ჯართში ჩაბარებული სამუზეუმო ექსპონატები და "კომეტების ქართული ქალაქი" - გზაპრესი

ჯართში ჩაბარებული სამუზეუმო ექსპონატები და "კომეტების ქართული ქალაქი"

"ფოთის გემთსაშენი ქარხნის პროექტი ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს განიხილებოდა! ქარხანა უნდა ყოფილიყო ნავსადგურის აკვატორიაში... გემთსარემონტო ქარხანა ფოთში 1935 წელს გაიხსნა. 1941 წელს კი იქ ევაკუირებულ იქნა სევასტოპოლის სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო-გემთსაშენი ქარხანა. ფაქტობრივად, ამ დღიდან იწყება ქარხნის ისტორია... საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის წყალქვეშა სწრაფმავალი კომეტა ფოთში რომ იწარმოებოდა და ექსპორტზე მთელ მსოფლიოში გაჰქონდათ", ფოთში მცხოვრები ალექსანდრე ქავთარაძე გემთსაშენი ქარხნის შესახებ უნიკალურ ცნობებსა და ფოტოებს გვაწვდის... მისი ბაბუა - გივი გიორგის ძე ქავთარაძე ფოთის გემთსაშენი ქარხნის სამეურნეო განყოფილების უფროსი, მთავარი დისპეტჩერი, პროფკავშირის თავმჯდომარე, საამქროს უფროსი, სამამულო ომის ვეტერანების კომიტეტის თავმჯდომარე იყო...

1935 წელს არც სპეციალისტები ჰყავდა ქარხანას და მარტო ნავსადგურის ფლოტის გემებს არემონტებდნენ. სამაგიეროდ, ჰყავდათ თავიანთი საფეხბურთო გუნდი. 80-იან წლებამდე ქარხანაში საინჟინრო ბირთვს წარმოადგენდნენ ფოთში სევასტოპოლიდან ჩასული ეთნიკურად ებრაელები: რაიბერი, ციტოლოვსკი, ზელცერი, რაბინოვიჩი, კლეინერი, შუსტერმანი, ბახმანი და მრავალი სხვა.

წყალქვეშაფრთოსანი სწრაფმავალი საზღვაო სამგზავრო ხომალდი შეიქმნა გორკის გემთსაშენი ქარხნის (წითელი სორმოვოს) საკონსტრუქტორო ბიუროში აკადემიკოს რასტისლავ ალექსეევის მიერ, 1961 წელს... 1962 წლიდან იწარმოებოდა ფეოდოსიასა და ფოთში. 1961-91 წლებში ფოთის გემთსაშენ ქარხანაში ასამდე კომეტა შეიქმნა... ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულ იქნა ხომალდი კომეტა, იყო აშშ, გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია, იაპონია, თურქეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ფინეთი, ვენესუელა... 1981 წლიდან იწარმოებოდა ახალი ტიპის ხომალდი "კოლხიდა".

GzaPress

- რით განსხვავდებოდა "კოლხიდა" სხვა კომეტებისგან? - "კოლხიდა" შედარებით კომფორტული და ეკონომიური იყო. მთავარი ძრავები გერმანული ჰქონდა და ა.შ. 1981-92 წლებში ფოთის გემთსაშენმა ქარხანამ 40 ეგზემპლარი გამოუშვა. გაიზარდა ქვეყნების რაოდენობა, სადაც ექსპორტირებულ იქნა "კოლხიდა". მიიღო ჯილდოები: სსრკ-ის საზღვაო რეგისტრის უმაღლესი შეფასება. პირველი ადგილი ანალოგიური კლასის ხომალდებში საერთაშორისო გამოფენაზე; 1980 წელს წილად ხვდა საერთაშორისო პრემია - "ოქროს მერკური", ლოიდის აღიარება...

ახლაც გვხვდება "კოლხიდა" საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთსა და ბულგარეთში.

- ალბათ, მერე კიდევ ბევრი შეიქმნა...

GzaPress - დიახ და აქვე დავასახელებ ერთადერთ ალბატროსს, რომელიც 1987 წელს შეიქმნა - ის მესამე და უკანასკნელი თაობის ხომალდი იყო... პირველი კომეტა საპატიო ადგილას იდგა! შემდეგ სამწუხაროდ, ჯართში ჩააბარეს. არადა, შეიძლებოდა მუზეუმის გახსნა, იქ ერთი პერიოდი კაფეც იყო... იმდენად განუკითხაობა იყო 1995 წელს და ზოგადად, 90-იანებში, რომ ქარხანა მთლიანად გაანადგურეს და ჯართის ფასად გაყიდეს. საამქროები, საწყობები დაანგრიეს. ამწეებიც ჯართში ჩააბარეს. უნიკალური ჩარხები "კაპიკებად" ირანსა და თურქეთში გაყიდეს, მშრალი დოკი თურქმა იყიდა. განადგურდა ტექნიკური ბიბლიოთეკა - 20 ათასი ტომი! ამ ყველაფერს ბაბუა რომ მოსწრებოდა, გული გაუსკდებოდა...

ორად ორი ქარხანა იყო საქართველოში, რომელსაც სიზუსტის მეორე კლასი ჰქონდა მინიჭებული - ავიამშენი და გემთსაშენი. ფოთის გემთსაშენი ქარხნის პროექტი ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს განიხილებოდა! ის უნდა ყოფილიყო ნავსადგურის აკვატორიაში. გემთსარემონტო ქარხანა ფოთში 1935 წელს გაიხსნა. 1941 წელს კი ამ ქალაქში ევაკუირებულ იქნა სევასტოპოლის სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო-გემთსაშენი ქარხანა. ფაქტობრივად, ამ დღიდან იწყება ქარხნის ისტორია. სამამულო ომის პერიოდში გაარემონტეს 200-მდე გემი, 1410 მუშაკი დაჯილდოვდა სხვადასხვა ჯილდოთი. 1944 ქარხანამ დამოუკიდებლად ააშენა სამხედრო გემი, საესკადრო ნაღმმტყორცნი და ამ დღეს გემთმშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. 1950-იან წლებში ძირითადად არემონტებდნენ სამხედრო და შავი ზღვის ფლოტის გემებს, ასევე ჩრდილოეთ ფლოტის ვეშაპმჭერებს. 1960 წელს გემთსარემონტო ქარხანა ორჯონიკიძის სახელობის გახდა...

ფოთის გემთსაშენი ქარხანა ასევე აწარმოებდა სარეწ ბოტებს (დიდი ზომის ალუმინის სათევზაო კატერი). ბაკლანმა საერთაშორისო გამოფენაზე დიდი აღიარება მოიპოვა.

დაბოლოს, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, 1989 წელს პირველად საბჭოთა კავშირში, ქარხანამ შექმნა ალუმინის საოკეანო მაქსიკლასის იახტა "ფაზისი".

მანანა გაბრიჭიძე