ქართველების საგანძური, რომელიც ყველა ერს აღაფრთოვანებს - გზაპრესი

ქართველების საგანძური, რომელიც ყველა ერს აღაფრთოვანებს

სამი ხელოვანის მოგონებებს გთავაზობთ, რომლებიც ეხება ჩვენი ერის საგანძურს - ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. ყოველგვარი რეგალიების გარეშე - ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და გია ბაღაშვილი საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრების ეპიზოდებით მინდა წარმოგიდგინოთ.

ქართველები "ვაშინგტონ პოსტის" პირველ გვერდზე...

ანზორ ერქომაიშვილი: - ვაშინგტონში ხალხური ყოფისა და ფოლკლორის ფესტივალზე 1988 წელს მოწვეული იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. იმ წელს, 21-ე ფესტივალზე პირველად მონაწილეობდა საქართველო. ამერიკელებმა სპეციალურად მოითხოვეს საქართველოდან ანსამბლი, რომელიც შეასრულებდა სიმღერებს კრიმანჭულით. შეირჩა მახარაძის მომღერალთა ანსამბლი "ელესა". ეს ანსამბლი ჩამოაყალიბა ცნობილმა ლოტბარმა ვლადიმერ ერქომაიშვილმა. იმჟამად მისი ხელმძღვანელი იყო ამირან თოიძე. ამერიკელებს ფესტივალის ასპარეზად შერჩეული ჰქონდათ 4-5 კმ-იანი მინდორი ვაშინგტონის ობელისკიდან დაწყებული, კაპიტოლიუმის შენობამდე. ბაღებითა და ტყე-პარკებით შემოფარგლულ მოლზე გაშლილ სახელდახელო კარვებში, დღეში რამდენიმე ჯგუფის 2-3 კონცერტი იმართებოდა, რომლებსაც ადგილობრივთა გარდა, ტურისტებიც ესწრებოდნენ. მე ვიყავი იქ, როგორც ანსამბლის კონსულტანტი.

საგანგებოდ გამართული პატარა სცენიდან ქართული ხალხური სიმღერა ისმის. აქა-იქ ჩურჩულებენ, ფეხის წვერებზე დგებიან, ცნობისმოყვარეობა ჰკლავთ, აინტერესებთ, რა ინსტრუმენტი გამოსცემს კრიმანჭულს. ძნელი წარმოსადგენი იყო ამერიკელებისთვის, რომ ამ ხმას ინსტრუმენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. როცა ირწმუნეს, აღტაცების შეძახილებს კივილიც მოჰყვა. ქართველებმა მოინადირეს ამერიკელთა გულები.

GzaPress"ელესა" შემცირებული შემადგენლობით (ცხრა კაცი) ეწვია ამერიკას. მე მათ სიყვარულით ბერიკაცებს ვუწოდებდი, მათ შორის უხუცესი 75 წლისა იყო, უმცროსი კი 65-ის. "ელესა" ასრულებდა ყველა ჟანრის გურულ სიმღერას. კრიმანჭულს ადგილობრივმა კორესპონდენტებმა არაჩვეულებრივი, იშვიათი სოპრანო უწოდეს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო არა მარტო სიმღერები, საყოფაცხოვრებო ეთნოგრაფიული ექსპონატებიც: კერამიკა, ხის ნაკეთობანი, სამოსელი, აკვანი და საკრავები. ყველაფერი ეს გამოფენილი იყო საქართველოსთვის გამოყოფილ "ეზოში", ორი დიდი ცაცხვის ქვეშ. ამ ცაცხვებქვეშ დააგუგუნეს ჩვენმა მომღერლებმა "ელესა" და "ნადური". "ნადურის" დროს თოხნიდნენ, "ელესას" სიმღერით კი ტვირთაკიდებული შემოვიდნენ წინაპრებივით, რომლებსაც ტყიდან საშენი მასალის ან საწნახლის გამოტანაში ეშველებოდა ეს სიმღერა.

ამავე ეზოში, მასპინძელთა თხოვნით, სახელდახელოდ გაიმართა ქართული ქორწილი. ახალდაქორწინებული ამერიკელი წყვილიც მოიძებნა. პურ-მარილი იქაურმა ქართველებმა ითავეს, ასე რომ, დიდებული ლხინი გაიმართა ყველა რიტუალის დაცვით, დაწყებული "მაყრულით", თითოეულ სადღეგრძელოს შესატყვისი სიმღერით. ქორწილის ინსცენირება ფესტივალის გვირგვინად აღიარეს. "ვაშინგტონ პოსტმა" მეორე დღესვე პირველ გვერდზე დაბეჭდა "ელესას" წევრთა დიდი ფოტო. გულითადად მიიღეს ქართველთა ანსამბლი ამერიკაში.

ოცნება ასრულდა

ფრიდონ სულაბერიძე: - 1975 წელს ანსამბლი "რუსთავი" იმყოფებოდა საგასტროლოდ თურქეთში. გამოვდიოდით ქალაქ სტამბოლში, როცა კონცერტის შემდეგ ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა დამიძახა და მითხრა, რომ კონცერტს ესწრებოდა იქაური ქორეოგრაფი, წარმოშობით ლეკი, სახელად ადლი, რომელმაც სთხოვა ანზორს, რომ ანსამბლის რამდენიმე მოცეკვავე მასთან ოჯახში წავსულიყავით, ჩვენი გაცნობა უნდოდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, მე, რამდენიმე გოგონა და ბატონი ანზორი წავედით. ადლი კავკასიელი კაცია და სტუმრებს ბრწყინვალე სუფრა დაგვახვედრა. მისი ოჯახი, შესანიშნავი შვილები გავიცანით და სუფრასთან დავსხედით. ადლი რუსულად კარგად ლაპარაკობდა. თვითონ დადგა თამადად, გამასპინძლებისას ვსაუბრობდით ქორეოგრაფიაზე. მან გვითხრა, მინდა სიურპრიზი გაგიკეთოთო. აიღო რაღაც ვიდეოფირი და ჩართო. ვხედავ, რომ ეს არის გერმანიაში ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლის ამსახველი ფირი. მაშინდელი კონცერტების დროს, ჩვენთან ტელევიზიის წარმომადგენლები მოვიდნენ და ერთ-ერთმა რეჟისორმა მოინდომა, ანსამბლის კონცერტი გადაეღო. პავილიონი სპეციალურად მოამზადეს და "სუხიშვილების" მთელი პროგრამა გადაიღეს. გადაღებები სამი დღე გრძელდებოდა და როცა დამთავრდა, იქვე გვაჩვენეს ფირი, თუმცა ჩვენთვის არ გამოუტანებიათ. ძალიან მინდოდა, ეს ფირი მქონოდა, სოლო პარტიებს ვასრულებდი, მაგრამ ამაზე ოცნება ოცნებად დარჩა.

და აი, ადლის ფირზე დავინახე ულამაზესი კადრები, სადაც ჩანდნენ ჩემი მეგობრები; საკუთარი თავიც ვერ ვიცანი, ისე ვიყავი შეცვლილი. ჩვენმა მოცეკვავეებმა და ბატონმა ანზორმა როცა დაინახეს ჩემი ცეკვა, როგორ კარგ ფორმაში ვარ, ცრემლები წამოუვიდათ. ადლი გაგიჟდა: რა ხდება? რატომ ტირიანო? აიღო ჭიქა სასმლით და თქვა: თქვენზე რომ ასე იმოქმედა ამ კადრებმა, ეტყობა ეს მოცეკვავე აღარ არის ცოცხალი და მინდა მისი ხსოვნის სადღეგრძელო დავლიოო. ამ დროს იყვირა ანზორმა, - რისი სადღეგრძელო, აგერ ზის ეს კაცი, რომელიც მანდ ცეკვავსო. ლეკი გაოცებული დარჩა. მერე გვითხრა: ეს ფირი ყოველღამე რომ არ ვნახო, არ მეძინებაო. თვითონ ხომ ქორეოგრაფია და ცეკვები უყვარს, განსაკუთრებით კი ქართული ცეკვები ჰყვარებია.

ალბათ, ეს კონცერტი გადიოდა თურქეთის ტელევიზიით და მაშინ ჩაიწერა. კადრებიდან როგორ მიცნობდა? ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობა. იცოდა, რომ ანსამბლ "რუსთავის" ქორეოგრაფი ვიყავი, მაგრამ ასე თუ ვცეკვავდი, ეს არ იცოდა. მითხრა, მთხოვე, რაც გინდაო. ვუპასუხე: ჩვენი კონცერტები რამდენიმე დღე გაგრძელდება სტამბოლში. თქვენგან არაფერი მინდა, მხოლოდ ეს ფირი გადამიწერეთ და მომიტანეთ, ეს იქნება უდიდესი საჩუქარი ჩემთვისაც და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის-მეთქი. ასე ამისრულდა ოცნება და თურქეთიდან ჩამოვიტანეთ ფირი.

ყველაზე დიდი აღიარება GzaPress გია ბაღაშვილი: - ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ პროფესიად ავირჩიე ქართული ხალხური მუსიკის მსახურება, მისი სამეცნიერო შესწავლა. როგორც ქართველი ეთნომუსიკოლოგისთვის, დიდი სიამაყე და პატივი გახლავთ, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში რომ წარადგენ ჩვენი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კულტურულ მონაგარს, ქართულ მრავალხმიანობას. რაც მსმენოდა და ვიცოდი, ჩემი თვალით ვნახე, კერძოდ ის, რომ რაც უფრო უკეთ მომზადებულია მსმენელი, რაც მეტად განვითარებულია საზოგადოება ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომლის წინაშეც წარადგენ ქართულ პოლიფონიას, მით უფრო დიდია მისი აღტაცება და ესთეტიკური განცდის სიღრმე. არც ის არის შემთხვევითი, რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორს, იგორ სტრავინსკის ეკუთვნის ფრაზა, რომლითაც ჩვენ, ქართველები სამართლიანად ვამაყობთ. როგორც მან აღნიშნა, ქართული მრავალხმიანობა "...მეტის მომცემია, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მონაპოვარი".

2015 წლის მაისში წილად მხვდა პატივი, ჩამეტარებინა საჯარო ლექცია სტენფორდის უნივერსიტეტში. დამსწრე საზოგადოების 90% სტენფორდის პროფესურა იყო. თითოეული მათგანი მსოფლიოში სახელგანთქმული მკვლევარი გახლდათ. თავად სტენფორდის უნივერსიტეტი, პოლიფონიის შესწავლის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეულია და ამ მხრივაც საინტერესო იყო კოლეგებთან ურთიერთობა. საოცარი გახლდათ ის აღტაცება, რომლითაც ისინი ხვდებოდნენ ქართულ მრავალხმიანობას. ლექციის ფარგლებში უნიკალურ საარქივო ჩანაწერებს წარვადგენდი, გარდა ამისა, თეორიული მიმართულებით, ბევრ საკითხზე მქონდა საუბარი. ლექცია დაგეგმილზე 50 წუთით მეტხანს გაგრძელდა და ეს დრო შეკითხვებს დაეთმო. ბოლოს, ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა ასეთი რამ მითხრა: ჩათვალეთ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი აღიარება (ამას ჩემს აღიარებად არ მოგახსენებთ, ეს პირველ რიგში, ქართული ხალხური სიმღერის აღიარებაა), რადგან ეს მოუცლელი ადამიანები, რომლებიც ზედმეტ წუთსაც არ უთმობენ სხვა საქმეს, იმდენად იყვნენ ჩართული ლექციის პროცესში, რომ ვერ მოსწყდნენ ქართულ მუსიკასო. საინტერესო იყო კიდევ ის, რომ მათგან სამი პროფესორი საგანგებოდ ჩამოვიდა ბერკლიში და დაესწრო მეორე საჯარო ლექციასაც, რომელიც ბერკლის უნივერსიტეტში ჩავატარე. როცა ამ რანგის სპეციალისტები ამხელა ინტერესს იჩენენ ქართული ხალხური სიმღერის მიმართ, ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ის მართლაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენია, რომელსაც ჩვენ ბოლომდე კიდევ ვერ ვაფასებთ.

გარდა ამისა, არ დამავიწყდება ერთი ბატონი, დაახლოებით 70 წელს მიტანებული კულტუროლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც თავიდან ბოლომდე გადაიღო საკუთარი ტელეფონით მთელი ლექცია მუსიკალური ნიმუშებითა და კითხვა-პასუხით, როგორც სტენფორდში, ისე ბერკლიში. ვერ წარმომიდგენია, რა მუსიკას უნდა მოეხდინა ჩემზე ასეთი ზემოქმედება და როგორი შთაბეჭდილების ქვეშ უნდა ვყოფილიყავი, რომ ხელიდან არ გამეშვა ტელეფონი. მართლაც, მომნუსხველი ძალა აქვს ჩვენს კულტურას.

კიდევ ერთს გავიხსენებ: 2017 წლის აპრილში ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჩემი საჯარო ლექციის დამთავრების შემდეგ, ცნობილმა ჰარვარდელმა პროფესორმა, ქალბატონმა მილი კრეიგტორმა ოფიციალურ მიღებაზე ითხოვა სიტყვა, მომიბრუნდა და ბრძანა: "საუკუნეების სიღრმიდან მოსული უნიკალური ქართული სიმღერა, გაუხუნარი ფერებით ელვარებს და ძალუმად ხმიანობს თქვენი ერის სადიდებლად".

ასეთი სიტყვების მოსმენისას, რა თქმა უნდა, სიამაყით ივსები და რაც მთავარია, საკუთარ თავში რწმენა გიათმაგდება. თუ ჩვენმა წინაპარმა, მრავალი გასაჭირისა თუ ისტორიული ბედუკუღმართობის მიუხედავად, შეძლო წარუვალი ღირებულების მქონე ასეთი საგანძურის შექმნა, ე.ი. ჩვენც, ამ ჯიშისა და გენის ხალხს, ამ კულტურაზე აღზრდილებს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ დღევანდელ გამოწვევებს გავცეთ ღირსეული პასუხი და ამის სტიმულს სწორედ ქართული სიმღერა გვაძლევს.

ნანული ზოტიკიშვილი