ვერაგი ვირუსი და ლოგინს მიჯაჭვული მოზარდი - გზაპრესი

ვერაგი ვირუსი და ლოგინს მიჯაჭვული მოზარდი

14 წლის ზურა იმედაშვილი 2 წელია, საწოლს არის მიჯაჭვული - ერთ დროს სიცოცხლით აღსავსე ბიჭი, მშობლების ერთადერთი იმედი იყო, მეგობრების გარემოცვაში დროს უდარდელად ატარებდა და ფანდურზე დაკვრაზე ოცნებობდა... როცა გაუჭირდა, სხვებზე მზრუნველს დედისთვისაც არ გაუმხელია, ცუდად რომ იყო, რადგან იცოდა, ძალიან ინერვიულებდა, ეს კი ყველაზე ნაკლებად სურდა გულკეთილ ზურას...

მოზარდის დედამ, ნინო მორჩაძემ გვიამბო, თუ რა გახდა მისი შვილის ავადმყოფობის მიზეზი. მას სათხოვარიც აქვს ჟურნალის მკითხველთან, თუმცა ძალიან ერიდებოდა...

- 7 თვის იყო ზურა, როცა წითელა შეხვდა. არადა, მოგეხსენებათ, აცრა წლის ბავშვებს უკეთდებათ. სხვათა შორის, ძალიან იოლი ფორმით ჰქონდა, სიცხეც კი არ მიუცია... ამის შემდეგ, 11 წლამდე ძალიან ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა. საოცრად ცელქი და მოუსვენარი სკოლაში კარგად სწავლობდა, მღეროდა. ძალზე თბილი, მოსიყვარულე, უკეთილშობილესი ბიჭი ეკლესიურიც გახლდათ. ჩემი უბედურება მას მერე დაიწყო, რაც 11 წლის გახდა.

- რას გულისხმობთ?

- თავის "ჩამოვარდნები" დაეწყო. ამას უნებურად აკეთებდა, მაგრამ ცდილობდა დაემალა, რომ არ შევეშინებინე. ერთხელ, როცა დასაძინებლად მიმყავდა, უცნაურად წაიქცა. ავიყვანე და ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი? - არა, დედა, ფეხი ამიცურდაო, მაგრამ მე ხომ დავინახე, ფეხი არ ასცურებია. არ მეუბნებოდა, რა მოუვიდა. თუმცა, მე მაინც ისე შემეშინდა, რომ ის ღამე ძლივს გავათენე. სანამ ექიმთან წავიყვანდი, შევაშინე - ხან რა ვუთხარი, ხან რა, რომ სიმართლე გაემხილა. გული მიგრძნობდა, ცუდად იყო. ბოლოს გაბედა და მითხრა: რა ვქნა, თავს ვეღარ ვიჭერ, დედაო.

GzaPress ჩვენ კახეთიდან, ახმეტის რაიონიდან, სოფელ ხოდაშენიდან ვართ. დილით წავიყვანე თელავში, ნევროპათოლოგ კახა მოურავიძესთან, რომელმაც ენცეფალოგრამა გადაუღო. ავუხსენი ექიმს, ბავშვს რაც დაემართა და ისიც ვუთხარი, ძალიან ცელქია-მეთქი. გასინჯვის შემდეგ თქვა, - არაფერი სჭირს, ცოტა დაასვენე, არ გადაიღალოს. ბავშვი გადაღლილია და ამის ბრალი იქნებაო (როგორც მერე გავიგე, ამ დაავადების აღმოჩენა თავიდან ძალიან ძნელია). მეც შევუზღუდე მოძრაობა, ბავშვებთან სათამაშოდაც ცოტა ხანს ვუშვებდი, მაგრამ თავის "ჩამოვარდნა" გაუხშირდა, მერე სიარულიც გაუჭირდა და ბოლოს - მეტყველებაც. - ექიმები რას ამბობდნენ?

- თბილისში წამოვიყვანე, თოდუას კლინიკაში, სადაც ტომოგრაფია გადაუღეს. იქაც მითხრეს, თავში არაფერი სჭირსო და ნევროპათოლოგთან გამგზავნეს. იმ ექიმმა მითხრა, ნერვული შეტევააო და წამლები გამოუწერა. ამ მკურნალობამაც არ გამოიღო შედეგი. უფრო მეტიც, თანდათან მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა...

მერე მირჩიეს თბილისში, ნევროპათოლოგ გია მელიქიშვილთან მიმეყვანა. ამ ექიმმა ენცეფალოგრამა გადაუღო და მითხრა, ხერხემლიდან სითხე უნდა ავუღოთ და გერმანიაში გავგზავნოთ, დიაგნოზი ზუსტად რომ დავსვაო. ძალიან შემეშინდა, რადგან მეგონა, ხერხემლიდან სითხის აღების გამო ვეღარ გაივლიდა ჩემი შვილი. ბატონმა გიამ ისიც მითხრა, რომ თავის უკანა ნაწილში იყო სითხე, რომელიც აწვებოდა ტვინს და ეს იწვევდა გათიშვას. გაგვაგზავნა ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოში, გოგი მაღალაშვილთან, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციამდე ბავშვს ყველაფერი დაავიწყდა, თუკი რამ სიმღერა ან ლექსი იცოდა. ოპერაციის შემდეგ თითქოს უკეთ გახდა და იმედი მომეცა... ოპერაციიდან ცოტა ხანში იაშვილის სახელობის კლინიკაში გაგვწერეს, იქაც მირჩიეს, რომ ხერხემლიდან სითხის აღების უფლება მიმეცა, ანალიზის ჩასატარებლად. დავთანხმდი. ანალიზი გაგზავნეს გერმანიაში და იქიდან მოგვივიდა პასუხი, რომ წითელას ანტისხეულები იყო ძალიან დიდი რაოდენობით. ამის შემდეგ ცხადია, დიაგნოზიც დასვეს - პანენცეფალიტი.

ვუყურებდი ჩემი ერთადერთი შვილი ნელ-ნელა როგორ ბეჩავდებოდა და ვერ ვშველოდი. ეს იმხელა ტკივილია, ენით ვერ გადმოგცემთ. 2 წელია უკვე, იაშვილის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული და რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. თავიდან მითხრეს, ვერ გადარჩებაო, მაგრამ ზურა იბრძვის სიცოცხლისთვის. ცოტათი მოძრაობს, წყალსაც ვასმევ წვეთობით. გრძნობს, მაგრამ ძალა არ შესწევს, რომ თვითონ ჩამეხუტოს. თუმცა, მე ვიხუტებ გულში და მისი გამოხედვით, მისი სურნელით ვცოცხლობ.

ბავშვის გამო გვიწევს თბილისში ქირით ყოფნა. ძალიან მიჭირს წამლების, პამპერსების შეძენა. 2 წელია საავადმყოფოს კარზე ვართ, ქირის გადახდაც გვიძნელდება. გამოუვალ სიტუაცია რომ არ ვიყოთ, დახმარებას ვერ გთხოვდით. ჩემს მეუღლესაც მუდმივი სამუშაო არ აქვს და მეც ვერ ვმუშაობ, ბავშვის გამო.

GzaPress

- ექიმები ახლა რას ამბობენ? - ამბობენ, რომ ამ დიაგნოზით პაციენტის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ისიც მითხრეს, რომ უკვე რამდენიმე ქვეყანაში მუშაობენ კონკრეტულად ამ დაავადებაზე და იმედი გამიჩნდა... ახლა კი ჩემს ბიჭთან 3-დან 7 საათამდე მაჩერებენ, მერე იძულებული ვარ, მარტო დავტოვო. მიძნელდება, მაგრამ იმედია, დადგება დრო, როცა მის ჩახუტებას დღის ნებისმიერ დროს შევძლებ და ისიც შეძლებს მომეხვიოს...

- მის ოცნებებზე, გეგმებზე რას მეტყვით?

- ძალიან უყვარდა სიმღერა და სულ ოცნებობდა ფანდურზე დაკვრა ესწავლა. თუმცა ვერ მოვასწარი, მისთვის ეს სურვილი შემესრულებინა. ფეხბურთი, ჭიდაობაც მოსწონდა. ოცნებობდა, როცა გავიზრდები, ექიმი გავხდები. მინდა გაჭირვებულ ხალხს დავეხმაროო. ალბათ გული უგრძნობდა, რომ თვითონ უნდა გამხდარიყო ავად... ძალიან ალალი ბიჭია ჩემი ზურა, სხვის გამო გულსაც რომ ამოიღებდა, ისეთი. მჯერა, უფალი არ გაგვწირავს...

P.S. ზურას ოჯახის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ დედამისის, ნინო მორჩაძის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE62BG0000000017284900 წინასწარ გიხდით მადლობას! ლიკა ქაჯაია