"მისი ხელოვნება არის უდიდესი, უჭკნობი და მარადიული" - გზაპრესი

"მისი ხელოვნება არის უდიდესი, უჭკნობი და მარადიული"

ბალეტის მოცეკვავეს, პედაგოგს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს - ზაქარია (ზაზა) ამონაშვილს საკუთარი წარსულიდან ბევრი რამ აქვს გასახსენებელი, მაგრამ ამჯერად ამჯობინა ესაუბრა ადამიანზე, რომელიც მისთვის დაუვიწყარია და ვისი სახელიც არა მარტო საქართველოსა თუ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში ეკერათ პირზე, არამედ მან "რკინის ფარდაც" კი გაარღვია...

- მე უნდა გესაუბროთ ისეთ დიდ ხელოვანზე, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აღტაცებაში მოჰყავდა არა მარტო საქართველოს და არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მაყურებელი და დიდ ოვაციებსაც იმსახურებდა. ვისაც ერთხელ მაინც ჰყავს ის სცენაზე ნანახი, არასდროს დაავიწყდება! ყველას უჩნდებოდა სურვილი, კიდევ ერთხელ ენახა მისი ცეკვა, სილამაზის განსახიერება, აყვანილი უმაღლეს წერტილამდე. მისი მუხტი, ენერგია გადადიოდა მაყურებელზე და პატარა მოძრაობაც კი დიდ ოვაციას იწვევდა. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან: "დონ კიხოტის" მესამე მოქმედებაში, როცა იწყებოდა მისი ვარიაცია - პატარა წრეს აკეთებდა და მერე დადგებოდა საწყის პოზაში - აქ უკვე ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. როცა ვარიაციას დაამთავრებდა, მერე ხომ საერთოდ არ უნდოდათ მისი სცენიდან გაშვება, ცეკვის გამეორებას სთხოვდნენ, მაგრამ ბალეტში გამეორება ძალიან რთულია. მისი ხელოვნება არის უდიდესი, უჭკნობი და მარადიული - მე მასზე ვლაპარაკობ არა წარსულში, არამედ აწმყოში, რადგან შეუძლებელია, დიდი ხელოვანი წარსულში დარჩეს...

- მგონი დროა თქვათ, რომ თქვენ საუბრობთ ვახტანგ ჭაბუკიანზე...

- დიახ, საქართველოს სახალხო არტისტზე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტზე, ლენინური და სახელმწიფო პრემიის ლაურეატზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯილდოების მფლობელზე, დიდ ქართველზე, დიდ პატრიოტსა და მამულიშვილზე - ვახტანგ ჭაბუკიანზე ვსაუბრობ. ის იყო არა მარტო დიდი მოცეკვავე, დიდი ქორეოგრაფი, დიდი პედაგოგი, არამედ გახლდათ საბალეტო ხელოვნების უდიდესი რეფორმატორი... ჩვენ, ქართველებს, ყველას გამჯდარი გვაქვს ქართული ცეკვა-სიმღერა და ამ დროს, გასაოცარია, რომ ქართველმა კაცმა შეიწოვა, შეისისხლხორცა ევროპული ბალეტი და მისი ერთ-ერთი რეფორმატორი გახდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თუ გადის ისეთი სპექტაკლები, როგორიც არის "დონ კიხოტი", "ჟიზელი", "ლაურენსია", "კორსარი", "ბაიადერა" - ეს ვარიაცები გადის სულ ვახტანგ ჭაბუკიანის რედაქციით. უნდა გითხრათ, რომ მამაკაცებს ადრე არ ჰქონდათ დიდი დატვირთვა ბალეტში, უფრო მეტად დატვირთულები ქალი მოცეკვავეები იყვნენ. მამაკაცი ერთი-ორი მოძრაობით თუ შემოიფარგლებოდა. ჭაბუკიანის დამსახურებად მიიჩნევა ბალეტში მამაკაცების შესაძლებლობების წინ წამოწევა; მეორე რეფორმას რაც შეეხება, მან შემოიტანა მამაკაცური ცეკვა, ვაჟკაცური, ლამაზი მანერა და მერე ეს ყველას "გადაედო" (კარგად მახსოვს, ჩვენთან სომხეთის წარმომადგენელი, სპენდიარინის თეატრის მოცეკვავე ჩამოვიდა და მუშაობდა ჩვენთან, რათა შეესწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის მანერა, მისი ცეკვა. თუმცა, ეს რამდენად შეძლო, სხვა საკითხია)...

მესამე რეფორმას რაც შეეხება: საბალეტო ხელოვნებაში არც ისე დიდი იყო ტექნიკური მოძრაობის არსენალი. ჭაბუკიანმა ძალიან ბევრი მოძრაობა შემოიტანა და ახლა ყველას არა, მაგრამ ერთ-ერთს დაგისახელებთ: ეს არის ცალ ფეხზე ტრიალი, 32 ტაქტი. ის ისე სწრაფად ტრიალებდა, რომ ორკესტრი ვერ ეწეოდა. საბჭოთა კავშირში კი არა, მთელ მსოფლიოში, ამას ჭაბუკიანის გარდა ვერავინ აკეთებდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ მისი სახელი "ქუხდა"...

მეოთხე რეფორმა, რაც ყველაზე საჭირო რამ იყო, ეს გახლდათ ნაციონალური ბალეტების დადგმა. პირველმა მან დაიწყო ამის გაკეთება - ჩვენი ფოლკლორის და კლასიკური ცეკვების შერწყმით სიახლეს დაუდო საფუძველი.

GzaPress

- როცა ფოლკლორზეა ლაპარაკი, სიახლეებს ძნელად ეგუება საზოგადოება... - ჭაბუკიანის მიერ შეთავაზებულ სიახლეს კი პირიქით, დიდი მოწონება ხვდა წილად. წარმოიდგინეთ, მერე მთელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც დაიწყეს ნაციონალური ბალეტების დადგმა... ჭაბუკიანმა საზოგადოებას წარუდგინა ანდრია ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი", დავით თორაძის "გორდა", გრიგოლ კილაძის "სინათლე"... მან დიდი გადატრიალება მოახდინა ბალეტში. როცა მისი სახელი ქუხდა, იმ პერიოდში ახალგაზრდა სოციალურ სახელმწიფოს, კომუნისტურ წყობას ძალიან სჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ ხელოვნება წინ მიდის, პერსპექტიულია, ამიტომ სტალინმა ჭაბუკიანი და ტატიანა ვეჩესლოვა გაუშვა ამერიკაში, გასტროლზე - ეს მოხდა 1934 წელს. ახლა მე გეტყვით იმ ფრაზას, რომელიც პირადად არ მომისმენია, მაგრამ მოსმენილი აქვს ჩვენს სახელოვან მომღერალს ზურაბ ანჯაფარიძეს. ის ჰყვებოდა, რომ თვითონ ვახტანგმა უამბო ასეთი რამ: როცა ჩვენ ჩავფრინდით ამერიკაში და აეროპორტიდან გამოვედით, იქ არავინ დაგვხვდა. რა გაგვეკეთებინა? გამოვედით გარეთ. განათება კი იყო ქუჩაში, მაგრამ რაღაცნაირად უღიმღამო. გაშეშებული ვდგავართ... უცებ, გაჩახჩახდა მთელი მოედანი, დიდი რეკლამები გამოჩნდა, სადაც ეწერა, საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენ დიდი მოცეკვავეები: ტატიანა ვეჩესლოვა და ვახტანგ ჭაბუკიანიო. აი, ასეთი სიურპრიზი მოუწყვეს და მათ კონცერტებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, ანშლაგით ჩაიარა. ცხადია, ამერიკაში ცდილობდნენ, ჭაბუკიანი როგორმე გადაებირებინათ, რათა იქ დარჩენილიყო. საამისოდ მას ყველანაირ პირობას სთავაზობდნენ, მაგრამ მტკიცე უარზე გახლდათ. გასტროლმა ბრწყინვალედ ჩაიარა. როცა საქართველოში ჩამოვიდა ბატონი ვახტანგი, ყველაზე ხშირად უსვამდნენ კითხვას, თუ რატომ არ დარჩა ამერიკაში? ის ასე პასუხობდა: "მე არ მესმოდა, რას მთავაზობდნენ. როგორ შეიძლებოდა მე გამეცვალა სამშობლო სხვა ქვეყანაზე?.."

- ამბობენ, გარდა ცეკვისა, მისი რევერანსიც მომაჯადოებელი იყო...

- ასეა, ხალხი მას სცენიდან არ უშვებდა, არ ემეტებოდათ, წარმოდგენის ბოლოს უამრავჯერ გამოიძახებდნენ ხოლმე. რევერანსი, ანუ თავის დაკვრაც საოცარი ჰქონდა. ამასაც ისე აკეთებდა, რომ მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ცეკვაზე აღარ იყო ლაპარაკი, რევერანსის გამო არაერთხელ გამოჰყავდათ...

თქვენ რომ მოდიხართ თეატრში, როცა გამოჩნდება მოცეკვავე, პირველად რას ხედავთ? მის ვიზუალს, სხეულის ფორმებს, არა? ჰოდა, სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანის გამოჩენასაც კი, ტაშის გრიალი მოჰყვებოდა ხოლმე. მას იმდენად ლამაზი ფორმები ჰქონდა, როცა არ ცეკვავდა, მაშინაც ხიბლავდა ყველას. მისი ცეკვა კი იმდენად ლამაზი, ტემპერამენტიანი, ვაჟკაცური იყო, რომ ყველა მოჯადოებულივით შევცქეროდით. როცა არ ცეკვავდა და მიზანსცენა იყო, თვალებით მაინც მას ვეძებდით; გვაინტერესებდა, სად იყო, რას აკეთებდა. არის ასეთი მცდარი აზრი: ჭაბუკიანს არ ჰქონდა დიდი ნახტომიო. თითქოს ამით სურთ რაიმე ჩრდილი მიაყენონ. დიახ, მას ჰქონდა მამაკაცური, საშუალო ნახტომი, მაგრამ ეს საშუალო სჯობდა იმ დიდი ნახტომს, რომელსაც აკეთებდნენ სხვა მოცეკვავეები.

- რით სჯობდა?

- ასე გეტყვით, მას ჰქონდა გამორჩეული ბალონი ("ბალონი" ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ბურთს, კლასიკურ ცეკვაში კი აღნიშნავს ნახტომში, ჰაერში წამიერი გაჩერების უნარს). ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, როცა ჩავირიცხე თეატრში და მის ვარჯიშს ვუყურებდი, გავოცდი: მან ერთი ისეთი მოძრაობა გააკეთა, არასდროს რომ არ მენახა: გაფრინდა რამდენიმე წამით. თან, უკვე ასაკში შესული გახლდათ, 50 წელს გაცილებული იქნებოდა. დიახ, იმ პერიოდში ამას ვერავინ აკეთებდა. ბრწყინვალე, უზადო ტექნიკა ჰქონდა. ყველა იმ არსენალს, რასაც ახლა მოცეკვავეები ფლობენ, 30-იან წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ფლობდა.

GzaPress- როგორი ადამიანი იყო?

- ერთ მაგალითს მოვიყვან და თავად მიხვდებით, როგორი ადამიანიც იყო: თეატრი გავსებული გახლდათ კატებით. ცხოველებისთვის, კატები იყვნენ თუ ძაღლები, არ არსებობდა საკვები რომ არ მოეტანა... ჩვენ ძველი თეატრის დიდ დარბაზში ვვარჯიშობდით. როცა ის ვარჯიშობდა, ყველა ფანჯარა ჩაკეტილი გახლდათ, ზაფხულშიც კი. ასე იქცეოდა, რომ არ გაცივებულიყო. სანამ მოვიდოდა, ფანჯრებს გამოვაღებდით, რომ ოთახი განიავებულიყო. ერთ ბიჭს დავაყენებდით კართან, ჭაბუკიანს თუ დაინახავდა, გავეფრთხილებინეთ, რომ ფანჯრების დაკეტვა მოგვესწრო. ერთხელაც გამოვაღეთ სარკმელი და შემოფრინდა დიდი ბუზი. უცებ დაიძახეს, მოდის, ჩქარაო. დავდევთ ყველა ამ ბუზს, რომ გავაგდოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. დავხურეთ ფანჯარა, მაგრამ ისევ დავდევთ ბუზს მოსაკლავად. ეს რომ დაინახა, იყვირა, - ახლავე ყველა შეჩერდითო! მერე მივიდა, ფანჯარა გამოაღო და სანამ ბუზი არ გაფრინდა, მანამდე გაკვეთილი არ დაიწყო. მოკლედ, ძალიან უყვარდა მწერებიც კი. მას აგარაკი ჰქონდა წყნეთში და მასთან მისულ სტუმრებს კოღოს მოკვლის უფლებაც არ ჰქონდათ, არადა, როგორია მოითმინო, სისხლს რომ გწოვს მწერი (იღიმის).

- როგორ ხსნიდა ამ ყველაფერს?

- დიდი სიყვარულით, ცოცხალი არსებების მიმართ. ის იძახდა: კი, მაგრამ ჩვენ ფული გვაქვს, წავალთ მაღაზიაში, რაღაცას ვიყიდით და შევჭამთ, რა ქნან ამათ, რომ ვერაფერს იყიდიანო?.. ბულგარეთში გვქონდა წაღებული "ლაურენსია", სადაც ჭაბუკიანს დიდი საყვედური გამოუცხადა იმ სასტუმროს ადმინისტრაციამ, სადაც ცხოვრობდა. იცით, რის გამო? - გამოვიდოდა დილაადრიანად, მტრედებს აპურებდა და ცხადია, მოსვრილი იყო იქაურობა. რა ექნა, ძალიან უყვარდა ცხოველები, ფრინველები... ადამიანისთვის შეიძლება ეწყენინებინა, სხვა არსებებს კი - არა.

დასაწყისში უნდა მეთქვა, საქართველოში რა დამოკიდებულება აქვთ ბალეტის მიმართ. ვინმეს რომ ეტყვი, ოპერაში ვცეკვავდიო, პირში მოგახლიან, - ვა, თქვენ ბოლერონი იყავითო? ამ დროს ეს სიტყვა "ბოლერონი" არ არსებობს, ვერც ერთ ენციკლოპედიაში ვერ ნახავთ. ბოლერონი ან ბალერონი კი არა, ჩვენ ბალეტის მოცეკვავეები ვართ. რაც შეეხება სიტყვა "ბალერინას" - ეს არის წოდება. აი, ჭადრაკში ხომ რაღაც ეტაპები უნდა გაიარო, რომ გახდე დიდოსტატი? აქაც ასეა, ეტაპები უნდა გაიარო, რომ მიაღწიო ბალერინას წოდებამდე, მანამდე კი ხარ ბალეტის მოცეკვავე და თუ რამეს მიაღწევ, გახდები ვარსკვლავი და არავითარ შემთხვევაში - ბოლერონი.

- მაშინ საიდან დამკვიდრდა ეს ტერმინი?

- აბა, რა გითხრათ, ასე მარტო საქართველოში მიმართავენ ბალეტის მოცეკვავე მამაკაცებს, სხვაგან არსად... ან ფრაზა: "ეთამაშე რა, ბალერინა ხომ არა ხარ?" - ძალიან არ მომწონს. ჰგონიათ, ეს თამაშია, არადა ბალეტის ცეკვა დიდ ენერგიას მოითხოვს. კალორიების ხარჯვის მხრივ, ბალეტის მოცეკვავე მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე არიან მაღაროელები, რომლებიც საათში ხარჯავენ 2500 კალორიას; მერე არიან ქვის მტეხლები, რომლებიც ხარჯავენ საათში 2200 კალორიას და მესამე - ბალეტის მოცეკვავეები ვხარჯავთ 2000 კალორიას საათში. აი, რამხელა დატვირთვა აქვს მოცეკვავეს, განსაკუთრებით მამაკაცს. კარგად უნდა შეასრულო შენი პარტია, მსუბუქად იცეკვო და ასევე მსუბუქად უნდა ასწი-დასწიო შენი პარტნიორი ქალბატონი. ეს ხომ შტანგა არაა, რომ მთელი სიმძიმე სახეზეც დაგეტყოს. სიმძიმის ისე აწევა, თითქოს ბუმბულია - ესეც საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს.

- როგორი პარტნიორი იყო?

- ძალიან კარგი პარტნიორი იყო. მისნაირი მოცეკვავე საუკუნეში კი არა, რამდენიმე საუკუნეში ერთხელ თუ დაიბადება. ახალგაზრდების მიმართ ძალიან მომთმენი იყო. მე ორი წელი სტაჟირებას გავდიოდი ლენინგრადში, სადაც ჩემი პედაგოგი იყო პუშკინი, რომელიც განთქმული გახლდათ იმით, რომ მასთან სწავლობდა რუდოლფ ნურიევი, რომელიც მერე საზღვარგარეთ დარჩა და მიხაილ ბარიშნიკოვი. გაკვეთილს რომ ატარებდა, პუშკინი იჯდა სკამზე და ისე მოგცემდა შენიშვნას, არც წამოდგებოდა. უბრალოდ გეტყოდა, "დერჟის, კაცო". როგორ უნდა დაგეჭირა თავი, არ მიგითითებდა. ახლა ჭაბუკიანი რას აკეთებდა: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ეცვა, როცა მიხვდებოდა, რაღაც არ გამოგდიოდა, ადგებოდა, თვითონ ტრიალებდა, ახტებოდა და დახტებოდა, გიჩვენებდა, რა გაგეკეთებინა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ამიხსნა, ერთი კონკრეტული მოძრაობა როგორ უნდა გამეკეთებინა. ვეცადე, მაგრამ არ გამომივიდა. სხვებიც ჩაერთვნენ, მეუბნებიან ასე გააკეთეო, მაგრამ მაინც არ გამომდის. ჭაბუკიანმა მიყურა, მიყურა და მიხვდა, ვერ ვაკეთებ. ადგა, გააკეთა ეს მოძრაობა და... მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა, ვცადე და გამომივიდა... მარტო ჩემთან კი არა, ნებისმიერ მსახიობთან ასე იქცეოდა, ყველაფერს თავად უჩვენებდა და მერე სხვებსაც გამოსდიოდათ. საოცარი თვალი ჰქონდა: დაგინახავდა და უკვე იცოდა, რის გაკეთებას შეძლებდი. მერწმუნეთ, ეს ყველას არ შეუძლია.

- თეატრის მიღმა როგორი იყო?

- ყოველთვის ვერიდებოდით მასთან ლაპარაკს... ოღონდ კი სადმე დაგვენახა, საოცრად გვსიამოვნებდა. თითქოს რაღაც ტალღა, ბიოდენები გადმოდიოდა. ერთხელ ვკითხე: როცა თქვენ ლენინგრადში სწავლობდით, ვინ იყო თქვენი პედაგოგი-მეთქი? - მე ვიყავი ჩემი თავის პედაგოგიო, - მიპასუხა და მართალიც იყო. 11 წლისა ე.წ. ტანცკლასში რომ შევიდა, უკვე 15 წლის ასაკში ცეკვებს დგამდა. ყველაფერი "თავში ჰქონდა", ყველა ქვეყნის ცეკვა იცოდა. "ლაურენსია" - ეს ესპანურ მოტივებზე აგებული წარმოდგენაა. იმ დროში "რკინის ფარდა" იყო ჩამოშვებული და ვინ გაგიშვებდა ესპანეთში ცეკვის სანახავად? მიუხედავად ამისა, ისე საოცრად დადგა ესპანური ცეკვა, თითქოს ჩვენთვის ეს ბუნებრივი იყო....

- თაყვანისმცემლები როგორ ხვდებოდნენ?

- მე ხომ ლენინგრადში ვსწავლობდი და მას იქ ტირილით იხსენებდნენ. მერე სამშობლოში დაბრუნებულს წერილებს მწერდნენ, როგორ არის ჩვენი ღმერთი მანდო? საოცრად უყვარდათ. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

- ჰყავდა თუ არა "ამოჩემებული" ქალბატონი მოცეკვავე, რომელთანაც ყოველთვის მოსწონდა ცეკვის შესრულება?

- ძალიან კარგი კითხვაა... ვახტანგ ჭაბუკიანის დიდი დამსახურებაა, რომ ვერა წიგნაძე - ეს უდიდესი ბალერინა, ჩვენს თეატრში გადმოიყვანა აზერბაიჯანიდან. ვერა ბაქოში ცეკვავდა. როცა თბილისის ოპერის თეატრი ბაქოში გასტროლზე იყო, მაშინ ნახა ჭაბუკიანმა, ძალიან მოეწონა და მოიწვია; ამის შემდეგ ვერა წიგნაძე იყო მისი მუდმივი პარტნიორი. სხვებთანაც ცეკვავდა, მაგრამ ყველაზე ხშირად - ვერასთან. ის იყო ულამაზესი ბალერინა, ჰაეროვანი, ნაზი, მრავალსახეობის მოცეკვავე... ისე შეერწყმოდნენ ერთმანეთს, მათ ნახვას არაფერი სჯობდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. გული მტკივა, რომ ასეთი წყვილის ცეკვა არ აქვთ გადაღებული. ჭაბუკიანის რამდენიმე სპექტაკლი გადაღებულია, მაგრამ ვერასთან ერთად მისი ტანდემი - არა...

ჭაბუკიანის დროს წარმოდგენებზე დასასწრებად ბილეთების შოვნა ძალიან ჭირდა. ოპერის თეატრში ისეთი ხალხიც დადიოდა, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა არის ბალეტი, მაგრამ უნდოდათ ენახათ ჭაბუკიანი, ვისი სახელიც ყველას პირზე ეკერა...

ლიკა ქაჯაია