"ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია" - გზაპრესი

"ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია"

"...ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია და მას უცოდინარობა ჰქვია! ბარსი - ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტაფთიაქში და ლეკვსაც კი კლავს, ფართოდ გამოიყენება დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე! ჰოდა, სანამ "თეკლამ მირჩია, კარგიას" პრინციპით შვილს მოწამლავთ, წაიკითხეთ, რა არის ეს ბარსი. ის არის რწყილების საწინააღმდეგო ნივთიერება ფიპრონილი, რომელიც წლობით არ გამოდის ორგანიზმიდან, ილექება ცხიმოვან უჯრედებში და გამოსცემს სუნს, რომელსაც ვერ იტანენ მწერები. სწორედ ესაა ამ 2 წვეთის მოქმედება, ანუ თქვენ წამლავთ შვილს, რომ ტილი არ მიეკაროს და სხვასაც ურჩევთ. გვერდითი ეფექტები მწვავე ალერგია, თმის ბუდობრივი ცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბიჭებში - სასქესო ჰორმონის დისბალანსი და ლეიკემიაა... ვინც არ იცით გაიგეთ, თქვენ კლავთ შვილებს ნელი სიკვდილით!" - სოციალური ქსელით გავრცელებულ ამ პოსტს ბევრი გამოეხმაურა - ბევრს შეეშინდა და დაიწყო ინფორმაციის მოძიება, მართლაც ასეთი საშიშია თუ არა ეს პრეპარატი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბევრმა, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, იცის ბარსის შესახებ და ჩემ გარშემო ბევრი მშობელი იყენებს მას, თანაც, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პროფილაქტიკისთვის.

კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ წლების მანძილზე იყენებენ და სხვებსაც დაჟინებით ურჩევენ, - ამდენი წელია, ვხმარობ და ძალიან ეფექტურიაო. ჩემთვისაც არაერთხელ ურჩევიათ. იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ბავშვებისთვის ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება, რატომ არის საჭირო სიფრთხილე და რას იწვევს ხსენებული პრეპარატი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრა. ფიტოთერაპიული კაბინეტის ხელმძღვანელები, თამარ და ნინო ასლამაზაშვილები კი ბარსის გამოყენებით გამოწვეულ ერთ-ერთი პრობლემაზე - თმის ბუდობრივ ცვენაზე და განკურნების გზებზე ლაპარაკობენ.

თამარ ობგაიძე, პედიატრი, მედიცინის დოქტორი:

- ყველასთვის გასაგებია, რომ ვეტერინარული პრეპარატები ცხოველებისა და ფრინველებისათვისაა განკუთვნილი, თუმცა ზოომაღაზიებში არცთუ ისე იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვეტერინარულ მედიკამენტებს მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ყიდულობენ. ამ ადამიანების არგუმენტი ასეთია - ცხოველებიც ძუძუმწოვრები არიან, მათთვის ხშირად იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რაც ადამიანებს ენიშნებათ, იმავდროულად, ეს წამლები უფრო იაფია. დიახ, ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების მოქმედი ნივთიერებები მართლაც იგივეა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანისთვის განკუთვნილი მედიკამენტები გაცილებით უფრო გაწმენდილია და დამუშავებულია ქიმიურად, თანაც, ვეტერინარული წამლები უბრალო, იაფფასიან ჭურჭელშია წარმოდგენილი, რაც, რა თქმა უნდა, მის ფასზე მოქმედებს.

- რას გვეტყვით კონკრეტულად ამ პრეპარატზე - ბარსზე, რომელსაც მშობლები აქტიურად იყენებენ ტილების საწინააღმდეგოდ?

- ოთხფეხა მეგობრებში ის პარაზიტებთან საბრძოლველად გამოიყენება, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვით - მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულ ძუძუმწოვრებსა და ლეკვებში. ზრდასრული ცხოველის დამუშავება უნდა მოხდეს ღია ფანჯარასთან ან აივანზე. დამუშავების დროს არ შეიძლება თამბაქოს მოწევა, საკვებისა და სასმლის მიღება, რათა პრეპარატი ადამიანის პირის ღრუში არ მოხვდეს. დამუშავების პროცესს არ უნდა ესწრებოდეს ადრეული ასაკის ბავშვი, ტოქსიკური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის გამოყენებისას.

GzaPress

- უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, რას შეიცავს? - მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი ფიპრონილია, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებაა. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან მილიონობით ქათმის კვერცხი ამოიღეს რეალიზაციიდან და გაანადგურეს, რადგან მათში ამ პრეპარატის მცირე რაოდენობა მოხვდა. ადამიანზე ზემოქმედების შორეული შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, ექსპერიმენტულ ცხოველებში კი დადასტურებულია მისი კანცეროგენური ზემოქმედება. ბარსი შეიცავს აგრეთვე დიფლუბენზურონსა და დიკარბოქსიმედს. ამ უკანასკნელს გამოხატული ანტიანდროგენული ეფექტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონეს აქვეითებს. ფიპრონილი, რომელიც შედის ცხოველებისათვის განკუთვნილი ინსექტიციდის შემადგენლობაში, წარმოადგენს ქიმიურ საშუალებას, რომელიც ზემოქმედებს მწერის ნერვულ სისტემაზე, იწვევს იმპულსების გატარების დათრგუნვას და ნერვული სისტემის პარალიზებას, რასაც მწერის სიკვდილი მოჰყვება.

- კიდევ რას იწვევს ბარსის ხშირი გამოყენება და რა პერიოდის შემდეგ იჩენს თავს ეს სიმპტომები?

- ფიპრონილი დადასტურებული კანცეროგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სიმსივნური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. შეგახსენებთ, ამ ნივთიერებას შეიცავს მხოხავი მწერების - ჭიანჭველების, ტარაკნების, რწყილების, ხოჭოების გასანადგურებელი ქიმიური საშუალებები. ფიპრონილი აქტიურად გამოიყენება სარანჩების (კალიების) გასანადგურებლადაც. კანზე დატანისას ფიპრონილი ვრცელდება კანის ლიპიდებსა და თმის ფოლიკულებში, 24 საათის შემდეგ კანის საფარველსა და თმაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას, რაც მთელი თვის განმავლობაში ნარჩუნდება. განსაკუთრებით საშიშია ის ბავშვებისა და ორსული ქალებისათვის.

ფიპრონილის გამოყენებას შესაძლებელია მოჰყვეს მწვავე მოწამვლა, რაც გამოვლინდება ოფლიანობით, პირღებინებით, თავის, მუცლის ტკივილით, თავბრუსხვევით, აგზნებით, მძიმე შემთხვევაში, პირიქით, შესაძლებელია გონების დაკარგვა გამოვლინდეს, შესაძლებელია გულყრის განვითარებაც. მოსალოდნელია განვითარდეს თმის ცვენა, მათ შორის ბუდობრივი, აღწერილია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევები, კანის დაზიანება. ფიპრონილით მძიმე მოწამვლამ შესაძლოა ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებაც გამოიწვიოს.

დადასტურებულია ამ ნივთიერების ტოქსიკური ეფექტი ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებზე. ვირთაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში აღწერილია ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურუჯრედოვანი სიმსივნეების განვითარების შემთხვევები. მეორე საშიში ნივთიერება, რასაც ბარსა შეიცავს, არის დიკარბოქსიმედი, რომელსაც ანტიანდროგენული ეფექტი აქვს, ანუ მას შეუძლია შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება ვაჟებში.

კიდევ ერთხელ გირჩევთ და გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ნურც ერთ ვეტერინარულ მედიკამენტს პატარებისათვის. ისინი სათუთ მიდგომას, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას იმსახურებენ!

- ქალბატონო თამარ, რას ურჩევთ იმ მშობლებს, ვინც უკვე გამოიყენა ეს პრეპარატი?

- თუ თქვენ ხშირად იყენებდით თავის ტილის წინააღმდეგ ამ საშუალებას, უმჯობესია, მიაკითხოთ ექიმს ჯანმრთელობის გეგმურ კვლევაზე, მწვავე მოწამვლის შემთხვევაში კი აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს, რათა პრეპარატის ტოქსიკური ეფექტი გააუვნებლოს. სამწუხაროდ, არ არსებობს სპეციალური საშუალება, რომელსაც ფიპრონილის უარყოფითი ეფექტის გასანეიტრალებლად ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ მოიხმართ. ოთხფეხა მეგობრების პატრონებს კი ვურჩევ - დაიცავით სიფრთხილე, როცა ამ პრეპარატით ამუშავებთ შინაურ ცხოველებს! არ დაასწროთ ამ პროცესს ორსული ქალები და ბავშვები. დამუშავებისას არ შეიძლება ლაპარაკი, სიგარეტის მოწევა, საკვების მიღება, რათა პრეპარატი პირის ღრუში არ მოხვდეს.

თამარ ასლამაზაშვილი: - თმის ცვენის გამომწვევი წინა პირობა ბევრი რამ შეიძლება გახდეს: ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, სტრესი, პარაზიტები, რკინადეფიციტი, კალიუმის, "ბ" და "დ" ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, უძილობა, დიეტა. ეს პრობლემა თავს იჩენს ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში და ასევე, ბარიატრიულ პაციენტებშიც, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს. ბოლო წლებში თმის ბუდობრივი ცვენის შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით ბავშვებში. მიზეზი პარაზიტებია - ორგანიზმში მოჭარბებულად არიან პარაზიტები, რომლებიც იკვებებიან თმის ბოლქვით, ბოლქვი სუსტდება და თმა იწყებს ცვენას. განკურნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია აბსოლუტურად ბუნებრივი, ჰორმონული და ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებული პრეპარატებითაც კი. - ბუდობრივი ცვენის შემთხვევები ხშირიაო, მითხარით. მშობლებს ის თუ გაუმჟღავნებიათ თქვენთვის, რომ ბარსას გამო შეექმნათ ეს პრობლემები?

ნინო ასლამაზაშვილი: GzaPress - პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, ბარსა გამოვიყენე და ჩემს შვილს თმის ცვენა ამიტომ დაეწყოო. შეიძლება აქვთ კიდეც გამოყენებული, მაგრამ ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ნამდვილად ყურადსაღებია, რომ ბავშვებში ბუდობრივი ალოპეცია ბოლო დროს მართლაც საკმაოდ გახშირდა. ბარსას ხმარების შედეგად კვდება თმის ბოლქვები და ფოლეკულები, ვინაიდან ის შეიცავს ქიმიურ დანამატებს. თმის ცვენის განკურნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებელია. აუცილებლად კომპლექსური მკურნალობაა საჭირო. ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქციით ხდება თმის ბოლქვებისა და ფოლეკულების აღდგენა, ისინი ჯანსაღდებიან და ხდებიან სიცოცხლისუნარიანები. ნინო ჯავახიშვილი