ქუჩაში ერთხელ... - გზაპრესი

ქუჩაში ერთხელ...

კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა ტუღუში ბათუმში დაიბადა, გაიზარდა და ახლაც იქ მოღვაწეობს. ის ხელოვნების სკოლაში ბავშვებს კლასიკურ გიტარას ასწავლის. მის ირგვლივ ყველას მიაჩნია, რომ ვაჟა ტუღუში ამაზე დროს არ უნდა ხარჯავდეს და ასე ვთქვათ, უფრო დიდ საქმეს უნდა აკეთებდეს. მუსიკოსს სასიამოვნოდ ახსენდება 90-იანების რთულ წლებში შექმნილი ტრიოს - "ვინ საით" მოღვაწეობა. მისი წევრები იყვნენ: ვაჟა ტუღუში, ხვიჩა მაღლაკელიძე და გოჩა ყაჭეიშვილი. ისინი ბათუმში ახალგახსნილ ერთადერთ კაფე-ბარ "ანდერგრაუნდში" უკრავდნენ და კონცერტებსაც მართავდნენ.

- მუსიკალური ნიჭი მშობლებისგან გამოგყვათ?

- მშობლებისგან არა, გადმოცემით ვიცი, რომ ბებიაჩემი (მამის დედა) ძალიან კარგად უკრავდა კლასიკური მანერით შვიდსიმიან გიტარაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მომისმენია, ბებიას ვერ მოვესწარი. ბავშვობაში ვმღეროდი, სიმღერა მიყვარდა და მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი შეყვანა მუსიკალურ სასწავლებელში, ფორტეპიანოს კლასით. იქ არ ვბრწყინავდი, რადგან თავიდანვე მიყვარდა ჩემებურად დაკვრა და არა ის, რაც ნოტებში ეწერა. თუმცა, მადლობელი ვარ ჩემი ფორტეპიანოს პედაგოგის, ქალბატონ მანანა ხომერიკის, რადგან ნოტები და მუსიკალური თეორიაც ვისწავლე, რაც მერე ძალიან გამომადგა. მხოლოდ 4 წელი ვსწავლობდი, მერე სასწავლებელს თავი დავანებე, წნეხს ვეღარ გავუძელი.

- შემდეგ სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?

- სკოლის დამთავრების მერე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, რომლის დირექტორი მაშინ იყო ცნობილი კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი. მან ჩაატარა აჭარაში გიტარის ფესტივალი, სადაც თავი მოუყარა შესანიშნავ მუსიკოსებს. ფესტივალზე გავიცანი: ალექსანდრე გალუსტოვი, ვაჟა კალანდაძე, აკოფ ჯაგასპარიანი, თემურ ყვითელაშვილი, კაკო ვაშალომიძე და ბევრი სხვა.

დაუსწრებლად ვსწავლობდი მედეა ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიაში. თბილისში ყოველთვე ჩავდიოდი და ვრჩებოდი კიდეც, რადგან კერძოდ, პედაგოგ ალექსანდრე გალუსტოვთან ვემზადებოდი. მასთან მე და ტარიელ სუარი ერთად დავდიოდით. ტარიელი ჩემი მეგობარია, მან თავი დამამახსოვრა საოცარი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ხელოვნების აკადემიაში კარგი პედაგოგი მყავდა, მაგრამ ახალგაზრდა იყო. მე კი მინდოდა ყველაზე საუკეთესო და იმ დროს ასეთი უძლიერესი პედაგოგი ალექსანდრე გალუსტოვი გახლდათ. ის კონსერვატორიის ზემოთ, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, ბათუმშიც საოცარი პიროვნება - ტიგრან შეროზიანი მასწავლიდა. ვთვლი, რომ ის არის ფიროსმანისეული ბედის მქონე უნიჭიერესი კომპოზიტორი, რომლის სახელი არავინ იცის.

საბოლოოდ, მაინც სხვა ჟანრში წავედი. შინაგანი ხმა მკარნახობდა და რაღაც ისეთი მინდოდა... მინდოდა კი არა, გამომდიოდა ჩემი მელოდიები, ამით შიგადაშიგ ვერთობოდი. სხვათა შორის, 19 წლისამ დავწერე ის ცნობილი სიმღერა "ქუჩაში ერთხელ"...

GzaPress

- გვიამბეთ მისი შექმნის ამბავი. - ყველა სიმღერას თავისი პატარა ისტორია აქვს. ამ შემთხვევაში, ღამით მოვარდა მუზა. მახსოვს, ის ღამე გავათენე. ვგრძნობდი, რაღაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. დილას ქუჩაში უძინარი გამოვვარდი, მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა რაც გავაკეთე. დამთხვევა იყო თუ რა, არ ვიცი, 12 საათზე ნინო ქათამაძე შემხვდა და მას მოვასმენინე სიმღერა პირველად, ოჯახის წევრების შემდეგ. ისე მოხდა, რომ ნინო გახდა ამ სიმღერის პოპულარიზატორი. პირველად მან შეასრულა "ქუჩაში ერთხელ" და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა.

- თქვენ როცა ასრულებთ საკუთარ სიმღერას, რა ემოციები მოაქვს?

- საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ ვამჩნევ, ჩემს შესრულებაში ყოველთვის არის ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ გაიმეორებს. ესაა ალბათ ინტონაცია, რაც შენია და ინდივიდუალური. იგივე სიმღერაზე რაც უნდა იმუშაოს მომღერალმა, მისი შესრულებით სიმღერა რაღაცას მაინც კარგავს, თუმცა ეს ყველაზე არ ითქმის. ნინო ქათამაძე ფანტასტიკურად ასრულებს სიმღერას "ქუჩაში ერთხელ", დათუნა მგელაძე კარგად მღერის "უკანასკნელ ფოთლებს", თამუნა მიქელაძე მღერის ჩემს ორ სიმღერას, გიორგი ნადიბაიძეს მივეცი "ჩალისფერი თმების ქროლვით", რომლის არანჟირება ლამაზად გააკეთეს ზვიად ბოლქვაძემ და ამირან დიასამიძემ. ამ სიმღერის ტექსტი კაკო ძნელაძეს ეკუთვნის. ახალბედა მომღერალმა სულხან დევაძემ ახლახან აიღო ჩემი სიმღერა და კარგად გაართვა თავი. დათუნა მგელაძემ და ნინი ბადურაშვილმა დუეტში იმღერეს "ბათუმის ბულვარი" ერთ-ერთ პროექტში, სადაც საპრიზო ადგილი მოიპოვეს. კიდევ ბევრნი არიან...

- ბევრი მოდის თხოვნით, შეასრულოს თქვენი სიმღერა თუ თავადაც სთავაზობთ?

- ძირითადად, სხვები მთხოვენ, რომ მათთვის დავწერო სიმღერები (იღიმის). ეს ცოტა რთულია, რადგან "ცოტა სხვანაირი" კომპოზიტორი ვარ. არ ვიცი, შეიძლება კომპოზიტორიც არ ვარ... უბრალოდ, ძნელია ჩემი სიმღერის მორგება, სხვანაირი სტილი მაქვს. იყო შემთხვევა, ერთ გოგონას უნდოდა ჩემი სიმღერა. მისმა ვოკალის პედაგოგმა, რომელიც ცნობილი პიროვნებაა (სახელსა და გვარს არ ვიტყვი), ასე აუხსნა მას: ეს სიმღერა ძალიან კარგია იმისთვის, ვინც დაწერა და მღერის, მაგრამ შენთვის არაო. მერე რომ დავფიქრდი, ის კაცი მართალი იყო.

GzaPress

- ბათუმზე დაწერილი სიმღერების კონკურსში მონაწილეობდით? - ერთ-ერთ მათგანზე ჩემი სიმღერა "ბათუმი" ვიმღერე. მისი არანჟირება ნიკა რაჭველმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გააკეთა, ლამაზი გამოვიდა. თქვენ ალბათ, გაინტერესებთ, საპრიზო ადგილი თუ ავიღე? არ ამიღია. ისე, სიმღერამ დაიმსახურა დიდი მოწონება. საპრიზო ადგილებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა იმარჯვებ, მაგრამ საერთოდ არ მიყვარს ეს კონკურსები. ჩემი აზრით, ხელოვნებაში შეჯიბრება არ უნდა იყოს, ეს ხომ სპორტი არაა. ეს იგივეა, დავუშვათ, ახლა რომ გამოვფინოთ ცნობილი მხატვრების ნახატები და მათ რაღაც ადგილები მივანიჭოთ - სისულელეა, ხომ?! ყველა ნახატი და ყველა მხატვარი თავისებურად მაგარია.

- რა არის თქვენთვის ბათუმი?

- ამ ქალაქს ისე ვარ შესისხლხორცებული, შემიძლია ვთქვა, მართლა მიჭირს სხვაგან სუნთქვაც კი. დიდი-დიდი, მის გარეშე ორი კვირა გავძლო. ეს ნოსტალგია რომ არა, ალბათ კარგა ხნის წინ წავიდოდი. ნათქვამია, - რაც უნდა კარგად გრძნობდე თავს სხვაგან, სახლი მაინც ჯობიაო. მიყვარს ეს ქალაქი!

- ჰობი არ გაქვთ?

- ჩემი ჰობია ველოსიპედით გრძელ მანძილზე სიარული, მიყვარს გასვლა ბუნებაში. აი, აჭარის სოფლებში ძალიან მაგარი ბუნებაა, ზღაპარია! თუ კარგი ამინდია, არ მეზარება და ყოველთვის მინიმუმ 50 კმ-ს გავდივარ. მივდივარ ხან მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ მარტო. ცხოველები მიყვარს, მაგრამ კორპუსის ბინაში მათი ყოფნა არასწორად მიმაჩნია. ცოტა ძნელია, ცხოველი გამოკეტილი გყავდეს. აი, კერძო სახლი რომ მქონდეს, ალბათ, ნიანგიც მეყოლებოდა (იღიმის). ისე, ორი თუთიყუში მყავს, მამაკაცი რიჩი და მანდილოსანი მერსი. ჯერ ერთი მყავდა, მერე შემეცოდა და დედალი მოვიყვანე. ახლა კი არიან არხეინად.

- მუზა ან ოცნება არ მოდის ბუნებაში ყოფნისას?

- როცა სპორტულ რეჟიმში ვარ, ხელოვნებისგან ვისვენებ, თუმცა რელაქსაცია მაძლევს ბიძგს, რაღაც ახალი ვაკეთო. ჩემთვის ბუნებაში გასვლა აუცილებელია. ამას წინათ გონიოს მაღლა, ჯვართან ავედი ველოსიპედით, იქიდან ფანტასტიკური ხედი იშლება. ოცნებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უფრო რეალური მიზნები მაქვს. აუცილებლად მინდა, როგორმე შევძლო და მუსიკალური ბენდი ჩამოვაყალიბო ჩემს უფროს ბიჭთან ერთად, რომელიც ხელოვნების კუთხით მხარში მიდგას, თვითონაც წერს და მღერის. ის მაძლევს ბიძგს, როცა ხელი ჩაქნეული მაქვს და მეუბნება, ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვსო. ორი ვაჟი მყავს - საბა და გიორგი. უფროსი 24 წლისაა, უმცროსი 11-ის. პატარა ბიჭი კარგი პიტბოქსერია (ხმით არანჟირება), მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოზე დადის და სწავლას ნორმალურად ართმევს თავს. ვთვლი, რომ ადამიანი ბავშვობიდან ბახს რომ დაუკრავს და კლასიკას ეზიარება, იმას სხვანაირი აზროვნება ექნება. ვფიქრობ, განათლების მიღება ყველა მუსიკოსისთვის აუცილებელია.

- ბოლოს რა სიმღერა დაწერეთ და სად გაჟღერდა?

- დავწერე სიმღერა "ქუჩაში ერთხელ 2" (იღიმის), რომელსაც ძველ სიმღერასთან არანაირი კავშირი არა აქვს, უბრალოდ, სტილისტიკურად ჰგავს და ასე ამიტომ დავარქვი. ჩემთვის ეს სიმღერა არის მეორე სუნთქვის გახსნა. ჯერ არსად მიმღერია, ელოდებიან რადიოში, მაგრამ წამყვანები შვებულებაში არიან. სექტემბერში მივიტან და პირველად მე ვიმღერებ მსმენელისთვის.

ნანული ზოტიკიშვილი