როცა შენი გარდაცვალების თარიღი იცი...
font-large font-small
როცა შენი გარდაცვალების თარიღი იცი...
სიკვდილს მადლობას ეუბნებიან?!

თეა ფირცხალავას პირველად შვიდიოდე წლის წინ შევხვდი. ვიცოდი, დიდ ტრაგედიას გაუძლო და ისიც ვიცოდი, ამ ტკივილს არავის ახვევდა თავს. ჩემი ხმაური და ნერვიული ხასიათი ნურავის გაგიკვირდებათ, ჩემს ადგილას ქვაც კი დაიფშვნებოდა დარდითო, - ეს კი აქვს ნათქვამი, მაგრამ ყველას მის გვერდით სურს ყოფნა, თითქოს სიყვარულის საბადოა თეა და ყველა ნაცნობს გვატანს საგზლად იმდენ სითბოს, წლობით რომ ჰყოფნის ადამიანს! მეც შვიდი წელი ვიკმარე მისგან გაზიარებული ადამიანობა და 19 ივლისს ისევ შევეხმიანე. უბრალოდ, 18 ივლისი ყველაზე დიდი ტრაგედიის დღეა თეასთვის და ამიტომ. თეა ყოველთვის კარგად გადმოსცემს სათქმელს, თუმცა ძალიან უჭირს თავის ირაკლიზე ისაუბროს წარსულ დროში...


"გოდერძიმ თქვა, ჩოხელმა და სრულიად ვეთანხმები: "სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა". ირაკლის დაბადებისთანავე მინდოდა, მას ყველაფერი მოესწრო, ყველგან წასულიყო, ყველაფერი ენახა... გახდა თუ არა 16 წლის, ხშირ-ხშირად ვეუბნებოდი, დედი, თუ ვინმე გიყვარს, ვინც გინდა იყოს, მოიყვანე და მივიღებ-მეთქი. რას მერჩი, რა დროს ჩემი ცოლიაო... მე კი ალბათ რაღაცას ვგრძნობდი...
მართლაც, ბევრი მოასწრო. მე-7 კლასამდე ირაკლი 53-ე სკოლაში სწავლობდა, 1996 წელს კი ფიზიკის ინსტიტუტთან არსებულ საბუნებისმეტყველო ლიცეუმში გადავიყვანე, რომ ფიზიკა-მათემატიკა კარგად ესწავლა, 1998 წელს მიუნხენის უმაღლესი მათემატიკის სკოლაში გაიარა პრაქტიკა, 1999 წელს ლონდონის ლესტერის კოლეჯში სწავლობდა ინგლისური ენის პრაქტიკულ და თეორიულ კურსზე; 2000 წელს ლიცეუმიდან გაგზავნეს დანიაში, კერძოდ კოპენჰაგენის კონფერენციაზე - "21-ე საუკუნის ზღვარზე", სადაც მოხსენებით გამოვიდა, თემაზე "ტყის მდგრადი განვითარება საქართველოში", ხოლო 2001 წელს სამედიცინო კოლეჯის მოსამზადებელ კურსებზე სწავლობდა და...
ყოველთვის მინდოდა, ირაკლი კარგი კაცი გაზრდილიყო, ნასწავლი და კეთილსინდისიერი. ვიცინოდი ხოლმე, მთელ ინვესტიციებს ამ ბიჭში ვდებ, ეს არის ჩემი ბიზნესიც და ცხოვრების არსიც-მეთქი... მე რომ მკითხოთ, ახლაც სწავლის მისაღებად მყავს გაგზავნილი... თავს ვიტყუებ? აბა, რა ვქნა, გავგიჟდე და სხვაც გავაგიჟო? მოუწესრიგებელმა ვიარო, დილიდან ღამემდე ვიგოდო და შოუ მოვაწყო? ასეთი რამ ჩემგან შორსაა... თუ ცოცხალი დარჩი, სხვა არ უნდა შეაწუხო...
მეგობრებს სიგიჟემდე უყვარდათ ჩემი ირაკლი - სკოლაშიც, სამეზობლოშიც, საბუნებისმეტყველო ლიცეუმშიც და კოლეჯშიც... მისი მეგობრები დღემდე მოდიან ჩემთან. მახსოვს, ირაკლი და კოტე ერისთავი, რომელიც მისი კლასელიც იყო და ჩვენი მეზობელიც, ერთად დადიოდნენ სკოლაში და თუ ირაკლის წუთით შეაგვიანდებოდა ერისთავებთან მისვლა, კოტეს მამა ეგრევე რეკავდა, ირაკლი წამოვიდაო?! მეგონა, ალბათ იმიტომ რეკავს, რომ ირაკლი აგვიანებს-მეთქი... ერთხელაც ვკითხე და რა დაგვიანება, რის დაგვიანება, ყოველ დილით მაგის ხათრით ვიღვიძებ, რომ ირაკლი ვნახო და მაგისი ანეკდოტები და იუმორი მოვისმინოო, - მითხრა. მახსოვს, ყბა ჩამომივარდა, არ მეგონა, თუ ჩემმა ბიჭმა ანეკდოტების მოყოლა იცოდა... ჰოდა, იმ დღეს სახლში რომ დაბრუნდა, ვთხოვე, შვილო, მეც მომიყევი რამე და გამაცინე-მეთქი. მართლაც ბევრი მაცინა და ბოლოს ჩემი პაროდიაც გააკეთა, როგორ ვიძახდი ხოლმე, მიშველეთ, წნევა მაქვს-მეთქი... მერე თავზე წაიკრა თავშალი და მოცელილივით დაეცა ლოგინზე... იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე "სხვანაირი" ირაკლი... პირდაღებული ვუყურებდი ჩემს "მსახიობ" ბიჭს. მერე იყო და დიმა საჯაიას დედა - გაიანე თაყაიშვილი რეკავდა ხოლმე, თან ძალიან ხშირად, ახლავე გადმოვიდეს ირაკლი, უკვე მომენატრა, სად არის აქამდეო (არადა, სულ ნახევარი საათის წამოსული იქნებოდა მათგან). მახსოვს, გავიფიქრებდი ხოლმე, ამისთანა რა თაფლი სცხია ჩემს ბიჭს-მეთქი. განა არ ვიცოდი, ვიცოდი, რა ბიჭიც მყავდა, მაგრამ მიხაროდა, როცა ამას სხვებიც გრძნობდნენ.
საბუნებისმეტყველო ლიცეუმში სწავლისას განსაკუთრებით მეგობრობდა ლევან ასანიშვილთან. კლასში ხომ ერთად იყვნენ, მერე ლევანიკოსთან ვუშვებდი ხოლმე, ვიცოდი, ლევანს ჩემსავით მკაცრი დედა ჰყავდა და ბიჭი საიმედოდ მეყოლებოდა "დაცული"... იქ ერთად მეცადინეობდნენ და სახლში დაბრუნებული, ისევ ლევანს ურეკავდა და ელაპარაკებოდა... ლევანიკოს ქორწილში მესამე სადღეგრძელოდ ჩემი ირაკლის სადღეგრძელო შეისვა და იქ გავფუჭდი სიხარულისგან...
დღესაც, ირაკლის ყოველ დაბადების დღეზე ან სხვა დღეებშიც, მისი მეგობრები აუცილებლად მირეკავენ და მოდიან... თუ საქართველოში არ არიან, სხვა ქვეყნებიდან მირეკავენ, მამხნევებენ, მეფერებიან და ასე მიმანიშნებენ, რომ ჩემი ირაკლი ახსოვთ და უყვართ... უკვე 18 წელია, რაც ეს "ტრადიცია" გრძელდება და იმედია, მათი ნახვით გამოწვეული სიხარული ჩემი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
ჩემი ირაკლის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემს მეუღლეს მასზე 11 წლით უმცროსი ძმა გარდაეცვალა. ოჯახს ის ტრაგედია არ გვქონდა გააზრებული, რომ კიდევ უფრო დიდი განსაცდელის წინაშე დავდექით... ერთადერთი იმედი და ცხოვრების აზრი გამოგვეცალა... ჩემი ირაკლით დასრულდა ჩემი მამამთილის გვარის გამგრძელებელი... მისთვის რომ უთქვამთ, შენი ირაკლი დაიღუპაო, თავში ხელები წაუშენია და არაადამიანური ხმით დაუბღავლია, - არა, ბაბუ, არაო...
მახსოვს, ჩვენს ოჯახში ნანატრი პატარა ირაკლი რომ გაჩნდა, ჩემი მამამთილი კი არ დადიოდა, სადღაც ჰაერში ეკიდა... ესაო და, გვარის და ბაბუის საქმის გამგრძელებელი გაჩნდაო... ყველგან დაატარებდა ირაკლის, მთელი საქართველო შემოატარა, უყვებოდა ათას ისტორიულ თუ ცხოვრებისეულ ამბავს, კაცად ზრდიდა... მთელი 17 წელი იმით ხარობდა, რომ ღირსეულ შთამომავალს ტოვებდა... ბოლოს კი... ასე დაემშვიდობა ერთადერთ შვილიშვილს - "ჩემო ერთადერთო, შენ გმირი ხარ!!!"
ამის გაძლება აუტანელი გახდა ირაკლი უფროსისთვის; სიცოცხლის წყურვილითა და ენერგიით სავსე ირაკლი ბაბუა ზუსტად ერთი წლის თავზე "გაეშურა" თავისი გვარის გამგრძელებელთან...
წელიწადში მხოლოდ ორი თარიღია, როდესაც თავს უფლებას ვაძლევ, ჩემი ემოციები ღიად გამოვხატო... აქედან ერთი მისი დაბადების დღეა, მეორე კი დღევანდელი, ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში.
GzaPress
ბევრი ჩემნაირი დედისა არ იყოს, მეც ზუსტად ვიცი ჩემი დაბადების და გარდაცვალების თარიღი... 2001 წლის 18 ივლისი ჩემი პირველი "გარდაცვალების" დღეა. ახლა მეორე, ნამდვილ გარდაცვალებას ველი... სადღაც წავიკითხე, სიკვდილი შემიყვარდაო.... მე კი ჩემებურად ვიტყვი - სიკვდილს გავუშინაურდი...
უფალმა მომიწყო უდიდესი გამოცდა და ყველაზე საყვარელი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი - თავისთან წაიყვანა... არ გავბოროტდი, პირიქით, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ახალგაზრდები და მათი სიხარულით ვხარობ. ერთს ვიტყვი, ერთადერთი, რაც ამ დროს ყველაზე მეტად მეხმარება, არის აბსოლუტური გულწრფელობა უფალსა და საკუთარ თავთან... მიუხედავად ჩემი დიდი ტკივილისა, წარმოუდგენელი ოპტიმისტი ვარ... მიუხედავად ბობოქარი ბუნებისა, მაინც ვცდილობ, მშვიდად გამოვიყურებოდე (რაც ხშირად არ გამომდის)... ამიტომ თავს ასე ვიმშვიდებ: ირაკლისნაირი ბიჭები უფალთან უფრო კარგად გრძნობენ თავს... ირაკლი დაბადებიდანვე იმქვეყნიური იყო...
მე ჩემს შვილს მივმართავ:
"როგორც კი მნათე შემოჰკრავს ზარებს,
უმალ ოცნების კაბით ვირთვები...
კრძალვით მივდივარ ჯვარცმის კედელთან,
ვიცი, ღმერთთან და შენთან ვიქნები..."
ახლა კი გავიხსენებ ჩემი "გარდაცვალების" დღეს: გათენდა 2001 წლის 18 ივლისი... იმ დღეს ცა გადაიხსნა, ზეცაში დაგროვილი წყალი მთლიანად დედამიწაზე დაეშვა და ქალაქი და ქუჩები წყალმა დაფარა... საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ბანკეტზე მივედი, მაგრამ ვერ მოვისვენე, აფორიაქებული ვიყავი... ორ კვირაში ირაკლის მისაღები გამოცდები ეწყებოდა, ფიზიკის მასწავლებელთან იყო და მე, როგორც ყოველთვის, უნდა მიმეკითხა... საღამოს 9 საათზე ავდექი და ირაკლისთან გავქანდი. უკვე საშინლად წვიმდა და მასწავლებელმა მთხოვა, იქნებ აქ დაიცადოთ და წვიმა რომ გადაიღებს, მერე წახვიდეთო. არა, არ მასვენებდა ბედისწერა... ნელ-ნელა წავალთ-მეთქი, ვუთხარი და მანქანამდე ვიდრე მივიდოდით, მე და ირაკლი ხან რას ამოვეფარებოდით და ხან რას... დედი, ხის ქვეშ არ გავჩერდეთ, მეხი არ დაგვეცეს-მეთქი, - ვეუბნებოდი, თან ვიცინოდით და ასე მხიარულები ჩავსხედით მანქანაში... რა ვიცოდი, მეხი რომ მართლა დამეცემოდა...
დოლიძის ქუჩა წყლით იყო დაფარული, მანქანები თითქოს დაცურავდნენ. სახლის ჩასახვევთან, კუთხეში, ერთი რკინის ჯიხური იდგა. მახსოვს, სხვა მაღაზიებში სანოვაგის ყიდვას რომ დავამთავრებდი, რაიმეს აუცილებლად მოვიტოვებდი საყიდლად, რომ იმ ქალთან მეყიდა, ვიცოდი, უჭირდა და მეგონა, ამით დავეხმარებოდი. იმ დასაწვავ დღეს ჯიხურს რომ მივუახლოვდით, ირაკლიმ მითხრა, დედი, მგონი შენს ქალს უჭირსო... გავიხედე და რას ვხედავ, ის ქალი რკინის ჯიხურის კარსაა აკრული, თითქოს შველას ითხოვს... გააჩერე მანქანა, მივეხმარებიო, - მითხრა ირაკლიმ. ამ ტყლაპოში როგორ უნდა გადახვიდე მანქანიდან-მეთქი... ამის თქმა იყო და ირაკლიმ ძლივს გააღო მანქანის კარი და აზვირთებულ წყალში გადავიდა... ძლივს იმიტომ, რომ მანქანა ნახევრად წყალში იყო და წვიმის წყალი მთელი ძალით აწვებოდა კარს...
აი, ის იყო წამი, რომელსაც ღვთიური მადლის გამოვლინება უნდა მოჰყოლოდა. ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა, მაგრამ მათ შორის არ იყო ის ერთი, ვისზეც უფლის მადლი უნდა გადასულიყო... ვუყურებდი, როგორ მიდიოდა ირაკლი, ორივე ხელს მაღლა იწვდიდა, თითქოს უფლისკენ მიისწრაფოდა და აბსოლუტურად გააზრებულად მიილტვოდა სულიერი სრულქმნილებისკენ. ჩემ თვალწინ მივიდა იმ ქალთან, უკნიდან ხელები შემოხვია, ალბათ უნდა ეკითხა, რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო და უცებ... ორივენი დაეცნენ და წყალმა დაფარა... ვინც მიცნობს, იცის, ცურვა არ ვიცი და დაგროვილი წყლის შიში მაქვს, მაგრამ ეგრევე გადავეშვი, მივედი იმ ადგილამდე და როგორც კი ხელი ჩავყავი, რომ შვილი მომეძებნა, უცებ რაღაცამ დამარტყა და შორს მომისროლა... თურმე ის ქალი დენმა მიაკრა რკინის ჯიხურის კარს და ჩემმა შვილმაც, 17 წლის ბიჭმა ქრისტესმიერი მოთმინებით შესწირა სული უსაზღვრო კეთილშობილებას, თითქოს აღივსო უფლის მადლით და შეასრულა მასზე დაკისრებული მისია.
წამი გაჩერდა... მომხდარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი, რადგან თავშეწირვა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გოლგოთას მისტერიის ქრისტესმიერი მადლის გამოვლინებაა, რითიც უფალი ზოგჯერ ძალიან ახლოს არის ჩვენთან, გვაზიარებს რა სამყაროს უსაზღვრო საიდუმლოებებს... მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ტაძრის გზას დავადექით... ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, მაგრამ ჩვენ მივედით ტაძრამდე..."
P.S. სათქმელი კიდევ ბევრი აქვს თეას, მაგრამ უფრო მეტად სიყვარულის ჩამორიგებას უთმობს დროს და ვხვდები, როგორ დაამარცხა სიკვდილი ქალმა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანი უყვარს...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 540 მეტრში მდებარეობს.
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი