როგორ აქციეს ქისტაურელი იუმორისტი ფარმაცევტად
font-large font-small
როგორ აქციეს ქისტაურელი იუმორისტი ფარმაცევტად
სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 540 მეტრში მდებარეობს. ამ ულამაზესი სოფლიდან ალაზნის ველის შესანიშნავი ხედი იშლება. ისტორიული ცნობებით, ქისტაური წარმოიშვა სოფელ მუქუეთის მიგრაციის შედეგად. მიგრაციის მიზეზი კი მოსახლეობაზე ლეკების ხშირი თავდასხმები ყოფილა, რაც გამანადგურებელი იყო სოფლისთვის. ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილს იქაურობა დაუტოვებია და მუქუეთიდან 1 კმ-ით დაშორებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთით გადაუნაცვლებია. გადმოცემის თანახმად, პირველი მოსახლეები ქისტაურები ყოფილან, ამიტომაც შეერქვა სოფელს ეს სახელი.
ქისტაურის განვითარების ისტორია პირდაპირ კავშირშია არაგვის ერისთავების ისტორიასთან. სოფლის საგანმანათლებლო-კულტურულ განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი როლი უთამაშია XIX საუკუნის პოეტისა და ერისკაცის, რაფიელ ერისთავის პიროვნებასა და ოჯახს. ამის შესახებ რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი ნანა ოვეჩკინა გვესაუბრა.
GzaPress
"ის იყო პირველი ფემინისტი ქალი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა"
- ზემო ხოდაშენში დავიბადე და გავიზარდე, რუსული წარმოშობა მაქვს. ჩემი დიდი ბებია მეორედ გამოთხოვილა საქართველოში, გვარად მორჩაძეებში, პაპაჩემი გერად მოუყვანია და ისიც აქ დარჩენილა საცხოვრებლად. აგერ, უკვე 33 წელია, რაც ამ სოფლის რძალი ვარ, მაილაშვილებში გავთხოვდი. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით მეფრინველეობის ფერმაში. უწინ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, უფრო კარგი და ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, ახლა ყველა სახლებშია შეყუჟული. წლებია, ამ მუზეუმში ვმუშაობ. 1993 წელს გაქურდეს, საიუბილეო ნივთები წაიღეს, თუმცა ბევრი სხვა სირთულის მიუხედავად, მაინც არსებობს და დამთვალიერებლებს, მათ შორის, უცხოელებსაც მასპინძლობს. ამას წინათ ერთი უცხოელი ქალბატონი გვესტუმრა, ქართულ სამზარეულოს ვიკვლევ და ბარბარე ჯორჯაძის პიროვნებით ვარ დაინტერესებულიო. როგორც იცით, ის რაფიელ ერისთავის და გახლდათ. სკოლაში არ უვლია, დედამ და მოახლე დილავარდისამ შეასწავლეს წერა-კითხვა. ის იყო პირველი ფემინისტი ქალი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა. და-ძმა ხშირად სწერდა ერთმანეთს. ერთ-ერთ წერილში ბარბარე რაფაელ ერისთავს სწერს: ხომ იცი, "ტოჩკა-ზაპიტაიასი" არაფერი გამეგება და იქნებ ჯერ შენებური შალაშინი გაუსვა, შემდეგ დამიბეჭდოო.
იმ დროისთვის ერისთავების სახლი ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. აქ ხშირად მოდიოდნენ ილია ჭავჭავაძე, რომელიც რაფიელის უმცროსი ქალიშვილის ნათლია იყო, აკაკი წერეთელი, "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე, ფილადელფოს კიკნაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა. კახეთის თავადობასაც აქ ჰყვარებია თავის მოყრა.
რაც შეეხება ქისტაურის ისტორიას, ერეკლე მეორემ ეს სოფელი ბეჟან ერისთავსა და მის მამა სარიდანს უბოძა თურმე. როდესაც ისინი პირველად მოსულან აქ, "დახვდათ ყოვლად უშენი, სადაც კაცის ხელით ნაშოვი აღარა იპოვებოდეს რა, გარდა ოთხიოდე კოშკისა, რომელიც ლეკების სადგური იყო". ამბობენ, რომ ბოჭორმის ახლოს გახლდათ სოფელი გრძელი ველები, სადაც გვარად ქისტაურები ცხოვრობდნენ. ეს ხალხი აიყარა და სადღაც წავიდაო. სავარაუდოდ, ისინი აქ არიან ჩამოსახლებულები. სოფელი დიდი ყოფილა, საბედნიეროდ, არც ახლაა მოსახლეობისგან დაცლილი (2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 1729 ადამიანი ცხოვრობს. - ავტ.), თუმცა პრობლემა ბევრია - როგორც ყველგან, აქაც, პირველ რიგში, უმუშევრობა გვაწუხებს. აქაურები ძირითადად, ვენახებსა და ბაღ-ბოსტნებს ამუშავებენ, თავიანთი სამყოფი ბოსტნეული მოჰყავთ. ზოგს მეფრინველეობის ფერმა აქვს, ზოგსაც საქონელი ჰყავს და ასე გააქვთ თავი.

"არასდროს ვამბობ, რომ მარტოხელა მამა ვარ"
დავით მოსიაშვილს უკვე კარგად იცნობენ ტელევიზიიდან, ინტერნეტ და ბეჭდური მედიიდან, როგორც დემეტრესა და მარიამის მამას. განქორწინების შემდეგ თვითონ აიღო პასუხისმგებლობა, ეზრუნა ორივეზე, დემეტრეს დიაგნოზმა კი მას უკარნახა შეექმნა საწარმო, რათა ბავშვები მაქსიმალურად ჩართულიყვნენ საქმიანობაში და მერე აქედან მიღებული შემოსავლით მსგავსი პრობლემის მქონე სხვა ბავშვებისთვისაც მიეცა განვითარების შესაძლებლობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, სავაჭრო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი დავამთავრე. ამჟამად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბუღალტერი ვარ, მაგრამ პარალელურად ბევრი სხვადასხვა მიმართულების ტრენინგი მაქვს გავლილი, განვითარების პროცესი მომწონს. ახლაც სპეცმასწავლებლის ონლაინკურსებს გავდივარ, რადგან დემეტრე წელს სკოლაში მიდის, სპეცმასწავლებელი ეყოლება და მინდა, ზუსტად ვიცოდე, რა უნდა მოვთხოვო მას.
- გაგვაცანი დემეტრე, როგორი ბიჭია?
- ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ერთი პერიოდი ქუჩაში ვინმეს რომ დაინახავდა, ყველას ეუბნებოდა, მიყვარხარო. გონიერია და ეს მაძლევს იმედს, რომ შეძლებს იმის სწავლას, რაც სამომავლოდ გამოადგება. მინდა, დამოუკიდებლობას მივაჩვიო. დემეტრე ნაადრევად დაიბადა. მაშინ არავინ გვითხრა, რომ რისკ-ჯგუფში იყო და ყურადღება უნდა მიგვექცია. როცა ვერ დაჯდა, რეაქციები არ ჰქონდა, მაშინ დავეჭვდით და დავიწყეთ ექიმებთან სიარული. გვეუბნებოდნენ, განვითარების ეტაპების შეყოვნებააო, მაგრამ ეს არ იყო დიაგნოზი. ვიდრე მნიშვნელოვნად არ გამოიხატება დაავადების ნიშნები, დიაგნოზს არ წერენ. მას ცერებრალური დამბლის ერთ-ერთი ფორმა, დიპლეგია დაუდგინდა, რაც ქვედა კიდურების დაჭიმულობას გულისხმობს. მხოლოდ თერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ შეძლო გადატრიალება, დაჯდომა, დაიწყო საუბარი, ხოხვა...
- დავით, როდესაც გადაწყვიტე, რომ ბავშვები შენთან ყოფილიყვნენ, პასუხისმგებლობის არ შეგეშინდა?
- არა, რადგან ვინც მე მიცნობს, იცის, რომ მანამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული შვილების მოვლისა თუ აღზრდის პროცესში. არასდროს ვამბობ, რომ მარტოხელა მამა ვარ და არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა. მარტოხელა მამა იმ შემთხვევაში გქვია, როცა მეუღლე გარდაცვლილი გყავს. ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს იმის გამო, შვილები ჩემთან რომ იზრდებიან. არაფრის გაკეთებას არ ვთაკილობ - არც სადილის მომზადებას, არც "პამპერსის" გამოცვლას, არც სახლის დალაგებას, უბრალოდ, დროის პრობლემა მაქვს და კიდევ კარგი, დედა მეხმარება ბევრ რამეში. რაც შეეხება ჩვენს პატარა საწარმოს, მინდა ჩემს ოცნებას ფრთები შევასხა და მალე აქ დემეტრეს მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ბავშვებიც მუშაობდნენ.

GzaPress"ნეტავი, მთელი პარლამენტი დამაგვევინა..."
58 წლის ბესო ფშაველაშვილს, პროფესიით მხატვარს, საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მსახიობობის სურვილი 1990-იან წლებში აიხდინა - როგორც იუმორისტს, პირველი სოლო კონცერტი მზია კვირიკაშვილთან ერთად ჰქონდა, სახელწოდებით "სიცილის მამაკაცი და სიცილის დედაკაცი". მარჯანიშვილის, რუსთაველისა და თელავის თეატრის სცენაზეც არაერთხელ მდგარა. მერე, დრო რომ აირია, ხელოვნების პედაგოგად მუშაობდა ქისტაურის სკოლაში. ახლაც, გაზაფხულდება თუ არა, სოფლისკენ მიუწევს გული. ამბობს, - თბილისში როგორ უნდა გაძლო ამ ბუნების პატრონმაო?!
- ძალიან რომ გაჭირდა, მე კი მშობლები და ავადმყოფი ბებო მყავდა მოსავლელი, აქაურობა მივატოვე და საბერძნეთში წავედი. 35 წლის ვიყავი მაშინ. ასე რომ, დარჩენილი ახალგაზრდობის წლები, რაც აქ შინაარსიანად და ნაყოფიერად უნდა გამეტარებინა, სხვა ქვეყანაში დავყავი. ჩემთვის რთული იყო სამშობლოდან წასვლა. არაერთ ლექსში აღვწერ ამ ტკივილს, თუმცა, ბედის სამდურავი მაინც არ მეთქმის. 4-5 წლის დისშვილები დავტოვე და ამის გამო უფრო მიჭირდა იქ გაძლება. მეგონა, კარცერში ნებაყოფლობით ჩავჯექი. რამდენიმე წელში საბუთები გავაკეთე და მიმოსვლის ნებართვა მქონდა.
- იქ სად მუშაობდით?
- 6 თვის უმუშევრობის შემდეგ დალაგების სამსახურში ამიყვანეს - მაღაზიებს, სადარბაზოებს ვალაგებდით. მერე ის სამსახური მე შევისყიდე. ჯერ თესალონიკში ვიყავი, მერე კუნძულ მიკონოსზე ყვავილების მაღაზიაში ვმუშაობდი, ბოლო 8 წლის განმავლობაში კი - აფთიაქში. ეს იუმორისტი კაცი საბოლოოდ კარგი ფარმაცევტი დავდექი (იცინის).
- ხელოვანი ადამიანისთვის ადვილი არ იქნებოდა ასეთი სამუშაოს შესრულება.
- შევარდნაძის პერიოდში, არ ვიცი საიდან მოიპოვეს ჩემი ფოტო ცოცხით ხელში და ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია ასეთი სათაურით: ნეტავი, მთელი პარლამენტი დამაგვევინა. ადვილი ნამდვილად არ ყოფილა... თავიდან ვხატავდი ხოლმე, მაგრამ მერე ამის დრო ნაკლებად მქონდა. ბავშვობიდან რაღაც ფიგურებს ვხედავდი, სხვანაირად აღვიქვამდი ყველაფერს. ერთხელ, მიკონოსზე, სანაპიროზე სეირნობისას აღმოვაჩინე ქვები, რომელზეც 80% ბუნებრივად ამოტვიფრული სახეები და ფიგურები იყო, მე ცოტა ხელი წავაშველე და ულამაზესი გამოვიდა. ზოგი არც იჯერებდა, ბორმანქანით გაქვს გაკეთებულიო, - მეუბნებოდნენ. ვაბარებდი ხოლმე მაღაზიაში, დანარჩენი კი საქართველოში წამოვიღე.
- თექაზე მუშაობა რატომ დაიწყეთ?
- რაღაც პროგრამაში ჩავერთე და რატომღაც მაშინ მომინდა თექაზე მუშაობა შემესწავლა. შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლად ვისწავლე და ალბათ ამიტომაც არის გამორჩეული ჩემი ნამუშევრები. ზოგ ნამუშევარს ბისერებით ვაფორმებ. ვმონაწილეობ გამოფენებში, არტ-გენზეც, მაგრამ რეალიზება ძალიან ჭირს.
- ამ სოფელში დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი გახსოვთ აქაურობა?
- თელავში დავიბადე, მაგრამ სკოლაში უკვე აქ შევედი. დედის მხრიდან ბებია კომპოზიტორი იყო, ბიძაჩემი ხატავდა. მოკლედ, ელიტარული ოჯახი გახლდათ, ჩემი დაც პიანისტია. ალბათ აქედან დამყვა ხელოვნების სიყვარული. სკოლა რომ დავამთავრე, სტაჟი მჭირდებოდა ჩასაბარებლად. მამაჩემი ინჟინერი იყო და ყველას ეგ უკეთებდა სტაჟს, მე კი კოლექტივში შემიშვა, იმუშავეო. ეს იყო ყველაზე კარგი პერიოდი. დაღლილ-დაქანცულ მუშებს, იმ ჭარმაგ, მშრომელ ხალხს ყოველდღიურ ყოფას ვულამაზებდი. ჩემი წესები მქონდა - უნდა წაგვეღო 20 ლიტრი ღვინო. ვხუმრობდით, ვმღეროდით და მანამდე 5 კაცი რომ ვერ მიჰყავდათ ბრიგადაში, მერე 45 მოდიოდა. გადმოვაბრუნებდით ვედროს, ზედ ვუკრავდით და გვქონდა ერთი ცეკვა-თამაში. მოკლედ, იმ წლებში ძარღვიანი კახური იუმორი შევკრიბე და მონოლოგებში ვკითხულობდი კონცერტებზე. ყველაფერი რეალობიდან მქონდა აღებული.
GzaPress
- ამ სოფლის მცხოვრებლებზე რაიმე სახალისო ამბავი გაიხსენეთ.
- იმდენი ამბავია მოსაყოლი, მაგრამ ცოტა არ იყოს, უზრდელურია ბევრი (იცინის). ერთი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა სოფელში, კაცი ენაბლუ და მყვირალა იყო, ცოლი - ყრუ. სომეხი გახლდათ ეს ქალი. ერთხელ შვილი ეკითხება, - დედი, ჩემი დიპლომი სად არისო? - ჰოო, დიპლომი? მაშ არ იცი, 2 წელია, რაც დიპლომი "უჟე გნაც". - რას ამბობ, ქალო, დამიკარგეთ, სად არისო?- მაყრუდას მამაზე არ ამბობ? მაგის "რეშოტკას" ჯერ კიდევა "კრასკამენო". თურმე ვიღაც ნათესავს დიპლომიანი ერქვა სახელად. ერთხელ ქალიშვილს ეუბნება: სადა ხარ, სად დადიხარ ამდენი ხანი, ამ ბოლო დროს ძააან ნუ შეგიყვარდა სეირნი, ფრთხილად იყავი, სოფელში ხურუშია მოდებული, არ აიკიდოო. ქმარმა, - ხურუში კი არა, ქუნთრუშაა მოდებული, ქუნთრუშაო.
- შემპირდით, რომ საუბრის დასასრულს თქვენს ერთ ლექსს წამიკითხავდით.
- კი ბატონო, "მოდი, დამდაგე" ჰქვია ამ ლექსს. ხომ ხედავთ, ამ ასაკში კიდევ გამიჩნდა სიყვარულის წყურვილი... "ვინ დაგიწესა სიყვარულო ხანი, ასაკი?/ ტრფობა მწყურია, ნუ მაშინებთ წლებით და სარკით!/ კვლავ ჭაბუკივით მიღიტინებს მარტის სურნელი,/ შენი ჭირი მჭირს, ტკბილ-მწარე და განუკურნელი./ მოდი... დამდაგე... სიყვარულო... მოდი დამდაგე!/ მერე თუ წლები თვალებს უქსოვს სევდიან ბადეს.../ სანამ სიშმაგით შეეძლება აღმოხდეს ბაგეს/ შენი სახელი, სიყვარულო, მოდი, დამდაგე! /როგორც არასდროს მკლავს ჟინი და უსაზღვროდ ველი,/ შენი ფრთეების ყაყაჩოსფერ შემოფეთებას.../ მოდი... მომნუსხე... ქარს მივანდო ნაღველი ძველი,/ ახლის სურვილის მოლოდინი ცეცხლად მედება!/ მოდი, დამდაგე, გამინელე ნდომის ალმური,/ რა დროს წლებია, გული ბიჭობს, სიტყვა მზიანობს,/ ჩამსახლებია სულში მგონი თვითონ ამური,/ მოდი... დამნაცრე... სიყვარულო... თუნდაც გვიანო!"
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
"მიხარია, რომ ასეთი კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს"
პაატა ბერიაშვილი გავაზსა და გავაზელებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
869 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი