რა ტურისტული პოტენციალი აქვს ულამაზეს სოფელ ცხავერს
font-large font-small
რა ტურისტული პოტენციალი აქვს ულამაზეს სოფელ ცხავერს
"ბევრმა არც იცის, რომ 15-მდე ულამაზესი ჩანჩქერია სოფელში"

უკვე შეღამებული იყო, ცხავერს რომ მივუახლოვდით. ეს სოფელი შიდა ქართლში მდებარეობს, კასპის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1240 მეტრზეა, კასპიდან კი 22 კილომეტრით არის დაშორებული. სიბნელის გამო ვერც სოფლის სილამაზე შევამჩნიე და ვერც გასავლელი გზის სირთულე, თუმცა მანქანის ჯაყჯაყზე მივხვდი, რომ არცთუ ისე უხიფათო გზაზე გვიწევდა მგზავრობა. სამაგიეროდ, ადრიანად გაღვიძებულს იქაურობა მთელი თავისი დიდებულებით წარმომიდგა თვალწინ. ნამდვილად არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, დიდებულებით-მეთქი. ფაქტობრივად, მთების ძირში ცხოვრობ, უჩვეულო სიმწვანეში. ნებისმიერი შემაღლებული ადგილიდან კარგად ჩანს კვერნაქის ქედსა და მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირს შორის ულამაზესად, ხელისგულივით გადაშლილი აშურიანის ველი. ეს ადგილები უძველესი დროიდან ზამთრის საძოვრებად გამოიყენებოდა.


ცხავერში წლების წინ 15 ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა, ახლა რამდენიმეღაა დარჩენილი - ბოლო, 2014 წლის აღწერის მიხედვით, სულ 28 კაცი ცხოვრობს. სახლების უმრავლესობა დანგრეულია, ზოგიც უკვე მთლად მიწასთანაა გასწორებული, აბალახებული, გავერანებული კარ-მიდამოთი. მოსახლეობის დიდი ნაწილი 1990-იან წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო აქაურობას გარიდებია - ზოგმა ჩრდილოეთ ოსეთში არჩია წასვლა, ზოგიც თბილისში, რუსთავსა და კასპში გადავიდა საცხოვრებლად. სოფლამდე მისასვლელი გზა 2 წლის წინ მოუხრეშიათ, მაგრამ ძლიერი წვიმების გამო ახლა ისევ ისეა დახრამული და ძალიან ჭირს მოძრაობა. რთული პირობების გამო ზაფხულობითაც აღარ აკითხავენ მამაპაპისეულ სახლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინახავენ წარსულის აჩრდილებს. ალბათ ამიტომაც არის, გაპარტახებული საცხოვრისები მარტოსულებად რომ ჩანან და უკვე ათეული წელია, ამაოდ ელოდებიან პატრონებს, მათ, ვინც უწინ ჟრიამულით ავსებდა იქაურობას, ვინც კერაზე ცეცხლს ანთებდა და სახლის კედლებსაც ათბობდა და სოფელსაც... სოფელი ხევით ორ ნაწილად არის გაყოფილი, იქაურები გაღმა და გამოღმა ცხავერს ეძახიან. ძირითადი გვარებია: გაზაშვილები, ჯინიყაშვილები, ქარქუსაშვილები, თაბუაშვილები. აქ არც ხმაური შეგაწუხებს, არც ტელეფონის ზარი, ვერც "ფეისბუკში" იძრომიალებ შენს გემოზე (როგორც მასპინძელმა მითხრა, "ინტერნეტკაფე" სახლიდან მოშორებით, ტყეშია და მხოლოდ იქ იჭერს კარგად). ერთადერთი, რამაც შეიძლება შეგაწუხოს, უადამიანობაა, თუმცა უკვე ამასაც შეეგუვნენ იქაურები.
GzaPressციცო დეიდა რამდენიმე თვეში 80 წლის გახდება, თუმცა ასაკს არ ეურჩება. თქვენ რომ მისი დამუშავებული ბოსტანი ნახოთ, შეგშურდებათ, რა აღარ მოჰყავს: სიმინდი, კარტოფილი, ყაბაყი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბარდაც კი. ამხელა ნაკვეთს მარტო ამუშავებს და ამბობს, რა დამღლისო?! ჰო, კიდევ - არაჩვეულებრივად გემრიელ მხლოვანებს აცხობს, დავაჭაშნიკე - ჭარხლის ფოთლითა და ყველით. საერთოდაც, ყველაფერს გემრიელად ამზადებსო, - ამბობენ.

ციცო ჯეირანაშვილი:
- თებერვალში 80 წლის გავხდები, მაგრამ წუთითაც ვერ ვისვენებ უშრომლად, სულ ვფუსფუსებ. თბილისში დიდხანს ყოფნა არ მიყვარს, ზამთარს იქ გადავატარებ ხოლმე და გაზაფხულის პირზე აქეთ მოვდივარ. ყველაფერი მომყავს. როცა აქ ხარ, სიზარმაცე არ შეიძლება.
- სად გაიცანით მომავალი მეუღლე?
- გამირიგეს. 23 წლის ვიყავი, აქ რომ გამოვთხოვდი, ქარელის რაიონიდან ვარ. ჩემს დედამთილს უთქვამს, სარძლოს ვეძებ და ვინმე კარგი გოგო გააცანით ჩემს შვილსო. აქაური გოგო ჩემს მეზობლად იყო გათხოვილი და იმან გამირიგა. მოვიდეს შენი ბიჭი და კარგ გოგოს გავაცნობთო, უთქვამს ჩემი სადედამთილოსთვის. პირველად რომ ვნახე, ვთქვი, სულ რომ გაუთხოვარი დავრჩე, მაინც არ გავყვები-მეთქი (იცინის). ერთი ნახვით არ მომეწონა. მთელი წელი იარა ჩვენთან, როგორც ჩანს, მოვეწონე. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს დავთანხმდი. კარგი მეუღლე გამომადგა, მშრომელი, დაუზარელი, მეოჯახე. რომ გავყევი, მაშინ თბილისში მუშაობდა, სოფელში საცხოვრებლად უკვე ასაკში შესულები დავბრუნდით.
- როგორი იყო ეს სოფელი, გახსოვთ?
- კარგი სოფელი იყო, ბევრი ხალხი ცხოვრობდა. შემოდგომა იყო, პირველად ცხავერში რომ ამოვედით. ჯერ ახლა რა გზებია და მაშინ უფრო ჭირდა აქამდე მოსვლა. თან, წინადღის ნაწვიმი იყო, მანქანა ვერ ამოდიოდა და ავტობუსი ტრაქტორით ამოათრიეს. ასე რომ, პირველად ტრაქტორითა და ავტობუსით ამომიყვანეს. სახლში დამხვდა დედამთილი და იმის დედამთილ-მამამთილი, 9 წლის მული, მაზლი და კიდევ, უფროსი მულიც. გაღმა სოფელში უფრო ბევრი ხალხი იყო. მოხუცები აღარ არიან, ახალგაზრდები კი როგორ იცხოვრებენ ამ პირობებში? ბაღი აქ არ არის, არც სკოლა, არც აფთიაქი, არც მაღაზია და დიდხანს ვინ გაჩერდება? ადრე დაწყებითი მაინც იყო, 4 კლასს აქ ამთავრებდნენ და მერე ახალციხეში აგრძელებდნენ სწავლას. ზაფხულობით თუ ამოვლენ ხოლმე დამსვენებლები. ძირითადად, მე და ჩემი მეზობელი, მანანა ვართ. ის ზამთარსაც სოფელში ატარებს, მარტო.
- ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნა ვინმეს, მაშინ რა ხდება? ვიდრე აქ სასწრაფო დახმარების მანქანა ამოვა...
- არ უნდა გახდე ცუდად (იცინის). "სასწრაფოს" ვიძახებთ, თუმცა ამ გზებზე როდის-როდის ამოაღწევს ხოლმე. ამიტომ წამლები მომარაგებული გვაქვს.
- რატომ შვილებთან არ მიდიხართ ქალაქში?
- თბილისში რომ ვარ, ყველაფერი მაწუხებს. უსაქმურად ყოფნას მიუჩვეველი ვარ, აქ ბევრს ვშრომობ, მაგრამ მაინც კარგად ვგრძნობ თავს. 3 შვილი მყავს, 2 ბიჭი და ერთი გოგო. ბიჭები საზღვარგარეთ ცხოვრობენ თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად. ძალიან უყვართ აქაურობა. როგორც კი ჩამოდიან, მაშინვე აქეთ გამორბიან. ახლა ორივეს ცოლ-შვილი აქეთაა და დღე-დღეზე ველოდები შვილიშვილების ჩამოსვლას.
- არ გიჭირთ შვილებისგან ასე შორს ყოფნა?
- მენატრებიან, მაგრამ რა ვქნა? მათგან შორს ყოფნას უკვე შევეგუე, თანაც ფიქრისთვის ნაკლები დრო მრჩება, დილის 6-7 საათიდან ფეხზე ვარ და საქმეს ვაკეთებ.

GzaPressმანანა თუმანიშვილი, 56 წლის:
- უკვე 30 წელია, ამ სოფლის რძალი ვარ. სიყვარულით გავთხოვდი. ჩემი ქმარი გვარად ქარქუსაშვილია. ადიგენის რაიონიდან ვარ, ვანო მერაბიშვილის სოფლიდან, ნათესავებად ვეკუთვნით. მოსვლიდან 10 წლის შემდეგ ნელ-ნელა დაიცალა სოფელი და ბოლო 2-3 წელია, ამ უბანში ზამთარში მარტო მე ვრჩები ხოლმე.
- როგორც ჩანს, უკვე შეეგუეთ ამას.
- ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეც მივეჩვიე მარტო ყოფნას. ადრე რამდენიმე მოხუცი მაინც რჩებოდა სოფელში, ისინიც დაიხოცნენ. საქონელს ვუვლი - ძროხები მყავს, ღორებს ვზრდი, ნაკვეთებს ვამუშავებ. ჩემი მეუღლე ბორჯომში მუშაობს და იშვიათად ამოდის. რძეს, ყველს ვყიდი და ასე გამაქვს თავი. როდესაც მარტოობით ძალიან ვწუხდები, გაღმა სოფელში გადავდივარ. ზამთრისთვის წამლებს ვიმარაგებ: რამე რომ დაგჭირდეს, აქედან რაიონში ჩასვლა ადვილი არ არის. უგზოობა გვაწუხებს, ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა. ბევრჯერ "სასწრაფოც" ვერ ბედავს ამოსვლას, მით უმეტეს მაშინ, როცა ნაწვიმარია. გზა რომ გაგვიკეთონ, ამაზე კარგი არაფერი იქნება. გვპირდებიან, 2020 წლიდან გავაკეთებთო და ვნახოთ. არადა, ძალიან კარგი სოფელია დასასვენებლად. ბევრს უნდა დაბრუნება, ნაკვეთის ყიდვა და სახლის აშენება, მაგრამ გზის გამო თავს იკავებენ.

GzaPressშორენა ჯავახიშვილი:
- 12 წლის წინ ვიყიდეთ სახლი ამ სოფელში და მას შემდეგ დასასვენებლად ყოველ ზაფხულს ჩამოვდივართ. ჩემი მეუღლე აქ გაიზარდა და უყვარს აქაურობა, ახლა უკვე ჩემს შვილებსაც შეუყვარდათ. ბოლო წლებია, რაც ყოველ ახალ წელსაც აქ ვხვდებით და გამორჩეული, ნამდვილი ახალი წელი გვაქვს - თოვლი, გარეთ ნაძვის ხის ქვეშ თოვლზე დალაგებული თოვლის პაპას საჩუქრები... არავის უყვარს აქ მოსვლა. ერთ ზაფხულს ჩემმა შვილმა სხვა ბავშვი რომ ვერ ნახა, გაოცებულმა მკითხა, - კი მაგრამ, დედები და შვილები აქ მარტო ჩვენ ვართ, სხვა არავინ არისო? დიდი ხანია ვფიქრობ საზაფხულო სკოლა-ბანაკის გაკეთებაზე იმ ბავშვებისთვის, ვისი მშობლებიც მუშაობენ და ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ. თბილისიდან სულ რაღაც, 60 კმ-ით ვართ დაშორებულები. შეიძლება ლაშქრობების მოწყობა რკონის ხეობაში, ცხირეთის ციხეზე, ჩანჩქერების ნახვა, ფეხბურთის მოედნის გაკეთებაც, მთავარია ფინანსები და მონდომება. ბევრმა არც იცის, რომ 15-მდე ულამაზესი ჩანჩქერია სოფელში. იმედია, რომელიმე ხელისუფლება ოდესმე მაინც გააკეთებს გზას. ამ სოფელს აქვს ტურისტული პოტენციალი და თუ სახელმწიფო დაინტერესდება, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

GzaPressმიხეილ ქარქუსაშვილი:
- ჩვენი წინაპრები საიდან გადმოსახლდნენ ცხავერში, ეს ინფორმაცია ვერსად მოვიძიე. მტრის შემოსევებისგან ეს სოფლები XIV-XV საუკუნეებში ერთიანად განადგურებულა, მიწასთან გაუსწორებიათ ყველაფერი. პაპაჩემის მამა, თომა მდიდარი კაცი ყოფილა, მიწები შეუსყიდია და სოფელი აუღორძინებია. თავისი ხარჯებით სალოცავიც აღუდგენია. იქ ძვირფასი ხატები იყო, მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, მაგრამ მერე, არეულობის წლებში ეკლესია გაძარცვეს. ადრე ძირითადად ქარქუსაშვილები ცხოვრობდნენ თურმე. მერე თომას შეუთავაზებია ჯინიყაშვილებისა და თაბუაშვილებისთვის, თუ სურვილი გექნებათ, აქ დასახლდითო და ისინიც დათანხმებულან.
- სოფელში რამდენიმე ეკლესიაც ყოფილა ადრე, ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი. რა იცით მათზე?
- სოფელი ისტორიული რომ არის, ამაზე ეკლესიების ნანგრევებიც მოწმობს. იყო კვირაცხოვლის, ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები. სახელი კი - ცხავერი, ვფიქრობ, ცხირეთის ციხის სახელწოდებიდან გამომდინარე დაარქვეს. ცხირეთის ციხესთან არის დაკავშირებული მღვდელი თევდორეს გმირული სიკვდილი. 1609 წელს, როდესაც თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა 20-ათასიანი მხედრობა ქართლში შემოჭრილა, მათ განუზრახავთ ცხირეთის ციხის აღება და შიგ მყოფი ლუარსაბ მეფის ხელში ჩაგდება. როგორც ცნობილია, მტერმა შეიპყრო კველთელი მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანა. მღვდელმა თევდორემ მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, რის გამოც იგი წამებით მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და გიორგი სააკაძის მეთაურობით, თათრებს მუსრი გაავლეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ციხე X საუკუნეში "წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო-ვერცხლით" აუშენებიათ და ქართლის მეფეების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ლუარსაბ მეორეს ცხირეთი გიორგი სააკაძისთვის უბოძებია. ციხე, ფაქტობრივად, უკვე დანგრეულია, მხოლოდ ერთი კედელიღაა შემორჩენილი. ისე დაინგრა, არც არავინ დაინტერესებულა. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია. ჩემს ბავშვობაში ბევრჯერ გვითამაშია იქ.
- ბავშვობიდან კიდევ რა გახსოვთ?
- ადრე ჩემი წინაპრები გაღმა სოფელში ცხოვრობდნენ. რაკი იქ არაფერი ხარობდა, 3 ძმა ამ უბანში დასახლებულა. აბა, გადახედე აქ ბაღ-ბოსტნებს, ამწვანებულია ყველაფერი. დაწყებითი სკოლა აქ დავამთავრე, მერე ახალციხეში გავაგრძელე სწავლა, ჩემმა დებმა - თბილისში. ჯარიდან რომ ჩამოვედი, უკვე ოთხწლედიც აღარ დამხვდა, სოფელი განადგურებული იყო. რა გამეკეთებინა, სამსახურს აქ ვერ ვიშოვიდი და ვერაფერს გავაკეთებდი. ახალგაზრდა ვიყავი, ოჯახის შექმნა მინდოდა, ავდექი და თბილისში წავედი. 1969 წელი იყო.
- სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
- 24 წელი ელექტროენერგია არ გვქონდა, ვიბრძოლეთ და რამდენიმე წლის წინ გამოგვიყვანეს. წინა მთავრობა უარს გვეუბნებოდა, ფული არ გვაქვსო, ისევ ამათ შეიწუხეს თავი. ახლა ჩვენი პრობლემა უგზოობაა. გზა რომ კარგი იყოს, ვიცი, კიდევ უფრო მეტი წამოვა სოფელში, მიხედავენ თავიანთ მამაპაპეულ სახლებს და სოფელიც ცოტა ამოისუნთქებს, გამრავლდება, გამოცოცხლდება. 80-კომლიან სოფელში 7 კომლია დარჩენილი - ცოდო არ არის? სოფელს მიხედვა უნდა. მხოლოდ ერთმანეთის ჭამით რომ არაფერი კეთდება, ხომ კარგად ვიცით? ერთმანეთს არ ვგულშემატკივრობთ, არც ქვეყანა გვადარდებს, არც მშობლიური მიწა! მენანება საქართველო, ნასახლარებს რომ ვხედავ და ვუყურებ, არავინ ყურადღებას არ აქცევს, გული მტკივა...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
905 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი