"საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული დროშა ზედმეტად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის" - გზაპრესი

"საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული დროშა ზედმეტად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის"

28 წლის ფერეიდნელ ნიკა რამიშვილს საქართველოში ჯერ ყველაფერი არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ სვანეთმა და მაღალმთიანმა აჭარამ განსაკუთრებით მოხიბლა. ფერეიდანში მას სინას ეძახდნენ, გვარად რაჰიმი იყო. შეუძლებელია, ემოციებისა და ცრემლების გარეშე უსმინო ამ ახალგაზრდა კაცს - განუზომელი ტკივილი იგრძნობა მის თითოეულ სიტყვასა და სამშობლოს სიყვარულში, სამშობლოდ კი საქართველო აურჩევია.

- დავიბადე და გავიზარდე ფერეიდანში, სოფელ მარტყოფში. ეს სახელი სოფელს დაარქვეს, რადგან ქართველები მარტონი იყვნენ იმხელა ქვეყანაში - მარტო ყოფნა, აქედან წამოვიდა სახელწოდებაც. მშობლები და და-ძმა ამჟამად ისპაჰანში ცხოვრობენ, ბებია და პაპა კი ფერეიდანში.

GzaPress- მომიყევი, როგორ იზრდებოდი და რას გეუბნებოდნენ საქართველოს შესახებ?

- ბავშვობიდანვე, როცა ქართველობასა და საქართველოზე მელაპარაკებოდნენ, სულ სხვანაირი ემოციები მქონდა. შეიძლება, ქართული კულტურა და ტრადიციები ზედმიწევნით ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ რაც მთავარია, ქართული სული და სამშობლოს სიყვარული არ დაგვიკარგავს. მე რომ დავიბადე, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ და მასწავლეს ისევე, როგორც მამაჩემს ასწავლეს თავის დროზე. პაპას მელიქი ჰქვია, მწერალია. პროფესიით მათემატიკოსია, მასწავლებლად მუშაობდა, ერთხანს სკოლის დირექტორიც გახლდათ, მოკლედ, სულ განათლების სფეროში ტრიალებდა. მას 4 წიგნი აქვს გამოცემული საქართველოზე, ირანისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. სულ მეუბნებოდა, ჩვენი ისტორია უნდა გაგრძელდეს, ქართველობა აქამდე შევინარჩუნეთ, ვოცნებობდი საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ვერ შევძელი, მერე ჩემს შვილს ვთხოვდი და ვერც ის დაბრუნდა, ახლა კი შენი ჯერია და ეს უნდა შეძლოო. თუ მაინც ვერ მოახერხებ, შენს შვილებს უნდა ჩააგონო, რომ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდნენო. ეს არ არის ზღაპარი, ეს არის ტკივილით სავსე რეალობა. 400 წელია გასული და ახლაც რომ მობრძანდეთ, იქ ყველა ქართულად ლაპარაკობს. მახსოვს, ქართველებმა თავიანთი ხარჯებით გააკეთეს ძეგლი, ქართული ასოებით და ისეთი ბედნიერები იყვნენ, ვერც წარმოიდგენთ. მთავარ მოედანზე დადგეს, მაგრამ იმავე ღამეს აიღეს სამართალდამცველებმა.

- როდის გაგიჩნდა საქართველოს ნახვის სურვილი?

- 4 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად ისპაჰანში გადავედით, მშობლებმა ასე გადაწყვიტეს. იქ დავამთავრე სკოლაც, უნივერსიტეტიც. მეგობრებიც ძირითადად, ირანელები მყავდა. არ ვიცი, ალბათ სისხლსა და გენში გვაქვს სამშობლოს სიყვარული. არ მახსოვს, როდის ან რატომ გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი აქ დაბრუნებისა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. უნივერსიტეტში სწავლისას თან ვმუშაობდი, ჩემი ბიზნესიც მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვუყურებდი, როგორც დროებითს. ირანში სანამ ჯარს არ მოიხდი, საზღვარს ვერ გადაკვეთ. ესეც ერთგვარი შეზღუდვა იყო ჩემთვის, მაგრამ ჯარიც მოვიხადე. ბევრს უკვირდა, აქ დაიბადე და გაიზარდე და რატომ გინდა საქართველოში წასვლაო? ჩემი პასუხი ასეთია: დიახ, იქ გავიზარდე და დავიბადე, მაგრამ ეს არ მომხდარა ჩემი სურვილით, ჩვენი არჩევანი არ ყოფილა!

- მშობლები რას გეუბნებოდნენ?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა დედას უნდა შვილი ახლოს ჰყავდეს, დედას ერთხელაც არ უთქვამს, არ წახვიდე ან იქ რა გინდაო? თუმცა, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, სულ მოწყენილი იყო. ჩემამდე მოსული ისტორია მე უნდა გამეგრძელებინა - ეს ზუსტად ვიცოდი და დედამაც იცოდა, რომ აუცილებლად ასე მოხდებოდა. ვფიქრობდი, თითქოს წინაპრები, საუკუნეების მანძილზე სამშობლოში დაბრუნებაზე რომ ოცნებობდნენ, ჩემს იმედად იყვნენ, მარტო მე არ მეკუთვნოდა ჩემი ცხოვრება.

- პაპა თუ მოესწრო შენს საქართველოში დაბრუნებას?

- კი, ახლა 84 წლისაა და ყოჩაღად გამოიყურება. ისეთი აქტიურია, ახალგაზრდებს შეშურდებათ. ბებია და პაპა ზაფხულში ფერეიდანში არიან ხოლმე და ზამთარში - ისპაჰანში, რადგან იქ ძალიან ცივა. უხარია, მაგრამ მათთან რომ აღარ ვარ, თან გულიც სწყდება. აღარ გინდა ჩამოსვლაო? - მეკითხება ხოლმე. ორჯერ ჩამოვიყვანე აქეთ. ადრეც იყო საქართველოში ნამყოფი. მამა და დედაც ჩამოვიყვანე აქაურობის სანახავად. დედა გვარად ონიკაშვილია, მათემატიკის მასწავლებლად მუშაობს, მამა კი მეფუტკრეობას მისდევს. ჩემი და 12 წლისაა, ძმა 22-ის, სტუდენტია, არქიტექტორის პროფესიას ეუფლება. პირველად რომ ჩამოვიდნენ, ჩემს დას აღარ უნდოდა უკან წასვლა, ტიროდა, დამტოვეთო. ჩემმა ძმამაც მიიღო მოქალაქეობა და არ ვიცი, სამომავლოდ რას გადაწყვეტს.

- პირველად როდის მოინახულე საქართველო?

- პირველად 2014 წელს ჩამოვედი ჩემს მამიდაშვილთან და ორ ირანელ მეგობართან ერთად. იმ დროს საზღვარზე კი აღარ აძლევდნენ ვიზას, არამედ ირანში, საელჩოში უნდა აგეღო და ამ პროცედურებს 2-3 კვირა სჭირდებოდა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, მანქანით წამოვსულიყავით. როგორ შეიძლება ჩემს სამშობლოში არ შემიშვან, როცა ამხელა სიყვარული მაქვს-მეთქი, ვფიქრობდი, ყველაფერი შესაძლებელი მეგონა. გზად უკან მობრუნებულ მანქანებსა და ავტობუსებს ვხედავდით. ყველა გვეუბნებოდა, საზღვარზე ვერ გადახვალთო. თუ არ შეგვიშვეს, უკან დავბრუნდებით და ეგ იქნება-მეთქი, ვფიქრობდი. შორიდანვე დავინახე საქართველოს დროშა. ეს იყო მომენტი, რომელიც აღარასდროს განმეორდება ჩემს ცხოვრებაში - ასეთი ემოცია არასდროს მქონია. დროშების მეტი რა მქონდა ჩემს ოთახში, მაგრამ ეს იყო პირველი დროშა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული და ამიტომაც, ჩემთვის ზედმეტად შთამბეჭდავი. ერთი სიტყვით, ჯერ ჩემი მეგობრები მივიდნენ მესაზღვრეებთან და უარი უთხრეს, ვიზა არ გაქვთ და ვერ შეგიშვებთო. აღდგომის დღეები იყო. ქრისტე აღდგა-მეთქი, მივესალმე მესაზღვრეებს. ქართული საიდან იციო? - გაუკვირდათ. ქართველი ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, გაუხარდათ და ყველაფერი გამომკითხეს, დამეხმარნენ კიდეც. მათი წყალობით ვიზები ოთხივეს მოგვცეს. იქიდან დაიწყო ჩემთვის სამშობლოს შეცნობა. 5 დღე დავრჩით მაშინ, მერე კიდევ რამდენჯერმე ჩამოვედი, 2016 წელს კი საბოლოოდ გადავწყვიტე აქ ცხოვრება. ოჯახში ვერავის გავუმხილე ეს ამბავი. ძნელი იყო იმის თქმა, რომ საბოლოოდ მოვდიოდი და აღარ დავბრუნდებოდი. რამდენიმე დღით მივდივარ-მეთქი, ვთქვი სახლში. დედა მოწყენილი იყო და ვკითხე, რატომ დარდობდა. შეიძლება, აღარ დაბრუნდეო, - მითხრა. კარგად ვერც დავემშვიდობე ჩემებს. სხვანაირად არ შემეძლო, ჩემი მომავალი აქ არის.

- მოგეწონა აქაურობა, ხომ?

- როდესაც რომელიმე ქვეყნისა თუ ადგილის ნახვა გინდა, გარკვეული წარმოდგენა გაქვს მასზე და ფიქრობ, რომ იქაურობა ლამაზი იქნება. ზოგჯერ კი აღმოაჩენ, რომ არც იმდენად კარგი არ ყოფილა. საქართველო აღმოჩნდა ის ერთადერთი ქვეყანა, წარმოდგენილზე უფრო ლამაზად და თვალწარმტაცად რომ მომეჩვენა. ავტობუსით 36 საათი სჭირდება მგზავრობას და ვერც ვგრძნობდი დაღლას, როცა აქეთ მოვიჩქაროდი. აი, აქედან წასვლა კი არასდროს მინდოდა...

- ნიკა, აქ როგორ ცხოვრობ და რას საქმიანობ?

- არასდროს მიფიქრია, რომ თუ საქართველოში სამსახურს ვერ ვნახავდი, უკან დავბრუნდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რაღაცას გავაკეთებდი. ფანდურზე ვუკრავ, ვმღერი და ხუმრობით ვამბობდი, ფანდურზე დავუკრავ ქუჩაში, ან რესტორანში მიმტანად დავიწყებ მუშაობას, მაგრამ უკან მაინც არ დავბრუნდები-მეთქი. 6-7 თვე ირანელების ტურისტულ კომპანიაში ვიმუშავე. სულ მინდოდა, რამე სხვა მომეძებნა. ამჟამად შსს-ს თარჯიმანი ვარ. თარჯიმანთა კერძო ბიუროც გავხსენი.

GzaPress

- ცოლად ქართველის მოყვანას აპირებ? - რა თქმა უნდა, სხვა ეროვნების ქალზე არც ვიფიქრებ. ჯერჯერობით არავისზე ვფიქრობ, მაგრამ ვიცი, რომ ის, ვისზეც არჩევანს შევაჩერებ, აუცილებლად ქართველი იქნება.

- ფანდურზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლე?

- მამა ახალგაზრდობისას მღეროდა და როგორც ჩანს, მისგან გამომყვა ეს ნიჭი. გიტარაზეც ვუკრავ. პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, ფანდური მაშინ ვიყიდე, ვისწავლი-მეთქი, მაგრამ გამიჭირდა. მერე ერთმა ფერეიდნელმა მეგობარმა, რომელიც ჩემზე ადრე ჩამოვიდა აქ, შემომთავაზა, გასწავლიო და მართლაც, "სკაიპით" მასწავლა.

- რა დააგემოვნე აქ ისეთი, რაც გასინჯული არ გქონდა მანამდე?

- ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ ხინკალი მაინც სხვაა. ფერეიდანში ადრე არ იცოდნენ ხინკლის მომზადება. ამიტომ, როცა ირანში ჩავდიოდი, სულ მენატრებოდა და როგორც კი საქართველოში ვბრუნდებოდი, პირველსავე რესტორანში მივირთმევდი. მკითხეთ, ღვინო თუ მოგწონთო და როგორ შეიძლება არ მომწონდეს? სხვათა შორის, იქ, ჩვენთანაც, ყველა ოჯახში მოიძებნება ღვინო და არაყი.

- ფერეიდნელების საერთო განწყობა როგორია, ბევრს აქვს აქ ცხოვრების სურვილი?

- მაგალითად, ბიძაჩემი უკვე 2 წელია, რაც აქ ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. მე რომ დავბრუნდი, მას შემდეგ გადაწყვიტა ჩამოსვლა. ძალიან კარგად და თბილად მიგვიღეს აქაურებმა. როგორ გითხრათ, ბევრს უნდა დაბრუნება, მაგრამ ვერ ბედავენ. ბევრსაც არ უნდა, იქ ნორმალურად ცხოვრობს და არც ნოსტალგია აწუხებს...

ნინო ჯავახიშვილი