ვინ არის ქალი, რომლის გამოც ია ფარულავა სკანდალში გაეხვია - გზაპრესი

ვინ არის ქალი, რომლის გამოც ია ფარულავა სკანდალში გაეხვია

საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა იუსტიციის სახლთან გადაღებულ კადრებს, სადაც მსახიობი მოწყალების მთხოვნელი ქალბატონის დანახვაზე შემდეგ რეპლიკას ამბობს: "როგორ არ მიყვარს აქ მოსვლა, აქ როგორ მუშაობ".

ვიდეოს ნახვის შემდეგ "ფეისბუკზე" მის მიმართ უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა:

"აი, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ამათთვის ღარიბი ადამიანების დანახვა იმდენად დიდ ზიზღთანაა დაკავშირებული, რომ ამ ქვეყნის უკუღმართი "განვითარების" შედეგად დაუმსახურებლად გამდიდრებული ელიტა ცოტა ხანში ალბათ, ქუჩების ღარიბებისგან გაწმენდას დაიწყებს, როგორც ეს გარემოვაჭრეების შემთხვევაში ქნეს..."

"ია ფარულავას რეაქცია უპოვარ ქალზე. ადამიანის ზნეობა იმ ხალხთან მიმართებაში ჩანს ყველაზე უკეთ, რომლისგანაც სარგებელს არ შეიძლება ელოდებოდეს..."

"ჩვენი ელიწა!!! ია ფარულავა დასცინის ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა!!! მერე დაჯდებიან შოუებში და სხვისი მომავლის გადამწყვეტებად მოგვევლინებიან"...

საზოგადოების მწვავე კრიტიკას მსახიობი მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ქებაც არ მაღელვებს და არც გინება... აცრილი ვარ კარგა ხანია... იმ საწყალ ქალს რომელი ერთი აქცევთ ყურადღებას ან ფულს ჩუქნით, ან ყურადღებას... შესვლისას მეძგერა, შემაშინა... გამოსვლას კი რაც იხილეთ, ის იყო.... ჰო, ფული არ მიჩუქნია... ახლა კამერების ჩანაწერები ამოიღეთ და ნახეთ.... არც მაქოთ და არც მაგინოთ... მკიდია".

ია ფარულავას ამ პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ცნობილი ადამიანების მხრიდან:

ნინო ნადირაძე:

"მაგ ქალმა უშვერი სიტყვებით მლანძღა ბოლო ხმით, როგორ მაკადრე ორლარიანი, ვიცი, ვინც ხარო. ანრის სცემა, საერთოდ! კინაღამ პოლიციას დავუძახე!"

ანრი ჯოხაძე:

"მაგ ქალს ისეთი ნაცემი ვყავარ, გახსენებაც მზარავს".

ია ფარულავა:

"აქ არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რაც დავწერე: ქალი თავს დამესხა ყმუილით, შესვლისას!!! დაინახეთ ეს სურათი და ჩემი რეაქცია თუ შეიძლება... და მერე ნუ მამტყუნებთ... პირველი ეპიზოდია აქ მთავარი და არა ეს ბოლო..."

ახლა კი მინდა, იმ ქალბატონზე გიამბოთ, რომელმაც ია ფარულავა შეაშინა და რომლის ხმაც მართლა ბევრ ადამიანს აფრთხობს, მაგრამ მას მართლა არ შეუძლია სხვანაირად მეტყველება - ამაში წლების წინ, თავად დავრწმუნდი...

თუ ჟურნალ "გზას" რეგულარულად კითხულობთ, გეცოდინებათ, რომ ჩვენთვის არაერთ ადამიანს მოუმართავს თხოვნით, მასზე რაიმე დაგვეწერა და ჩვენ თითოეულის თხოვნას ვითვალისწინებთ. 2013 წელს მივიღე ასეთი მესიჯი: "გამარჯობა, ლიკა. მე 29 წლის ხათუნა ქოქაშვილი ვარ. სიარული მიჭირს, ხელები არ მემორჩილება და არც გამართულად მეტყველება შემიძლია. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა ძარცვაში დამდეს ბრალი, ხოლო მოსამართლემ პროკურორს მხარი დაუჭირა და გამამტყუნა... ციხიდან უკვე გამოვედი. მსურს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ხმა მივაწვდინო. იმედია, თქვენ მაინც გამოიჩენთ ადამიანობას და დახმარებაზე უარს არ მეტყვით..."

წერილის ავტორის ნახვის სურვილი კი გამიჩნდა, მაგრამ მასთან შეხვედრისა და დალაპარაკების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ვთქვი: ნეტავ, ხათუნას გაცნობაზე უარი მეთქვა-მეთქი. რატომ? ბარში, სადაც მას შევხვდი, მშვენიერი გარეგნობის გოგონა დამხვდა. ის სკამზე იჯდა და თავიდან მთელი მისი უბედურება ვერც გავაცნობიერე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ხათუნამ ხმა ამოიღო. მისი სიტყვები ვერ გავარჩიე. იძულებული გახდა, ნიკაპი ხელით დაეჭირა და სიტყვებისთვის ასე მოეყარა თავი. მაინც ძლივს ვარჩევდი, რის თქმას ცდილობდა. ცხადია, თავი უხერხულად ვიგრძენი. ვთხოვე: იქნებ შენი ოჯახის წევრებს დამალაპარაკო, არ მინდა, ის ტკივილი გაგახსენო, რაც გადაიტანე-მეთქი. გაიღიმა და მიპასუხა:

- მე ვიცი, ჩემთან ლაპარაკს რატომაც გაურბიხარ. ნუ გერიდება, თუ რამეს ვერ გაგაგებინებ, დაუსრულებლად დამისვი კითხვები და ვეცდები, რაღაცნაირად მიგახვედრო...

სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე. მამა არ მყავს. დედა დიაბეტით არის ავად, და და ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ არიან (ახლა არ ვიცი ხათუნას ოჯახური მდგომარეობა, რადგან მას შემდეგ არ შევხვედრივარ. - ავტ.). ქმარი მყავდა, მაგრამ მას მერე, რაც ავად გავხდი, ხელი მკრა...

თურმე, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა. ამბობს, - ყველაფერი კარგად იყო მანამ, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში მეუღლის ნარკომანი ბიძაშვილი გამოჩნდებოდა. ის წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა, ჩემს ქმარსაც დააწყებინა წამლის კეთებაო. ქმარი კი თურმე, მაშინ 24 წლის გახლდათ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მერე, როცა გოგონამ მეუღლე კაიფში გამოიჭირა და მოსთხოვა, - ამ საქმეს შეეშვიო, ბიჭმა ცოლს თვალები აუხვია და წამალი ძალით გაუკეთა... მას მერე, ხათუნას ოჯახში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა...

- უკვე გითხარით, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გავთხოვდი. სკოლის ბანკეტი მცხეთაში გადავიხადეთ. მშვენიერი დრო გავატარეთ თანაკლასელებმა, მაგრამ უკან რომ ვბრუნდებოდით, ის მანქანა, რომელშიც ვიჯექი, ავარიაში მოყვა. ჩემი სამი თანაკლასელი გარდაიცვალა, მე კი ცენტრალური ნერვული სისტემა დამიზიანდა (ტირის)... ჯერ საქართველოში ცდილობდნენ, ფეხზე დავეყენებინე, მერე კი, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, დედამ სახლი გაყიდა და სამკურნალოდ თურქეთში წამიყვანა, სადაც დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავატარე. მართალია, იქ საბოლოოდ ვერ გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ფეხზე დგომა, "ჩოჩვით" სიარული შემეძლო. ახლა რომ საერთოდ ვმეტყველებ (მართალია, ძალიან ცუდად, მაგრამ მაინც), ესეც თურქი ექიმების დამსახურებაა.

საქართველოში დაბრუნებული, მეუღლემ ახლოს არ გაიკარა. მის სანახავადაც არ მიდიოდა. ხათუნა ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე: ავადმყოფი ხომ არავის უნდა, ჰოდა, ქმარმაც არ მიმიღო ასეთ მდგომარეობაში მყოფი. არ ვიცი, დღეს როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს... ავარიის დროს იმ მანქანაში რომ არ ვმჯდარიყავი, შეიძლება ქმარს ჩემზე ძალადობა, ნარკოტიკის კეთება დაუსრულებლად გაეგრძელებინა და ახლა ნარკომანი ვიქნებოდიო...

- ბინა რომ გავყიდეთ, მას მერე ნაქირავებში ვცხოვრობთ. ჩემს ოჯახს თავის რჩენა ძალიან უჭირდა და იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი, გადავწყვიტე, ქუჩაში გავსულიყავი და მოწყალება მეთხოვა. მართალია, დედას არ უნდოდა, ეს დაინვალიდებული გოგო ფულის საშოვნელად გავეშვი, მაგრამ ჩემი გავიტანე. მათ ისედაც მძიმე ტვირთად დავაწექი...

ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ფულის საშოვნელად სახლიდან იყო გასული, პოლიციამ ხელი სტაცა და განყოფილებაში წაიყვანა. ამბობს: - ბრალად ორი ადამიანის ძარცვა წამიყენეს. სამართალდამცველებს ვემუდარებოდი, ჩემთვის თავი დაენებებინათ, ისინი კი მემუქრებოდნენ, თუ შენს ბრალეულობას არ აღიარებ, ვიტყვით, რომ გიჟი ხარ და ხონში, საგიჟეთში გამოგამწყვდევთო... საბოლოოდ, 2 წლით ციხეში მიკრეს თავი. იქ მედიკამენტებს არ მაწვდიდნენ, ჩემ მიმართ გულცივები იყვნენ, რაც მეტად მაგიჟებდა. ყველაფერში პატიმრები მეხმარებოდნენ, თორემ დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემიძლია. ხომ ხედავ, თითებიც არ მემორჩილება... ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ გადაადგილებისას თავი ვერ შემიკავებია, წონასწორობა ვერ დამიცავს და ბეტონზე წავქცეულვარ. აი, ამის შედეგი...

ხათუნამ მთხოვა, მისი შარვლის ტოტი ამეწია და გაშავებული მუხლი მიჩვენა, რომელშიც, თუ არ ვცდები, წყალი აქვს ჩამდგარი.

დამშვიდობებისას, როცა წამოდგა და წაბარბაცდა, ვკითხე: აქ მარტო როგორ მოხვედი? თუ სიარული გიჭირდა, შინ მოგაკითხავდი-მეთქი. - ეჰ, აბა, სად უნდა მიმეყვანეო? - თავი გააქნია და კედელს ხელისცეცებით გაუყვა...

ვინაიდან ხათუნას სიტყვებს ნახევრად ვერ ვიგებდი, გადავწყვიტე, მის ადვოკატს დავლაპარაკებოდი. ბატონი ელგუჯა ჩხაიძე იმ პერიოდში მედიაკავშირის - "ობიექტივი" ადვოკატი გახლდათ. ის ხათუნა ქოქაშვილის ბედით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა გოგონა ციხეში იჯდა. მართალია, იმ პერიოდში მის დასახმარებლად ვერაფერი გააწყო, მაგრამ შემდეგში ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა საიმისოდ, რომ არა მარტო სამართალდამცველებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც დაემტკიცებინა, რომ ხათუნა უდანაშაულოდ დაისაჯა და რომ ის, ყველა უბედურებასთან ერთად, ნამდვილად პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომ მისი ციხეში გამოკეტვა არ შეიძლებოდა... ბატონი ელგუჯას ინტერვიუს, რომელიც 2013 წელს ჩავწერე, უცვლელად გთავაზობთ:

- ხათუნას შესახებ ჩემმა კოლეგებმა შემატყობინეს. განცვიფრებულებმა მითხრეს, რომ ქალთა კოლონიაში იჯდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო იყო. ციხეში ერთ-ერთი შესვლის დროს ხათუნა თავადაც ვნახე. მისი თანამოსაკნეები ამბობდნენ, რომ მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეეძლო. უჭმელობისგან, მოუვლელობისგან, უწამლობისგან მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. საცოდავი კედელ-კედელ დადიოდა, ხელებს და ენას ვერ იმორჩილებდა, გამუდმებით ტიროდა. ყველაფერთან ერთად, ამ ადამიანს ფსიქიკური აშლილობაც აქვს. საერთოდ, პიროვნება, რომელსაც უკურნებელი სენი აქვს ან პირველი ჯგუფის ინვალიდია, გათავისუფლებას ექვემდებარება, მაგრამ ეს ხათუნას არ შეეხო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის სამედიცინო ექსპერტიზაზეც კი არ წაუყვანიათ... გადავწყვიტეთ, ამ გოგოს დავხმარებოდით და ანგარიში გავუხსენით. საზოგადოებას ვთხოვდით, დახმარებოდნენ. მაშინ დაახლოებით 1.000 ლარი მაინც რომ შეგროვებულიყო, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს თანხა ვერ შეგროვდა. ამიტომაც, ხათუნამ სასჯელი ბოლომდე მოიხადა.

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, ის უდანაშაულოდ დაისაჯა? - ამ გოგოს საქმით დავინტერესდი. მას ორგზის ძარცვაში დასდეს ბრალი. მისი საქმე გამოვითხოვე, სადაც წერია (სტილი დაცულია): "2007 წლის 9 მაისს, დაახლოებით 8.00 საათზე, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამარშრუტო ტაქსი გააჩერა და მძღოლს ლერმონტოვის ქუჩაზე წაყვანა სთხოვა. იმ დროს, მანქანის დაძვრამდე, ტაქსიში ჩაჯდა თურქეთის მოქალაქე - იუსუფ ალი-ოღლი შაჰინი... რამდენიმე წუთში, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ისინი მიუახლოვდნენ პუშკინის ქუჩაზე, სკვერთან არსებულ ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურს, სადაც იუსუფ შაჰინმა სთხოვა მძღოლს, რომ სიგარეტის ყიდვა სურდა და გააჩერებინა მანქანა... ეს უკანასკნელი გადავიდა მანქანიდან, მიუახლოვდა ჯიხურს, ჯიბიდან ამოიღო 70 აშშ დოლარი და 100 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული ფულის დანახვაზე ხათუნა ქოქაშვილი გადავიდა მანქანიდან, უკანა მხრიდან მიუახლოვდა მას და თანხა გასტაცა. ვინაიდან იუსუფ შაჰინი დაედევნა, ადგილიდან მიმალვისა და შაჰინის თავიდან მოცილების მიზნით, გატაცებული თანხის ნაწილი 65 ლარის ოდენობით დაყარა ძირს, ხოლო დანარჩენი 70 აშშ დოლარი და 40 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა".

- ხათუნა 2007 წელს ხომ უკვე დაინვალიდებული იყო?

- ჰოდა, საქმეც ეს არის... სხვათა შორის, მეორე ეპიზოდი, რაშიც ასევე დასდეს ბრალი, უფრო მეტად შთამბეჭდავია. განაჩენში ვკითხულობთ: "2010 წლის 10 მარტს, ხათუნა ქოქაშვილი იმყოფებოდა მეტროსადგურ "ნაძალადევის" ფოიეში, სადაც მათხოვრობდა და ელოდებოდა მატარებელს, რომლის მოსვლის შემდეგ შევიდა ვაგონში და მოწყალებას ითხოვდა. იმავე ვაგონში მყოფმა ინდოეთის მოქალაქემ - კენად ვიშვანად ჯოშმა მოწყალების გაღების მიზნით, ჯიბიდან ამოიღო საფულე, სადაც 300 აშშ დოლარი ჰქონდა, რაც ქოქაშვილმა შენიშნა... მან ხელის სისწრაფით ჯოშს საფულიდან ამოაცალა 300 აშშ დოლარი და გაიქცა. დაზარალებულმა ენის არცოდნის გამო, ვაგონში მყოფ ხალხს ვერ გააგებინა, რა მოხდა, რითაც ისარგებლა ქოქაშვილმა და მატარებელი გაჩერდა თუ არა, ვაგონიდან გამოვიდა და მიიმალა. 2010 წლის 1-ლ აპრილს, დაზარალებულის უშუალო მითითებით, ქოქაშვილი დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით". დაუჯერებელია, რომ ეს ორი უცხოელი ასე უცნაურად გაძარცვა გოგონამ, რომელსაც სირბილი კი არა, დამოუკიდებლად თავის მოვლაც არ შეუძლია. ის მხოლოდ იმის გამო გაწირეს, რომ კარგი პატრონი არ ჰყავდა და მისი დაპატიმრება გაუხსნელი საქმის ჩამოსაწერად საუკეთესო ვარიანტი იყო.

- როგორც ვიცი, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებთ...

- ასეა! არ შეიძლება დაუსჯელები დარჩნენ პროკურორი ხუციშვილი და მოსამართლე ლელა შკუბულიანი, რომლებმაც პირველი ჯგუფის ინვალიდი ასე გაწირეს. ცნობისთვის, მას ფსიქოლოგიური ზეწოლითა და მუქარით აღიარებინეს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არჩადენილი დანაშაული რომ არ ეღიარებინა, მინიმუმ, 10 წელს მაინც მიუსჯიდნენ... ის გაასამართლეს როგორც გამოუსწორებელი რეციდივისტი, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ ჩაიდინა დანაშაული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თვითონ ხათუნამ მთხოვა, ამ საქმეში დავხმარებოდი. მითხრა: ჩემი უკანონო დაპატიმრებისთვის და იმისთვისაც, რომ გიჟს მეძახდნენ, კონკრეტულმა სამართალდამცავებმა პასუხი უნდა აგონო. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ ხათუნა არ იყო ასეთი გულქვა ადამიანების მსხვერპლი. მერწმუნეთ, კიდევ ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.

P.S. არ ვიცი, ეს საქმე საბოლოოდ რით დამთავრდა, მაგრამ ფაქტია, ხათუნა დღესდღეობით იუსტიციის სახლთან დგას და მოწყალებას ითხოვს. მისი ინტერვიუს კიდევ ერთხელ გამოქვეყნებით კი უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გამეცნო ადამიანი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა და შესაძლოა, დღეს აგრესიული თუ არაადეკვატური საკუთარი წარსულის გამოც არის. თუმცა, აგრესიას მაინც ვერ გაამართლებ...

ლიკა ქაჯაია