიდევ ერთი რამით არის ჩვენთვის საინტერესო - მას ქართველი მეუღლე ჰყავს, რომელიც წლებია, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მოძიებაზე მუშაობს და ამ საქმეში გერმანელი ქმარი ეხმარება. რობერტ გიუნტერს გერმანიაში ყოფნისას შევხვდი. აღმოჩნდა, რომ თავადაც აქვს სამხედრო გამოცდილება - სამშვიდობო მისიით 6 თვე კოსოვოში იმყოფებოდა, სადაც პირველად ნახა რეალური ომი...


- გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დავიბადე. ჩემი ქალაქი, კემნიცი ამ ზონაში მოხვდა. მშობლებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ადრე სამუშაო ადგილები იყო, ახლა კი ჩვენს ხალხში უმუშევრობამ იმატა და ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონს. თუმცა იმ წლების სხვა ბევრ მინუსთან ერთად, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩამწყვდეული ვიყავით, დასავლეთ გერმანიასთან ურთიერთობა თითქმის არ გვქონდა. იყო ოჯახები, რომლებიც კედელმა გაყო. არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ბერლინში ადამიანების სახლებიც კი გაყვეს და ოჯახი იძულებული ხდებოდა, სახლის რომელიმე მხარეს ეცხოვრა... რაც შეეხება ბერლინის კედელს, მისი გადალახვის მცდელობისთვის გესროდნენ. ალბათ ამან განაპირობა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას ერთმანეთთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს.
- რას გულისხმობთ?
GzaPress- თითქოს იმ წლებმა გაგვაუცხოვა. ძველი დროიდან შემორჩენილი ცოტა უკბილო ხუმრობაც კი მახსოვს, - დასავლეთ გერმანიის მოსახლეობა ირონიულად ეკითხებოდა კედლის აქეთ მცხოვრებ ხალხს, - თქვენთან ბანანი რა ღირსო?.. - ეს იმიტომ, რომ ჩვენკენ, ანუ მეორე მხარეს ბანანი საერთოდ არ იყო... აღმოსავლეთ გერმანიის ინფრასტრუქტურას, ქუჩებს და მშენებლობასაც დღემდე ეტყობა საბჭოური კვალი. თუმცა, ბოლო დროს ცდილობენ ამ კვალის წაშლას... დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის მენტალობაც განსხვავდება, ისევე, როგორც მათი შემოსავალი.
- სად უფრო უკეთესი ანაზღაურება აქვთ?
- დასავლეთ გერმანიაში შედარებით მაღალია ყოველთვიური შემოსავალი და ცხოვრების დონე, რაც ადრე დაუშვებელი იყო - ჰიტლერის დროს ვინ გაბედავდა შემოსავლების მიხედვით დაყოფას!.. სხვათა შორის, უფროს თაობას აქვს გარკვეული ნოსტალგია. ამბობენ, რომ მაშინ ამდენი კრიმინალი არ იყო და არც ამდენი უცხო ადამიანი ცხოვრობდა, არც იმ რაოდენობის დანაშაული ხდებოდა, რამდენიც ახლა ხდება.
- დრეზდენის ცენტრში ვნახეთ საბჭოური მოზაიკის კვალი. ასევე, თქვენს ქალაქში, კემნიცში არის კარლ მარქსის ბიუსტი.
- დიახ, კოლექტივი, მშვიდობა და კომუნისტური ტერმინები შემორჩა და აქციებს არ მართავენ მათ წასაშლელად, რადგან ეს ისტორიის ნაწილია, ხალხი ამას შეგნებულად უდგება... მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები მის სანახავად, ბერლინში ან სულაც, დრეზდენში, შუაგულ ევროპაში არის საბჭოური კვალი, რაც იზიდავს ტურისტს...
- თქვენს პროფესიაზეც გკითხავთ, მზარეულის კურსები გაიარეთ?
- გურმანი ვარ და კერძების მომზადება ყოველთვის მეხერხებოდა, მაგრამ სამწლიანი კურსები გავიარე და სწავლის პერიოდში, კიდევ უფრო მეტად მომინდა, ბევრი რამ დამეგემოვნებინა...
- შეიარაღებულ ძალებში როგორ აღმოჩნდით, კონტრაქტორი ხართ?
- 2008 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი. ორი წელი მომიწია იქ ყოფნამ, რადგან კოსოვოში მინდოდა წასვლა. ეს არის ქვეყნის სამხრეთით, ალბანეთთან ახლოს. იქ წასვლა ოცნებად მქონდა, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. ეს იყო პირველი კოშმარი ჩემს ცხოვრებაში. ჩრდილოეთ კოსოვოში, მიტროვიცის სამხედრო ბანაკში ვიყავი. იქ ნანახი არასდროს დამავიწყდება. ერთხელ, როდესაც ამერიკელები პატრულირებდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს. არ ვიცი, ვინ ესროდა, მაგრამ ძალიან შევშინდი, რადგან ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელსაც შევესწარი... იქ ჯარისკაცები უფრო ახლოს და შეკრულები ვიყავით, ვიდრე თუნდაც, სამშობლოში და ეს ძალიან მჭირდებოდა. ამასთან, მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა ხალხი კონფლიქტის ზონაში.
- როგორ ცხოვრობდნენ?
- მოსახლეობას ძალიან უჭირდა. ფაქტობრივად, სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ქუჩებში სიბინძურე იყო, ყველგან ნაგავი ეყარა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქვე, სახლებთან წვავდნენ. ხალხი შიმშილობდა... უმძიმესი სურათი იყო. ადამიანები რაღაცნაირად იმედით გვიყურებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ორმხრივი ცეცხლი შეწყდებოდა, მშვიდობა იქნებოდა... იქიდან დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდი სამოქალაქო სფეროში ვიმუშავე მზარეულად. მერე კი, შესაბამისი ფიზიკური მომზადება და ფსიქოლოგიური განათლება მივიღე, რათა საჭირო სტანდარტები დამეკმაყოფილებინა. შეიარაღებულ ძალებში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზის გავლამ მომიწია, - ფსიქოლოგი სპეციფიკურ კითხვებს მისვამდა, მაგალითად: ავღანეთში ხარ სამშვიდობო მისიით, შენ წინ დგას ბავშვი, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს, უნდა ესროლო თუ არა?..
- რა უნდა უპასუხო?
- გააჩნია სიტუაციასა და საბრძოლო პოზიციას, ანუ შენი და შენი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე თუ ემუქრება, უნდა ესროლო... ერთი სიტყვით, არაერთი მსგავსი ტიპის კითხვა დამისვეს. რაც უნდა კარგად იყო ფიზიკურად მომზადებული, არანაირი შანსი არ გაქვს, თუ კითხვებს სწორად არ უპასუხე. სამსაათიანი კომპიუტერული ტესტი, ზოგადი უნარები გვქონდა ჩასაბარებელი. ასევე ჩავაბარე გერმანული და ინგლისურის ენის გრამატიკა, ფიზიკა. ასე რომ, ახლა უფროსი სერჟანტი ვარ, გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ლოჯისტიკის სამსახურში ვმუშაობ. ჩემი ფუნქციაა ჯარისკაცების გამოკვება. როდესაც ყაზარმულზე მიდიან ან წვრთნებზე ქალაქგარეთ, ტყეში ან სულაც, საზღვარგარეთ - სწავლებებზე, მე და ჩემი კოლეგები მათთან ერთად ვართ...
გერმანელი ჯარისკაცის მენიუ ნატოს სტანდარტებით არის შედგენილი: პური, ძეხვი, კარაქი, ყავა, ჩაი, ხორცი, ბოსტნეული, ხილისა და ბოსტნეულის წვენი - ეს არის საველე პირობებში დილის საუზმე. სადილზე, ჩვენ მიერ მომზადებულ საკვებს ჯარისკაცები ილაგებენ პაკეტებში, უფრო მეტად სენდვიჩებს, რის მომზადებაშიც დრო არ დაეკარგებათ. ასევე, მიაქვთ წყალი, ლიმონათი, შოკოლადი. ჩვეულებრივ დროს, ჩვენ მათთვის ვამზადებთ ნოყიერ და კალორიულ საკვებს. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება.
აქვე გეტყვით, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დიდია ქალების აქტივობა, თუმცა, მათი უმეტესობა სამედიცინო დეპარტამენტშია გამწესებული. საბრძოლო მოქმედებებში ძალიან ცოტა ქალი მონაწილეობს.
- ქართველ ჯარისკაცებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- კი, არაერთხელ. სამშვიდობო მისიებში წასვლამდე, მათი სამხედრო გადამზადება აქ ხდება. ისინი საკმაოდ კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიან გერმანიაში. მე მინახავს, როგორ მონდომებით ეუფლებიან ცოდნას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს ჯარებს ავღანეთში ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ და ამ ყველაფერს ქართველებს უზიარებენ.
- ვიცი, რომ საქართველოში არაერთხელ ხართ ნამყოფი. როგორც პროფესიონალი მზარეული, რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?
- ძალიან კარგია, რომ საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძი აქვს და რაც მთავარია, ცოცხალ, ანუ ახალმომზადებულ კერძებს მიირთმევთ. თუმცა, ევროპული კერძების ფონზე, ჩვენთვის ცოტა არ იყოს ცხიმიანი საკვები გაქვთ, მაგრამ მრავალფეროვანია და საინტერესო. საერთოდ, საქართველო ძალიან ლამაზი, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, იმდენად მრავალფეროვანია, შეგიძლია ერთ დღეს ზღვაზე გაირუჯო და საღამოს მთაში ახვიდე, სადაც თბილად ჩაცმა მოგიწევს... ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, ხილიც კი ძალიან ბევრნაირი გაქვთ, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც სტუმართმოყვარეობას გამოვარჩევდი, ალბათ მხოლოდ თქვენთან შეიძლება ადამიანმა კომფორტულად იგრძნოს თავი უცხო საზოგადოებაში. ისე, გერმანელებიც საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, მაგრამ ამ მხრივ ქართველებს ვერ შევედრებით. საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო და ამას ყველას ვეუბნები.
- ქართველ მეუღლეს აშკარად კარგი კუთხით გაუცნია თქვენთვის სამშობლო.
- დიახ, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ საქართველოში და სულ უფრო ხშირად ვფიქრობთ, ხომ არ გადმოვიდეთ საცხოვრებლად... რაც შეეხება, კონკრეტულად ჩემს მეუღლეს, ის თარჯიმნად მუშაობს, თუმცა მისი ჰობი ძალიან საამაყო ჩემთვის, მეგი დამოუკიდებელი ძალებით ეძებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს, რომელთაც ოჯახები წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. მან ძალიან ბევრს აპოვნინა ოჯახის წევრი, ახლობელი და ნათესავი. მე ვნახე მათი ემოციები. ძალიან თბილი და გულისხმიერი ხალხი ხართ ქართველები, თუნდაც უცნობი და წლების წინ დაკარგული უფროსების მიმართ დამოკიდებულებით. იმას, რასაც ახლა მეგი აკეთებს, პრაგმატულად თუ შეხედავ, ალბათ, წარმოუდგენელია, ამ რთულ პერიოდში დაუთმო დრო, ფინანსები და ძალისხმევა სხვების მიცვალებულების ძებნა - ეს ყველას არ შეუძლია. თუმცა, საზღაურია ის მადლიერება, რასაც ის კონკრეტული ოჯახის წევრებისგან იღებს. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, გერმანელებს საამაყო მაინცდამაინც არაფერი გვაქვს, თქვენგან, ქართველებისგან განსხვავებით. ჩვენ არც ისე კარგი პოზიცია გვეჭირა და როდესაც მეგი ამ საქმის გაკეთებას შეუდგა, მე ჩემი მხრიდან შევეცადე მისთვის მხარი დამეჭირა, ეს ერთგვარი კეთილშობილური ჟესტი მგონია გერმანიის შვილის მხრიდან.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი