ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მასწავლებელი - გზაპრესი

ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მასწავლებელი

"სწავლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ბავშვისთვის საგნის შეყვარებაა. ჯერ უნდა შეაყვარო, სხვაგვარად ვერაფრით დაიმორჩილებ - არ ისწავლის. მე ხშირად ვეუბნები, "ბგერას მოეფერე", "თითი ფრთხილად ჩადგი" - ეს უკვე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თანდათან უფრო და უფრო მეტად გრძნობს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, "მზრუნველი" ხდება ბგერის მიმართ, ეფერება, უფრთხილდება... ამასობაში კი თავად ბავშვის სულიც სხვაგვარად ნატიფი ხდება..." - სწავლების ამ უტყუარი, თუმცა, ყველა დროში მეტად დეფიციტური მიდგომის შესახებ თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების #1 სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგი, ლიანა პეტრიაშვილი მესაუბრა. ქალბატონი ლიანა ამ სკოლაში დედამ ექვსი წლის ასაკში მიიყვანა. სწავლის დასრულების შემდეგ ამავე სკოლაში მუშაობა პედაგოგად განაგრძო და უკვე 57 წელია, მუსიკის სიყვარულს თაობებს გადასცემს...

მე თავად ვეკუთვნი თაობას, რომლისთვისაც მუსიკის შესწავლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო... ჩემს ბავშვობაში მუსიკა უნდა ესწავლა ყველა გოგონას - სურვილისა და მონაცემების მიუხედავად... ნორმა იყო მკაცრი, ზედმეტად მკაცრი და ხშირად დესპოტი მასწავლებელიც - ხმის მაღალი რეგისტრითა და სახაზავის თითებზე დარტყმის უნარით "შემკობილი"... შვიდი წლის შემდეგ შესაბამისი იყო შედეგიც - მუსიკის მიმართ სავალდებულო ინტერესი დიპლომის (რისი აღებაც ასევე გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა) აღებისთანავე ქრებოდა...

მიუხედავად მუსიკის შესწავლის მიმართ ჩემი მსგავსი "არამეგობრული" გამოცდილებისა, დედას "შეცდომა" ახლა უკვე მე გავიმეორე და მუსიკაზე ჩემი ქალიშვილიც მივიყვანე... მხოლოდ, მასაც და საკუთარ თავსაც მივეცი პირობა, რომ თუ არ მოისურვებდა, სწავლას აუცილებლად შევწყვეტდით... ამ პირობას ხშირად ვახსენებ, თუმცა, უკვე მესამე წელი გადის და მისთვის "მუსიკიდან გამოგიყვან" ერთ-ერთი ყველაზე შიშის მომგვრელი მუქარაა... ეს კი ცალსახად, ყოველგვარი აწონ-დაწონისა და პასუხისმგებლობებისა თუ ვალდებულებების გადანაწილების გარეშე - მისი პედაგოგის, ლიანა პეტრიაშვილის დამსახურებაა...

ლიანა მასწავლებლის შესახებ საკუთარი გამოცდილების მიხედვით ბევრი ვიცოდი, მაგრამ უფრო მეტის გასაგებად სკოლის დირექტორს, ბატონ გელა ფარჩუკიძეს გავესაუბრე. ბატონმა გელამ "სკოლის დედობილის" შესახებ არაერთი საგულისხმო ფაქტი გაიხსენა. აღნიშნა, რომ ლიანა პეტრიაშვილი სკოლის "ბრენდია" და რომ ის არის ყველაზე თანამედროვე პედაგოგი, პირველ რიგში კი, მუსიკალური თვალსაზრისით.

- ქალბატონო ლიანა, დღეში, საშუალოდ, ათ მოსწავლეს ისტუმრებთ და სკოლას მაშინ ტოვებთ, როცა კარს კეტავენ...

- (იცინის) სანამ არ მეტყვიან, რომ სკოლა იკეტება, მანამ არ ვუშვებ ბოლო მოსწავლეს. საათს არასოდეს ვუყურებ. გაკვეთილი მანამ გრძელდება, სანამ კარს მომდევნო მოსწავლე არ შემოაღებს... თუ შემდეგი ბავშვი გაკვეთილს აცდენს, წინა მოსწავლის გაკვეთილი ერთი საათით გრძელდება და ა.შ. სხვაგვარად შედეგი ვერ იქნება.

GzaPress

- მიუხედავად ასეთი მძიმე დატვირთვისა, ახერხებთ და მოსწავლეებთან ხმასაც კი არ უმაღლებთ... - ზედმეტად მკაცრ მასწავლებელთან მუშაობა ბავშვობაში მეც გამოცდილი მაქვს. ჩემი პირველი პედაგოგი ყვიროდა, ხელებზე მირტყამდა. დედას ვთხოვე და შემიცვალა. ასეთი მოპყრობით მასწავლებელმა, შესაძლოა, "დაუვიწყარ საჩუქრად" მუსიკის სიძულვილი "უძღვნას" მოსწავლეს... ეს მუდმივად მახსოვს და ემოციურ წონასწორობას ვინარჩუნებ... სამაგიეროდ, გაკვეთილის შემდეგ მიხდება დამამშვიდებლების, გულის წამლებისა და წნევის მარეგულირებლების მიღება (იცინის)...

- ათეული წლებია, მუსიკის პედაგოგი ბრძანდებით... ამ დროის მანძილზე იყო წლები, როცა ქვეყანასაც და მის მოქალაქეებსაც მეტად მძიმე პერიოდი ედგათ... ვიცი, რომ პროფესიული წყვეტა არც მაშინ გქონიათ, მაგრამ შეუძლებელი იყო მუსიკის პედაგოგის ხელფასით თავი გაგეტანათ, მით უმეტეს, რომ მეუღლეც გარდაცვლილი გყავდათ...

- დიახ, ასე იყო. "ხელფასის" რაოდენობის აღნიშვნაც კი არ ღირს, პედაგოგები ჩვენი მუშაობით "იდეას ვემსახურებოდით" და არა საკუთარ ოჯახებს... საერთოდ, ამბობენ, რომ კარგი კულინარი ვარ. ცხობა დავიწყე. დღეში ოთხი სახეობის ნამცხვრებს ვაცხობდი. სამსახურში წასვლის წინ შვილებს ინგრედიენტების სიას ვუტოვებდი, რომ საღამოსთვის, როცა სამსახურიდან დავბრუნდებოდი, ყველაფერი ნაყიდი დაეხვედრებინათ. შუაღამემდე ვაცხობდი, ვიღებდი შეკვეთებსაც... დილით წავიღებდი, ჩავაბარებდი და ამის შემდეგ გავრბოდი სამსახურში...

- ერთი "მარშრუტი" გამოგრჩათ: მანამდე პლასტმასის ბოთლებით ნავთის საყიდლად მიდიოდით... ბავშვებისთვის ნავთი და საკვები მიგქონდათ სკოლაში...

- (იცინის) დიახ, ვაგზალზე იყიდებოდა ნავთი... კლასში ორი ნავთქურა მედგა. მშიერ და გაყინულ ბავშვს დაკვრას როგორ მოსთხოვ?! ჯერ ხელებს ითბობდნენ და მერე სხდებოდნენ ინსტრუმენტთან...

- ისიც ვიცი, რომ სწავლის გადასახადს შეჭირვებულ მოსწავლეებს საკუთარი მიზერული ხელფასით უფარავდით...

- ეს აღსანიშნავიც არ არის... როცა ხედავ, ბავშვი მონდომებული, დაინტერესებულია, მშობელს კი საშუალება არ აქვს, რა უნდა ქნა?!

- მოსწავლეებს კვირაში მათთვის განკუთვნილი 2 საათის გარდა, თითქმის ყოველდღე და თანაც, განუსაზღვრელი დროით ამეცადინებთ, შაბათ-კვირას სახლშიც იბარებთ...

- დიახ, ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. ახლა შვილები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობენ. როცა პატარები იყვნენ, წუწუნებდნენ, რადგან იყო შემთხვევები, როცა მთელი დღე ერთ მოსწავლეს ვამეცადინებდი. მაგალითად, თუ დიდი პროგრამა გვქონდა დასამუშავებელი. შუალედებში ვასადილებდი, ვასვენებდი, ტელევიზორთანაც დავსვამდი. მთელ დღეს ჩემთან ატარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მარიკა სიხარულიძე იყო. ახლა თავადაც მუსიკის პედაგოგია. მახსენდება ეკა კასიმი, რომელიც შვიდწლედის დასრულების შემდეგ ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. მისი მომზადების დონე იმდენად მაღალი იყო, პირდაპირ კონსერვატორიაში მიიღეს. ახლაც იქ ცხოვრობს და მუსიკას ასწავლის.

- ოჯახის წევრები მუსიკასა და თქვენს მოწაფეებზე ხომ არ "ეჭვიანობენ"?

- ჩემს დამოკიდებულებას მიჩვეული არიან... თუმცა, ხუმრობით მსაყვედურობენ, შენი მოწაფეების მეტი არაფერი გაინტერესებსო (იცინის). რამდენიმე წლის წინ მანქანა დამეჯახა, საკმაოდ მძიმედ ვიყავი. ჩემი სინანული მხოლოდ მოსწავლეებს შეეხებოდა, რა ეშველებათ-მეთქი, ვდარდობდი. თანამშრომლებმა შვიდი დღის შემდეგ სამსახურში რომ დამინახეს, მეხუმრებოდნენ, სახლიდან ხომ არ გამოგაგდესო?! მახსოვს, იმ ერთი კვირის მანძილზე ერთ მოსწავლეს ტელეფონით ვამეცადინებდი. ის უკრავდა, მე ვუსმენდი. როცა შენიშვნა მქონდა, ვაჩერებდი, ვუხსნიდი და კვლავ დაკვრას განაგრძობდა. სახლში ვერც ამ ზამთარს გავჩერდი, როცა დავეცი და ხელი მოვიტეხე. ექიმის აკრძალვის მიუხედავად. სკოლაში დავდიოდი და გაკვეთილებს თაბაშირიანი ხელით ვატარებდი...

- ყოფილა შემთხვევა, როცა მოსწავლეს მუსიკის მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონია, გარკვეული დროის შემდეგ კი საუკეთესო მოწაფედ ქცეულა?..

- მხოლოდ საგნის ცოდნა არაა საკმარისი. პედაგოგმა, პირველ რიგში, ბავშვის ფსიქიკა უნდა შეიცნოს, შეისწავლოს, შემდეგ კი მას შესაბამისი გასაღები მოარგოს... ამას თუ შეძლებს, ბავშვი ძალიან ადვილად "გაჰყვება".

- ბავშვისთვის დასამუშავებელი ნაწარმოების შერჩევისას, მის შინაგან სამყაროს, ხასიათს და ფიზიკურ მონაცემებსაც კი ითვალისწინებთ...

- აუცილებლად! ისეთ ნაწარმოებს ვურჩევ, რომელიც მის გემოვნებას მოერგება და ამავდროულად, ბავშვის ძლიერ და დადებით მხარეს უკეთ წარმოაჩენს. ფიზიკურ მონაცემებსაც ვითვალისწინებ - გააჩნია, როგორი აპარატი აქვს, თითებს ვგულისხმობ. აუცილებლად მომწიფებული უნდა იყოს კონკრეტულ ნაწარმოებთან "შესაჭიდებლად".

GzaPress- ხშირად ურჩევთ მოსწავლეებს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს...

- ქართველი ბავშვი ქართულ ჰანგებზე უნდა აღიზარდოს. გარდა ამისა, ქართველი ქართულს უკეთ განიცდის, უკეთ შეიგრძნობს. მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივი ნაწარმოებები გვაქვს. მალე სკოლაში ელიზბარ ლონდარიძის საიუბილეო კონცერტს მოვაწყობთ. მოსწავლეები კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

- მუსიკალური განათლება თავადაც იმ სკოლაში მიიღეთ, სადაც უკვე ამდენი წელია ასწავლით...

- დიახ, კომისიის წევრებმა პირდაპირ მეორე კლასში ჩამრიცხეს. მახსოვს, სახლში დაბრუნებულ ექვსი წლის გოგონას ბებომ მითხრა, - მიდი, ლიანა, ამ ამბის აღსანიშნავად ერთი კარგი სადილი მოამზადეო (იცინის). სახლში საქმიანობა მიყვარდა, კერძებს ელექტროქურაზე ვამზადებდი, ერთხელ ამის გამო დენმაც დამარტყა. მაშინ ასე იყო, ტექნიკუმში თუ ჩააბარებდი, სკოლის საბუთებიც უნდა მიგეტანა და სკოლას და ტექნიკუმს ერთად, ერთ შენობაში დაასრულებდი. ძალიან კარგად ვსწავლობდი და სკოლის დირექტორი საბუთებს ტექნიკუმში გადასატანად არ მაძლევდა. საბოლოოდ, გაბრაზებულმა საბუთები სასწავლებელში ფოსტით გადაგზავნა. ჩემი მუსიკის მასწავლებელი თავად სკოლის დირექტორი, ლია ავალიშვილი გახლდათ. არ ვაპირებდი კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას. გამოცდის წინ შემოწმებას გავდიოდით. ჩემი მოსმენის შემდეგ დედა დაიბარეს და უთხრეს, დიდი ცოდვა იქნება, თუ ლიანა სწავლას მუსიკალური მიმართულებით არ განაგრძობსო. ასე რომ, მარტის არდადეგებზე ექვსი ახალი ნაწარმოები ავიღე და მაისის 15-ში 54 მოსწავლეს შორის ყველაზე მაღალი ქულები მოვიპოვე. იმავე 1952 წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში და მაშინვე, პარალელურად ორ სკოლაში დავიწყე მუშაობა. მხოლოდ ბოლო სამი წელია, რაც მარტო ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლაში ვასწავლი.

- პროფესიული არჩევანი არასოდეს გინანიათ?

- არასოდეს. ძალიან მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და ჩემი საქმე. ამ საქმის სპეციფიკამ, მუდმივად ჯდომას ვგულისხმობ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემიქმნა, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ, არ შემიძლია. რომ არა მუსიკის მასწავლებელი, აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი, რადგან სამედიცინო სფერო მაინტერესებს, ბევრს ვკითხულობ და ამ მიმართულებით უკვე საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას ვფლობ.

- შვილებმა, შვილიშვილებმა თუ აირჩიეს პროფესიად მუსიკოსობა?

- უფროსი შვილი, გია ვიოლინოზე დამყავდა. ამბობდნენ, პაგანინის თითები აქვსო და აბსოლუტური სმენით გამოირჩეოდა. როცა წამოიზარდა, უბნის ბიჭებმა ბეთჰოვენის დაძახება დაუწყეს და დაკვრა შეიძულა. როცა გაკვეთილზე წასვლის დრო მოვიდოდა, ბიჭებს რომ არ დაენახათ, ვიოლინოს მე ვიღებდი, ტაქსამდე მიმქონდა, მერე გია დაჯდებოდა და ასე ვუშვებდი. ექვსი წელი იარა, ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, როცა უკვე თავი მომაბეზრა. არ მინდოდა ძალა დამეტანებინა და გამოვიყვანე. ამის გამო მეორე შვილი, გოჩა მუსიკაზე აღარ მივიყვანე. ერთ დღეს სამსახურში მისულს კოლეგებმა მითხრეს, რომ გოჩას საბუთები მუსიკალურში დედაჩემს მიუტანია. არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. როცა კონცერტში მონაწილეობდა, დარბაზი ივსებოდა. არაერთი გრან-პრი აქვს მოპოვებული, მაგრამ მე თავად არ მოვისურვე მუსიკას გაჰყოლოდა. რთულია მუსიკოსის ცხოვრება, საქართველოში მეტად არაპრაქტიკული პროფესიაა. ჩემი ერთი შვილიშვილი მასწავლებლის "მსხვერპლი" გახდა და მუსიკის შესწავლა საერთოდ აღარ მოინდომა. მეორე შვილიშვილი, ნიკა პეტრიაშვილი ახლახან "რანინაში" მონაწილეობდა. ფინალურ ტურში გადავიდა, თუმცა, გამარჯვებული ვერ გახდა.

- რა წარმოგიდგენიათ თქვენთვის "უმაღლეს სასჯელად"?

- უსამსახუროდ, მოსწავლეების გარეშე დარჩენა...

P.შ. ერთხელ ლიანა მასწავლებელი ჩემს ექვსი წლის გოგონას ამეცადინებდა. გაკვეთილის ხანგრძლივობა ორ საათს რომ გასცდა და ბავშვსაც სახეზე დაღლილობა გამოეხატა, ხუმრობით უთხრა: იმედი არ გქონდეს, რომ მალე დავასრულებთ, ერთხელ, ჩემი მოსწავლე მანამ ვამეცადინე, სანამ სკამიდან არ გადავარდაო... ეს ამბავი სკოლის დირექტორს მოვუთხრე. გაეცინა და ამბავი გააგრძელა, - ის აღარ უთქვამს, როგორ დაბანა პირი იმ მოსწავლეს, წყალი დაალევინა, ასადილა და ისევ სამეცადინოდ დასვაო...

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სწორედ პედაგოგები არიან... ისინი არა მხოლოდ ცოდნას გადასცემენ, არამედ ზნეობას უყალიბებენ, ჭეშმარიტი ღირებულებების ფსევდოღირებულებებისგან გარჩევის უნარს უვითარებენ მომავალ თაობებს. მე კი წერილს ისევ სკოლის დირექტორისგან გაგონილი ფრაზით დავასრულებ: საქებარს მაქებარი თუ არ ეყოლა, უქებარი დარჩება. უქებრობა კი გამჩენის მადლის უარყოფააო... ლიანა მასწავლებლის ეს ჭეშმარიტად უპირობო სიყვარული ბავშვებისა და პროფესიის მიმართ და ამ სიყვარულის შედეგები, გადაღვრილი მისი მოსწავლეების გულსა და თვალებში, ნამდვილად იმსახურებს ქებას...

შორენა ლაბაძე