"გული მწყდება, რომ ის ულამაზესი და ფრესკის მსგავსი გოგო ახლოს ვერ გავიცანი" - გზაპრესი

"გული მწყდება, რომ ის ულამაზესი და ფრესკის მსგავსი გოგო ახლოს ვერ გავიცანი"

მაღალი და სიმპათიური 14 წლის ბიჭი ქუჩაში გააჩერეს და კინოში გადასაღებად მიიწვიეს. ასე აღმოჩნდა ფილმში "მზე შემოდგომისა", რომელიც მისი ცხოვრების ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდია და ამ თემაზე საუბარი ყოველთვის სიამოვნებს. შემდეგ კი არჩევანის წინაშე დადგა, გამხდარიყო ექიმი თუ მსახიობი? საოჯახო გადაწყვეტილებით, ექიმის პროფესია აირჩია, მით უმეტეს, რომ ლევან ჩოლოყაშვილი ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

"ნახე, შენი ფილმი გადის!"

GzaPress- 14 წლისა კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი. გაზაფხულზე, ქუჩაში მივდიოდი მეგობართან ერთად. გამაჩერა რეჟისორის ასისტენტმა გიამ, მისი სახე ახლაც კარგად მახსოვს და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. კასტინგზე რამდენიმე ბიჭი ვიყავით. გამიმართლა და აღმოჩნდა, რომ ისეთი ვარსკვლავების გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რომლებიც მხოლოდ ფილმებიდან და ტელევიზიით მყავდა ნანახი.

ფილმი "მზე შემოდგომისა" გადაღებულია რეზო თაბუკაშვილის ავტობიოგრაფიული სცენარის მიხედვით. ქალბატონი მედეა ჯაფარიძე რეალურად იდეალისტი და რომანტიკული ბუნებისა იყო. ბატონი რეზო შესანიშნავი ადამიანი, საოცარი გადმოცემის უნარის მქონე, გადასარევი დეკლამატორი გახლდათ. გადაღებების შუალედებში ძალიან კარგი სადილები და ვახშმები იმართებოდა. ამ გამორჩეული ხალხის მოსმენითა და ყურებით ვერ გაძღებოდი, უამრავ საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ. ბატონ რეზოს აღწერილი აქვს კორიდა ისე დაწვრილებით და ისეთი ნიუანსებით, რომ სრული წარმოდგენა და რეალური შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს შენც მონაწილეობდი. ბატონი რეზო თითქმის ყველა გადაღებას ესწრებოდა, ეს ფაქტობრივად იყო ფილმი მასზე. რაც ფილმში აისახა, ყველაფერი მის ცხოვრებაში ხდებოდა - პაპუნა ოქრომჭედელი, ბინის გადაცვლა, ეპიზოდი თონესთან... მხოლოდ ბატონმა რეზომ მოახერხა ლადო გუდიაშვილის დათანხმება, რომ მხატვარს კინტაურის ილეთები შეესრულებინა. დოლზე, უფრო სწორად კი ამობრუნებულ სკამზე უკრავდა ჯანო ბაგრატიონი. ამ ეპიზოდს ელენე ახვლედიანის სახლში იღებდნენ. ეს თავშეყრა იყო იმ თაობის ხელოვანი ხალხის დიდი ზეიმი.

ფილმს თითქმის ორსერიიანის ბიუჯეტი ჰქონდა. ბრწყინვალე ოპერატორი ერლომ ახვლედიანი საოცარ ეფექტებს იყენებდა. თუმცა ბევრი კადრი, არა მარტო ჩემი მონაწილეობით, სხვების ეპიზოდებიც, საერთოდ არ შევიდა ფილმის საბოლოო ვარიანტში. ეს ალბათ, რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილისა და რეზო თაბუკაშვილის გადაწყვეტილება იყო. ერთი ეპიზოდის ფოტოები შემომრჩა (ფილმში არ შევიდა), როცა გემიდან ჩამოვდივარ, კაფეში ვსხედვართ ქალბატონი მედეა და მე, ყავას გეახლებით და ვსაუბრობთ. ბათუმში მაშინდელი უნივერმაღის თავზე, დიდ ვერანდაზე იყო კაფე, სადაც კარგ ყავას ადუღებდნენ. იქიდან მოჩანდა ლამაზი ხედი ზღვაზე, ერთ მხარეს საზღვაო, მეორეს მხარეს - სატვირთო ნავსადგურები... ზღვის სანაპიროზე კინოსტუდიის მანქანები იდგა წარწერით - "გრუზია ფილმ" და ტურისტები, როგორც თაფლს ბუზები, ისე ესეოდნენ. კინოსტუდიის ახალგაზრდა თანამშრომლები თავმომწონედ დადიოდნენ.

ფილმი გამოვიდა და რა თქმა უნდა, ჩემი გარკვეული პოპულარობა გამოიწვია. სკოლიდან არდადეგებზე ჩვეულებრივი მოსწავლე წავედი და "მსახიობად" დავბრუნდი. ეს დიდხანს გამომყვა და დღესაც, ზოგჯერ ამბობენ ხოლმე: ეს იცით ვინ არის? იმ ფილმში რომ თამაშობსო. მსიამოვნებს ამის მოსმენა, რადგან თავად ფილმია არაორდინარული, ძალიან გულწრფელი და ლამაზად გადაღებული, მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს იწვევს. სხვათა შორის, რომელიმე მსახიობის იუბილეს დროს ხშირად, ამ ფილმიდან ნაწყვეტებს ატრიალებენ. ჩემი მეგობრები და ახლობლები ვერ გადაეჩვივნენ, დამირეკავენ და: ნახე, შენი ფილმი გადისო! (იცინის). ფილმზე თუკი რამე იბეჭდებოდა, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი და არ მახსოვს, რაიმე უარყოფითი გამოხმაურება ჰქონოდა.

ექიმი თუ მსახიობი?

- სკოლას ვამთავრებდი და გადაწყვეტილი მქონდა ექიმი გავმხდარიყავი. მაშინ ატესტატის ნიშნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სიკო დოლიძე ფილმს სამამულო ომის გმირებზე იღებდა, მიმიწვიეს და დამამტკიცეს კიდეც მთავარ როლზე. ძალიან სერიოზული და ბევრი სინჯი გავიარე. უნდა განმესახიერებინა 16 წლის ჩრდილო-კავკასიელი ბიჭი, რომელიც გერმანელების ნაწილში "ტაჩანკაზე" მოთავსებული ტყვიამფრქვევით შეიჭრებოდა და მტერს ანადგურებდა. რეალური პიროვნება იყო, მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მისცეს. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა, რომლის როლი ლეკ გოგონას უნდა ეთამაშა.

ფილმში მონაწილეობა რომ არ მივიღე, ამაზე გული მხოლოდ იმიტომ მწყდება, რომ ის ულამაზესი და ფრესკის მსგავსი გოგო ახლოს ვერ გავიცანი და მასთან სამსახიობო ურთიერთობა არ მქონია. რაღაც ღვთაებრივი სილამაზე ჰქონდა. საკავშირო დაკვეთის მიხედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამხედრო-პატრიოტული ფილმი გადაიღეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ფილმი არ მინახავს. ამ ფილმში მონაწილეობით, ფაქტობრივად, ერთი წელი უნდა გამეცდინა და სწავლაზე არ მეფიქრა. მერე შეიძლება კიდევ სხვა ფილმი გამოჩენილიყო და ასე გაგრძელებულიყო. ასე ხომ ჩემი არჩეული სპეციალობა შეიცვლებოდა...

პროფესიული ამბები და ნიუანსები

- ექიმი ოჯახში არავინ მყოლია, ბავშვობიდან მიყვარდა ზოოლოგია, ბიოლოგია, ანატომია. ქირურგობა მინდოდა და სურვილი ავისრულე. მიყვარს ჩემი სპეციალობა, ქირურგი-ონკოლოგი ვარ და ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წავედი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლენინგრადში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მოსკოვისგან, თავისი კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და ხალხით. ონკოლოგიის პირველი კვლევითი ინსტიტუტი ჯერ ლენინგრადში დაარსდა, მერე მოსკოვში. ამათ სულ რაღაც ქიშპობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

სამწლიანი კლინიკური ასპირანტურა სავალდებულო იყო და ამ პერიოდში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტშიც უნდა გაგევლო ორთვიანი კურსი. ასეთი ინსტიტუტები მთელ საბჭოთა კავშირში არსებობდა, მათ შორის, თბილისში. ამ კურსზე ონკოლოგიური ავადმყოფების რეაბილიტაციას კითხულობდა ვინმე სობოლევი. ტრაბახა კაცი იყო, მთელი ლექცია ჰყვებოდა იმას, როგორ იმოგზაურა ვთქვათ შტატებში, ვის შეხვდა, რა ნახა და არა იმაზე, მასტექტომიის (მკერდის მოჭრა) შემდეგ იქ როგორ ხდება პროთეზირება, როგორ უდგანან მხარში ერთმანეთს ავადმყოფები, როგორია ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ასეთი პაციენტებისთვის და ა.შ. ერთხელ ჰყვება, რომ ნიუ-იორკში შეხვდა გამოჩენილ რუს ბალეტმაისტერ ჯორჯ ბალანჩინს და საუბარი შედგა მათ შორის, რამდენჯერმე გაიმეორა "ველიკი რუსსკი ბალეტმაისტერ". ლექციაზე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ვართ თავმოყრილი ხალხი. ბოლოს იკითხა, შეკითხვები გაქვთო? ავდექი და ვუთხარი: თქვენ მოიტყუეთ, ჯორჯ ბალანჩინი არ არის რუსი. ის არის ქართველი ბალეტმაისტერი გიორგი ბალანჩივაძე, რომლის ძმა - ანდრია ბალანჩივაძე ცნობილი კომპოზიტორია და ცხოვრობს თბილისში-მეთქი. ამ კაცს სახე მოექცა. სხდომის შემდეგ ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ასპირანტები ჩემთან მოვიდნენ და ხელი მაგრად ჩამომართვეს. სობოლევი ჩათვლას აღარ მაძლევდა. ასპირანტურიდან გარიცხვას ჩემმა უშუალო ხელმძღვანელმა გადამარჩინა.

ლენინგრადში მუშაობდა ლეონიდ იურის ძე დიმარსკი, რომელიც სულ სხვა კუთხიდან სწავლობდა ონკოლოგიურ დაავადებებს. მოგეხსენებათ, რემბრანდტი და რუბენსი თავის "ნატურშიცებს" რეალისტურად, ფოტოგრაფიულად ხატავდნენ. რემბრანდტის შთაგონების წყარო იყო მისი ჯერ შეყვარებული და მერე ცოლი - სასკია, რომლის შიშველი მკერდი ზუსტად ასახავდა ძუძუს კიბოს მიმდინარეობის პროცესს. ეს ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა, წყაროებში არსად წერია, რომ ეს დაავადება ჰქონდა. ასევეა რუბენსის ნახატებში. ეს დიმარსკიმ აღმოაჩინა, მის ლექციებს დიდ სამეცნიერო საბჭოზე, ყველანი აუცილებლად და უკლებლივ ვესწრებოდით. იმ დარბაზში გერმანიიდან ჩამოტანილი (მეორე მსოფლიო ომის დროს) ძველი როიალი იდგა, რომელსაც ლეონიდ დიმარსკი მიუჯდებოდა და გადასარევად უკრავდა. მისი აღმოჩენა ევროპის ონკოლოგთა ასოციაციამ დაადასტურა და დაამტკიცა. ასეთი საინტერესო ხალხი მოღვაწეობდა მაშინ.

GzaPress კონსტანტინე ჩოლოყაშვილი - ჩვენი ფუძე არის თელავის რაიონის სოფელ კისისხევიდან, იქ იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია. კისისხევი წინანდლის გვერდითაა, ძველ აღწერებში ასე წერია რუსულად "დაჩა კისისხევი". ისტორიულ არქივში მოვიძიე საბუთები, სადაც 1772 წლიდან არის დაფიქსირებული კონკრეტულად ჩვენი ოჯახის გენეალოგია. პაპაჩემი კონსტანტინე რეპრესიებმა შეიწირა. ის თავის დროზე მშობლებმა საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში გაუშვეს, შუშხუნა ღვინოების წარმოების ტექნოლოგიის შესასწავლად. მას გააყოლეს ერთი ასაკოვანი კაცი, რომ ბიჭი მარტო არ ყოფილიყო. იმის სახელი და გვარი არ ვიცი. სხვათა შორის, ეს კაციც ესწრებოდა ლექციებს და ყველაფერი კარგად შეისწავლა. როცა დაბრუნდნენ, ასაკოვანი კაცი კუბოკრული კეპით დადიოდა და ჰქონდა კოხტად გაკრეჭილი წვერი (ფოტოებშიც ჩანს). ასეთი ქუდი კახეთში არათუ მაშინ, ახლაც არავის ახურავს. ამიტომ, ადგილობრივებმა შეარქვეს ფრანცი პაპა.

პაპაჩემი მუშაობდა ტიბაანის ღვინის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად. მისი ხელმძღვანელობით დამზადდა პირველი შუშხუნა ღვინო, რომელიც ყველა ისტორიული მონაცემით არის საბჭოთა კავშირში ცნობილი "სავეტსკოე შამპანსკოე". საბჭოეთი არღვევდა სამარკო ნიშანს, რადგან შამპანური ერქვა მხოლოდ შამპანის პროვინციაში დამზადებულ სასმელს. კახეთის ქარხანა ასევე უშვებდა კონიაკს - ის იყო მსოფლიოში პრემიუმ ბრენდი.

პაპას ღვინის ქარხანაში ორიგინალური კაბინეტი ჰქონია, მთლიანად კასრებისგან დამზადებული ე.წ. გარნიტური: კამოდები, სავარძლები, ტახტი, წიგნების კარადა. ვერ დავიჩემებ, რომ ასეთი რამ პირველად პაპაჩემს ჰქონდა, მაგრამ მაშინ სიახლე იყო. ერთი კასრის სავარძელი ჩვენს ოჯახში ინახებოდა წლების მანძილზე, ბოლოს დაზიანდა და მისგან აღარაფერი დარჩა. ჩვეულებრივი კასრი იყო, შუაში კოხტად ამოჭრილი და ჩაჯდომა შეგეძლო. პაპა დააპატიმრეს თავის ბიძაშვილ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კონტაქტის გამო. მასთან ერთად წაიყვანეს ფრანცი პაპაც.

კონსტანტინე ჩოლოყაშვილს 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი ჰყავდა - ნიკოლოზი, დიმიტრი (მამაჩემი), ნათელა და ნანა. ისინი ისე გაიზარდნენ, რომ გვარს მალავდნენ. ერთხანს იმალებოდნენ და წყნეთში გაიხიზნენ. გასაბჭოების შემდეგ კისისხევში ყველაფერს დაერივნენ, ჩოლოყაშვილებს იქ ნოყიერი და კარგი მიწები ჰქონდათ. მოძიებული მაქვს, არქივის რუკების მიხედვით ჩვენ რა გვეკუთვნოდა და რა ადგილები იყო ვთქვათ, ვახვახიშვილების, ანდრონიკაშვილების და ა.შ. ძალიან საინტერესო წიგნი დაწერა კისისხევზე სოლომონ ლაფაურმა, რომელიც 90-იანი წლების არეულობის დროს თბილისს გაეცალა და კისისხევში დასახლდა. მასალები მეც მივაწოდე, წიგნში მან ყველაფერი აღწერა. ბატონი სოლომონი წერდა კიდეც, რომ ლევან ჩოლოყაშვილი ამაოდ ცდილობდა მამაპაპისეული ნაკვეთების ნახვას, დაბრუნებას და ა.შ.

გატაცებები და საინტერესო პროექტი

- მუსიკა მიყვარს, ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, მაგრამ არ დამიმთავრებია. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი როზა მიხეილის ასული რაჟოკი, თერთმეტსართულიან სახლში ცხოვრობდა. მასთან ჩემი მეცადინეობის შემდეგ ლექსო თორაძე მოდიოდა. მაშინაც პუტკუნა იყო და მელნიანი თითები ჰქონდა, ხან დედას - ლიანა ასათიანს მოჰყავდა, ხან ვიღაც სხვას. თანამედროვე მუსიკა და ჯაზი ძალიან მიყვარს. შენახული მაქვს ვინილის ფირფიტები, მათ ახლა ფასი დაედო. აქტიურად და ხშირად დავდიოდი სათევზაოდ და სანადიროდ. თუმცა, ნადირობაზე უკვე უარს ვამბობ, აღარ მიყვარს. ერთი დიდი ალბომი მაქვს - ჩემი ნანადირევისა და ნადირობის ამსახველი ფოტოებით სავსე. ბოლოს როცა მითხრეს მეგობრებმა, სანადიროდ წამოდიო, ვუპასუხე: მე თოფს არ წამოვიღებ, მარტო გადავიღებ-მეთქი. ალმაცერად შემომხედეს და იმის მერე, მხოლოდ ნანადირევს თუ გამომიგზავნიან. მიყვარს მთაში სიარული, როცა დრო და საშუალება მაქვს.

ახლა ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. აგარაკი მაქვს კავთისხევში. იქ, ახლოს სამი წლის წინ ნასოფლარი აღმოვაჩინე, რომელიც ზღვის დონიდან 1450 მეტრზეა. 1956 წელს იმ სოფლიდან ხრუშჩოვმა ხალხი აყარა და კასპში ჩაასახლა. როგორც ამბობენ, იმ დღეს სოფელში ქორწილი ყოფილა, მოვიდნენ ჩეკისტები და მაშინვე, პირდაპირ ურმებზე დასვეს ყველა, ტირილით დაატოვებინეს იქაურობა. კასპში კომპაქტურად დასახლდნენ და უბანს ვარჯაანი დაარქვეს. ნასოფლარში მივაკვლიე დანგრევის პირას მისულ, მეათე საუკუნის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას და ორგანიზება გავუწიე მის აღდგენას. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო (ნიკა ანთიძე) დამიდგა გვერდით და ხალხის დახმარებით ორთვენახევარში აღვადგინეთ ეკლესია. ამას მოჰყვა გაგრძელება. წარმოშობით ვინც იყვნენ იმ სოფლიდან, იმათ შვილებსა და შვილიშვილებს უნდათ დაბრუნდნენ ძველ ადგილზე, მათ შორის ორი უხუცესია. სოფლამდე მისასვლელად 2 კმ-ია გასავლელი კავთისხევიდან და ძალიან ცუდი გზაა, არა აქვთ დენი. შევხვდი გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილს, მან გულთან მიიტანა პრობლემები. სოფლის სტატუსი უკვე მიიღეს, ახლა მაღალმთიანის სტატუსს ელოდებიან, გზას და დენის საკითხსაც მიხედავენ. ზღაპრული ადგილია...

ნანული ზოტიკიშვილი