როცა თითოეული ფერი სიცოცხლის ტოლფასია
font-large font-small
როცა თითოეული ფერი სიცოცხლის ტოლფასია
ამბავი თანამედროვე "ხატიასი"

ვინც თბილისის მერიაში ერთხელ მაინც ყოფილა, მისაღებში აუცილებლად შენიშნავდა სიმპათიურ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ყველა სტუმარს თავაზიანად ეგებება და უღიმის. ეს ნანა ბრეგვაძეა - ქალბატონი, რომელმაც უამრავი ტკივილი და დაბრკოლება გადალახა, მაგრამ მაინც არ გატყდა და ბედს არ შეურიგდა. მისი ამბავი რაღაცით ნოდარ დუმბაძის ცნობილი პერსონაჟის - ხატიას თავგადასავალს წააგავს. ნანამ თავის ცხოვრებაზე, მიღწევებსა და წარმატებებზე გულახდილად გვიამბო.


სევდიანი ბავშვობა
- მხედველობა ბავშვობაში დავკარგე, არასწორი მკურნალობის შედეგად - მაშინ მხოლოდ თვეებისა ვიყავი. ბავშვობა ჩემთვის რთულიც იყო და მარტივიც: ყველა ჩემზე ზრუნავდა, თუმცა ძალიან ბევრი გულისტკივილიც მახსენდება. რაღაცას რომ ვერ ვხედავდი, ვერ ვაკეთებდი ან ისე ვერ ვთამაშობდი, როგორც სხვა ბავშვები, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი... იმის გამო, რომ ვერ ვხედავდი, ყველასგან გამორჩეული ცხოვრება მქონდა და ამას განვიცდიდი. საბავშვო ბაღში სამტრედიაში მიმიყვანეს, 3 წლის ყველასთან ვმეგობრობდი და ყველას ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ბევრჯერ მიტირია იმის გამო, რომ სხვებს არ ვგავდი; ბევრჯერ მიფიქრია - რაღა მაინცდამაინც მე დამემართა ასეთი რამ-მეთქი! უნდა ვთქვა, რომ ამ სირთულეებმა უფრო მეტად გამაძლიერა: მივხვდი, ჯარისკაცივით უნდა ვყოფილიყავი და ჩემი თავი კბილებით დამეცვა. ალბათ, ამიტომ არ მოვდუნდი და დეპრესიას თავი არ დავუხარე. შემდეგ თბილისში გადმოვედი, უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდი. 7 წლის ასაკში დედას დავშორდი და ეს ჩემთვის კიდევ ერთი დიდი ტკივილი იყო. დედა პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ არდადეგებიდან არდადეგებამდე ოჯახს მოწყვეტილი ვიყავი და ჩემს დარდს კარგი სწავლით ვებრძოდი. წარმატებული და აქტიური მოსწავლე ვიყავი, საკმაოდ კარგი განათლებაც მივიღე. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე მიმაჩნია, რომ უსინათლოთა სკოლა-ინტერნატმა დამოუკიდებელ ადამიანად ჩამომაყალიბა და სირთულეებთან ბრძოლა მასწავლა.
GzaPress
წარმატებული ოპერაცია
- სკოლის შემდეგ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც უცხო ენების ფაკულტეტი დავამთავრე, მერე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაგისტრატურა - საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. სტუდენტობის პერიოდში, როგორღაც ჩემს თავში დავიკარგე და ვფიქრობდი, რომ ამ სამყაროში ადგილს ვერასოდეს ვიპოვიდი. ძველი კომპლექსებიც მაწუხებდა, მაგრამ როცა დავაკვირდი, რამხელა ტკივილს ატარებდნენ სხვები, შშმ პირები, რომლებსაც ჩემზე მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, გულს ვიმშვიდებდი და უფალს მადლობას ვწირავდი. თანდათან ჩემი კომპლექსებიც დავამარცხე. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და მომწონდა, როცა ჩემი კურსელები რაღაცას მეკითხებოდნენ, ჩემს აზრს ანგარიშს უწევდნენ. იმ პერიოდში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ოპერაცია, რომელიც ისრაელში გამიკეთეს: რქოვანები გადამინერგეს. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, მხედველობა მომემატა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც შევძელი. ის ოპერაცია წინა პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა დამიფინანსა, ამჟამად კი, თურქეთში ვაგრძელებ მკურნალობას და ამასაც სახელმწიფოს დახმარებით: თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ გამომიყო. მიხარია, დამოუკიდებლად გადაადგილება ჩემთვის სირთულეს რომ აღარ წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც სრულყოფილი მხედველობა აქვთ, ამას არ აფასებენ, ჩემთვის კი თითოეული ახალი ფერი, რომელსაც მკურნალობის შემდეგ ვამჩნევ, სიცოცხლის ტოლფასია.

როგორ შეიქმნა უსინათლოთა ანსამბლი "რელიკვია"
- ამჟამად თბილისის მერიაში ვმუშაობ და სრულფასოვანი, აქტიური ცხოვრება მაქვს. მყავს უსინათლო მუსიკოსების ჯგუფი "რელიკვია" და მესამე წელია, მათი პროდიუსერი ვარ. ბოლოს იტალიაში ვიყავით, ქალაქ რეჯო კალაბრიაში წარმატებული კონცერტი გავმართეთ, რომელსაც ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ და ამ ქალაქის მკვიდრებიც. ძალიან მინდა, ეს ჯგუფი უფრო პოპულარული გახდეს და მეტს მიაღწიოს. პარალელურად ვმუშაობ საქართველოს უსინათლოთა კავშირში, სადაც კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის პიარ-მენეჯერი ვარ. მიმაჩნია, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ და ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მოვიპოვე. წარმატება ჩემთვის ლანგრით არავის მოურთმევია, ყველაფერი დიდი ბრძოლისა და წვალების ფასად მოვიპოვე, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს - მიღწეულით არასოდეს ვარ კმაყოფილი.

ოჯახი და სიყვარული
- რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, აქ ყველაფერი მოულოდნელად აეწყო: ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ჩაკეტილი ვიყავი და გულთან ახლოს არავის ვიკარებდი. მომავლის ძალიან მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ თუ ვინმე შემიყვარდებოდა, მისი ოჯახის წევრები არ მიმიღებდნენ. ეს განცდა ყოველთვის თან მდევდა და არასდროს მქონია თავისუფალი, გახსნილი ურთიერთობა. თანაც, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მარტოხელა დედამ გამზარდა და ძალიან შებოჭილი ვიყავი. ჩემი მომავალი მეუღლე, მიხეილ პაპუნაშვილი "ნიჭიერის" ფინალზე გავიცანი. იქ ჩვენი მეგობარი მონაწილეობდა და სხვებთან ერთად მივედი. როცა გავიცანი, არც მიფიქრია, რომ ეს ნაცნობობა მომავალშიც გაგრძელდებოდა, მაგრამ თვითონ დამიკავშირდა. ჯერ ტელეფონით ვსაუბრობდით. არც მალავდა, რომ ჩემით დაინტერესდა, რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი ჯგუფი "რელიკვია" შეიქმნა და ის ჩვენს ჯგუფში მოვიწვიეთ. ჯერ მეგობრები ვიყავით, საბოლოოდ კი, ჩვენი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. უკვე მეორე წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ძალიან გამიმართლა და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთ ადამიანს შემახვედრა. მარტო მე კი არა, ყველას ეხმარება, ვისაც რაღაც პრობლემა აქვს. ერთად ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ სიბრალულის გამო არ ვუყვარვარ, პირიქით, ჩემი მიღწევებით ამაყობს.
ვფიქრობ თუ არა ბავშვის გაჩენაზე? - რა თქმა უნდა, ვფიქრობ, მაგრამ წინასწარ იმასაც ვფიქრობ, როგორ მოვუვლი. იმედი მაქვს, რომ ოჯახი დამეხმარება, თორემ მარტო მე, სამსახურთან ერთად, პატარა ბავშვს ვერ მოვუვლი. სამსახურიც რომ არ მქონდეს, მაინც გამიჭირდება, მაგრამ თუ ღმერთის ნება იქნება, აუცილებლად გავაჩენ.

GzaPressზოგჯერ რისკი აუცილებელია
- ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რისკიანი ვარ. პირად ცხოვრებაშიც გავრისკე. მეშინოდა და ბევრს ვფიქრობდი, მომავალში რა მოხდებოდა, მაგრამ ერთი რამ მშველოდა - მის სიყვარულში დარწმუნებული ვიყავი. საბედნიეროდ, მისი ოჯახის წევრებმაც სიყვარულით მიმიღეს. უნდა ვაღიარო, რომ შშმ პირებს ამ მხრივ დიდი პრობლემები აქვთ: ისინი უფრო ხშირად ერთმანეთზე ქორწინდებიან, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ბარიერი მაინც არის ჯანმრთელ ადამიანებსა და შშმ პირებს შორის. თუმცა, ისეთი ოჯახებიც იქმნება, როცა ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მეორე - არ არის შშმ პირი. რამდენიმე ასეთი ოჯახი ვიცი, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ერთმანეთი უყვართ და მშვენივრად ცხოვრობენ. სამწუხაროდ, საპირისპირო მაგალითებიც ვიცი: ვიცნობ გოგონას, რომელიც უბედური შემთხვევის გამო ეტლს მიეჯაჭვა და მეუღლემ მიატოვა. ასეთი ფაქტები ხშირად ხდება. ისეთი ფაქტებიც ხდება, როცა წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ და დაშორდნენ, რადგან ერთ-ერთი მათგანი შშმ პირი იყო. იმის გამოც დაუწუნებიათ სარძლო ან სასიძო, რომ მისი მშობელი უსინათლო იყო. თუმცა, ხშირად, უსინათლოებს კარგი ოჯახიც აქვთ, წარმატებული კარიერაც და კარგ შვილებსაც ზრდიან. საბედნიეროდ, 21-ე საუკუნის საზოგადოება უფრო დაწინაურებულია და შშმ პირების მიმართ მიდგომაც შეცვლილია. ჩვენს საზოგადოებას ვურჩევ, უფრო მეტი ლმობიერებით მოეკიდონ ამ ადამიანებს, რადგან არავინაა დაზღვეული იმისაგან, რომ დღეს თუ ხვალ, თავადაც შშმ პირი გახდება. მადლობა უნდა გადავუხადო ჟურნალის - "გზა" რედაქციას, რომ ჩვენზე სტატიებს ხშირად ბეჭდავთ. დასასრულს კი გეტყვით, რომ ცხოვრება ძალიან მარტივია, ჩვენ რომ არ ვართულებდეთ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩავიკეტოთ და ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინოთ. ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების თითოეული დღე გაძლიერებისა და წინსვლისკენ უნდა იყოს მიმართული: ერთ კარს თუ ჩაგვიკეტავენ, მეორე უნდა გავაღოთ - სხვაგვარად ცხოვრება გაგვიჭირდება.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 540 მეტრში მდებარეობს.
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს
ვაჟა ტუღუში ფიროსმანისეული ბედის მქონე კომპოზიტორსა და საკუთარ "მეორე სუნთქვაზე"
"ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს"
როცა შეგიძლია ადამიანებს ბედნიერება მიანიჭო...
"ავრბივარ სცენაზე და ამაყად ვშლი საქართველოს დიდ დროშას"
"ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი"
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში დადებული ვიდეოს გამო ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს.
ქართველი მამაკაცის სიმღერით მოხიბლული უკრაინელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი