სტატია კოშკიან, მაჩუბიან, ცხენიან და კვიციან კვიციანებზე - გზაპრესი

სტატია კოშკიან, მაჩუბიან, ცხენიან და კვიციან კვიციანებზე

ზუგდიდიდან მესტიამდე 18 კილომეტრი რომ დაგრჩებათ გასავლელი, მდინარე დოლრას ხეობას მიადგებით. დრო თუ გაქვთ, გირჩევთ, ამ ხეობას აჰყვეთ. ციცქნა სოფლების თემს ბეჩო ჰქვია. ბეჩოს უშბა დაჰყურებს - საქართველოს ყველაზე ზვიადი მთა. ბეჩოს თემის შუაგულში სოფელი უშხვანარია. გაგიკვირდებათ და თემში მხოლოდ ამ სოფელს არ აქვს მოასფალტებული გზა, მის ზემოთაც და ქვემოთაც კეთილმოწყობილი ტრასაა, უშხვანარის უგზოობის მიზეზი - ეშმაკმა უწყის...

სამაგიეროდ, უშხვანარში ხეობის ერთადერთი გადარჩენილი კოშკია, 24 მეტრი სიმაღლის. ეს იმიტომ, რომ ყველა გვერდი 6-მეტრიანია და წესით, რაც ფუძის პერიმეტრია, ისაა კოშკის სიმაღლეც. თემის ყველაზე მაღალი შენობა, პატრონებს თუ დაეკითხებით, მე-12 საუკუნეში უნდა იყოს აგებული, თამარის მეფობისას. სვანეთში თითქმის წესადაა ქცეული, თუნდაც უფრო ადრე იყოს ნაგები რამე, მაინც თამარის სახელს უკავშირებენ და ნურც ჩვენ გავუწევთ წინააღმდეგობას! კოშკს მაჩუბი უმშვენებს გვერდს. ესეც აშკარად იმ დროისაა, როცა კოშკი ააგეს ან ეგებ უფრო ადრინდელიც! თუ მაჩუბში შეიხედავთ, იქ ბევრი რამეა საინტერესო. მაჩუბსა და კოშკს მიბჯენია შედარებით ახალი სახლი, 32-მეტრის სიგრძისა... მოკლედ, აქ ყველაფერი გრანდიოზულია, მაგრამ გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებში არ აისახება!

GzaPress მამა ანდრო და დედა ნუნუ... ბეჩოს ხეობაში ყველა იცნობს ანდრო კვიციანს. მშრომელი კაცია, სამი ვაჟის და ერთი ასულის მამა, კარგი მეუღლე. სვანურ ენაში საგინებელ-სალანძღავი სიტყვები არ არსებობსო, ამბობენ. ეგებ არსებობს კიდეც, მაგრამ ანდრო არასდროს არც იგინება, არც ილანძღება და იმ ერთადერთი გადარჩენილი კოშკის მეპატრონეც ეგაა. ეცადოს ვინმე და ანდროს აასწროს ფეხზე ან სათიბში დაეჯიბროს! ო, დედეე, - იტყვის თავისთვის დილაადრიან და მიდის დინჯი ხარებით ან აღმა, ან თავდაღმა! ცელები მუდამ გალესილი აქვს და თუ გინდა, მოუსინჯე ფხა, ოღონდ ფრთხილად - მიწის პირზე პარსავს ბალახს. ადგილ-ადგილ კბილჩაცვივნული ანდროს ფოცხები სათიბში თივას ისე აგროვებს, წამლად გინდოდეს ნარჩენი, ვერ იპოვი! ანდროს ტარდაგებული ფიწლებიც გეხელმარჯვება და ისე კოხტად გატვირთვინებს მარხილზე თივას, ხელოვნების ნიმუში უფრო გგონია, ვიდრე პირუტყვის საკვები.

ანდრო ამბობს, კაცი ისეთ ქალზე უნდა დაქორწინდეს, ათასჯერ რომ მოგიწევს თხოვნა და შუამავლების მიგზავნა ოჯახისთვისო. თავად ასე მოქცეულა და ვაჟიშვილებსაც ასე მოძღვრავს... ლოცვის დღეებში აღსავლისკენ პირს იზამს ოჯახის უფროსი და სვანური ბუხუნით ავედრებს წმინდანებს ოჯახს, სულიერსა და უსულოს. ამ დროს გითრევს შუასაუკუნეების მისტიკა თავის მორევში, ცოტა გაშინებს, კიდეც გაიმედებს და კარგა ხანს გავიწყებს, რომ გარეთ ტექნოლოგიებისა და უღმერთობის საუკუნეა!

ნუნუ ცისფერთვალება ქალია. მეუღლის მსგავსად, ისიც ადრეულაა - ყოველთვის გვიან იძინებს და ადრე იღვიძებს. მისი თაშმჯაბი, ფეტვიანი თუ ხახვიანი ხაჭაპური, ჭვიშტარი, კუბდარი და ბოსტნეულის ცოცხალი სალათი გემოთა გემოა. არასდროს აქებს ქმარ-შვილს, მაგრამ თვალებში მუდამ უდგას სიხარულის სხივი - კარგი ოჯახის დიასახლისია და ამიტომ! ჩემი შვილები ექვსი წლისანი რომ გახდნენ, უკვე მთაში დაგვყვებოდნენ სათიბშიო, - ამბობს. ეს უკვე შეფასებაა შვილების შრომისმოყვარეობის...

უმცროსი ვაჟები თვალის ფერით დედას ჰგვანან, უფროსი უფრო მამის იერისაა, მაგრამ მათზე ცალკე უნდა ვისაუბრო! ნუნუს უსაქმოდ ვერასდროს ნახავთ, მუდამ ამზადებს რაღაცას, თან საოცრად უხდება ღიმილით შრომა. რატომაც არ გაიღიმებს, განა ბევრი ქალი დააჯილდოვა ზენამ ასეთი ოჯახით?!

არკადი-აკო, გრიგოლი-გიგა, ბეთქილ-ბექა. 30-ოდე წლის წინ კიდევ იყო საქართველოში სლავური სახელების მოდა. ანდროს ორი უფროსი ვაჟის სახელის წარმომავლობა ასე აიხსნება, მაგრამ დრომ წაიღო წასაღები და არკადი - აკო გახდა, გრიგოლი - გიგა. აკომ საფირმო დაბღვერვა იცის. პირველი შეხედვისას გეგონება, ნისლდაცემული უშბის მიმიკა გადმოიტანა საკუთარ სახეზეო, მაგრამ ორი წუთიც არ სჭირდება, რომ მისი მხიარული ხასიათი გათქვას თაფლისფერმა თვალებმა, თეთრმა კბილებმა და უშურველმა გულმა... აკოს ხუმრობა უყვარს. თუ დალია ცოტა მაინც, პოლიგლოტ თამადად იქცევა. მინახავს და მომისმენია, როგორ ამბობს ქართულად, სვანურად, მეგრულად, რუსულად, გერმანულად, ინგლისურად და კიდევ ჩემთვის გაუგებარ რამდენიმე ენაზე ტრადიციულ სადღეგრძელოებს! ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი ეროვნების სტუმარს აგებინებს ნათქვამს და ენობრივ შეცდომებს ვინ აქცევს ყურადღებას ორი ჭიქა არყის მერე?!

გიგა უთქმელი ახალგაზრდა კაცია, იმდენად ერთგული, სიბრიყვედაც შეიძლება ჩაუთვალოს ვინმემ, მაგრამ ერთგულია და მთაში ეს თვისება ახლაც ისევე ფასობს, როგორც საუკუნეების წინ! ბეთქილი უფრო სვანი ალენ დელონია ან იტალიური ნეორეალისტური ფილმის მთავარი პერსონაჟი - ეს მაშინ, როცა სამსახურში მიდის. მისი ევროპული გარეგნობა მხოლოდ მაშინ იცვლება, თუ სვანურად დაილაპარაკებს ან ცელს იქნევს. ბექას ერთჯერადად მოცელილს, ერთი ხელეური ვერ მოიტევს. მიდის სათიბში და მიაქვს სვე განივრად, მადიანად და კაცურად. ამ დროს ნამდვილი ბეთქილია და კავკასიური ლეგენდების გმირს ჰგავს, რომელსაც შეუძლია ღმერთებისგან ცეცხლის მოტაცება. ბექა უმცროსია, მაგრამ ბედმა უფრო ადრე გაუჭრა და ელოდება ორიოდე თვეში შვილს, რომელიც სულ ერთია, დედას დაემსგავსება თუ მამას, ორივე კარგები არიან! ოჯახის უფროსი ვაჟები კი ჯერ ელოდებიან ისეთი საბედოს გამოჩენას, ათასჯერ რომ მოუსმენიათ მამისგან - მრავალგზის შესახვეწარსა და დასაფასებელს.

ცხენები... გვარად კვიციანი რომ ხარ, ცხენები უნდა გყავდეს, ულაყებიც და ფაშატებიც, სხვანაირად გვარს ვერ გაამართლებ. მოკლედ, ანდრო კოშკიანი, მაჩუბიანი, ხარიანი, ცხენიანი და კვიციანი კვიციანია! ზორბა ულაყი, ავთანდილი რომ შევარქვი და ნახევარი ტონა იქნება თითქმის, წაბლისფრად ლივლივებს. დასაჭერად ისე ძნელია, როგორც მოღრუბლულ ცაზე ელვის დაკავება. მისი დაჭერის ტექნიკა იციან კვიციანებმა. მის დას, ასევე წაბლა ფაშატს ადვილად იჭერენ, მერე მას თავისი ნაშიერი მოჰყვება - "ოპელ-კორსად" სახელდებული ფაშატი, მომდევნო, ჯერ კიდევ გაუხედნელი ჭაკი და კიდევ პატარა კვიცი, რომელსაც სახელი არ აქვს. დაჭერილ ფაშატს და მის შთამომავლებს ავთანდილი ხვიხვინით მოსდევს. იცის, რომ ორღობეში მისი გამოჭერა გარდაუვალია, მაგრამ წესი ასეა, სადაც დანარჩენია, იქ უნდა იყოს თავადაც! სოფლის ყველა ცხენს იმორჩილებს ფლოქვების ცემით, ზოგჯერ მკერდს დაატყავებენ ხოლმე მოწინააღმდეგეები, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვებს! აი, კაცთა მოდგმას კი ვერაფერს უხერხებს, თუნდაც აღმართები დაკეცოს, გინდაც თავდაღმა ისარივით გავარდეს, ბოლოს მაინც ბოშების ზედმიწევნით გემოვნებით შექმნილი ლაგამ-უნაგირი ავთანდილს დაემაგრება და ბედაური თვინიერი ხდება. ჰო, ლაგამ-უნაგირით აღჭურვილმა მხედარს უნდა სცეს პატივი, თორემ კვიციანებს შეარცხვენს! მასპინძლები სტუმრებს უფრო მეტად ავთანდილითა და ოპელ-კორსათი დაატარებენ, ზორბებს - ავთანდილით, უფრო მსუბუქებს - მეორეთი. მერე იწყება დაუვიწყარი თავგადასავალი უშბის კალთებისკენ ან მეზერის ტბისკენ...

GzaPress მეზერის ტბა და სალოცავი... თუ საპატიო სტუმარი ხარ და ჯანიც მოგდევს, მეზერის ტბას და სალოცავს რომელიმე კვიციანი აუცილებლად გიჩვენებს. წინასწარ გაფრთხილებენ, რომ ტბაში შესვლა აკრძალულია, ქვის გასროლაც და მთავარანგელოზის საყდარს კიდევ, ჩამოქვეითებული უნდა მიეახლო. დოლრაზე გადახვალ ცხენით, აუყვები აღმართს, გზად ვეჭნახში დაარწყულებ ცხენს და ისევ მიდიხარ აღმართზე. გგონია, რომ ცამდე ცოტაღა გაკლია, ტყის ბილიკზე მიაკანტურებ ცხენს და ფიქრობ, ამხელა გზაზე გიღირდა წამოსვლა?! აუცილებლად გხვდებიან გზაში ფეხმავალი ტურისტები, რომლებიც შენს ცხენიანობას შურით უმზერენ. უკვირთ, კლასიკურ მუსიკას რომ უსმენ უღრან ტყეში, თან იმასაც განიცდიან, თავად რომ ნახეს ერთი საოცრება და შენ კიდევ წინ გაქვს პირველი ნახვის ეს სიამოვნება! ალპური ზონა საიდანაც იწყება, იქ ცხენები უნდა გაუშვა, ცოტას მოძოვენ, მწერებით შეწუხებულ ტანს გორვით მოიფხანენ და მერე ისევ მზად არიან მსახურებისთვის... მეზერის ტბა ძალიან პატარაა, 21-ე საუკუნის ადამიანის პრაგმატული ტვინი ფიქრობს: აქ რომ შეცურო, ცივი იქნება წყალი, თან აიმღვრევა და ვერ აისარკება გარშემო არსებული სილამაზე. ქვა რომ ისროლოს თითო ტურისტმა წყალში, ერთ თვეში ტბა ამოივსება... სვანები კი თვლიან, რომ ტბას არ უნდა მიეახლო უტიფრად, თორემ მეხთატეხა დაიწყება, მთავარანგელოზი გაბრაზდება და მთელ ხეობას ნიაღვრად დააწყდება წყრომა! სვანების წარმოდგენას პატივს სცემ და აკრძალვებს ემორჩილები, თუმცა ვიღაც ტურისტთაგანი მაინც არღვევს წესს და თავქვე დაშვებულს, წვიმისა და ელვის მრისხანება მოგდევს ფეხებში! უცებ ნათდება გარშემო ყველაფერი და 40 მეტრამდე სიმაღლის ნაძვი ცეცხლში ეხვევა! ახლა გინდ მეტეოროლოგიურად ახსენით ეს ფაქტი, გინდაც - რელიგიურად, ეს ასე მოხდა! დაფეთებული მეზერის მთავარანგელოზის მისამართით იცქირები, პირჯვარს იწერ და მადლობას სწირავ გადარჩენისთვის...

უშბა... ეს ბეჩოს გვირგვინი და სიამაყე მთაა. პატარა ნასოფლარი, გული რომ ჰქვია, ახლა პირუტყვის საძოვრადაა ქცეული და მთის ძირშია მიკუჭული. გულამდე ბულდოზერით გადათხრილ გზაზე ჯერ მანქანით მიდიხარ, მერე ხვდები, რომ ტექნიკა აქ უძლურია და ისევ მუხლს უნდა მიენდო. უჰაერობა გახრჩობს და უშბა მაინც თავისკენ გიხმობს. თუ სიმაღლეების დაპყრობა გულით გინდათ და მუხლს უკვე აღარ შეუძლია, ამიტომ მწვანე ტბისკენ შეუხვევ, ფოტოებს გადაიღებ, გულს დაიმშვიდებ, რომ სადღაც ახლოსაა მთის ალპური ნაწილი და გახედავ მეზერის წერტილისოდენად ქცეულ საყდარს გაღმა ქედზე... ჰო, აქედან კოშკიც ჩანს, კვიციანების კოშკი! ამ ხეობის ყველაზე მაღალი ადგილებიდან ჩანს მეზერი, უშბა და ეს კოშკი! ამ მთის დამლაშქვრელებს სხვა ფერი ადევთ - ლომის და ჯიქის! რახან არც ერთის ფერი არ გადევს, ამიტომ მოაბოტებ თავდაღმა და გრძნობ უშბის დამცინავ მზერას ბეჭებში! უშბის იქეთა კალთაზე ჩანჩქერია, დოლრაც აქედან იწყება, ენგურის უმცროსი ძმა და მეგობარი, ავი და ზოგჯერ მუხანათი, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა რომ ეხერხება...

კოშკი, მაჩუბი და სახლი... კვიციანების კოშკი ადვილად შეღწევადია. სახურავამდე ადვილად ადიხარ, მერე გული თუ გულობს, სახურავზეც ახვალ და პანორამა თვალწინ გეშლება. უშბის თეთრი ჩაჩქანი, დოლრას აქაფებული ხეობა, პატრონის ხელდატყობილი სახლები, უპატრონობით ჩაქცეული შენობები, თივის ბულულები და კარტოფილის ლილისფერი ნაკვეთები ხელის გაწვდენაზეა. ისე, რომ იცოდეთ, კოშკის სახურავზე 72 წლის ჭიათურელი ქალბატონიც ავიდა და ამაყად თქვა, თუ ვინმე მოხსნის ჩემს რეკორდს, ჩამოვალ და მის მიღწევას მე ჩამოვხსნიო!

მაჩუბი მთლიანად სამეფო სიშავით მოცულია. საცხენე, სახარფურე და ხბო-ცხვართა ბაგები ორნამენტიანი ფიჭვის ფიცრებით გაუკეთებიათ. საჭრეთლის ბასრ პირს, ხელოსნის მოთმინებას და გასამრჯელოდ გაცემულ სახედარს საუკუნეების წინ შეუქმნია ეს ანსამბლი და საინტერესო ისაა, რომ ზუსტად ისე აბამენ პირუტყვს მაჩუბში ახლაც, როგორც საუკუნეების წინ. ეს არის ცოცხალი მუზეუმი თავისი საბძლით და ძველისძველი ნივთებით, რომლებიც დრომ დააუქმა! ახლა ვიღას სჭირდება საჩეჩელი და თითისტარები, შუაცეცხლის ჯაჭვი და სპილენძის ქვაბი, ქვის საცხობი

ფიქალი და კვარის სამაგრი? თუ ვინმე იკითხავს, რატომ დავწერე კვიციანებზე, პასუხი ვრცელია და მოთმინებით წასაკითხი: ახლა, როცა საკუთარი აზრების დასაფიქსირებლად ინტერნეტმა ბევრს მისცა შესაძლებლობა, იწერება, რომ კარგია სოფელია, მთა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უწამლავ-მოუშხამავი საკვები, მაგრამ არავის უთქვამს ჯერ, რომ სასიამოვნოა ცელის პაპანაქებაში ქნევა, კარტოფილის ნათესებში უთვალავჯერ ჩამუხვლა სარეველების გამოსაგლეჯად, არც ცხენ-ძროხის ნაკელია საამო სუნის! კარგია თოვლზე სრიალი, მაგრამ ცუდია ტონობით თოვლის გადაყრა ნიჩბით სახურავებიდან; კარგია სიძველეთა ფლობა, მაგრამ მოვლაა რთული! ანდრო კვიციანის სამი ვაჟი კი დგას უშხვანარის განაპირა უბანში, ცელებიც მუდამ მზად აქვთ, ნიჩბებიც, მკლავებიც და უანგარო გულებიც სტუმრის მისაღებად, მაგრამ კმარა ჩვენი მთის გადასარჩენად ასე ცოტა ადამიანის ერთგულება? გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ კვიციანები არსად აპირებენ წასვლას, უვლიან თავგამოდებით წინაპრების დატოვებულს.

გზა და მოტობლოკები სჭირდებათ ახალგაზრდებს მთებში, ადვილად რომ იმოძრაონ, დახნან, დათესონ, დათიბონ. გარეთ 21-ე საუკუნეა და რატომ უნდა შრომობდნენ ისე, როგორც მე-17 საუკუნეში? კლდოვანებში ცელს მოიხმარენ, ჭალებში მოტობლოკს, შრომა ნაკლებად დამღლელი იქნება და აღარ ჩაიქცევა საუკუნეების წინ ნალოლიავები სახლები, ტაძრები, აღარც ხეხილი გახმება უპატრონობით...

უშხვანარში ჩანგრეული შენობების გარდა, ყველაფერი კარგია... კედელდაბზარული და ჭინჭარდაპატრონებული შენობის ნაშთებია მგლოვიარე ქალებივით შესაბრალისი!

როლანდ ხოჯანაშვილი