როცა პრობლემებთან ჭიდილში იუმორი გეხმარება - გზაპრესი

როცა პრობლემებთან ჭიდილში იუმორი გეხმარება

მინდა გაგაცნოთ ემიგრანტი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მძიმე შრომა უწევს, იუმორს არასდროს კარგავს და თავისუფალ დროს სოციალური ქსელის მეშვეობით, ადამიანების კარგ განწყობაზეც ზრუნავს. ამ ქალბატონის ხალისიან წერილს შემთხვევით გადავაწყდი და გულიანადაც ვიცინე, შემდეგ კი ცხადია, დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე... უარი არ უთქვამს. როგორც კი თავისუფალი დრო გამონახა, ჩვეული იუმორით მომწერა.

- მე ეკა ჭაავა ვარ, 17 წელია 30 წლის გახლავართ (იცინის). მყავს ერთი მეუღლე, სამი შვილი (ორი გოგო და ერთი ბიჭი), ჯერჯერობით სამი შვილიშვილი, ორი სიძე, ორი დედა და ერთიც - დედამთილი. ოჯახი საკმაოდ დიდია, როგორც ხედავთ და ეს დიდი ოჯახი უფრო მეტად, ერთად ვცხოვრობდით, თან იმდენად მხიარულად, რომ ერთი პერიოდი სახლში შუქნიშნის დაყენებას ვაპირებდი მოძრაობის დასარეგულირებლად...

ჩემი ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზი როგორც უმრავლესობის, ის იყო - რომ ჩემმა მეუღლემ სამსახური დაკარგა და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. მოგეხსენებათ, დიდ ოჯახს დიდი ხარჯები აქვს. მართალია, ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი მწირი და მცირე ხელფასი ნამდვილად არ იყო საკმარისი ელემენტარული ცხოვრებისთვის, თორემ ფუფუნებაზე არც გვქონია პრეტენზია. ამიტომ ემიგრაციაში წასვლა ვფიქრე და ჩემი გოგოს დედამთილს ვუთხარი, რომელიც წლებია უკვე, ემიგრანტია. თუმცა, ცხადია, უცებ ვერ მოხერხდა ჩემი წამოსვლა რიგი პრობლემების გამო.

- და მაინც, მოახერხეთ წასვლა...

- კი, მოვახერხე. ემიგრაციაში წასვლის ამბავი და გზები ალბათ, ყველას სხვადასხვა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ცოტა დაუჯერებელიცაა. თუმცა, ასე მოხდა სინამდვილეში: ჩემს მძახალს მისმა მეგობარმა ქალბატონმა უთხრა, რომ მისი უფროსი ეძებდა ძიძას ბავშვისთვის. მხოლოდ, არ უნდოდა უკვე ჩამოსული ქალბატონი, ანუ თვითონ გადაიხდიდა ყველანაირ გზის ხარჯს, თუ გამოჩნდებოდა ვინმე ისეთი, ვინც მოეწონებოდა და თანახმა იქნებოდა სამუშაოდ წასვლაზე. ჰოდა, მძახალმა ხომ იცოდა, რომ ვეძებდი საზღვარგარეთ წასასვლელ გზას... მერე იმ ქალბატონთან "სკაიპ"-საუბარი მქონდა და ერთ კვირაში, 20 თეთრით ჯიბეში, აღმოვჩნდი საოცარ ბავშვთან და საოცარ ოჯახში. ემიგრანტობა ძალიან რთულია, მით უმეტეს, პირველ პერიოდში, მაგრამ თავი რომ უცხოდ ან დისკომფორტულად არ მეგრძნო, ამისთვის ყველაფერს აკეთებდა ჩემი დიასახლისი. პირველივე დღიდან სრულუფლებიან ოჯახის წევრად ვგრძნობდი თავს. წელიწად-ნახევარი ვიყავი იმ ოჯახში, შემდგომ ბავშვი ბაღში წავიდა და მომიწია სამსახურის შეცვლამ. ახლა მყავს ბებია, ძალიან თბილი და კეთილი. უბრალოდ, ზოგჯერ ამოიჩემებს რაღაცებს და მეც მის ამ ამოჩემებას იუმორით ვუდგები და ვცხოვრობთ მხიარულად. უნდა აღვნიშნო, რომ ბებიას საოცრად კარგი გოგონები ჰყავს. ისინი გათხოვილები არიან და ხშირად გვაკითხავენ.

თუმცა, სხვის ქვეყანაში რაც უნდა კარგად იყო, ნამდვილად არაა აქ ყოფნა ბოლომდე სასიამოვნო. რას ვიზამთ, იუმორი მეხმარება სევდის დაძლევაში. თან, ჩემი ერთი გოგო და შვილიშვილი აქ მყავს - ესეც ცხადია, ერთ-ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ აქ ყოფნა გაუსაძლისი არ იყოს.

- ეკა, ორი დედა მყავსო, ზემოთ აღნიშნეთ. რა იგულისხმეთ?

- ორს იმიტომ ვამბობ, რომ დედა და დეიდა ერთნაირად ზრუნავდნენ ჩემზე. დეიდა მთელი ცხოვრება ჩემ გვერდითაა და დედისგან ვერ გამოვარჩევ.

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას? ქმარმა არ გააპროტესტა?

- რა თქმა უნდა, გააპროტესტა და არ იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს, 7 თვის ორსული გოგო დავტოვე, რომელსაც უსაშინლესი ტოქსიკოზი ჰქონდა,

მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა წამოვსულიყავი... ჩემი მეუღლე ომის ვეტერანია, ყოფილი სამხედრო. რაღაც პერიოდი მუშაობდა გარემოს ფინანსთა დაცვის სამსახურში და ბოლოს, საქპატენტში, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, გაათავისუფლეს და ასე მოულოდნელად დავრჩით უსახსროდ. ყველა სიკეთესთან ერთად, ომის ვეტერანის პენსიაც კი მოხსნილი ჰქონდა. ფიზიკურად შრომა არ შეუძლია ომის ტრავმის გამო.

- რატომ მოუხსნეს?

- მაღალი ხელფასი რომ ჰქონდა, იმიტომ. კანონში წერია: თუ მაღალი ხელფასი აქვს ადამიანს, მას პენსია მოეხსნება, მაგრამ სამსახურის და საარსებო წყაროს დაკარგვის მერეც არ ექვემდებარება თურმე აღდგენას - ეს არ ვიცოდით. ნუ გიკვირთ, თურმე ასე ხდება... არადა, ჩემს მეუღლეს ბევრი მედალიც აქვს, თუმცა ეს ვის ადარდებს... საბედნიეროდ, დაახლოებით ორი თვის წინ ეროვნულ მუზეუმში დაიწყო მუშაობა, რაც ძალიან მახარებს...

GzaPress- რამდენი წელია ემიგრანტი ხართ? თავიდან ალბათ ენის ბარიერიც გქონდათ...

- ორი წელია აქ ვარ. ენის ბარიერი ნამდვილად იყო და არც ახლა ვიცი კარგად, თუმცა ვლაპარაკობ. ოჯახი, სადაც პირველად დავიწყე მუშაობა, შერეული იყო: გოგო ჰოლანდიელი, კაცი ბერძენი გახლდათ და თავიდან "ტრანსლეიტით" ვურთიერთობდით.

ორი ენის სწავლამ მომიწია, რადგან ბავშვის დედა ჰოლანდიურად საუბრობდა, მამა ბერძნულად, ორივეს უნდოდა ბავშვს მისი ენა ესწავლა. ეს რთული იყო როგორც ჩემთვის, ისე ბავშვისთვის. პირველ ეტაპზე ჩემი და ბავშვის საუბარს მხოლოდ ოჯახი იგებდა, რადგან ორივე ენას ვურევდით საუბრისას.

ნუ, მერე იწყებოდა ხელის და ფეხის ჩართვა, მიმიკებით მინიშნება. პარალელურად, გოგო მე ჰოლანდიურ ბერძნულს მასწავლიდა საღამოობით, თვითონ კი ქართულს და რუსულს სწავლობდა ჩემგან.

- როგორი მოსწავლე იყო, ისწავლა ქართული?

- საკმაოდ კარგი მოსწავლე აღმოჩნდა (იცინის). ზუსტად იმ დონეზე ისწავლა ქართული, რა დონეზეც მე ახლა ვიცი ბერძნული. "რ"-ს ვერ ამბობდა და მთელი თვე იმეცადინა, სულ "რ"-ს ძახილით დადიოდა.

- ეკა, რას ნიშნავს, იყო ემიგრანტი? რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ ფული იოლად იშოვება?

- ემიგრანტად ყოფნა ძალიან მძიმე ტვირთია. ეს არის დაუსრულებელი მონატრება. შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი ადამიანის სიხარულს თუ ტკივილს ტოვებ გაუზიარებლად - ეს მაწუხებს.

მათ, ვინც ფიქრობს, რომ ემიგრაციაში ფული იოლად იშოვება, ვეტყვი, რომ მწარედ ცდებიან, რადგან თითოეული ცენტის უკან ძალიან დიდი შრომა და ცრემლიანი ღამეებია. არავის ვუსურვებ მოუწიოს იმავეს გამოცდამ, რასაც ჩვენ, წამოსულები ვუძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებში ვიღიმით, ყოველთვის ნამდვილად არ გვეღიმება. ემიგრანტის გარდა არავინ იცის, ამ ღიმილის უკან რამხელა ტკივილი და დარდი იმალება.

- დასვენების დღეს როგორ ატარებთ? ქართველების თავყრილობები თუ ეწყობა?

- ჩემი დასვენების დღეს ძირითადად, შვილთან და შვილიშვილთან ვატარებ. ასევე, აქ არის ქალბატონი, რომელიც ემიგრაციაში ფაქტობრივად, ჩემი დედა გახდა და არა მარტო ჩემი, ის ასევე პატრონობს და შვილივით უვლის ჩემს მძახალს და ბევრ სხვა ადამიანსაც... ჰო, თუ შესაძლებელია, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მარინა ენუქიძეს, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს დამეხმარა, მხარში ამომიდგა. მადლობელი ვარ ასევე ქალბატონი სოფო ლეჟავასი, რომელიც ჩემი ემიგრანტობის მძიმე პერიოდში ჩემ გვერდით იყო და ქალბატონ ტასიკო ბოდაველს, რომელიც აქ დედის მაგივრობას მიწევს.

- და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს: არის შემთხვევები, როცა დაშორება ოჯახურ სიმტკიცეს აუფერულებს, ზოგჯერ შვილები დედის ჩამოსვლას სიხარულით სულაც აღარ ხვდებიან. ემიგრანტები ხშირად ამბობენ, რომ ფულის საჭრელ მანქანებად იქცნენ საყვარელი ადამიანებისთვის (თქვენ ამისგან ღმერთმა დაგიფაროთ). ზოგჯერ თავად ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანი ვეღარ ეგუება აქაურ რეალობას. ალბათ გიფიქრიათ ამაზეც.

- დიახ, ამაზე ხშირად წუხან ემიგრანტები. თუმცა, პირადად მე, ეს არასოდეს მიგრძნია. ვფიქრობ, ეგ პრობლემა იმათ უდგათ, ვინც შვილები პატარები დატოვეს, სამწუხაროდ... ჩემი შვილები კი სრულწლოვნები არიან და შესაბამისად, ის სიყვარული და სითბო, რაც ბავშვობაში უნდა მიეღოთ დედისგან, არ აკლდათ.

დიახ, მეც მიფიქრია იმ კითხვაზე, რომელიც თქვენ ახლა დამისვით და მითქვამს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. ალბათ ეგ საქართველოში ცხოვრების ვერშეგუება დიდხნიან ემიგრანტობას მოსდევს. გინდა თუ არა, ეჩვევი აქაურ რიტმს და შინ დაბრუნებულს ცოტა უცხოდ გეჩვენება ყველაფერი - როგორც ჩამოსვლის პირველ დღეებში თუ თვეებში გვეჩვენებოდა აქაური ცხოვრების რითმი უცხოდ...

დაბოლოს, მას, ვისაც ოჯახის თუნდაც ერთი წევრი ჰყავს საზღვრებს მიღმა, ვეტყვი: ნუ დაელოდებიან, როდის მისწერს ან დაურეკავს მათ დედა, ძმა თუ მეუღლე, რომელიც წასულია იმისთვის, რომ იშრომოს. პირიქით, ძალიან ხშირად უნდა მოიკითხონ თავად და სრულიად უმიზეზოდაც უთხრან, რომ უყვართ! ეს თითოეული აქ მყოფისთვის ცხოვრების ხალისია; სტიმული, რომ კიდევ ერთ მძიმე დღეს გაუძლოს...

ეკას ხალისიან წერილებს, სადაც ის იმ ქალბატონზე საუბრობს, რომელთანაც დღეების გატარება უწევს, "გზის" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია