"ოჯახს მარტო ვოკალური და არც ინსტრუმენტული ნიჭი არ ჰყოფნის..." - გზაპრესი

"ოჯახს მარტო ვოკალური და არც ინსტრუმენტული ნიჭი არ ჰყოფნის..."

ჯემალ ბაღაშვილი ანსამბლ "ივერიას" წევრია მისი დაარსების დღიდან. ის გახლავთ ანსამბლის მიერ განხორციელებული წარმოდგენების ლიბრეტოს ავტორი. არის არაერთი პროექტის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი, რომლებმაც აღიარება მოიპოვა. მას ეკუთვნის სასიმღერო ტექსტები თუ იუმორისტული ნომრები. ახლახან ანსამბლმა "ივერიამ" მიუზიკლ "ჩხიკვთა ქორწილის" 40 წლისთავი "ბლექ სი არენაზე" გამართული წარმოდგენით აღნიშნა. ჯემალ ბაღაშვილმა საუბარი ამ თემით დაიწყო და პირადი ცხოვრებიდან სხვა ეპიზოდებიც გაიხსენა.

ჟანრი - საესტრადო მიუზიკლი

- სასიხარულოა, რომ უდიდეს საკონცერტო სცენაზე - "ბლექ სი არენა" ლეგენდარული მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი" ხელმეორედ მიიწვიეს, იქ შარშანაც გამოვედით. როცა ესა თუ ის პროექტი ესტრადაზე 40 წელი არსებობს, ეს უკვე თავისთავად გამონაკლისი ამბავია. საბედნიეროდ, ასეთი გამონაკლისი აღმოჩნდა ალექსანდრე ბასილაიას ბრწყინვალე მუსიკა, ვაჟა-ფშაველას გენიალურ მოთხრობაზე დაფუძნებული, რომლის ლიბრეტოს ავტორები ვიყავით ავთო გელოვანი და თქვენი მონა-მორჩილი. მაშინ "ივერიას" 13 წევრი ჰყავდა და კლასიკური გაგებით, ეს მიუზიკლი არ იყო, ცეკვები და მასობრიობა აკლდა. სამაგიეროდ, ანსამბლის ინიციატივით ჟანრი - საესტრადო მიუზიკლი დაიბადა, რომელსაც ექსპერიმენტის სახით წინ უძღოდა მინიმიუზიკლი, ე.წ. როკოპერა "რწყილი და ჭიანჭველა". მაყურებელმა კარგად მიიღო სიახლე და ეს პროექტი დღემდე აქტუალურია, მაგრამ თემები იცვლება. თუმცა, არ იცვლება სტრუქტურა, რითაც მაშინ უდიდესი წარმატება მოვიპოვეთ. და აი, შევეჭიდეთ უფრო დიდ ფორმატს, 1979 წლის დეკემბერში "ჩხიკვთა ქორწილის" პრემიერა გაიმართა. კიდევ ერთი რეკორდი - 113 ანშლაგი ზედიზედ, ფილარმონიის დარბაზში. ეს იყო წარმოუდგენელი ციფრი. იმის მერე დაიწყო და დაიწყო... 1000-ზე მეტი წარმოდგენა ჩავატარეთ. საკავშირო ტელევიზიამ გადაიღო შესანიშნავი ფილმი, რომლის რეჟისორია ჩვენი მეგობარი ევგენი გინზბურგი. 1985 წელს ლონდონში გამართულ მუსიკალური ფილმების ფესტივალზე "ჩხიკვთა ქორწილმა" 80 ფილმს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

"ჩხიკვთა ქორწილი" დღეს - წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, იცვლებოდნენ "ჩხიკვთა ქორწილის" მონაწილეები, მაგრამ არასდროს შეცვლილა არწივი, თეიმურაზ წიკლაური. გამოხდა ხანი, გავიდა 40 წელი და თუ ამდენი ხნის მერე, ამხელა ტრიუმფით ჩაივლიდა წარმოდგენა, ამას ვერ ვიფიქრებდით. საოცრება მოხდა, მოვიდა ის ხალხი, ვინც პრემიერას ესწრებოდა და მათი შვილები, შვილიშვილები, სამი თაობა იჯდა დარბაზში და სამი თაობა იდგა სცენაზე. "ჩხიკვთა ქორწილის" ბოლო ვერსიაში როლები ასე გავანაწილეთ: ქეთევანი - ნუცა ბუზალაძე, შესანიშნავი მომღერალი და უნიკალური ნიჭის პატრონი, ზაქარა - ანდრია გველესიანი, თომა - ჩემი საყვარელი როლი გურამ ჯაშმა შეასრულა, ყვავი - ბორის ბედია... ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მომღერლების აქტიორული და საცეკვაო დონე ძალიან ამაღლდა. აი, რა აკლდა მაშინდელ ესტრადას, როცა მომღერალი მხოლოდ მღეროდა და მოცეკვავე მხოლოდ ცეკვავდა. სიმღერებისა და ცეკვების რეალიზება დღეს მოხდა იმ სახით, როგორც ეს მაშინ გვქონდა ჩაფიქრებული. მინდა მივულოცო ბორის ბედიას უდიდესი აღიარება. მას ერთ ეპიზოდში უნდა ეცეკვა და ეს ისე, სხვათა შორის ვუთხარი... ამას აღარ ველოდი, - მე მოცეკვავე ვიყავიო. თურმე მამამისი ცნობილი ქორეოგრაფი იყო. ბორისმა 16 კგ დაიკლო და ისე შესანიშნავად იცეკვა, მეტი რომ არ შეიძლება. ცალკე მინდა გამოვყო ანსამბლ "რუსთავის" როლი და კერძოდ, ფრიდონ სულაბერიძის ღვაწლი. მისი დახმარებით, ერთი-მეორეზე უკეთესი შვიდი მოცეკვავე შევარჩიეთ, რომლებსაც გუნდში სიმღერაც შეეძლოთ. თხემით ტერფამდე პროფესიონალები არა მხოლოდ ცეკვავდნენ, ვირტუოზულ ნომრებს ასრულებდნენ. მადლობა ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძეს და გოგა ოსეფაშვილს, რომელიც სასცენო მოძრაობებზე მუშაობდა. ფანტასტიკურად ჩაეწერა ამ ანსამბლში ჯანო იზორიას როლი. შარშან და ახლაც, ათიათასკაციანი საკონცერტო დარბაზი გაივსო.

GzaPress პირველ ადგილზე იყო გიტარა - რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ჰიპერაქტიური ვიყავი, იქნებოდა ეს სპორტი, ხელოვნება, თუ რა გინდა სულო და გულო, რომ ჩემი გატაცების სფეროში არ მოხვედრილიყო. მათ შორის გახლდათ კრივი, ცურვა, ჭოკით ხტომა, ფეხბურთი, კალათბურთი... დაუდეგარი ვიყავი, მაგრამ ყველაზე წინ იყო გიტარა, რადგან იმ პერიოდში ჩემი თაობის ბიჭებისთვის პრესტიჟულად ითვლებოდა გიტარაზე დაკვრა. მაშინდელ ვირტუოზ შემსრულებლებს: ვალერიან ძაგნიძესა და შალვა ჩხიკვაძეს პირველად რადიოთი მოვუსმინე, ტელევიზია ჯერ არ იყო. მერე მათ კონცერტს ძერჟინსკის კლუბში დავესწარი. გაოცებული ვიყავი, გიტარაზე ასე დაკვრა თუ შეიძლებოდა, თან ქართველი კაცისგან, ვერ წარმოვიდგენდი. მაშინ ძალიან ცნობილი სიმღერა იყო "ყაყაჩო", რომლის შესავალი გიტარისთვის საჯილდაო ქვად ითვლებოდა - შეძლებდი თუ არა მის დაკვრას? ნოტები და ჩანაწერები არ არსებობდა, ამიტომ სამჯერ წავედი კონცერტზე და ვიზუალურად დავიმახსოვრე. მივედი სახლში და ბევრი წვალების შემდეგ დავუკარი. რადგან ყურში მეჩვენებოდა, რომ ძალიან რთული იყო, ეტყობა, მე კიდევ უფრო გავართულე. გავიდა დრო, ბატონი შალვა ჩხიკვაძე (ჟუტუს ეძახდნენ) ჩვენი ახლო მეგობარი გახდა. უკვე ფილარმონიაში ვარ, მარეხ გოძიაშვილის ტრიო "ლილეში" ვუკრავ. ბატონი ჟუტუ მარეხის ყოფილი მეუღლე გახლდათ, მაგრამ მეგობრობდნენ. ჟუტუ ტრიოს რეპეტიციას ესწრებოდა. როცა ვუთხარი, რომ მისი დამსახურებაა ჩემი გიტარით დაინტერესება და იმ სიმღერის შესავლის ამბავიც გავიხსენე, - აბა დაუკარიო, მითხრა. მომისმინა და ღიმილით აღნიშნა: არა, შვილო, მე ასე რთულად არ ვუკრავო (იცინის).

ნამდვილი პედაგოგი - ჩემი უფროსი მეგობარი იყო ედუარდ სეფაშვილი (მერაბის მამა). აი, ვინ იყო ნამდვილი პედაგოგი! როცა უნდა მივსულიყავი, არ არსებობდა ეთქვა, რომ დაღლილია ან არ სცალია. ჩვენი მეგობრობა მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ყველამ იცის, რომ ის შესანიშნავი ხელოვანი გახლდათ, არაერთი მომღერალი აღზარდა, არაერთი ტრიო და კვარტეტი შექმნა. ყველაფერთან ერთად, საოცარი ქარიზმა ჰქონდა და უცხოელებიც მოხიბლულები რჩებოდნენ. მისი ანსამბლი "ლალე" ლენინგრადში გამოდიოდა, სადაც ცნობილ მექსიკურ ტრიოს - "ლოს პანჩოს" ჰქონდა კონცერტი. ჰოდა, მუსიკოსებმა გაიცნეს ერთმანეთი, ალბათ თარჯიმნის მეშვეობით. იმდენად დიდი იყო ხიბლი და ისე დამეგობრდნენ, როცა თბილისში სპორტის სასახლეში მექსიკური ტრიოს კონცერტი დაინიშნა და აქ ჩამოვიდნენ, პირველად ბატონი ედუარდი მოიკითხეს. მან სახლში დაპატიჟა ისინი. იქით ეს მექსიკელი "ლოს პანჩოები", აქეთ ჩვენ - ქართველი გიტარისტები ვისხედით და ჟღერდა ქართულ-ესპანური სიმღერები, ე.წ. ჯემსეიშენი. ასეთი კაცი იყო ბატონი ედუარდი.

ორი ბატონის მსახური - ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში კონცერტი არ ჩატარებულა ჩემ გარეშე, წამყვანიც ვიყავი და შემსრულებელიც. სხვათა შორის, ჩემი არცთუ ხავერდოვანი ხმის მიუხედავად, უფრო ხშირად წამყვანის ამპლუაში გამოვდიოდი. ამან ნელ-ნელა პროფესიული სახე მიიღო. 19 წლისა გიტარისტად მიმიწვია გპი-ის ლეგენდარული ჯაზ-ორკესტრის ხელმძღვანელმა ბატონმა იოსებ ტუღუშმა. ეს ახალგაზრდა კაცისთვის ისეთი აღიარება იყო, რომ უკეთესი სტიმული არ არსებობდა. სტუდენტების შემოქმედებას თვითმოქმედება ერქვა, მაგრამ ეს იყო მაღალპროფესიული, ევროპული დონის ანსამბლი ბრწყინვალე მუსიკოსებით დაკომპლექტებული, რაც ჩემთვის უდიდესი სკოლა გახდა.

გპი-ის მეტალურგიის ფაკულტეტი დავამთავრე, დისერტაცია დავიცავი, ოღონდ კათედრაზე. დისერტაციას ერქვა "საშემდუღებლო პროცესები დისპერსიულად გამაგრებულ მეტალებში". უკრაინის ქალაქ ბროვარში უნდა დამეცვა, რომელიც ჩერნობილთან ახლოსაა. ზუსტად მაშინ მოხდა ჩერნობილის აფეთქება, რაც ნიშანი იყო, ამ გზით ნუ მიდიხარო. ჩემთვის ასე იყო, ყოველ შემთხვევაში (იცინის). იქით აღარც გამიხედავს, თორემ აქ დაცვა გავიარე და იქ ჩასვლაღა იყო საჭირო. 7 წელი მეტალურგიის ინსტიტუტში, მომდევნო 7 წელი კი გპი-ში ვიმუშავე. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის რანგში, ამ საქმეს თავი დავანებე. დორიან კიტიამ (ფილარმონიის დირექტორმა) საესტრადო სამმართველოს უფროსობა შემომთავაზა და მითხრა: ჩვენს შეცდომას ნუ გაიმეორებ, ასე გაორებული და ორი ბატონის მსახური ვერ იქნებიო. მეცნიერებას დიდი პატივისცემით დავემშვიდობე. დღემდე ვაგრძელებ მეგობრობას მეტალურგებთან. ჩემი უახლოესი მეგობარია აკადემიკოსი გოგი თავაძე (ფერდინანდ თავაძის შვილი). დღეს მამის მსგავსად, მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორია. გოგიმ ფაქტობრივად გადაარჩინა ინსტიტუტი, როცა მეცნიერება შავ დღეში ჩავარდა.

"სა იპოვე, ბიჭო, ეს ანგელოზი?" - პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას ახალგაზრდებმა კვარტეტი ჩამოვაყალიბეთ და კონცერტებზე გამოვდიოდით. ერთხელ პიონერთა სასახლეში ჩვენი ნომერი შევასრულეთ და წასასვლელად ვემზადებით... მესმის ღვთაებრივი ხმა, ვიღაც ბავშვი მღერის. ბიჭებს ვუთხარი, - წადით, მე დავრჩები-მეთქი. სიმღერა დასრულდა და გამოჩნდა პატარა, კაფანდარა გოგო. "ვინა ხარ?" - ვკითხე. ჯილდა დათუაშვილი ვარ და თქვენ გიცნობთო. თურმე ჩემი დედულეთიდან, ველისციხიდან ყოფილა. ამ ნაცნობობის წყალობით მის მშობლებთან მივედი და ვთხოვე, მოეცათ უფლება, რომ ტუღუშთან მიმეყვანა. რა თქმა უნდა, მენდნენ. ჯილდა იმ წელს ამთავრებდა სკოლას, ბრწყინვალედ სწავლობდა - ოქროს მედალზე დაამთავრა. უნიკალური ხმის პატრონი და არაორდინარული პიროვნება იყო. საუბედუროდ, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა... მივედით ჯილდა და მე სოსო ტუღუშთან, რომელიც გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსი გახლდათ, არაჩვეულებრივი პიროვნება, ფაქიზი ბუნების, გულჩვილი ადამიანი იყო. ვაჟა აზარაშვილის სიმღერა სამშობლოზე ("მზე იცინის შენს ბაღებში"), გიტარის თანხლებით, ორიოდე რეპეტიციით მოვამზადეთ. გპი-ის კლუბში, პროფკომის პატარა ოთახში ვისხედით, დაიწყო ჯილდამ სიმღერა და თვალი გავაპარე ბატონი სოსოსკენ. ვხედავ, ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები. ცოტა გურული აქცენტით მეკითხება: "სა იპოვე, ბიჭო, ეს ანგელოზი?" მერე ჯილდას ჰკითხა, სად აპირებდა გამოცდების ჩაბარებას. მან უთხრა, რომ ქიმიის ფაკულტეტზე უნდოდა, მაგრამ გპი-ში თუ უნივერსიტეტში, ჯერ ვერ გადაეწყვიტა. - გპი-ში შვილო, გპი-ში, თქვა სოსომ და დასძინა, მოგეხმარებიო. მახსოვს, ჯილდამ გაიცინა, - არა, ბატონო სოსო, არ მინდა, ჩემით ჩავაბარებო. მართლაც, თავისით ჩააბარა და გამორჩეული სტუდენტი გახდა, დეპუტატად აირჩიეს, წინ დიდი მომავალი ჰქონდა...

GzaPress გივი და კახი - ორივე იყო ერთდროულად, გენიალური ნიჭის მქონე არტისტი და დიდსულოვანი პიროვნება. გივი ბერიკაშვილს 6 წლის მანძილზე ოფიციალური გამოკითხვით, ყველაზე სასურველ მეკვლედ ასახელებდა ხალხი - ეს რამხელა სიყვარული და ნდობაა. თავადაც უფრთხილდებოდა ამ ნდობას და ფაქიზი იყო ხალხთან მიმართებაში. ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმესთვის რამეზე უარი ეთქვას. სრულიად უცნობ, გაჭირვებულ ადამიანებსაც უშურველად ეხმარებოდა. ვგრძნობდი, რომ ის მადლი, რასაც გივი თესავდა, თვალნათლივ უბრუნდებოდა და ძალასაც ეს აძლევდა. ამას გათვლით კი არ აკეთებდა - გავცემ და უკან დამიბრუნდებაო, უბრალოდ, ასეთი ბუნებისა იყო.

კახისა და ბელას საოცარი სიყვარული ცალკე ლეგენდაა, ამ თემაზე საუბარი კახის არ უყვარს. ერთ შემთხვევას მოგახსენებთ: "მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს ვარსკვლავები" 10 წელი გადიოდა, რომლის ავტორი და რეჟისორი მე ვიყავი. 90-იან წლებში ხალხს ძალიან გაუჭირდა და როცა რეპერტუარს ვარჩევდით, კახის გავუბედე მეთქვა, რომ დადგა დრო, მაყურებელს სხვა თემაზე, ამაღლებულზე ვესაუბროთ-მეთქი. შევთავაზე, მოეყოლა თავისი სიყვარულის ამბავი. კახი ჩაფიქრდა, ურთულესია საჯაროდ, 2000 კაცის წინაშე ამაზე საუბარი. შევთახმდით, რომ მონოლოგი ერთად ჩამოგვეყალიბებინა და მერე თავად გადაწყვეტდა, არ ვაპირებდი რამე დამეძალებინა. კახი დამთანხმდა და სასწაული მოხდა. მონოლოგი შინაარსით პროექტის ფორმატში არ იჯდა, თუმცა კახიმ ლამაზად მიიტანა სათქმელი, რომლის ლაიტმოტივი ასეთი იყო: არავინა ვართ დალხენილი, მაგრამ ჩვენ ყველა ვუმკლავდებით პრობლემებს ჩვენებურად და თქვენც მოერევითო. ეს მივიდა ხალხამდე. ერთ-ერთ კონცერტზე გივიმ გამოაცხადა, რომ ბელა გვესწრებოდა. დარბაზი ფეხზე წამოდგა და 10 წუთი ოვაცია გაუმართა უმშვენიერეს, უგანათლებულეს და თავმდაბალ ქალბატონს. შედგა სიყვარულის, თანადგომის, ერთიანობისა და გაჭირვების გადალახვის თვალნათლივი მაგალითი. ეს იყო ურთულესი ექსპერიმენტი, რომელიც კახისთან ერთად გავიარეთ.

გივის შემთხვევაში, სწორედ მას შეეძლო ეთქვა "ხალხი რას ამბობს წყაროზე", აი, ეს იყო ხალხის ხმა. ამიტომ მოდიოდა მაყურებელი 10 წლის მანძილზე.

მთავარი სიყვარულია - გიას ყველა იცნობს, მაგრამ ქალიშვილიც მყავს, თეონა - არჩილ ხვედელიანის მეუღლეა. მათ ორი შვილი ჰყავთ, სანდრო და ნინი. ნინიმ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი დაამთავრა და სტენფორდში აპირებს სწავლის გაგრძელებას. სანდრო ლონდონში სწავლობდა, ახლა აქ არის. ჰყავს მშვენიერი მეუღლე მარიამ ქუთათელაძე. სანდროსგან ორი შვილთაშვილი მყავს, ივლიტა და იოანე. გიას უფროს ქალიშვილს ნინი ჰქვია. გიას ისე უყვარს თავისი გაზრდილი დისშვილი, რომ პირველივე შვილს მისი სახელი დაარქვა. მერე მოდიან: ლიზა, მარიამი და ბოლოს, პატარა ანასტასია. შვილიშვილები მღერიან თუ არა? - ჯერჯერობით დაკვირვების პროცესში ვართ. ხელოვნებაში თავის დამკვიდრება რთულია, მცირე ნიჭით ვერაფერს გახდები. თუ რომელიმეს ისეთი ნიჭი ექნება, რომ ღირდეს, კი ბატონო. ამ საქმეში მკაცრი შემფასებელი ვარ, მით უმეტეს, ჩემიანის მიმართ. მთავარი სიყვარულია და ამ ყველაფერს, რასაც ოჯახი ჰქვია, ვერ შევქმნიდით, რომ არა ქალბატონი, ჩემი მეუღლე მანანა პატარაია-ბაღაშვილისა. მას სცენასა და მუსიკასთან არაფერი აკავშირებს, თუმცა უდიდესი ნიჭი აქვს იმისა, რომ ცხოვრების ნამდვილი მეგზური იყოს. ეს მჭირდებოდა პირველ რიგში, თორემ ოჯახს მარტო ვოკალური და არც ინსტრუმენტული ნიჭი არ ჰყოფნის.

ნანული ზოტიკიშვილი