სამედიცინო აპარატურის შემქმნელი ახალგაზრდა და ხინკალფართი თურქეთში - გზაპრესი

სამედიცინო აპარატურის შემქმნელი ახალგაზრდა და ხინკალფართი თურქეთში

ერთმანეთი 4 წლის წინ, ინტერვიუს დროს გავიცანით. მანამდე მასზე თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან ჩამოსულმა უახლოესმა ადამიანმა მიამბო, ის და მისი დედა სამედიცინო თვალსაზრისით როგორ დაეხმარნენ. რას წარმოვიდგენდი, თუ სულ რაღაც 5 თვეში ჩემს მეგობარს საქართველოში ონკოლოგიური დაავადების გამო ფეხის მოჭრას დაუპირებდნენ და მე, მეტისმეტად განერვიულებული, მასთან დავრეკავდი რჩევა-დახმარებისთვის. ასე აღმოვჩნდი მეგობართან ერთად ანკარაში, თბილისიდან თურქეთში საცხოვრებლად წასულ დედა-შვილთან - ირინა და ნიკოლაი ვისკუშენკოებთან. ამ შესანიშნავი ადამიანების წყალობით ჩემს მეგობარს ფეხი შეუნარჩუნდა, ორივემ კი მათი სახით უსაზღვროდ თბილი, საიმედო და მოსიყვარულე მეგობრები შევიძინეთ. მას შემდეგ კიდევ ბევრი ახლობელი გადაგვირჩინეს ჩვენც და სხვასაც და ეს მეგობრობაც უსასრულოდ გრძელდება.

ჩემი მეგობარი მდგომარეობის გადასამოწმებლად ყოველწლიურად ჩადის ანკარაში, ცოტა ხნის წინ კი კვლავ მთხოვა გაყოლა. ჩვენთვის ზედმეტი ხარჯის ასაცილებლად, ირინამ და ნიკოლაიმ დაჟინებით მოგვთხოვეს, ირინასთან დავბინავებულიყავით. უარი არ გაგვივიდა და ის დღეები ირინასთან და მათ საყვარელ ძაღლ ლიუსკასთან ერთად გავატარეთ... პრეისტორია მოვიშველიე, რათა იცოდეთ, რომ მხოლოდ იმას გიყვებით, რაც თავად განვიცადე.

დედით ქართველი და მამით უკრაინელი ნიკოლაი ვისკუშენკო 9 წლის იყო, საშინელ 1990-იან წლებში დედასთან ერთად საქართველოდან თურქეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მამა ადრე გარდაიცვალა, დედამ კი მთელი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. დღეს ნიკოლაი სამედიცინო ინჟინერია, ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელმაც თურქ თანაკურსელთან და თავისივე ამერიკელ პროფესორთან ერთად კომპანია "ტროიკა" დააარსა; პარალელურად, სამედიცინო ელექტრონიკაში დისერტაციაც დაიცვა და სამედიცინო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საექიმო ფაკულტეტზეც ისწავლა. კომპანიის შექმნის პირველსავე წელს ამერიკის ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციისა და თურქეთის სახელმწიფოს დაფინანსებით დაიწყეს პროექტი, რომელიც სამედიცინო ელექტრონიკაში ახალი ტექნოლოგიების წარმოებას ითვალისწინებდა. ასე აღმოჩნდნენ მსოფლიოში პირველები, ვინც სხვადასხვა სახის უახლესი აპარატურის 40-მდე ამერიკულ პატენტს ავითარებდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ელექტრომაგნიტური ანტენები. იგი ადამიანის ორგანიზმში იდგმებოდა და ზუსტი დიაგნოსტიკისთვისაც გამოიყენებოდა, ასევე, მისი მეშვეობით უმჯობესდებოდა, ვთქვათ, კიბოს მკურნალობა; ეხმარებოდა ექიმებს გულისა და ნევროლოგიური ოპერაციების მიმდინარეობისას. პროექტს კიდევ ბევრი ექსპერიმენტი და წარმატება მოჰყვა, 5 წლის განმავლობაში ნიკოლაი თურქეთის ტექნომეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტიც იყო. შემდეგ მიიღეს სახელმწიფო გრანტი პროექტში, რომელიც, უპირველესად, ქართველი და ყოფილი თანამეგობრობის ქვეყნების პაციენტების ყველა უფლებას დაიცავდა. ასე დაიწყეს სამედიცინო ტურიზმი და რადგან სახელმწიფო აფინანსებდათ, ჩამოსული პაციენტისთვის მათი სამსახური უფასო იყო. ეს უკანასკნელი მხოლოდ კლინიკაში, გამოკვლევასა და მკურნალობაში იხდიდა ფულს, თანაც დაცული იყო, ვინმეს მისთვის ზედმეტი უსარგებლო კვლევა არ ჩაეტარებინა ან ზედმეტი არ გადაეხადა...

ანკარაში ჩასულებმა შევიტყვეთ, რომ ნიკოლაი რამდენიმე ექსპერიმენტზე მუშაობდა და დღედაღამ ვერ გამოდიოდა სამსახურიდან, ამიტომ მხოლოდ სამჯერ მოვახერხეთ მასთან შეხვედრა - პირველად უთბილესი და უსაზღვროდ ყურადღებიანი ირინას სახლში, სადაც ჩემმა მეგობარმა ქეთევან შარმიაშვილმა ფშაური ხინკლის მასტერკლასი მოაწყო, ორჯერ კი თავად მიგვიპატიჟა ტრადიციულ ვახშამზე. ვიცოდი, ბევრი საინტერესო ამბავი ხდებოდა მის თავს და გადავწყვიტე, ინტერვიუ ამჯერად პირისპირ ჩამეწერა. როგორ გაგრძელდა წარმატებული თბილისელი ახალგაზრდის ცხოვრება ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რა სიახლეებია მის სამეცნიერო საქმიანობაში სამედიცინო ინჟინერიის კუთხით და რა მასშტაბით გრძელდება ურთიერთობა ქართველ პაციენტებთან, ნიკოლაი ვისკუშენკოსთან საუბრიდან შეიტყობთ.

- მივესალმები ჩემს საყვარელ საქართველოს, მშობლიურ თბილისსა და ჩემს ნათესავებს, ძველ თუ ახალშეძენილ მეგობრებს და უპირველესად გეტყვით, რომ ძალიან მიყვარხართ, მენატრებით...

რაც შეეხება აქაურ ცხოვრებას - არაფერი შეცვლილა, ჩვენი კომპანია "ტროიკა" კვლავ ორი მთავარი კუთხით განაგრძობს მუშაობას, ოღონდ საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოეთ. სამედიცინო მომსახურების სფერო გაცილებით დავხვეწეთ და მეტად ვართ მობილიზებულები - საქართველოდან ჩამოსული პაციენტების გარდა ყოფილი თანამეგობრობის ქვეყნების პაციენტებსაც ვიღებთ, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ექიმებისა და კლინიკების არეალი ბევრად გავზარდეთ. ფაქტობრივად, უკვე თურქეთის მთელ სამედიცინო სფეროს შესანიშნავად ვიცნობთ და სერვისიც გაცილებით დავხვეწეთ.

GzaPress რაც შეეხება სამედიცინო აპარატურის წარმოებას, ამ კუთხით ბევრად უფრო სწრაფ ტემპში ვმუშაობთ, კიდევ უფრო მეტი ინჟინერი და ტექნიკოსი გვყავს. არცთუ დიდი ხნის წინ ხელშეკრულებები გავაფორმეთ სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს სამ ლიდერთან - "სიმენსთან", "ფილიპსთან" და "ჯენერალ ელექტრიკთან" და გავხდით მათი ოფიციალური გლობალური პარტნიორები. უდიდესი მიღწევაა, რომ დღეისათვის უკვე შეგვიძლია, ჩვენი წარმოებული აპარატურა ამ სამ კომპანიას მივყიდოთ, რადგან თუნდაც მხოლოდ "ჯენერალ ელექტრიკის" დილერობის მისაღწევად, მათ დასარწმუნებლად, დაგვჭირდა 2 წელიწადი, ათასობით ქაღალდი, სერტიფიკატი, ექსპერიმენტი და ა.შ. დღეს ჩვენს აპარატურას მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა ყიდულობს, მათ შორისაა ევროპისა და აზიის წამყვანი ქვეყნები, ასევე - ამერიკა. ამ მხრივ საქართველო, მოსახლეობის სიმცირის გამო, ძალიან მცირე ბაზარს წარმოადგენს, თუმცა რაღაც რაოდენობას იქაც ყიდულობენ. - ამიტომაცაა, რომ დღედაღამ სამსახურიდან ვერ გამოდიხარ?

- ახალი წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, საშუალოდ, ღამის 10 საათამდე ან უფრო გვიანობამდე ვმუშაობ.

- თუმცა მაინც გამონახე დრო და ჩვენთან ერთად "ხინკალფართიში" მიიღე მონაწილეობა. ეგ კი არა, შენი მეუღლე - მელისა ისე მოიხიბლა ქეთევანის მასტერკლასით, რომ თავადაც მოახვია რამდენიმე ხინკალი და ქვაბშიც მოათავსა, სხვათა შორის, არცთუ ურიგოდ.

- ეს თქვენი დამსახურებაა და დიდი მადლობა. ის დღე მართლაც დიდი განტვირთვა იყო... აუცილებელიც, რადგან მეორე დღიდან კვლავ თავაუღებელი შრომა გაგრძელდა - უდიდეს დროს ვხარჯავთ პროდუქციის გასაუმჯობესებლად, გასავითარებლად. ჩვენს ლაბორატორიებში ხანგრძლივად ვმუშაობთ ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად, რაც დაემატება ჩვენს წარმოებულ პროდუქციას - მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, რენტგენური გამოსხივების, ასევე, სხვა X-სხივების აპარატურას და მათ ტექნოლოგიურად სრულყოფას. ჩვენ ვმუშაობთ პლაზმა-კინეტიკის სფეროშიც, რასაც მეორე სახელიც აქვს - ელექტროქირურგია, ეს კი ნიშნავს ელექტროტალღებით, პლაზმით სხეულის შიგნით ოპერირებას. რა აპარატურასაც დღეს ვაწარმოებთ, პროსტატის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება...

- ნიკა, სამედიცინო ტურიზმზეც მინდა ვისაუბროთ. რაც ვიცი და რასაც თავად ვხედავ, ის არის, რომ მეტისმეტად უჩვეულოა თქვენეული სამედიცინო ტურიზმი.

- სხვა ქვეყნების პაციენტების არ ვიცი, მაგრამ ადამიანებს, ვინც საქართველოდან წლიდან წლამდე ჩვენსავით ჩამოდიან თქვენთან, ჯერ უკვირთ, ასეთი უჩვეულოდ გულისხმიერები რომ ხართ, მერე ძალიან უყვარდებით და საბოლოოდ - გიმეგობრდებიან...

- თქვენი რეჟიმის ადამიანისთვის. მაინც როგორ სწვდებით ყველას?

- ზოგადად, ჩვენთვის სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ... საქართველო ჩემი სამშობლოა, ქვეყანა, სადაც დავიბადე, ამიტომ მასთან ჩვენი ოჯახისეული სამედიცინო ტურიზმიც სრულიად განსხვავებულია - საქართველოსთან დამოკიდებულებაში ამ საქმეს ბიზნესს არც ვუწოდებთ. ვინც გავიცანით, ყველანი ძალიან მშობლიურები გახდნენ ჩვენთვის, ყველასთან დავმეგობრდით. გეგონება, ამ საქმემ ერთ დიდ ოჯახად გვაქცია. ჩვენ მათ სწორი მიმართულების შერჩევაში ვეხმარებით, გზაზე ვაყენებთ, ბოლომდე მივყვებით, რომ მათი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალოს და ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ისინი კი ალბათ გრძნობენ, ხედავენ, რომ ჩვენ ნამდვილად ვგულშემატკივრობთ მათ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, სწორად შევურჩიოთ საუკეთესო ექიმიც, კარგი კლინიკაც და დიაგნოსტიკური ცენტრიც, თანაც ისე, რომ მათი ფინანსური მდგომარეობაც გავითვალისწინოთ. და ისინიც სიყვარულით გვპასუხობენ. დღესდღეობით, რადგან მე ექსპერიმენტების გამო ძალიან დაკავებული ვარ, მთელ ამ პროცესს დედა უძღვება, თუმცა... ვცდილობ, საქართველოდან ჩამოსულებთან შესახვედრად მაინც გამოვნახო დრო, თორემ პროცესის შესახებ ყოველდღიურად ინფორმირებული ვარ - თითოეულ პაციენტს რა გაუკეთდა, რა იგეგმება, რა უნდა შეიცვალოს... წასვლისას კი ტრადიცია გვაქვს, თქვენც იცით - პაციენტების მიპატიჟება გამოსამშვიდობებელ ვახშამზე. მართალია, დიდი ხანია, საქართველოში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენი ქართული სტუმართმოყვარეობა ნამდვილად არ დამვიწყებია!

ირმა ხარშილაძე