ადამიანი, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირების გამო რუსთაველზე თავი დაიწვა - გზაპრესი

ადამიანი, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირების გამო რუსთაველზე თავი დაიწვა

თბილისში მიტინგები, არეულობა, დაპირისპირება, დაუნდობლობა - არახალი თემაა. წლების წინ სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად, 1991 წლის 19 სექტემბერს, ახალგაზრდა ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამაღელვებელ და საზარელ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. "თუ ქართველთა შერიგებასა და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, ღმერთმა ქნას - ბოლო. შვილო, მაპატიე, ვიცი, გამიგებ", - ეს არის გიას წერილი ოჯახისადმი, რომელიც მან ბარიკადებზე დატოვა. რუსუდან მშვენიერაძე იხსენებს მეუღლეს, იმდროინდელ პერიპეტიებს და დღევანდელ დღესაც ეხმიანება.

GzaPress- გია კარდიოლოგი იყო, სამ ადგილას მუშაობდა და მიტინგებზე მთელი დღით ყოფნის დრო არ ჰქონდა. თან, ძალიან ხშირად მორიგეობდა სამშობიაროში, მოწოდებით ნამდვილი ექიმი გახლდათ. თავისუფლების მოედანთან ახლოს ვცხოვრობდით (ახლა იქ გია აბესაძის ქუჩაა) და ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. იმ მიტინგებზე მე უფრო დავდიოდი და ისედაც, ძალაუნებურად, სამსახურში მისვლა-მოსვლა მიტინგების გავლით მიწევდა. კონსერვატორიაში წლების მანძილზე ბიბლიოთეკარად ვმუშაობდი. გიას თუ დრო ჰქონდა, მოდიოდა ხოლმე, ჩემზე ნერვიულობდა და თან, სიტუაციაც აინტერესებდა. როცა მიტინგებზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, საშინელი ზიზღი და აგრესია გამეფდა, სახლში ხშირად ვსაუბრობდით, რომ ნუთუ არ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ორივე მხარეს გონს მოიყვანდა. სწორედ წინა დღეებში, გიამ ჩეხი იან პალახი გაიხსენა. პიროვნება, რომლის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლს ძალიან აფასებდა. იანმა თავი დაიწვა და ასე გამოხატა პროტესტი 1969 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების ოკუპაციის წინააღმდეგ. სხვათა შორის, მის ხსოვნას დღემდე დიდ პატივს მიაგებენ.

- უშუალოდ 19 სექტემბერს რა მოხდა?

- სახლში იყო გია, ისვენებდა. მასთან მეგობრებმა შემოიარეს, ჩემი მამიდაშვილიც მოვიდა. ბიჭებმა თქვეს, მიტინგზე წავალთო. ეტყობა, წინათგრძნობამ მიკარნახა, არ გამეშვა. კარში გადავუდექი და კატეგორიულად მოვთხოვე, არ წასულიყო. ასეთი რამ მანამდე, არასოდეს გამიკეთებია. გიას გაეცინა, ჩემს ცოლს როგორ ვყვარებივარო, - იხუმრა. ხალასი ადამიანი იყო, საოცარი იუმორი ჰქონდა. სადილისთვის სუფრა უნდა გამეშალა და რაღაცას ვამზადებდი, ჩემი მამიდაშვილიც მეხმარებოდა. კარის ხმა გავიგონე, ვიფიქრე, ბიჭები მაინც წავიდნენ-მეთქი. გამოვედი და ყველა იქ დამხვდა, გიას გარდა. მითხრეს, შენთან გამოვიდა სამზარეულოში, ასე თქვა, - მივეხმარებიო. მივხვდით, რომ გაიპარა. მერე ჩვენც გავედით რუსთაველზე. ვინაიდან პირველ სკოლასთან გზა ავტობუსებით იყო ჩახერგილი, იქვე, მთავრობის სასახლესთან გავჩერდით. გია ამ დროს, უკვე იქითა მხარეს იყო გადასული, ლაღიძის წყლებთან იდგა. ჩვენ საღამოს 9 საათამდე ვიდექით მიტინგზე, გიამ თავი 7-ზე დაიწვა და წარმოიდგინეთ, არაფერი გაგვიგია. იქამდე 200 მეტრი იქნება დაახლოებით და ძალიან მიკვირს, მაგრამ ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. სახლში დავბრუნდით და გია ისევ არ ჩანდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მთავარი ექიმი მისი მეგობარი იყო, გია ხშირად რჩებოდა ექიმებთან რუსთაველზე მდებარე შტაბში. ალბათ, იქ ტრიალებს-მეთქი, ვიფიქრე. ეს გიასთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ღამის პირველ საათზე მისი ბიძაშვილი მოვიდა და გვითხრა, გია დამწვრობის ცენტრშიაო. მეგონა, ვიღაცას გაჰყვა, როგორც ექიმი. წავედით და გზაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისეთი არაფერი ხდებოდა. იქ უკვე ფაქტის წინაშე დავდექით, 80% ჰქონდა შინაგანი დამწვრობა. მასთან არავის უშვებდნენ და სიმართლე გითხრათ, ამის სურვილიც არ მქონია. 21 სექტემბერს, დილის 9 საათზე გია გარდაიცვალა...

- როგორ ფიქრობთ, მისი გადაწყვეტილება სპონტანური იყო?

- არა, ბოლო ხანს სულ კრიზისიდან გამოსვლის შესახებ საუბრობდა. ორი დღით ადრე, ზუსტად იმ ადგილას გამოვიარეთ, სადაც თავი დაიწვა. ეს იყო ბორჯომის წყლების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, რომლის მოპირდაპირედ იყო ედპ-ის შტაბი. გია იცნობდა ერთ ზესტაფონელ ბიჭს, ამ პარტიის წევრს და ამბობდა: შტაბში უნდა შევიდე და გავიგო, რას ფიქრობენო. მისი გარდაცვალების მერე სახლში გაზეთი "თბილისი" ვნახე, წინადღეს კითხულობდა. ერთი სტატია იყო გლადიატორების შესახებ. ჟურნალისტი წერდა, რომ ძველ რომში გლადიატორების ბრძოლას მოხუცი კაცი შეეწინააღმდეგა, რომელიც პროტესტის ნიშნად, ბრძოლის დროს შუაში ჩადგა. ის მოხუცი მოკლეს. ამ ფაქტის შედეგად, გლადიატორების ბრძოლა აიკრძალა. წერილი ასე მთავრდებოდა: "სად ხარ მოხუცო, რომ მოხვიდე ჩვენთან და ამათ შორის, ცეცხლივით აენთო". ჩემი აზრით, ამ სტატიამაც თავისებური ბიძგი მისცა. ბენზინისთვის სახლიდან ორკილოიანი ქილა წაიღო და რად გინდა-მეთქი, რომ ვკითხე, ზეთს მოვიტანო. ვიღაც ბიჭისთვის უთხოვია ბენზინის ჩასხმა, მანქანის ჩაქრობა მოიმიზეზა. სამწუხაროდ, მისი თავის გაწირვით არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ, მაინც გულუბრყვილო ადამიანი იყო, რადგან ეგონა, რომ მის საქციელს შეიძლებოდა შედეგი მოჰყოლოდა.

- გიას რა უყვარდა, რა ინტერესები ჰქონდა? ვიცი, რომ სანიმუშო მოსწავლე ყოფილა.

- სანიმუშო მოსწავლე და ძალიან ბეჯითი იყო. ბავშვობაში ასთმა ჰქონდა და ერთხელ უთქვამს, ნემსს იმ პირობით გავიკეთებ, თუ ამ წიგნს (კონკრეტული წიგნი უნდოდა) მიყიდითო. როგორც კი შეტევა გაუვლიდა, მაშინვე მეცადინეობას იწყებდა. უყვარდა ლიტერატურა, რელიგია, ისტორია, ფიზიკა... ნებისმიერ თემაზე ამომწურავ პასუხს იძლეოდა. უხერხულია, ძალიან ვაქებ, მაგრამ მისი მეგობრები დამემოწმებიან, ისინი ცოცხალ ენციკლოპედიას ეძახდნენ. კარგი კულინარი იყო. სტუდენტობის დროს, ძეხვისგან ისეთ გადასარევ "ოსტრისა" და "სოუზს" ამზადებდა, მეგობრები გაკვირვებისგან იცინოდნენ ხოლმე. როცა ჩვენ მარტო ვცხოვრობდით, სტუმრიანობის დროს ყოველთვის მეხმარებოდა სამზარეულოში. განსაკუთრებით კარგად და სწრაფად ხორცეულის კერძები გამოსდიოდა. ძალიან უყვარდა სიმღერა, მაგრამ სმენა საერთოდ არ ჰქონდა. სკოლაში კი, რადგან ხუთოსანი მოსწავლე იყო, გუნდში ჩარიცხეს. გია ამაზე ბევრს ხუმრობდა. ჭადრაკს ძალიან კარგად თამაშობდა. გიას დამსახურებაა, რომ მისი ტყუპი ძმები და და, სამივე ექიმი გახდა. ისინი ზესტაფონში ცხოვრობენ და მუშაობენ, კარგი ექიმები არიან.

- შვილისთვის დრო რჩებოდა?

- ეკასთვის ყოველთვის ჰქონდა დრო, თუ სახლში იყო. გიას თავისუფალი დრო მხოლოდ ეკას ეთმობოდა. ცეკვაზე დაჰყავდა, სკოლაში აკითხავდა, წიგნებს უკითხავდა... ჩვენ ქალიშვილს მან შეაყვარა წიგნის კითხვა. ამას წინათაც ვიხსენებდი: ჩემს შვილს თუ ვუყვარდი, ვერ ვგრძნობდი, სანამ გია ცოცხალი იყო. ეკასთვის მამა ღმერთი გახლდათ. გია რომ გარდაიცვალა, ეკა 10 წლისა იყო. ფილმში ეკა ამბობს: მეგონა, რომ მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და აღმოჩნდა, მას ჩემზე მეტად საქართველო ჰყვარებიაო. ეკა ექიმი გახდა, ჩინური მედიცინის სპეციალისტი, მაგრამ ახლა თავისი პროფესიით არ მუშაობს.

GzaPress

- სად დაკრძალეთ თქვენი მეუღლე? - ჩემი დიდი გულისტკივილია მისი ზესტაფონში (სადაც დაიბადა და გაიზარდა) დაკრძალვა. მე ფაქტობრივად, უდიდესი შოკის შედეგად გათიშული ვიყავი და არაფერი მითხრეს. მერე გავიგე, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა დიდუბის პანთეონი შემოგვთავაზეს, მაგრამ გიას მშობლებმა და და-ძმებმა, რატომღაც ასე გადაწყვიტეს. მათ შეეშინდათ აგრესიის, რადგან ისმოდა კითხვა: ვის მხარეს იდგა გია? არასწორია ასეთი მიდგომა, თუმცა ზესტაფონშიც ისე მოხდა, რომ გია ქალაქის ცენტრში კი არა, ჩვეულებრივ სასაფლაოზე დავკრძალეთ. მის საფლავს პატარა მემორიალი აქვს. ჩემი ოცნებაა მისი თბილისში გადმოსვენება, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სასაფლაოზე. იქნებ ვეღირსო ამას.

- მისი სახელის უკვდავსაყოფად რა გაკეთდა?

- ექიმებმა მისი სახელობის საზოგადოება დააარსეს, თავმჯდომარე ავთანდილ მემანიშვილი იყო. ცდილობდნენ რაღაცას, მაგრამ ცუდი დრო იდგა, ჯერ სამოქალაქო ომი, მერე არეულობა და გიასთვის ვის ეცალა. ზვიად გამსახურდიას რომ ეცოცხლა, ის აპირებდა ბევრი რამის განხორციელებას. 1998 წელს ბიზნესმენ, პარლამენტარ გოჩა ფიფიას დაფინანსებითა და ავტორობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი "მწვერვალი", ის გია აბესაძეს მიეძღვნა. კასეტაზე ჩაწერილი ფილმი დაიკარგა. ტელევიზიას მივაკითხე, იქ ერთი ეგზემპლარი ჰქონდათ... წლების მანძილზე ძალიან ვჯავრობდი და აი, გუშინ (ჩვენი საუბარი 8 ივლისს შედგა. - ავტ.) ფილმი სრულიად შემთხვევით, ჩემი გიას დისშვილმა "იუთუბზე" აღმოაჩინა და მეც მითხრა. 1996 წელს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა დაიპყრო კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი და მას გია აბესაძის სახელი უწოდა, ამიტომ ჰქვია ფილმსაც ეს სახელი. მეორე ფილმი "ექიმი აბესაძე" "ტელეიმედმა" 2009 წელს გააკეთა.

გია ხალხს პირველ წლებში უფრო ახსოვდა. მაშინ სტატიები იბეჭდებოდა, ლექსებს, ბალადებს უძღვნიდნენ. გარდაცვალებიდან მთელი ერთი თვის მანძილზე, სახლში ყოველდღე ყვავილები და წერილები მხვდებოდა მადლიერი პაციენტებისგან. გიას მოსკოვიდან თავისი ხარჯით არაერთხელ ჩამოუტანია დეფიციტური წამლები მშობიარეებისთვის, სამშობიარო გულის მანკიანებისთვის იყო განკუთვნილი. გიას მემორიალი მოქანდაკე ოთარ ფარულავამ (ია ფარულავას მამა) თავისი ინიციატივით დაამზადა, გახსნას უამრავი ხალხი დაესწრო. სამწუხაროდ, ლამაზი მემორიალი დაიკარგა, როცა სახლის რეკონსტრუქცია მოხდა. ახლა იქ მხოლოდ წარწერა არსებობს. გიას სახელობის ქუჩა ზესტაფონშიც არის.

GzaPress

- დღეს რაც ხდება, ანტისაოკუპაციო მიტინგებსა და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ვგულისხმობ, ჰგავს იმ მოვლენებს? - დღევანდელი მოვლენები ზუსტად მაგონებს იმ პერიოდს. ძალიან საშიში პროცესები მიდის და ცოტა ჭკუას თუ არ მოვუხმეთ, ისევ არ წავიმტვრიოთ კისერი. რა უბედურება გვჭირს, ერთმანეთის სიძულვილით ვიკვებებით და არა, სიყვარულით, მხარში დგომით. სხვათა შორის, გია უცნაურად მესიზმრება ხოლმე, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ჩვენთან რაიმე არეულობა დაიწყება.

- ალბათ, სიამაყის განცდა გაქვთ ხოლმე.

- ნამდვილად მაქვს. გიამ როცა ბენზინი გადაისხა, ჩემი მეგობარი ყოფილა შორიახლოს, რომელიც მერე მიყვებოდა, - რაღაც სიტყვებს ამბობდა და რომ მივუახლოვდი, გავიგონეო: "გაუმარჯოს საქართველოს..." ბატონი ლევან სანიკიძე ხშირად მეუბნებოდა: ცოტნე დადიანის გმირობის აღიარებას ორი საუკუნე დასჭირდა. დადგება დრო და ქართველი ხალხი გიას საკადრისად დააფასებსო. თავის წიგნში "309 ქართული სირცხვილი", ბატონი ლევანი ერთ-ერთ სირცხვილად იმას მიიჩნევს, რომ საქართველომ გია აბესაძის სახით, გმირი ვერ შეიცნო. ყველაზე მეტად იმის გულისტკივილი მაქვს, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერი ვართ და ჩვენივე გაუტანლობა გვღუპავს. ძალიან მინდა იმ დღეს მოვესწრო, როცა ჩვენი ქვეყანა რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.

P.S. ლევან სანიკიძე წერდა: "საუკუნეც მიიწურა, ქართველთათვის, ჟამი ესე უჟმური და უგუნური! და ვიდრემდე, უფალო, ლოდინი თაობისა, რომელიც შეიცნობდეს ზეგარდმო სიწმიდეს ერისათვის გია აბესაძის თვითშეწირვისა და მის ნეშთსაც აღმართავდეს მთასა წმიდასა, სწორედ იქ, სადაც მას ელის წმინდა სამება ეროვნული!"

ნანული ზოტიკიშვილი