ქართველების "პლასტიკური სურვილები" და დისმორფოფობია - გზაპრესი

ქართველების "პლასტიკური სურვილები" და დისმორფოფობია

პლასტიკური ქირურგია მედიცინის ის მიმართულებაა, რომელსაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მიმართავს. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უჩნდებათ სურვილი, გაიკეთონ მეორე, მესამე მეოთხე და ა.შ. ოპერაცია. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, პირველი ოპერაციის შედეგი ხდება, რომელიც მათ არ მოსწონთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირველმა ოპერაციამ გაამართლა, უჩნდებათ სურვილი, სხვა ორგანოს ფორმაც ასეთივე წარმატებით შეიცვალონ. ასე, იდეალურთან მიახლოების სურვილით, ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდება.

მედიცინაში გარეგნობის შეცვლის ავადმყოფურ მიდრეკილებას დისმორფოფობია ჰქვია. ასეთ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის და არა - პლასტიკური ქირურგის დახმარება.

ტერმინი დისმორფოფობია ორი ბერძნული სიტყვიდან - "მახინჯი" და "ფორმა" არის წარმოშობილი, მას მოდურ დაავადებასაც უწოდებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი მეტისმეტად ღელავს თავის გარეგნობაზე.

ლევან შატბერაშვილი, ფსიქოთერაპევტი:

- ის, თუ როგორ გამოვიყურებით, არის ჩვენი რეპრეზენტაცია სამყაროში. ეს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, იყოს განსაკუთრებული. თუმცა, მამაკაცებში ამის მოთხოვნილება ნაკლებადაა. პლასტიკურ ოპერაციებზე მოთხოვნაც ამით არის განპირობებული.

ძალიან ხშირად ეს არის აკვიატება. როცა ოპერაციაზე მუდმივად ფიქრი ყოველგვარ ზღვარს გადადის, ეს უკვე ადამიანისთვის თვითმიზანი ხდება.

GzaPress- ამის უკან გარკვეული სახის ფსიქოლოგიური პრობლემები დგას?

- დიახ, ადამიანი საკუთარი თავით არის უკმაყოფილო. წარმატების იმ ხარისხს ვერ აღწევს, როგორი მოთხოვნილებაც აქვს და ამას საკუთარ გარეგნობას აბრალებს. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამ ყველაფრის მიღმა უფრო სერიოზული ფსიქიკური დაავადებები დგას. ამიტომ სერიოზულ კლინიკებში, სადაც ექიმი საქმეს პატიოსნად უდგება, სანამ პაციენტს შესაბამის კვლევებს არ ჩაუტარებს, ოპერაციაზე უარს ეუბნება.

- ეს პრობლემა სათავეს საიდან იღებს?

- უმეტეს შემთხვევაში ბავშვობიდან და იმ ღირებულებებიდან იღებს, რომელიც ოჯახში ჩამოგვიყალიბდა. ეს არის საკუთარი თავის არაადეკვატური ან დაბალი თვითშეფასების ბრალი. ეს კი ადრეულ ასაკში ყალიბდება და აყალიბებენ ის ადამიანები, რომლებიც გვზრდიან; გარემო, სადაც ვართ. მერე ზოგიერთისთვის ოპერაციების გაკეთება თვითმიზანი ხდება, როცა სურვილი აკვიატების ფორმას იღებს, მარადიულად აქვთ განცდა, რომ გარეგნობაში რაღაც არ მოსწონთ.

- იდეალურთან მიახლოების სურვილი უჩნდებათ, ხომ?

- არის ასეთი მოდელი: მე საკმარისად კარგი არ ვარ, მაგრამ რა არის საკმარისი? ეს ჩემმა ფსიქიკამ არ იცის. ამიტომ სულ ვცდილობ, რაღაც შევცვალო. არსებობენ ადამიანები, ათეულობით ოპერაცია რომ აქვთ გაკეთებული. საინტერესოა, რა არის მისთვის სამყაროში მნიშვნელოვანი? რას თვლის საკუთარ თავში მნიშვნელოვნად? გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის გარეგნული შეფუთვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი სამყარო და ღირებულებები. ყოველი ასეთი შემთხვევის უკან, ცალკე ისტორიაა და ყველას ერთიან სისტემაში ვერ ჩავსვამთ.

- ზოგიერთს რომელიმე ვარსკვლავთან, კერპთან მიმსგავსების სურვილი აქვს, ეს რით აიხსნება?

- დღეს თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს რომ დააკვირდეთ, აღმოაჩენთ, ყველას ერთნაირი მანერა, თმის ფერი, ჩაცმის სტილი აქვს. ტატუს გარკვეული ფორმაც კი მოდაშია. თინეიჯერობის წლებში, ვიღაცის მიმსგავსების სურვილი, ზოგიერთ შემთხვევაში, კრიზისის გადალახვის საშუალებაც კი არის. როდესაც ეს ყველაფერი ასაკთან ერთად გადაივლის, ნორმალურია, მაგრამ ზოგიერთი მარადიულ თინეიჯერად რჩება. ამ კატეგორიის ადამიანებში დიდად ინტელექტუალურ ხალხს ვერ ნახავ, შეიძლება გამონაკლისი არსებობდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ პერიოდის ტრენდი, რა არის მოდაში, ტუჩის, თვალის როგორი ფორმა და ა.შ. როცა ადამიანს ზომიერების ფარგლებში აქვს სურვილი, უკეთესად გამოიყურებოდეს, ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ ეს ფარგლები ხანდახან ძალიან მყიფეა.

- პლასტიკური ოპერაციების შედეგად, ხშირად ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან, კარგავენ ინდივიდუალიზმს, რაც შესაძლოა, სხვა ფსიქოლოგიური პრობლემის მიზეზი გახდეს. პრაქტიკაში ამ პრობლემის მქონე პაციენტები გყოლიათ?

- რა თქმა უნდა, მყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად არ თვლიან, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ. ჩემს კოლეგებს ნაკლებად მიმართავენ. თუ ვინმემ არ უთხრა და დააჯერა ან თავად არ გააცნობიერა. მათთან ხანგრძლივად და რთული სამუშაოა. ზოგიერთთან შედეგი უფრო მალე მიიღწევა, ზოგიერთთან - ძალიან რთულად. ყველა ჩვენგანი ხომ იმისთვის ვიბრძვით, რომ ბედნიერი ვიყოთ. ზოგიერთს ეს ბედნიერება ოპერაციიდან ძალიან ცოტა ხანი უგრძელდება, მერე ეწყებათ შფოთვა და მომდევნო ოპერაციაზე ფიქრი.

ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელობას ხომ თავად ვანიჭებთ გარეგნობას, განვითარებას, სწავლას, ჩაცმას და ა.შ. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა - ნაკლებად მნიშვნელოვანი. როგორია შენი ცხოვრება და რა ხდება Aმის შემდეგ, ხდები თუ არა ბედნიერი?

საქართველოში ყველაზე ხშირად პლასტიკურ ქირურგებს ცხვირის ფორმის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ. რინოპლასტიკის შემდეგ მოდის მკერდის პლასტიკა, ლიპოსაქცია, სახის სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია, მუცლის პლასტიკა და სხეულის სხვა ზონებზე სხვადასხვა მასშტაბის ჩარევები. დუნდულების გაზრდის ოპერაცია ისეთივე მოთხოვნადი არ არის, როგორც ბრაზილიაში.

ისევე, როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც პლასტიკურ ქირურგებს ცნობილი სახეებიც ხშირად მიმართავენ. ამ თემაზე ზოგიერთი ღიად საუბრობს, ზოგიერთი კი საიდუმლოდ იტოვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფაქტი სახეზეა.

მსახიობ შორენა ბეგაშვილის დღევანდელი გარეგნობა პლასტიკური ოპერაციების შედეგია. მსახიობის წლების წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. თუმცა, დეტალებზე მსახიობი ღიად არასდროს ლაპარაკობს.

ამ თემაზე საუბრისას, ყოველთვის გულახდილია მომღერალი ნინა წკრიალაშვილი. მას გაკეთებული აქვს ცხვირის, ტუჩის პლასტიკური ოპერაციები, აწეული აქვს მკერდისა და დუნდულის კუნთები. შორენასგან განსხვავებით, ნინას პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლად მიიჩნევენ, თუმცა თავად არც ერთ ოპერაციას არ ნანობს და ამბობს, რომ პლასტიკურ ქირურგიას საჭიროების შემთხვევაში კიდევ მიმართავს.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ცხვირის ოპერაციის შედეგით ძალიან კმაყოფილია, ამბობს, რომ ამით საკუთარი გარეგნობა რადიკალურად შეცვალა. იმდენად, რომ მეგობრებიც ვერ ცნობდნენ.

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ცხვირის ოპერაცია ახლახან გაიკეთა.

სოფო ნიჟარაძის ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას, არაერთ სხვაობას აღმოაჩენთ. როგორც ამბობენ, მომღერალმა გაიკეთა ცხვირი, გაიდიდა მკერდი, შეიცვალა ტუჩის ფორმა...

კონსტანტინე სულამანიძე, პლასტიკური ქირურგი: - გაახალგაზრდავების პროცედურები, ლიპოსაქცია, ძაფებით აჭიმვა, რინოპლასტიკა. 2018 წელს ყველაზე ხშირად ამ მოთხოვნით მოგვმართავდნენ. თავად დიდი ინტერესი მაქვს მამოპლასტიკის მიმართ. მკერდის გაზრდის ოპერაციას, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც ვაკეთებ.

- საქართველოს გარდა, თქვენ ოპერაციებს აკეთებთ მოსკოვსა და პეტერბურგში, იქ მცხოვრები პაციენტებისა და ქართველების მოთხოვნები იდენტურია?

- იქ ყველაზე ხშირად მამოპლასტიკასა და სახის გაახალგაზრდავების პროცედურებს იკეთებენ. საქართველოსთან შედარებით, ცხვირის ოპერაციები უფრო ნაკლებია. თუ ქართველებს კეხი აწუხებთ, იქ ცხვირის განიერი წვერია პრობლემა. ჩვენი ოჯახი ამ სფეროში იმით არის ცნობილი, რომ 25 წლის წინ, მამამ (ექიმი მარლენ სულამანიძე) გამოიგონა ძაფები, რომლის მეშვეობითაც, სახისა და ტანის ქსოვილების აჭიმვა ხდება. ეს არის ოპერაციის გარეშე ჩატარებული პროცედურა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში უკვე წარმატებით აკეთებენ.

- თქვენთვის ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე რთული რომელი ოპერაციაა?

- ძალიან სკრუპულოზურია რინოპლასტიკა, სწორი გათვლაა საჭირო. ფორმა უნდა იყოს სასურველი, თან ისე, რომ, შემდგომში ცხვირის წვერმა არ დაიწიოს. ძალიან რთულია დიდი ზომის მკერდის დაპატარავება. დღეს მყავდა პაციენტი, რომელსაც 10 ზომაზე მეტი მკერდი აქვს და დავუპატარავე. ეს მას ძალიან აწუხებდა და აწუხებდა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემები, მკერდის წონის გამო, ზურგში ტკივილები ჰქონდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, სად გადავიტანთ დვრილს, რა ნაწილს მოვკვეთთ და ა.შ.

- 10 ზომიდან რომელ ზომამდე დაყვანა შეგიძლიათ?

- 3 ნომერზე ნაკლებს ვერ გავაკეთებ, რადგან გაკვეთის შედეგად, არტერიები და ვენებიც ზიანდება. მთავარია, სისხლის მიწოდება დარჩეს იმ წერტილებთან, სადაც შეხორცება ხდება.

- ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ინტიმური პლასტიკა. ამ მიმართულებითაც მუშაობთ?

- ამ ოპერაციებს პირადად მე არ ვაკეთებ, მაგრამ კლინიკაში არის ამ საქმის პროფესიონალი. ის პროფესიით მეან-გინეკოლოგია, დაინტერესდა ქირურგიით და წლებია, ინტიმურ ზონაზე ოპერაციებს წარმატებით აკეთებს. ქალბატონები ორსულობის შემდეგ, საშოს დავიწროების ოპერაციას იკეთებენ, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.

- ღიად მამოპლასტიკაზეც ნაკლებად ლაპარაკობენ.

- გეთანხმებით, პაციენტების დიდი ნაწილი ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას, მით უმეტეს არ ლაპარაკობენ ინტიმურ პლასტიკაზე. არადა, ძალიან მოთხოვნადი გახდა. ხშირია შემთხვევა, როცა მე ვაკეთებ მკერდს და სხვა ექიმი იმავე პაციენტთან ინტიმურ ზონაზე მუშაობს.

- ერთდროულად ორ ოპერაციას აკეთებთ?

- ერთდროულად 4 ოპერაციაც ჩაგვიტარებია, 3 (მკერდი, მუცელი და ინტიმური ზონა) უფრო ხშირ შემთხვევაში. პაციენტი იძინებს და სრულიად სხვა ადამიანი იღვიძებს. ნარკოზის ქვეშ პაციენტი მაქსიმალურად მცირე დროითაა.

GzaPress

- ინტიმური პლასტიკა რამდენიმე მიმართულებით ტარდება, ყველაზე მოთხოვნადი რა არის? - საშოს დავიწროება, ბაგეების პლასტიკა და ე.წ. ჯი წერტილის კორექცია, რომელიც ესთეტიკას არ ეხება და პაციენტის სიამოვნებისთვისაა გათვლილი.

- ცნობილი ქალბატონები ამ მოთხოვნით ხშირად მოგმართავენ?

- რა თქმა უნდა. უმრავლესობა გვაფრთხილებს, რომ მისი სახელი არ გავამხილოთ, ზოგიერთი ღიად ლაპარაკობს.

- ვისგანაც ნებართვა გაქვთ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

- ჩვენი სახე არის შორენა ბეგაშვილი, მაგრამ პროცედურებს, რომლებიც ჩვენთან ჩაიტარა, ვერ დაგისახელებთ. მას რამდენიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული. უფრო ინიექციური პროცედურები.

- ისეთი პაციენტები თუ მოდიან, რომელიც დისმორმოფოფობიით არიან დაავადებული?

- დიახ, ასეთი ადამიანებიც მოდიან, მათი გამოცნობა რთული არ არის. ყოველთვის ვცდილობ, გადავაფიქრებინო, თან ისეთი არგუმენტები ვუთხრა, რომ სხვა ექიმთანაც აღარ მივიდეს. მქონდა შემთხვევები, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მომწერეს, კიდევ კარგი დაგიჯერეთ და ოპერაციაზე უარი ვთქვიო. დაახლოებით 2-3 თვეში ერთხელ, აქ მშობლებთან ერთად მოდის პატარა გოგონა, რომელიც მთხოვს, რომ სახე ავუჭიმო. ის ისეთ ასაკშია, არანაირი ჩარევა არ სჭირდება, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მშობლები არაფერს მეუბნებიან, მაგრამ სახეზე აწერიათ, რომ არ დავუჯერო. ამ გოგონას ველაპარაკები, გადავაფიქრებინებ, მაგრამ გაივლის 2 ან 3 თვე და ისევ მოდის.

- ფსიქოლოგთან მისვლას არ ურჩევთ?

- ნამყოფია, ამ ფობიის შესახებაც იცის. ფსიქოლოგმა უთხრა, რომ მას ეს პრობლემა აქვს, მაგრამ თავად თვლის, რომ არ აქვს და გვთხოვს, დავუჯეროთ.

ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან: "დაქალმა ტუჩი გაიკეთა და მომეწონა", "ლამაზი ცხვირის სურათი ვნახე და მომეწონა"... მთხოვენ, იმავენაირი ცხვირი და ტუჩი გავუკეთო. ამ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება. ოპერაციაზე ვთანხმდები მაშინ, როცა პაციენტს რაღაც დეფექტი რეალურად აქვს. პაციენტი არის იმ მდგომარეობაში, რომ აიტანს ტკივილს, რეაბილიტაციის კურსს გაივლის და მზად არის ყველანაირი რისკისთვის. კონსულტაცია ხშირად უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე - ოპერაცია. პაციენტს უამრავ კითხვას ვუსვამ, უნდა დამაჯეროს, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება.

ზოგი იმიტომ მოდის, რომ ოჯახში პრობლემები აქვს, ზოგი თვლის, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ ქმარი შეურიგდება, გათხოვდება და ა.შ.

- ხშირად საკუთარ წარუმატებლობას გარეგნობას აბრალებენ. ასეთი შემთხვევები გქონიათ?

- არაერთი. ეს ექიმმა უნდა ამოიცნოს. შეიძლება პაციენტის გაბედნიერება მცირედი ჩარევის შედეგადაც კი მოხდეს. ასეთი ადამიანისთვის ეს უკვე სტიმულია, ის შინაგანად მზადაა წარმატებისთვის. ზოგჯერ პაციენტი მოდის ცხვირის ოპერაციის გაკეთების სურვილით და ამ დროს ტუჩის ფილერით შესაძლოა გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღოს.

- დამეთანხმებით, პლასტიკურ ქირურგიას არაერთი მსხვერპლიც ჰყავს, მათ შორის - საქართველოშიც.

- ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია არის რისკი. მნიშვნელოვანია იმ ქირურგის გემოვნება, რომელიც ოპერაციას აკეთებს. ზოგს დიდი მკერდი უყვარს, ზოგს - პატარა. ზოგს თხელი ცხვირის გაკეთება მოსწონს, ზოგს - ბუნებრივთან მიახლოებულის. ზოგჯერ ხდება კანის დიდი ნაწილის მოჭრა, ქირურგს ჰგონია, რომ დარჩენილ კანს ასე უფრო კარგად გადაჭიმავს, რეალურად კი არაბუნებრივ სახეს ვიღებთ. მე ბუნებრიობის მომხრე ვარ.

- ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან, ინდივიდუალიზმს კარგავენ.

- ძალიან ბევრი მეუბნება, რომ გავუკეთო ისეთი ტუჩი, ყვრიმალი, ცხვირი, რომელიც შორენა ბეგაშვილს აქვს. შეიძლება ტუჩი ერთი ადამიანის სახეზე იყოს ძალიან ლამაზი, მაგრამ მეორე ადამიანის სახეს ის საერთოდ არ მოუხდეს. ასეთი პაციენტი ექიმმა უნდა გააჩეროს.

- მადლობა ინტერვიუსთვის!

- მადლობა თქვენ, დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ინსულტის ან სხვა ტრავმის შემდეგ, სახის ასიმეტრია აქვთ, შეგიძლიათ მომმართოთ, მე თქვენ უსასყიდლოდ დაგეხმარებით.

თამუნა კვინიკაძე