ლახამულაში გათხოვილი იმერელი ქალი
font-large font-small
ლახამულაში გათხოვილი იმერელი ქალი
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"

კითხვაზე, საიდან იწყება სვანეთი? - სხვადასხვანაირ პასუხს გაგცემენ. პასუხი ან ემოციურია, ან გეოგრაფიული, ან სულაც, ისტორიული. ჩემთვის სვანეთი, პირველ რიგში, ემოციაა და ლახამულადან იწყება. ეს პირველი კოშკებიანი სოფელია ენგურის ხეობაში და მახსოვს პირველი მგზავრობისას ჩემი შეცხადება! თურმე ამ სოფელს პირველკოშკიანობის გარდა, სხვა განსაკუთრებულობებიც აქვს. დიდი ხნის წინ, როცა ადამიანები ბარიდან მთისკენ მგზავრობდნენ ან პირიქით, შესასვენებლად ლახამულას ირჩევდნენ - ეს მარტო გეოგრაფიული მდებარეობით უნდა ყოფილიყო განპირობებული. სტუმართმოყვარეობა მგზავრებისთვის და სამჭედურები საჭაპანო თუ სამგზავრო ცხენებისთვის დამატებითი წინა პირობა ყოფილა იმისთვის, რომ მგზავრს მყუდრო და უსაფრთხო სავანედ ეღიარებინა ლახამულა...


დრო გავიდა და "ქუთაშე ოჭანარაშ" საჭირო აღარაა. ოჭანარაშ ნიშნავს მგზავრების გაწალიკებულ სვლას და ოდითგან ქუთაისი სვანებისთვის მეგაპოლისი იყო, სადაც საჭიროების გამო მთელი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებოდნენ. ახლა, როცა დრო-ჟამის ჯებირები მორღვეულია და სვანეთში უთოვლო ამინდების გარდა, ავდრიანობის დროსაც შეიძლება მგზავრობა, ისევ იმ ემოციას ტოვებს ლახამულა, როგორსაც საუკუნეების წინ! ორიოდე კოშკი, კოშკ-მაჩუბთა ნანგრევები და ხელისგულისოდენა ეკლესია ენგურის ქარაფზე, უძველესი ოთხთავი ლამაზი კალიგრაფიით და თავსართი ასოთა სინგურისფერით ისეთი მიქსია, რომელსაც გულგრილად ვერავინ გაუვლის. მთავარი მაინც ადამიანია ლახამულაში! აქ მუდამ გელოდებიან სიყვარულის ამოხდომით და აღფრთოვანებით.
თუ სოფელში ჩასასვლელად დრო არ გაქვს, ლახამულას თავში, მაგისტრალთან გხვდებიან "გადაგდებული მასპინძლები". სადღაც მიჩქმალული სვანური მარილი, სულგუნი და უგემრიელესი ვაშლები წუთიერი შეხვედრა-გამომშვიდობებისას უცებ გამოჩნდება, ათასი უარის მიუხედავად, მაინც შენია და გიხარია ბავშვური გულწრფელობით რძე და შაქარჩამდგარი საჩუქარი. სინამდვილეში ეს ძღვენი იმ სიყვარულის აკორდია, რომელიც ლახამულელებს ამოუწურავად გააჩნიათ! ამის მერე კიდევ უფრო თბება ყველაფერი, არ ნანობ გადაღლას ურთულეს და უგრძეს გზაზე, რადგან სვანეთში მარტო ადამიანები კი არ გიღიმიან, შემოგციცინებენ ფერადი ყვავილები, ალუბლის კუნწულები და მთის წვერებზე შერჩენილი ადამისჟამინდელი თოვლიც კი! ეს ყველაფერი ერთად უფრო ბედნიერი სიზმრის ხატებაა ან კიდევ, იმ საოცნებო კვერის გამოცხობა, რომელსაც ობლები ელოდებიან!
სვანურ სოფლებში ამ ბოლო დროს უჩვეულო გამოცოცხლება იგრძნობა. საქართველოს მთიანი რეგიონებიდან ამ მხარეს ყველაზე მეტად ეტყობა მაჯისცემა. როგორ გადარჩა ეს საუნჯე, სვანეთი რომ ჰქვია? დასვამ კითხვას და იქვეა პასუხიც: ღირებული ყოველთვის გადარჩება! გადამრჩენელები კი ადგილობრივები არიან, რომლებსაც ვერ აშინებთ ვერც რუსული იარაღი, ვერც ინვესტიციებს ამოფარებული მგლისმადიანი ბიზნესმენები და მთიდან გრიალით დაძრული ზვავ-მდინარეები!
ლახამულაში სკოლაა, სადაც ცხრა წელი სწავლობენ პატარები. სკოლას იმერელი დირექტორი ჰყავს, თუმცა, იმერლობას თითქმის ვეღარ შეატყობ ადვილად. ნაზი ჭიღლაძე საქმითა და სიტყვით იმდენად შეცვლილია, ვერც წარმოიდგენთ, რომ საჩხერეშია გაზრდილი.
GzaPress
ნაზი:
"სკოლა 1978 წელს დავამთავრე. იმ პერიოდის განათლების სისტემა გამჭვირვალობითა და სამართლიანობით თავს ნამდვილად ვერ მოიწონებდა. როგორც ამბობდნენ, უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ცნობადი სახეების მფარველობა და ფული აკეთებდა საქმეს. ძალად კი ვამხნევებდი თავს, მაგრამ შეშინებულ გულს - ვერანაირად. "კაცი" საიდან ეყოლებოდა ჩემს გაჭირვებულ ოჯახს, ფულიც მხოლოდ გზისა და აუცილებელი საჭიროებისათვის იყო საკმარისი, ატესტატში ჩაწიკწიკებული ხუთიანები კი, როგორც არაერთგან გამაგონეს, არაფერს ნიშნავდა. გადავწყვიტე არ შევგუებოდი უსამართლობას და თუ დავინახავდი, ვიჩაგრებოდი, რექტორამდეც მივსულიყავი. ეს მართლაც ჩემი ხასიათია და სულ ვამბობ, რომ ბევრი რამით მაშინაც, გათხოვებამდეც ვგავდი სვანებს. გამოცდების ფინალი კი ის იყო, რომ სამი ხუთიანი და ერთი ოთხიანი მივიღე, ამას სკოლის ხუთი ქულაც დაემატა და 24 ქულით ინსტიტუტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა სიის თავში მოვექეცი.
იღბლიანი ვარ და მფარველი ანგელოზიც მუდამ ჩემ გვერდითაა. სტუდქალაქში საოცარ სვან გოგონასთან, ნელი ნავერიანთან ერთად მომიწია ცხოვრებამ. სწორედ ეს ქალი დგას ჩემი ცხოვრების სათავესთან - ცხოვრებისა, რომელსაც ნამდვილად არ ვემდური. ჩემი მეგობრის მეგობრები სულ მალე ჩემი მეგობრებიც გახდნენ, ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში სვანეთი და ჩემი სვანები - ზექართველები, საოცარი მოქართულენი, ხალასი და მართალი ხასიათებით, რაფინირებული ზრდილობითა და გატანის უნარით, სვანის დაქალებთან კი - განსხვავებული, პატივისცემასა და ერთგულებაზე დამყარებული ურთიერთობებით.
ასე გავიცანი ცხოვრების მთავარი მეგობარიც. 1978 წლის ნოემბრის ერთ საღამოს ჩემს მეგობარს შესამჩნევად დააგვიანდა, ლოდინით გაბეზრებულმა სვანი გოგონების ოთახის კარზე დავაკაკუნე. კარი გაიღო, ღიმილიანი სახეებით ცნობისმოყვარედ შემათვალიერეს ახალგაზრდა სვანმა ვაჟებმა, მერე თავაზიანად შემიპატიჟეს და დივანზე მიმითითეს. დავჯექი თუ არა, ერთმა ახალგაზრდამ სწრაფად დაიკავა ჩემ გვერდით ადგილი, თითქოს ვიღაცას გაეჯიბრა და აჯობაო. ბედია ყველაფერი და შემთხვევით არც არაფერი ხდება. მოხდენილ სვანთა შორის სწორედ იმ ვაჟს ჰქონდა ყველაზე ლამაზი ღიმილი, საფირმო ხალი ტუჩს ზემოთ, იყო სიმპათიური, მოხერხებული და საოცრად კომუნიკაბელური. გამეცნო, აღფრთოვანება გამოხატა ჩემი წარმატებით, გაოცებაც დაეტყო ჩემ მიერ მიღებული ქულების გამო და დაამატა, რომ ფილოლოგიურისთვის აფსუსი იყო ჩემი ნიჭი და კარგი პატრონიც არა მყოლია თურმე, სხვა რამ რომ ერჩია ჩემთვის თავის დროზე.
წლების შემდეგ ის გახდა ჩემი კარგი პატრონი, პატრონი არა მხოლოდ ჩვენი ქართული ოჯახისა, არამედ პატრონი ჩემი ნიჭის უნარებად ქცევის, სასკოლო სივრცეში ჩემი წარმატებით დამკვიდრებისა და პიროვნული გაძლიერებისა, მისი უღალატო შემწეობით ვარ შემდგარი პროფესიონალი პედაგოგი და დამატებით, 32 წელია ვეზიდები ხელმძღვანელის მძიმე ჭაპანს მცირე კონტინგენტის, მცირე რესურსებისა და დიდი პრობლემებით სავსე მაღალი მთის პატარა სოფელში".
ნაზის საკუთარ თავზე მეტად მეუღლეზე, ოჯახზე, სკოლაზე საუბარი უყვარს და ეხერხება. ამიტომ ვეცდები, თავად გითხრათ რამდენიმე სიტყვა მასზე.
თუ სტუმრად მიდიხართ ნაზისთან, უნდა იცოდეთ, რომ მინიმუმ, პლუს ერთი საათი მაინც უნდა გამოყოთ, რადგან ჭიშკრიდან სუფრამდე და სუფრიდან ჭიშკრამდე მთელი რიტუალია მოსამთავრებელი. ნაზი პირველად სტუმრობისას დიდი ჭიშკრის ყურთამდე გაღებით გხვდება, პატარა ეზოს გადაკვეთისას თვალში გხვდება ათასი ფერის ყვავილი, ვაზის ტალავერი და კოხტად შეკვერცხილი ხეხილი. უზარმაზარი სახლის კარს იქით დარბაზისხელა პირველი ოთახია, სადაც წიგნების კარადა და სტუმართმოყვარეობისთვის საჭირო ატრიბუტი - მოზრდილი მაგიდა სკამებით გხვდება. თუ საპატიო მამაკაცი ხარ, ეგებ მახშვის სკამზეც კი მიგანიშნონ, დაბრძანდითო. მაგიდაზე ყოველთვის დევს ვაზა ყვავილებით. სკამზე ჩამომჯდარიც არ ხარ და ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება სუფრაზე იმერული და სვანური ხაჭაპურები, კუბდარი და სალათები, ხილის წვენი და ათასი რამ. ნაზის ეხერხება სტუმრისთვის დიეტის დავიწყება, უბრალოდ, როგორი მოსასმენია, ალბათ ჩემი ნამზადი არ მოგწონსო და სინჯავ ჯერ ერთ ლუკმას, მერე თავისთავად მოდის მადა ჭამაში. სამზარეულოდან სასტუმრო ოთახამდე იმდენი რამაა გამოსატანი, რომ ვერც კი ახერხებ წესიერად გასაუბრებას მასპინძელთან, თუმცა გაიგებ, რომ ნაზის მეუღლე ყოფილი პარლამენტარია, ჰყავს კარგი შვილები და შვილიშვილები! მეუღლე ახლა სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და სრულად უწყობს ხელს მეუღლეს, რომ პროფესიული რეალიზება შეძლოს (თუ არ ვცდები, ერთადერთი ადამიანი, ვისაც დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდები აქვს ჩაბარებული მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაზი ჭიღლაძეა) და სტუმრების გამასპინძლებაშიც გადამწყვეტი როლი ნოდარ საბანიძეს აკისრია! მიუხედავად იმისა, რომ ნაზი ლიდერი ბუნების ადამიანია, მაინც ქმარს უთმობს პირველობას და თვლის, რომ არა ასეთი მეუღლე, ძალიან გაუჭირდებოდა კარგი დირექტორობაც, მასწავლებლობაც, დედობაც და დიასახლისობაც...
ლახამულას სკოლიდან ზოგი ბავშვი 24 კილომეტრის დაცილებით ცხოვრობს. ახლა სახელმწიფო ზრუნავს ამ ბავშვების გადაადგილებაზე, მაგრამ იყო ბნელი დრო, როცა პატარებს ფეხით უწევდათ უსაშველოდ დიდი მანძილის გავლა და ავდრობისას მუდამ იყო ნაზის სახლში ოთახი, საწოლი და საკვები მათთვის... აბა, როგორ მოისვენებს ნაზი, თუ პატარებს თავზე აწვიმთ ან ქარბუქი ლოყებს უწითლებთ?! ამიტომაც, ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც! ალტრუიზმის გარდა, რა შეიძლება დაერქვას იმას, რაც ნაზის უკეთებია? განა ადვილია მთის სოფელში 5-6 ბავშვის შეფარება, სადილ-ვახშმის მომზადება და მერე სასკოლო საქმეების ორგანიზება?! და მარტო მოსწავლეები კი არა, მოწვეული მასწავლებლებიც მასთან ცხოვრობენ და ზრუნავს მათზე ნაზი მასწავლებელი.
GzaPress
უზომოდ შეხუმრებული ვართ ერთმანეთთან მე და ნაზი. ვიცით ერთმანეთის ავანიც და ჩავანიც, იმერლობით (თან ზემოიმერლობით) გადაჭარბებული ბაქიბუქი, რომელსაც სვანები აკადემიური სიმშვიდით იტანენ და წელიწადში რამდენჯერმე ვსტუმრობ საბანიძეების სახლს არა მარტო თანამემამულეებით, არამედ უცხოელებითაც და ყველა იმ დროს ვსვანდებით - მხოლოდ კეთილ სიტყვებს და ღიმილს ვიმეტებთ ერთმანეთისთვის ქართველი, რუსი, ებრაელი...
თავისთავად, მოდის დრო, როცა უნდა დატოვო ნაზის ჭერი და ეზოში გამოსულები რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ, სისხლისფერ ალუბლებს ვკრეფთ, თხილსა და ვაშლებს ვინაწილებთ მასპინძლისგან დაუკითხავად, ლახამულას ოთხთავითა და მასპინძლობით სასიამოვნოდ გახარებულები ვაქებთ სვანეთს! მერე შეფასებასაც ვტოვებთ (ეს შეფასება ათასჯერ აქვს მოსმენილი ნაზის), რომ ის უფრო მეტადაა სვანი, ვიდრე ნოდარი. ნოდარს ეცინება ამაზე და კიდევ გვეწვიეთო, ტკბილი ხმით გვეუბნება. ამ სიტკბოს გამოა, რომ იმერელი ქალი ლამის ქვეყნის სახურავზე - სვანეთში შემორჩა და გასვანდა კიდეც სიტყვით, საქმითა და დამოკიდებულებებით!
P.S. როცა ნაზისთან მიდიხარ, თითქმის მოპირდაპირე მხარეს კიდევ მეორე იმერელი დიასახლისი ცხოვრობს, ქალბატონი ნინელი. ნინელის ქმარი ხუმრობით ამბობს, ეს ორი იმერელი ქალი იმხელა ძალაა ამ სოფელში, გადავრჩით, მესამეც რომ არ დაემატა, თორემ ამდენ სვანებს გაგვაიმერელებდნენო. ნინელიზე ოდესმე ცალკე დავწერ, რომელიც ნაზის მსგავსად სოფლისთვის უზომოდ დიდი იმედია...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
დაუვიწყარი ურთიერთობა ძველი დროის არტისტებთან და ლევან ჩოლოყაშვილის აღმოჩენილი ნასოფლარი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი