რას უყვებიან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები გერმანიის ემიგრაციის სამსახურს - გზაპრესი

რას უყვებიან თავშესაფრის მაძიებელი ქართველები გერმანიის ემიგრაციის სამსახურს

მეგი სტემპენ-გიუნტერი გერმანიაში თარჯიმნად მუშაობს და იმავდროულად, მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების საფლავებს ეძებს.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფასიან განყოფილებაზე ჩავირიცხე, ქართულისა და ინგლისურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა, ვერც ქირა გადავიხადე და ვერც სწავლის გაგრძელება შევძელი... აკადემიური ავიღე, გადავწყვიტე, ერთი წელი მემუშავა და ასე ვიპოვე, გერმანიაში, Au Pair-ის პროგრამა. ეს ოფიციალური გაცვლითი პროგრამაა, ანუ სტუდენტი გოგონა ან ბიჭი მიდის გერმანულ ოჯახში, მათთან ერთად ცხოვრობს, უვლის მათ შვილებს და ეხმარება საოჯახო საქმეებში. იმავდროულად ეცნობა იქაურ კულტურას, სწავლობს ენას... როდესაც ეს ყველაფერი გავარკვიე, ოჯახში გამოვაცხადე, რომ გერმანიაში მინდოდა წასვლა. თავიდან არასერიოზულად აღიქვეს, რადგან მანამდე ამ ქვეყანასთან კავშირი არ მქონია, თუმცა, გამოცდა ჩავაბარე და ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს ფრანკფურტში ჩავედი. რამდენიმე ოჯახი გამოვიცვალე, თუმცა, საბედნიეროდ, გაუსაძლისი არც ერთი არ იყო.

- ოჯახებში მუშაობის შემდეგ, სხვა მიმართულებით როგორ წახვედი?

- ერთი წელი ენის კურსებზე დავდიოდი, იმავდროულად, სამ ადგილას ვმუშაობდი, რადგან თუ ოჯახი არ გეხმარება, აქ ცხოვრება შეუძლებელია... ერთ-ერთ ქართულ რესტორანსა და იტალიურ კაფეში "სალაროზე" ვმუშაობდი და ოჯახებში, სახლების დალაგებაზეც დავდიოდი, მქონია შემთხვევა, როდესაც ბინა არ მქონდა და რამდენიმე ღამე ავტობუსის გაჩერებაზე, ჩემოდანზე მეძინა. გათენდებოდა თუ არა, იქვე მოვიწესრიგებდი თავს და სამსახურში მივდიოდი...

- როგორ გამოძვერი სიტუაციიდან?

- გერმანიაში გაცნობილმა ქართველმა და დამეგობრებულმა ადამიანმა დამირეკა და მკითხა, სად ხარო? ვუთხარი, სადაც ვიყავი. მის გარდა არავისთვის მითქვამს, მინდოდა, სიტუაციიდან ჩემით გამოვმძვრალიყავი. დამინახა თუ არა, - ახლავე ადექი და ჩემთან წამოდიო. არადა, თვითონაც სტუდენტურ ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ არ მომეშვა... ენის კურსების გავლის შემდეგ, მოსამზადებელ კოლეჯში ჩავაბარე და კვალიფიკაცია ავიმაღლე.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანი?

- იმ იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა და ერთმანეთი იქ გავიცანით. ძალიან სწრაფად გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, 6 თვეში ყველაფერი მოვასწარით. გათხოვების შემდეგ, რაღაც პერიოდი სამსახურს თავი დავანებე, შევისვენე და შემდეგ სწავლა, აუსბილდინგში, საცალო გაყიდვების მენეჯმენტში დავიწყე... თუმცა, შემდეგ რობერტი სამხედრო სამსახურში კონტრაქტორად წავიდა, ქალაქი და გეგმები შევცვალეთ.

GzaPress

- თარჯიმნობა როგორ დაიწყე? - მეგობარმა მითხრა, ქართულის თარჯიმანს ეძებენ, სცადე, თუ მოეწონები, სხვა დროსაც დაგიძახებენო. ჩემი პირველი ქართველი კლიენტი კბილის ექიმი გახლდათ, რომელიც ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო, თუმცა, საბუთების პრობლემა არ ჰქონდა. უბრალოდ, გამოცდილება არ ჰყოფნიდა და ამიტომ ნერვიულობდა. ამის შემდეგ, კრიმინალურმა პოლიციამ გამომიძახა სასამართლო პროცესზე. ცოტა ვინერვიულე, რადგან სამართლებრივი ტერმინოლოგიის თარგმნის პრაქტიკა მანამდე არ მქონია. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთხელ, ერთ ქართველთან გამომიძახეს თარჯიმნად. იქ მისულს თავშესაფრის საძიებლად ჩამოსული ბიჭი დამხვდა, რომელიც ძალიან ცუდად იყო ნარკოტიკებისგან. ე.წ. ლომკა ჰქონდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ნერვიულობისგან თითებს იჭამდა და სისხლი სდიოდა... გვერდით რომ დამიჯდა, საწერ-კალამი მომაწოდა, ხელი რომ მომეწერა. ახალი გაგებული მქონდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ და უარი ვუთხარი გამორთმევაზე. მიხვდა, ასე რატომაც მოვიქეცი და ისეთი საბრალო თვალებით შემომხედა, - ჩ ჰეპატიტი მაქვს, ცოლმაც მიმატოვაო. არადა, აქ რომ ჩამოვედი, ჯანმრთელი ვიყავიო, - რაღაცნაირად, დამნაშავესავით აღმოხდა. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს ამბობდა. ვერ ვიტყვი, რომ პოლიციელი ლმობიერად ექცეოდა. ძალიან მეტკინა გული, ქართველი უცხოეთში ასეთ მდგომარეობაში რომ იყო... ძალიან ახალგაზრდა იყო და უკვე ნარკოდამოკიდებული.

- რა ბედი ეწია?

- არ ვიცი, მე მაგის გარკვევის უფლება არა მაქვს...

- თავშესაფრის მაძიებლებთან თუ გქონდა ურთიერთობა?

- არაერთხელ. თითქმის ყველას ერთი და იგივე მიზეზი აქვს: პოლიტიკური დევნა, ქალები - ოჯახურ ძალადობას გამოვექეციო, ამბობენ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვს, თუმცა, უმეტესწილად ამას გერმანელი სამართალდამცველები არ ითვალისწინებენ და პირდაპირ ეუბნებიან, საქართველოს პოლიცია ძალიან კარგად მუშაობს და ისინი დაგიცავენ, ეს ჩვენ არ გვეხებაო. ბოლო თვეებში, ასეთი ფაქტები და დეპორტიც ძალზე გახშირდა. ქართველები ცდილობენ, დროში გაწელონ, ბევრნაირ მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე დარჩნენ, მაგრამ აღარ ჭრის. ცდილობენ, თავიდან "ჩაბარდნენ", თუმცა, ხშირად თავშესაფრის მიცემაზე მაინც უარით ისტუმრებენ. ამას ემატება მატერიალური პრობლემები, რასაც ასევე არ უწევს ანგარიშს გერმანიის ხელისუფლება. ერთადერთი, ონკოდაავადებების შემთხვევაში ძალიან ლმობიერია და მაღალხარისხიან მკურნალობასაც სთავაზობს.

- მეორე მსოფლიო ომში დაკარგულების პოვნა როგორ დაიწყე?

- ბაბუაჩემის ძმა დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - მასზე ბოლო ცნობები სოჭიდან მოვიდა და მას შემდეგ კვალი იკარგება, საფლავი აქვს თუ არა, დღემდე არ ვიცი. როდესაც კემნიცში გადმოვედით საცხოვრებლად, გავარკვიე, რომ ახლომახლო მეორე მსოფლიო ომში დაკარგული უამრავი მეომრის საფლავი იყო. ერთხელ ინტერნეტით ვნახე მათ შესახებ ინფორმაცია და უფრო მეტის გარკვევა გადავწყვიტეთ. მე და ჩემი მეუღლე ერთად წავედით და დათვალიერებისას, ქართული გვარი ფოცხვერაშვილი აღმოვაჩინე. ხმამაღლა წამომცდა, - ქართველია-მეთქი. იქვე საფლავის მომვლელი ადგილობრივი ყოფილა და გამომელაპარაკა, - პირველად მესმის ქართველის შესახებ, მეგონა, აქ ყველა რუსი და უკრაინელი იყო, რადგან ძირითადად ისინი ჩამოდიანო. საქართველოზე არც მსმენია აქამდე არაფერი, პირველი ხარ, ვინც მათ საფლავზე ამოვიდაო. ეს დაღუპული დიმიტრი ფოცხვერაშვილი, ძალიან პატარა, 18 წლის ყოფილა და მომინდა, მის შესახებ მეტი გამეგო.

- მისი ახლობლები როგორ იპოვე?

- ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ჩავწერე ეს გვარი და ვინც კი ამ გვარის ვიპოვე, ყველას მივწერე, თქვენი ოჯახი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულ ამა და ამ ადამიანს თუ ეძებდა-მეთქი? ერთხელაც, მისი ძმის ოჯახის წევრები გამომეხმაურნენ, არასდროს დამავიწყდება იმ კაცის ემოცია. უკვე ასაკში მყოფი საუბრისას ტიროდა. დედამ დიმას ფოტოები და წერილები საფლავში წაიღოო... ასე დავიწყე დაღუპული ბიჭების ძებნა.

- ვიცი, რომ მეუღლე ამ საქმეში ძალიან გეხმარება.

- მიუხედავად იმისა, რომ წლებია, გერმანიაში ვცხოვრობ, მაინც არის ადგილები, რომელიც არ ვიცი და მის გარეშე ვერც მივაგნებ. რობერტი მუშაობს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკიც აქვს, მაგრამ ამ საქმისთვის მაინც პოულობს დროს, წინასწარ ვგეგმავთ და იმ ადგილებში, სადაც ტრანსპორტი არ მიდის და ტაქსი ძალიან ძვირია, ერთად მივდივართ. აქ ყველაფერზე მნიშვნელოვანია დრო, მას კი ამისთვის დროის ხარჯვა არ ენანება. რობერტს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენი ტრადიციები. განსაკუთრებით, ის, რომ დიდ ოჯახებად ვცხოვრობთ და ერთმანეთზე ვზრუნავთ. ასევე უკვირს დედაშვილური სიახლოვე, რაც იქ მაინცდამაინც არ არის დამკვიდრებული. იქ, ოჯახის წევრთან გაუფრთხილებლად ვერ მიხვალ.

- გამორჩეული რა შეგიძლია გვიამბო?

- ქარხნები, სადაც ადრე ტყვეებს ამუშავებდნენ, თითქმის ყველა დახურულია. რამდენიმე თვის წინ, ინტერნეტში ვიპოვე ის ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ავტოქარხანა იყო და ტყვეებს ამუშავებდნენ. ახლა იქ საცხოვრებელი კომპლექსია. ჩემ მიერ ნაპოვნი ფოცხვერაშვილი თურმე იქ მუშაობდა და ერთ-ერთი გაქცევის მცდელობისას, ზურგში ესროლეს... ეს შეიძლება საქართველოში უემოციოდ მოისმინონ, მაგრამ როდესაც სამშობლოს ათასობით კილომეტრი გაშორებს, ძალიან მძიმე მოსასმენია.

ახლა, რამდენიმე თვეში პირველ შვილს ველოდებით და სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობ, თუმცა, ვაპირებ, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო.

ლალი პაპასკირი