ჩვენ ოთხივე ვტიროდით და ის კი იცინოდა... მაგ დროს ალბათ ეშმაკი ეჯდა სულში - გზაპრესი

ჩვენ ოთხივე ვტიროდით და ის კი იცინოდა... მაგ დროს ალბათ ეშმაკი ეჯდა სულში

ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ამბობს, რომ ოჯახში მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, რის გამოც სახლიდანაც გაქცეულა - არ უნდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არ უყვარდათ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პატარაობიდანვე არ მოსწონდა და აპროტესტებდა მამის საქციელს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დედაზეც ძალადობდა. ადრე უარი მითხრა შეხვედრაზე, რამდენიმე კვირის წინ კი დამიკავშირდა და მითხრა, თუ კიდევ გაინტერესებთ, ჩემს ამბავს მოგიყვებითო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

- ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე საუბარი და იმედია, გამბედაობა მეყოფა, ყველაფერი გიამბოთ. როდესაც მსგავსი ნაბიჯი გადავდგი და საქვეყნოდ მოვყევი ჩემს ამბავს, ოჯახის წევრებისგან საკმაოდ ცუდი რეაქცია მოჰყვა. ამიტომ ახლა აღარ მინდა ვინაობის საჯაროდ გამხელა, თუმცა ვინც მიცნობს, მაინც მიხვდება, რომ ეს მე ვარ... 5 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა პირველად გამაგდო გარეთ, დღემდე მახსოვს ის შიში, რაც მაშინ დამეუფლა. მიზეზი სულ უბრალო რამ იყო და ასე საკმაოდ ხშირად ხდებოდა ხოლმე. ერთხელ, ბებოსთან უნდა წავსულიყავით სამსახურში. დედამ მითხრა, გარეთ დამელოდე და მეც გამოვალო, მაგრამ რომ შეაგვიანდა, გზა ვიცოდი და მარტო წავედი. როდესაც ეს მამამ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ხელი მომკიდა და ფეხშიშველი გარეთ გამაგდო. მეორე დღეს ქუჩაში ქალები იცინოდნენ, რომ გამიმართლა და იმ საღამოს არ იწვიმა. ეს სიცილი დღესაც ყურებში ჩამესმის.

- შენს ნამდვილ მამაზე საუბრობ თუ მამინაცვალზე?

- ჩემს ნამდვილ მამას ვგულისხმობ. სხვათა შორის, როდესაც ვინმეს ვეუბნები ამ ყველაფერს, ყველას ეგ კითხვა უჩნდება ხოლმე. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება მშობელი შვილს ასე მოექცეს.

- და-ძმები თუ გყავს?

- 3 დედმამიშვილი მყავს, მე უფროსი ვარ.

- მამა ასეთი მკაცრი იყო დანარჩენი შვილების მიმართაც?

- დიახ, ეშინიათ მისი, მეც მეშინია და სულ მგონია, რომ კიდევ დამიშავებს რამეს. 13-14 წლის ვიყავი, რაღაც დავაშავეთ ბავშვებმა და დედამ დაგვტუქსა, მამა რომ დაბრუნდება, ვეტყვიო. ისე შეგვეშინდა, მე და ჩემმა დამ სახლიდან გაპარვა გადავწყვიტეთ. ბებიასა და პაპასთან წავედით. მეორე დღეს მამა მითხრა, თუ კიდევ მოვიქცეოდი ასე, ძალიან დავისჯებოდი. ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო და ამას ყველა ურიგდებოდა.

GzaPress

- არასდროს გეფერებოდათ, სითბოს არ გამოხატავდა თქვენ მიმართ? - მამა არასდროს მილოცავდა დაბადების დღეებს, ეს არ იყო დღესასწაული ჩემთვის და ამიტომ დღემდე არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. არც სხვა დღესასწაული ასოცირდება ჩემთვის ბედნიერებასთან, რადგან ყოველთვის ჩხუბობდა, ამტვრევდა რაღაცებს, ყვიროდა. ჩემს დას უფრო შეეძლო მის მიმართ სითბოს გამოხატვა და ეხუტებოდა ხოლმე, მე კი არ შემიძლია იძულებით რამის გაკეთება. დღემდე არ მიყვარს ნაცნობების გადაკოცნაც კი, რადგან ფიზიკური შეხების ძალიან მეშინია, შიში დამჩემდა. ვერ ჩავეხუტებოდი მოძალადეს, მამაც რომ ყოფილიყო და ესეც აღიზიანებდა. ერთხელ დედამ ტომრები მარცვლეულით აავსო და მამა რაღაცაზე გაუბრაზდა, არ მახსოვს რაზე, მოკლედ, შენიშვნა მისცა. მაშინ დედაჩემი მეოთხეზე იყო ფეხმძიმედ, დედას ხელში დანა ეჭირა, გამოვართვი და ტომრები დავჭერი იმის ნიშნად, რომ ეს მარცვლეული არაფერს არ ნიშნავდა, რომ ამის გამო დედასთვის არ უნდა ეწყენინებინა. ამის გამო სახლიდან გამაგდო. ერთი კვირა დედაჩემის მშობლებთან ვიყავი. მერე პაპაჩემმა მითხრა, ჩვენ ვერ შეგინახავთო, თან დედა მეუბნებოდა, მამა შეგირიგდება, დაბრუნდი, აღარაფერს გეტყვისო და იძულებული გავხდი, დავბრუნებულიყავი, სხვაგან წასასვლელიც არსად მქონდა. რამდენიმე დღე მართლაც ხმას არ მცემდა, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. დედამ რომ იმშობიარა, მაშინ გამცა ხმა, რადგან სუფრის გაშლა უნდოდა თავისი ძმაკაცებისთვის და "შვილოთი" მომმართა. ძალიან მიჭირს ახლა ამის გახსენება, ბოდიშს ვიხდი, რომ მეტირება...

- დედაც ითმენდა და ურიგდებოდა ამ ამბავს?

- იცით, როდესაც მთლიანად ოჯახის უფროსზე ხარ დამოკიდებული, ალბათ ძნელია წინააღმდეგობის გაწევა და ამიტომაც ყველაფერს ითმენდა, პროტესტის გრძნობა არ ჰქონდა, რაც ძალიან მაღიზიანებდა.

- არავის არაფერს არ ეუბნებოდი? მეგობრებს, მასწავლებელს, ნათესავს...

- 16 წლისა გავიქეცი სახლიდან, ვფიქრობდი, როგორმე პოლიციამდე მიმეღწია. ბავშვთა დაცვის ცხელ ხაზზე დარეკვა მინდოდა, მაგრამ ვერ გავრისკე. ყველაზე დასანანი ის არის, რომ ჩვენ გარშემო ყველამ ისედაც კარგად იცოდა, რაც ხდებოდა. არავინ არაფერს ამბობდა, რადგან ჩემს მეზობლებს ზოგჯერ იმისიც კი ეშინოდათ, რომ დედაჩემი მოენახულებინათ. ვაითუ, მამას დაენახა და ეჩხუბა მისთვის. დედა კი დაძაბულობის შექმნას ერიდებოდა, არაფერს ეუბნებოდა მშობლებს.

- მამა რას საქმიანობდა?

- მეურნეობა აქვს, ფერმერია და მუშაობს კიდეც. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 18 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, უნდა ჩამებარებინა და ვემზადებოდი მასწავლებლებთან. მამაჩემი ფულს მიხდიდა, გაჭირვებით ნამდვილად არასდროს უჭირდა. ერთ საღამოს მშობლები უბრალო რაღაცაზე წაკამათდნენ. გადავწყვიტე, რომ მათ ურთიერთობაში არ ჩავერეოდი და წყნარად ვიქნებოდი. მაგიდაზე ისე აბრახუნებდა ხელს, რომ ჭურჭელი ჰაერში ცვიოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სანამ საქმე ფიზიკურ ძალადობამდე არ მივიდა, მაინც არ ჩავრეულვარ. მამაჩემს ვეუბნებოდი, კარგი, დაწყნარდი, მართალი ხარ-მეთქი. მე სულ დედას ვამართლებდი ხოლმე და ახლა პირიქით, მამას დავუწყე დამშვიდება, ცალკე ჩემს 2 წლის ძმას ვაწყნარებდი. დედა ოთახიდან გავიდა, მე კარში დავდექი, რომ მამა არ გამეშვა. უცებ სახეში სილა გამაწნა და მითხრა, შენც დედაშენს გაჰყევი გარეთო. ჩვენ ოთხივე ვტიროდით და ის კი იცინოდა, მაგ დროს ალბათ ეშმაკი ეჯდა სულში. წამოვედით ისევ ბებიასთან. დედაც წამოვიდა მაშინ. ეზოში რომ გამოვედი, შევტრიალდი და ვუთხარი, რომ ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი და პოლიციაში წავიდოდი. მართლაც წავედი, მაგრამ მირჩიეს, ახლა აფექტის მდგომარეობაში ხარ და არაფრის დაწერას არ გირჩევთო. მხოლოდ შემაკავებელი ორდერი დაუწერეს, ეგ იყო და ეგ. მერე რა მოხდა, ხელი რომ გაგარტყა, მამააო, ასე მეუბნებოდა ყველა. დედაჩემი, მე და ჩემი პატარა ძმა წამოვედით პაპასთან, ჩემი დები კი მამასთან დარჩნენ. 10 ლარიც კი არ მქონდა, ფეხსაცმელი რომ მეყიდა. მივდიოდი ქუჩაში და ვტიროდი. როცა 12 წელი ფიქრობ, რომ უმაღლესში ჩააბარებ, დამოუკიდებელი გახდები, გექნება სამსახური და ა.შ. და ერთ მშვენიერ დღეს ხვდები, რომ ამ ოცნებას ვეღარ აისრულებ, ადვილი არ არის. არადა, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და მამაჩემის პრობლემაც ეგ იყო, რომ არაერთ შემეცნებით ტრენინგზე დავდიოდი და განსხვავებულად ვაზროვნებდი.

- დებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- დღემდე ცუდი ურთიერთობა მაქვს მათთან. მამაჩემი ჩემი პატარა ძმის ნახვის უფლებას არ მაძლევს. შარშან ჩემს დაბადების დღეზეც კი არ გამოუშვა მამაჩემმა დედა და ჩემი და. რამდენიმე დღეში დედამ ჩამომაკითხა და მითხრა, რომ წამოვიდა სახლიდან და დღემდე მშობლებთან არის, თუმცა კომუნიკაციას არ წყვეტს მასთან. აღდგომას რომ ვიყავი ჩასული, ბალიშის ქვეშ თავიანთი ქორწინების ფოტო ედო. წელს ჩემი დის ბანკეტზე წავიდა, რამაც ძალიან მატკინა გული - ჩემ გამო, ჩემს დასაცავად მას არასდროს არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგ ის ისეთივე მკვდარია ჩემთვის, როგორც მამაჩემი.

GzaPress

- ამის გამო დაწერე სოციალურ ქსელში, დედა გარდამეცვალაო? - დიახ, ჩემთვის ფიზიკურადაც და სულიერადაც მკვდარია. დედა, რომელიც ქმარს მისცემს იმის უფლებას, რომ ჩემი სადღეგრძელო ისე დალიოს, როგორც მკვდრის, ჩემთვის აღარ არსებობს!

- არ გიცდია, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მოგვარება?

- ერთხელ, სახლში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, მამაჩემმა ჩაქუჩი მესროლა. რომ მომხვედროდა, ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. დედამ არც მაშინ დამიჭირა მხარი და უარი მითხრა, პოლიციაში განმეცხადებინა. რამდენჯერმე შევთავაზე, რომ ფსიქოლოგთან წასულიყო. იქნებ ასე გაეცნობიერებინა თავისი პრობლემები, მაგრამ უარს მეუბნებოდა იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 40 წლისაა და ცხოვრება წინ აქვს.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- დღეს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად ვმუშაობ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ ასეთ ყოფაში კიდევ ბევრი ქალი და ბავშვია და მათ არავინ იცავს.

- როდესაც რამდენიმე თვის წინ შენთან საუბარი მინდოდა, უარი მითხარი. ახლა რატომ გადაწყვიტე ჩემთან დაკავშირება და ამ ამბის მოყოლა?

- დღეს შევესწარი, მანქანაში ქმარი ცოლს სცემდა და უყვიროდა. ეს რომ დავინახე და ყვირილის ხმა გავიგონე, პანიკური შეტევა დამემართა. ხალხს ეგონა, რაღაც გავიგე, ვინმე დამეღუპა და რამე ამის მსგავსი. სასწრაფოს ექიმმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მითხრა, არ ღირს ნერვიულობად, ოჯახში ყველა ყველას სცემს და ეს ჩვეულებრივი მოვლენააო. ამან გადამაწყვეტინა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა მეთქვა, რომ ასეთი რამ არ არის მისაღები, რომ ძალადობა დაუშვებელია.

- ვინაობას რატომ მალავ?

- უბრალოდ, ანონიმურობას გთხოვ მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ მინდა გამოვიწვიო ჩემი ოჯახის წევრები. თანაც, როდესაც ამ ყველაფრის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, მხოლოდ კრიტიკა მივიღე მეგობრებისა და ნაცნობებისგან - თურმე ეს მაინც ოჯახის გადასაწყვეტია და ხმამაღლა არ უნდა ვილაპარაკო ამის შესახებ; თურმე ქრისტიანი ვარ და უნდა ვაპატიო; თურმე ასე რომ ვიქცევი, ჩემი შვილებისგან მსგავს რამეს უნდა ველოდო მეც; თურმე პატარა ვარ და არ შემეფერება ასე მოქცევა... დღემდე მაქვს შენახული ის ჩუსტები და ხალათი, რითიც სახლიდან წამოვედი... მამაჩემს ეგონა, რომ არასწორ გზაზე დავდგებოდი და ვერ შევინახავდი თავს ჩემი შრომით. რაიონში ჩამოსვლისთანავე, ვიდრე უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. იმის შემდეგ ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ფილოლოგიურზე ჩავაბარე, მაგრამ აგრონომიულზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ამჟამად მე ვარ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" სტაჟიორი და პარალელურად არც სხვადასხვა საზაფხულო სამუშაოზე არ ვამბობ უარს. ამ დამოუკიდებლობამ მიმახვედრა, რომ საკმაოდ ძლიერი ვარ.

- რა გინდა უთხრა შენს მდგომარეობაში მყოფ ქალებს, ბავშვებს?

- მინდა ყველას მივაწვდინო ხმა, შეუძლებელი არაფერია ამქვეყნად. მე მინდოდა, მამაჩემი დასჯილიყო იმის გამო, რაც გამიკეთა, მაგრამ ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ არ ღირს ამ თემის ხელახლა წამოწევა... ჩემი ძმა ძალიან მენატრება და უფლება არ მაქვს, ვნახო. ის 4 წლისაა და ვიცი, ისიც ანალოგიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. მას ისევ აშინებენ, რომ გარეთ გააგდებენ და ქუჩის კარს დაუკეტავენ. პოლიციელებმა მითხრეს, მამაშენს ციხეში თუ ჩავსვამთ, გარეთ რომ გამოვა, არ გაცოცხლებსო. მეუბნებოდნენ, რომ თუ მამას ვუჩივლებდი, ამით დიდ ბოროტებას გავუკეთებდი ჩემს პატარა ძმას, რომელიც უკვე ერთი წელია, მასთან ცხოვრობს. მე აღარავინ მყავს დასაკარგავი, ამიტომ მინდა, სხვებზე ვიზრუნო. ვისაც ძალადობა არ გამოუცდია, არ იცის, რომ ბევრჯერ იძულებითაც უწევთ ხოლმე მოძალადის გვერდით ცხოვრება და ყოფნა. მე გამომიცდია ეს ტკივილი და ამიტომ, როცა სხვებს ურტყამენ, ათჯერ უფრო მეტად მტკივა!

ნინო ჯავახიშვილი