იმედი, რომელიც უნდა აცოცხლოთ
font-large font-small
იმედი, რომელიც უნდა აცოცხლოთ
"ბავშვი ასაკთან შედარებით, დიდი წონის იყო"


სამიოდე წლის წინ, სახალხო დამცველის რწმუნებით წინასაარჩევნო პერიოდს ვაკვირდებოდი საჩხერესა და ჭიათურაში. ეს იყო მოსაწყენი, ერთობ პროზაული დავალება... დარღვევები იყო თითქმის ყველა კანდიდატის მხრიდან, მეტ-ნაკლებად, მაგრამ ამაზე ახლა არ ვისაუბრებ. მინდა მოგითხროთ პატარა გოგონას ამბავი, რომლის თავგადასავალსაც გულგრილად ვერ გაეცნობით.
ეს ამბავი ჭიათურის ისეთ სოფელში იწყება, სადაც მიწის სიმწირის გამო, გლეხებს ვერასდროს მოჰყავთ წლის სარჩო და მამაკაცების უმეტესობა მაღაროშია დასაქმებული. ამ სოფელში დეპუტატობის კანდიდატი მორიგ შეხვედრას ატარებდა. ამომრჩევლებმა ბოლოს ასეთი რამ განაცხადეს: აქ პრობლემების მეტი რა არის, მაგრამ ეგებ პატარა მარიამს მიხედოთ, სხვას არაფერს ვითხოვთო. ახალგაზრდა ქალმა სახლიდან გულზე მიკრული ქერა გოგონა გამოიყვანა და ცრემლების ღვრით აუხსნა მოსულებს, თუ როგორ გამოეპარათ ექიმებს მარიამის დაბადების დრო, როგორ ეხვეწებოდა მედიკოსებს, სამშობიარო სითხეები მეღვრება და საკეისრო კვეთით ამოიყვანეთ ბავშვიო. ექიმს უთქვამს, გეჩვენება ეგ ყველაფერი, პირველი ფეხმძიმობაა და ამიტომ გგონია ეგრეო. მერე უსითხობითა და უჟანგბადობით განაწამები მარიამი მოევლინა ქვეყანას. ეგებ მიშველოთო, - თქვა ნატანჯი ხმით დედამ და გაეხირა ცრემლები ყელში...

მარიამი მაშინ...
- მარიამს პირში საწოვარა ჰქონდა გაჩრილი და მონოტონურად ყლაპავდა ნერწყვს. ვერ მოძრაობდა, მხოლოდ ტიროდა ან ეპიზოდურად წყნარდებოდა. ყლაპვის უპირობო რეფლექსით მხოლოდ გახეხილ ხილს, ჩაიში ჩამბალ ორცხობილას და წვენს მიირთმევდა. უმოძრაობის გამო ბავშვი ასაკთან შედარებით, დიდი წონის იყო, მგონი ოდნავ აღემატებოდა დედის წონა შვილისას... ექიმებს უთქვამთ, ცხრა ძვირი კურსი უნდა ჩაუტარდეს, რომ გამოკეთდესო. ეს "ძვირი" 1.000 ლარის ტოლი იყო!

უცნობი ქალი...
- მარიამის შესახებ იმ დღესვე დავწერე "ფეისბუკზე". ვაი და ვიში ბევრი იყო, მაგრამ ეს არ გახლდათ ის ნანატრი ათასი ლარები, მარიამს რომ ესაჭიროებოდა. "სხვა შეტყობინებებში" ინკოგნიტო ქალის მონაწერი დამხვდა: "მე გიცნობთ. ვიცი, რაც გინდა, მოდი და წაიღე პირველი კურსის ფული ერთი პირობით - არასდროს გამამხელ, ვინ ვარ!" პირობა დავდე და დათქმულ დროსა და ადგილას მივედი. ახალგაზრდა ქალი ორი შვილის დედა აღმოჩნდა. მდიდარი არ ვარ, მაგრამ ფულს ვშოულობ. მაქვს პატარა ბიზნესი, რომლის წყალობითაც ვეცდები, მარიამისთვის ეს თანხა დროულად მოგაწოდოთ ხოლმეო. ათი ასლარიანი ჩემ წინ, სუფრაზე ბანქოს ქაღალდებივით გაშალა და აიღეო, მანიშნა. ძნელია, გაუძლო ცდუნებას ასეთ დროს. პოლიტიკას არანაირად არ ეხება ეს ფულიო, - დასძინა ქალმა და ახლოს მომიწია. რამდენიმე წუთის მერე მარიამის მშობლები დავიბარე და გადავეცი. ასე კიდევ რამდენჯერმე მოხდა - ფულს, ათას ლარზე ოდნავ ცოტას, მაგრამ მაინც მაწვდიდა ინკოგნიტოდ... შესაძლოა, ახლაც სჯერა მარიამის დედას, რომ იმ თანხას მე ვჩუქნიდი, მაგრამ ასე არ იყო...

დიდი მარიამი...
- პატარა მარიამმა მკურნალობის რამდენიმე კურსი გაიარა და ექიმებმა ახალი საჭიროება დაინახეს - მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები აუცილებელი იყო. სასწრაფოდ გადავავლე თვალი ჩემს სანაცნობოს და ერთი ადამიანი გამახსენდა - მარიამ ბიწაძე, რომელსაც ურეკში სახლი აქვს და ტრადიციულად, ნაცნობები, ნაცნობების ნაცნობები ყოველ ზაფხულს სტუმრობდნენ...
ერთხელ მთლიანი სახლი გააქირავა ცოლ-ქმარზე, სეზონის ბოლოს ფული უნდა მიეცათ, მაგრამ ცოლს სიმსივნე აღმოაჩნდა და მაგათ ფულს რა ნამუსით გამოვართმევო?! მეორედ გაქირავების მცდელობა უარესი იყო - სახლიდან თეთრეული და ჭურჭელი გაუზიდეს, მერე დენის ზორბა გადასახადის გადახდაც მოუხდა. მარიამმა ხელი ჩაიქნია, ეს სახლი ქირისა და ბიზნესისთვის არაა,
ისევ ახლობლებს ვცემ პატივსო...
პატარა მარიამის ამბავი ენის ბლუკუნით მოვუყევი - არაა ადვილი, მოსთხოვო ადამიანს თანადგომა. მოლოდინის მიხედვით, მარიამმა, - რას ამბობ, მეტი უკეთესი რა უნდა გავაკეთოო - ერთი ოთახი დაუთმო პატარას და მის მშობლებს, მერე მასაჟისტიც დაუქირავა, ტაქსის ფულსაც აძლევდა, ამოდენა ბავშვს ვერ ატარებ ხელით ექიმამდეო... ეს შუა ზაფხულის დროს მოხდა და სექტემბერში კიდევ უფრო სასარგებლოა ურეკიო, - ისევ მიიწვია დიდმა მარიამმა პატარა მარიამი.
წელსაც განმეორდა მიწვევა, მასაჟისტის დაქირავებაც, უბრალოდ, ამჯერად მარიამს არ ახლდა მამიკო...

ესპანური ფული...
- ერთხელ მეგობრებმა კვიპროსის ტური მოვაწყვეთ, უიაფესია იანვარ-აპრილში ამ კუნძულზე დასვენება. ჯგუფში მამა გიორგიც იყო, ახალგაზრდა და სათნოებით გამორჩეული მღვდელი. ზოგჯერ მღვდელთან ერთად გავდიოდი ვილიდან სახეტიალოდ. პაფოსი თავისი სიწმინდეებით ცნობილი ქალაქია, პეტრე მოციქული სწორედ აქ გააკრეს თავდაღმა ჯვარზე... ციცქნა ტაძარი, რომელსაც მორიგეობით რუსი და ქართველი მრევლი იკავებს, არასაწირველი დღის გამო ცარიელი იყო. მამა გიორგი ლოცვად დადგა, მიცვალებულთა მოხსენების მერე ცოცხლებიც მოიხსენია მღვდელმა, მათ შორის პატარა მარიამიც. გულში გამიელვა, ნეტავ კიდევ გამოჩნდეს ვინმე მადლიანი, ვინც მარიამისთვის თანხას გადმომცემს-მეთქი. შინ დაბრუნებულს ესპანეთიდან დამირეკეს, რომ ფულს მიგზავნიდნენ და როგორც მინდოდა, ისე გამომეყენებინა! ისე გამიხარდა, ცალ ფეხზე ხტუნვის დაწყებას აღარაფერი მიკლდა, ყველასთან ჩახუტება მინდოდა, მაგრამ სიხარული ფეტვის მარცვალივით მაბნევდა. ბილბაოში მცხოვრები საძაგლიშვილების გამოგზავნილმა თანხამ მარიამს კიდევ ერთი თერაპიული კურსი დაუფარა...
მირანდა ექიმი, ინგა

მასწავლებელი და სხვები...
- საჩხერეში მირანდა ჯანხოთელს ყველა იცნობს - კარგი ექიმი, საუცხოო მეუღლე და დედაა. ხელის გამართვა მისგანაც ახსოვს მარიამის ოჯახს. წამლები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, მირანდა ექიმს ჩემი ხელით არაერთხელ გაუგზავნია მარიამისთვის...
ინგა მასწავლებელი საჩხერის მეორე სკოლაში მუშაობს. განა რა აქვთ მასწავლებლებს, მაგრამ ერთხელ მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი გამატანა მარიამთან, ზეთთან ერთად, მეც რომ არ ვიცოდი, ფულიც ჩაუტენია პაწაწინა პარკში... ასეთები კიდევ იყვნენ რამდენიმე, მარიამის ბედად!

გერმანიისკენ...
- პატარა მარიამის დედამ ერთხელ მომწერა, დედების კლუბის წევრებმა მირჩიეს, ევროპაში მოითხოვე თავშესაფარი, ბავშვს იქ მიხედავენო. რამდენიმე ემიგრანტს დავეკითხე და გართულებულია "აზულებში" ჩაბარება, ევროპა სირიიდან და აფრიკიდან მოზღვავებულ ემიგრანტებს ვეღარ იტევს, მაგრამ მაინც მოსინჯონო. მოსინჯეს. დორტმუნდის აეროპორტში ჩემი მეგობარი, თავისი გერმანელი ქმრით დახვდა მარიამს და მშობლებიანად "აზულში" მიიყვანეს. მგონი, წელიწადი იყვნენ იქ ან ცოტა მეტხანს. ბავშვს სანიმუშო სამკურნალო კურსი უტარდებოდა, თუმცა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გამო, სამშობლოში დაბრუნებამ მოუწიათ...
GzaPress
ისევ ჭიათურაში...
- ჭიათურაში ისევ მაღარო და მწირი მიწა დახვდათ დაბრუნებულებს. სამთო წარმოებაში ადვილი არ იყო დაბრუნება, მაგრამ იქაც გაჭრა ჩემმა თხოვნამ. სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაშინდელმა დირექტორმა აკაკი გურჯიძემ აღადგინა მარიამის მამა მაღაროელის სტატუსით და დაიწყო ისევ ბრძოლა არსებობისთვის. რამაზს ერთხელ ბანკში შევხვდი, სახელფასო ბარათი ეჭირა ხელში და ერთმანეთი მოვიკითხეთ, ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა... მერე გავიგე, რომ რაჭის საზღვარზე მიწის დამუშავებას აპირებდა სხვასთან ერთად, ძველისძველი "ვილისით" წასულან და უკანა გზაზე გადაჩეხილან ხრამში, საიდანაც რამაზი მომაკვდავი ამოიყვანეს. პანაშვიდზე მისასვლელად გამბედაობა არ მეყო. რა უნდა მეთქვა ობლისთვის, ქვრივისთვის, გარდაცვლილის ავადმყოფი დედისათვის?!

გია ხიდაშელი...
- გიაზე შემთხვევით გავიგე. ვიღაცამ "სქრინი" გამოაქვეყნა, გია ხიდაშელი წერდა, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, ბინაზე მივაკითხავ და მასაჟებს გავუკეთებო. მორიდებით ვითხოვე მარიამისთვის მასაჟები. გქონდეს იმედი, სადაც უნდათ, მივაკითხავო. მასაჟის სრული კურსი ჩაუტარა და მარიამმაც ბევრად უფრო მუხლგამართულმა დაიწყო მოძრაობა...

ქალბატონი ნათია...
- მარიამის დედამ, გული გაგიწყალეთ, მაგრამ ერთხელაც დამეხმარეთ, ეგებ "ხადურკა" ჰქონდეს ვინმეს შეღავათიან ფასადო... მართალია სახარების სიტყვები, ითხოვე და მოგეცემაო. ქალბატონმა ნათიამ, - არავითარი ფასი, ისე გამოვუგზავნიო. მერე თავადაც ჩააკითხა სოფლად პატარა მარიამს უამრავი საჩუქრით. მარიამის დედა გამომიტყდა, ტანსაცმელი ხოხვისგან სულ დაცვეთილი ჰქონდა ჩემს ერთას, რა უნდა ჩამეცმია, აღარც ვიცოდი და აჰა, ნათიამ იმდენი მოუტანა, რჩევაშია, მაცვლევინებს და სურათებსაც იღებს გაპრანჭულიო...

ადგილობრივი ხელისუფლება...
- მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში თავისი სოციალური სეგმენტი აქვს. ყოველწლიურად დაადგენს ხოლმე საკრებულო, ვის და რამდენით უნდა დაეხმარონ. მარიამის დედაც აკითხავს ხოლმე მერიას. ნუ გგონიათ, რომ იქ უგულოდ შეხედავენ ახალგაზრდა ქვრივსა და პატარა მარიამს, რომელსაც უკვე სიარულიც შეუძლია, სიტყვებისა და მარტივი წინადადებების წარმოთქმაც, პომადის წასმაც და თქვენ წარმოიდგინეთ, პრანჭვა მოსწონს ძალიან: მაკიაჟი, სათვალე, თმის ვარცხნილობა ავანგარდული სტილით...

იმედი, რომელიც უნდა აცოცხლოთ...
- ყველა იმედიანად უნდა იყოს. მინახავს ადამიანი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, მინახავს სიღატაკიდან ამოსული ოჯახებიც, რომლებიც ახლა სიხარულით ბრწყინავენ, მაგრამ პატარა მარიამის პროგრესი ჩემთვის ამქვეყნიური სასწაულია. თავადაც არ მჯეროდა, არც ჩემ გარშემო ვინმეს, რომ მარიამი გაივლიდა და ამეტყველდებოდა, ალბათ მხოლოდ დედის გულს ეიმედებოდა, რომ შვილი უკეთ იქნებოდა. ამიტომაც უნდა აცოცხლოთ იმედი გულში ყველამ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და ნაბიჯ-ნაბიჯ გაემართეთ სიხარულისკენ...
P.S. ეს წერილი ღვთისმშობლობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება. დიდხანს ვინახავდი ამ მასალას, რათა წმინდა მარიამის შობის აღმნიშვნელი დღის ახლო პერიოდში დაბეჭდილიყო. სიმბოლურადაც ასე სჯობდა და ჩემთვის, ნაკლებად მორწმუნისთვის ეს გამიზნულობა მხოლოდ სამადლობელია ღვთისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც მარიამს აჩუქა იმედი...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თინა მგალობლიშვილის ცხოვრების გზა
დავით ხავთასი: "დღევანდელ მოზარდებს ვერაფერს გამოაპარებ"
ტაძრების მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გამიჩნდა
ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, სიყვარულს უნდა მოეფეროს
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი"
რა ხდება მაშინ, როცა ილუზია იმსხვრევა ან რეალობად იქცევა
ბიძინა მახარაძის მხიარული მოგონებები
"თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ცხოვრებას ბედნიერი წამები გამოვტაცოთ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი