"ცოცხლად დაწვეს, ის კი არ შეშინებულა, "შავლეგოს" მღეროდაო"
font-large font-small
"ცოცხლად დაწვეს, ის კი არ შეშინებულა, "შავლეგოს" მღეროდაო"
როცა საუკეთესო მასპინძელი საინტერესო ამბებსაც მოგითხრობს

ვალია კატლოვა და ჯემალ (ნოდარ) მეფარიშვილი ამჟამად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობენ. წლების წინ სამსართულიანი სახლი აუშენებიათ, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერაც არ არის. ოთახებს, რომლებიც გარემონტებული აქვთ, დამსვენებლებზე აქირავებენ. ჩემი ოჯახის მასპინძლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ - წყნარი, თბილი, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, ხან თავიანთი ეზოს ხილით გვიმასპინძლდებოდნენ, ხან ბოსტანში მოკრეფილი ქორფა კიტრითა და პამიდვრით, ხანაც ხაჭაპურითა და მწვადით. არა მგონია, ზღვისპირა ქალაქში დასასვენებლად ჩასულს ყველას ასეთი მასპინძელი შეხვედროდა.


ვალია კატლოვა:
- სვერდლოვსკის ოლქიდან ვარ, ეკატერინბურგიდან. ჯემალი სამხედრო სამსახურს იხდიდა იქ, მერე დარჩა ცოტა ხანს და მუშაობდა კიდეც. მე მშენებლობის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული და ვმუშაობდი. ჯემალი რომ გავიცანი, 19 წლის ვიყავი, თვითონ 23-ის იყო. წამოვყევი და აი, რამდენი წელი დავრჩი - 1965 წელს ჩამოვედი. 53 წელია, საქართველოში ვცხოვრობ, იმერლების რძალი ვარ. ჩემი მეუღლე წარმოშობით სამტრედიიდან არის. თავდაპირველად სამტრედიაში ჩავედით, ჩემი დედამთილ-მამამთილი იქ ცხოვრობდა, ახლაც გვაქვს ორსართულიანი სახლი. წასვლა და დარჩენა კი მინდა, მაგრამ გარშემო აღარავინ ცხოვრობს და მეშინია.
- ასე მალე როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, მშობლები წინააღმდეგები არ იყვნენ?
- რა გითხრათ, ალბათ მომეწონა. სიმპათიური კაცი იყო, შევუყვარდი, მეც დავთანხმდი და წამოვედით საქართველოში. დედაჩემი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდა, უარი უთხარიო. მამამ, - რა გინდა, სად მიჰყვები, სახლში საჭმელი არ გაქვს? მაგისი ვაშლი და მსხალი რად გინდა, ქვეყნის ხორცი გაქვსო (იცინის). მაშინ მართლაც არ ჭირდა ცხოვრება, თავზე საყრელად გვქონდა ყველაფერი, ახლა კი ჩემი სოფელი, სადაც ბავშვობა გავატარე, სულ დაიცალა მოსახლეობისგან.
- საბოლოოდ როგორ შეეგუვნენ ქართველ სიძეს?
- შეუყვარდათ. ჩვენც ხშირად ჩავდიოდით და ჩემებიც - მშობლები, და, სიძე, ძმა ჩამოდიოდნენ. დედაჩემი 98 წლისაა. 2011-ში ვიყავით ბოლოს, ძალიან მინდა წასვლა და ყველას ნახვა...
GzaPress- ქართული ადვილად ისწავლეთ?
- სამსახურში, რა თქმა უნდა, ყველა ქართულად ლაპარაკობდა და მეც ნელ-ნელა ვისწავლე, სხვა რა გზა მქონდა? ზოგ ისეთ სიტყვას ვამბობდი, ჩემს ქმარს უკვირდა, ვინ გასწავლაო.
- გული არ გწყდებათ, რომ ახლობლებისგან შორს გიწევდთ ცხოვრება?
- ყოველთვის, რასაც უნდა ვაკეთებდე, ფიქრებში სულ ჩემს სახლში ვარ. ახლაც რომ იყოს წასვლის საშუალება, დაუფიქრებლად წავიდოდი. არა, ბებოო, - მეუბნებიან ჩემი შვილიშვილები, - შენი ქართული პასპორტით არსად წახვიდე, დაგიჭერენო.
ამასობაში ბატონი ჯემალიც შემოგვიერთდა და ბევრი არ ილაპარაკო, თორემ "გზაში" მოხვდებიო, სიცილით გააფრთხილა მეუღლე.
- ეტყობა, ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო, ხომ?
- კი, შემაცდინა მისმა სილამაზემ (იცინის) და აგერ უკვე 53 წელია, ოკუპირებული ვყავარ. რომ ჩამოვედით, 6 თვე ვიყავით სამტრედიაში და მაშინ რაც ისწავლა, ეგ არის მაგის ქართული, მას მერე არაფერი უსწავლია.
- არადა, მშვენივრად საუბრობს ქართულად. მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენი დაქორწინების ამბავს?
- კარგად, თუმცა ყველასთვის სასურველია თავისი კუთხისა და ეროვნების რძალი ჰყავდეს. მამაჩემს უხაროდა სოფელში ვალიას ასვლა, გემრიელ საჭმელებს აკეთებსო.

ვალია:
- შეძლებულად არ ცხოვრობდნენ, ერთი პატარა სახლი ედგათ სოფელში. ვიფიქრე, რა მეშველება, აქ სად მოვედი-მეთქი. ეკატერინბურგიდან წამოსვლისას დედაჩემმა ფული მომცა და მითხრა, თუ რამე ისე არ იქნება, ბილეთი აიღე და უკან ჩამოდიო, მაგრამ შიშის მიუხედავად, მაინც არ წავედი. ასეთი ყოფილა ბედისწერა, რას ვიფიქრებდი, აქ თუ გადმომაგდებდა ცხოვრება. 3 გოგონა შეგვეძინა. უფროსი შვილი 8 წლის ასაკში ავარიით დაგვეღუპა. რამდენიმე წელი მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდით, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ორივემ. 3 წლისაც არ იყო მეორე, ეს ამბავი რომ მოხდა. ახლა 3 შვილიშვილი გვყავს, სამივე გოგო.
- ბატონო ჯემალ, არ გიფიქრიათ, რომ შეიძლებოდა აქაურობას ვერ შეჰგუებოდა და წასულიყო?
- მაგის შიში არ მქონია. ვინ რა იცის, როგორ აეწყობა ცხოვრება? დარჩება თუ არა, როცა გიყვარს, ამაზე არ ფიქრობ. ცოლ-ქმარი გაჭირვების გადალახვას თუ ვერ შეძლებს, ვერც ოჯახს შეინარჩუნებს. თანაც, ვალია კარგ ოჯახშია გაზრდილი. მამამისი სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, არც სვამდა, არც და-ძმები. ჩემი სიმამრი ყოველთვის ბრაზობდა მეზობლებზე, ასე გაუთავებლად რატომ სვამენო? აქედან რომ ჩავდიოდი, სასმელი ჩამქონდა, ქვისლთან ერთად დავჯდებოდი სოფელში, მდინარის პირას და თითი-ოროლა ჭიქას დავლევდით, ვსაუბრობდით. სიმამრი ცოცხალი აღარ არის, სიდედრი კი ახლაც რომ დარეკავს, ვალიას მაშინვე ჩემს ამბავს ეკითხება, ჯემალი სად არისო?
- ამჟამად რას საქმიანობთ?
GzaPress- ვალია ბათუმში, სამკერვალო გაერთიანებაში მუშაობს, მე კი 15 წლიდან მოყოლებული სად აღარ მიმუშავია. მახსოვს, ერთხელ სოფელში ამოსულ კახა თარგამაძის მამას, მამია თარგამაძეს, რომელიც მილიციის უფროსი იყო ბათუმში, მამაჩემმა სთხოვა, სადმე მუშაობა დააწყებინეო. მართლაც დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა ავაწყვე ცხოვრება. ზარმაცი არ ვიყავი, პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს და დამინახეს. მალე ბათუმში ბინაც მომცეს, რადგან ქირით ვცხოვრობდი. იქ გავზარდე შვილები. მრეწველობის ტექნიკუმი მქონდა დამთავრებული, მაგრამ სხვა გზით წავედი. 44 წლის ასაკში ლეიტენანტის წოდება მომცეს და გავხდი ზონის ინსპექტორი არასაუწყებო დაცვაში. მერე ქვეყანაც აირია, სამაჩაბლოს ომშიც ვიყავი. ვირო მინდიაშვილი, 1989-1991 წლების ომის გმირი მერაბ მინდიაშვილი რომ დაწვეს, თუ გახსოვთ ეგ პერიოდი, აი, მაშინ. მეტსახელად ვიროს ეძახდნენ. უამრავ საგმირო ამბავს ჰყვებოდნენ მასზე. აქტიურად მონაწილეობდა რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლებში. შიშის ზარს სცემდა ოსებს და მისი მოკვლისთვის დიდი ფულადი ჯილდოც ჰქონდათ დაწესებული. 1991 წელს, ერედვის გზაზე ოსებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც დაატყვევეს, ხის კუნძზე დააბეს და ცოცხლად დაწვეს. ამბობდნენ, მინდიაშვილი მაშინაც კი არ შეშინებულა და "შავლეგოს" მღეროდაო. იმ გზაზე მოგვიწია გავლამ და რომელ ხეზეც ვირო ჰყავდათ მიბმული, ჯერ კიდევ იწვოდა. 2-3 კვირის განმავლობაში რესტორანში ვიყავით დაბანაკებული. იქ ისეთ სროლაში მოვყევით, ახლაც არ ვიცი, ცოცხლები როგორ გადავრჩით. მაგის შემდეგ 15 წელი, 2007 წლამდე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ვიმუშავე. ეს მიწა ჩემი სიძისაა, 1998 წელს დავიწყე ამ სახლის შენება, 2005-ში გადავხურე. ძირითადად მე ვარ ხოლმე აქ, რადგან ყველანი მუშაობენ. სიმართლე გითხრათ, ამ სიბერეში ჩემს სოფელში მინდა ცხოვრება. მისასვლელი გზა რომ იყოს, აქ ვერავინ გამაჩერებდა, მით უფრო, რომ ჩვენი შვილის საფლავიც იქ არის...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი