დამარცხებული სიბერე და სკოლას შეწირული ცხოვრება - გზაპრესი

დამარცხებული სიბერე და სკოლას შეწირული ცხოვრება

ელენე პატაშური პედაგოგთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ყველაფერი - სული, გული, ენერგია, ცხოვრებაც კი ამ პროფესიისა და ბავშვებისთვის რომ მიუძღვნია. ამაყობს, რომ მისი მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ათეულობით სიგელი აქვს მიღებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, ორგზის ღირსების ორდენოსანიც გახლავთ. როდესაც ვუსმენდი, ვფიქრობდი, - ნეტავ, ჩემს შვილებსაც ჰყავდეს ბევრი ასეთი პედაგოგი და თუნდაც, 78 წლისანი-მეთქი. ქალბატონ ელენეს სასაუბროდ დუშეთის პირველ საშუალო სკოლაში, ისტორიის კაბინეტში შევხდი.

- ამ სკოლის ყოფილი დირექტორი დიანოზ ცხადაია 1937 წელს რეპრესირებული იყო. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დირექტორად გაგზავნეს ყაზბეგის რაიონში, მაგრამ მალევე დუშეთის სკოლის დირექტორად გადმოიყვანეს, თან ისტორიას ასწავლიდა ბავშვებს. ცოლად აქაური ქალი შეირთო, მაჩაბლის გვარის, წარმოშობით სამაჩაბლოდან და მასთან 2 შვილი შეეძინა - ნათელა და ჯილდა. როდესაც ვორკუტაში გადაასახლეს, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ეროვნულ არქივში მოძიებული ინფორმაციით, მის ერთადერთ ბრალდებად ფედერალისტური პარტიის წევრობა ითვლებოდა. ტრაგიკული ბედის მქონე ოჯახი იყო, დიანოზის 2 ძმაც დააპატიმრეს და დახვრიტეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ დიანოზს გაუმართლა. შინაურები მას გუძას ეძახდნენ, წარმოშობით ხობის რაიონიდან იყო. ერთ ზაფხულს დასასვენებლად წასულ ნათელას მალარია შეჰყრია და გარდაცვლილა. მალე მეუღლეც გარდაეცვალა, ულამაზესი ქალბატონი. ჯილდა დედის დეიდამ გაზარდა, პროფესიით ჟურნალისტი, ფილოლოგი გახლდათ და მას კარგად ვიცნობდი. 3 წლის წინ გადავწყვიტე მასთან მისვლა - მამაზე დაველაპარაკები და სკოლის 180-ე წლისთავთან დაკავშირებით ნაშრომს გავაკეთებ-მეთქი. ჯილდამ მითხრა, რომ მამამისმა გადასახლებაში ორჯერ წაიყვანა - პირველად მე-8 კლასში რომ იყო და მერე სტუდენტობისას. როცა გაათავისუფლეს და დუშეთში ჩამოსულა, მაშინ გაუგია შვილის გარდაცვალების ამბავი. თურმე ძალიან წუხდა იმის გამო, რომ მანამდე თუ ყველა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ესალმებოდა, ახლა ერიდებოდნენ მასთან სიახლოვეს და ურთიერთობას. უფრო მეტიც, ქუჩაში აფურთხებდნენ, როგორც რეპრესირებულს. აღარც სამეგობრო, არც ნათესავები... ერთი სიტყვით, მალევე დაბრუნებულა უკან, ვორკუტაში. გერმანული წარმოშობის ქალი შეურთავს ცოლად და 2 ვაჟიც შესძენია. ამჟამად ორივე წარმატებული პიროვნებაა, ჯილდა კი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. და-ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილის დროს დირექტორმა რამდენიმე უცხო ადამიანი შემოიყვანა კლასში, - თქვენ გკითხულობენო. უცებ ვერ შევიცანი ჯილდა. მას თან ახლდა ძმაც, ნიკოლოზ ცხადაია. ის კომის რესპუბლიკის რექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მითხრა, ძალიან გამიხარდა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ რომ შევიტყვე და მეც მინდა გარკვეული ვალდებულებები ავიღო თქვენი სკოლის მიმართ, ეზოში მამაჩემის მემორიალიც მინდა გავაკეთოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბავშვებთან ერთად და მათი ჩართულობით მოვიძიეთ ინფორმაცია, ფოტომასალა და ასე აიკინძა ჟურნალი, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვეცით კიდეც რუსულ ენაზე. ბატონმა ნიკოლოზმა მოიყვანა არქიტექტორი, დიზაინერი და ისტორიის კაბინეტი, დირექტორის კაბინეტი და დერეფანი საკუთარი სახსრებით გაგვირემონტა. გარდა ამისა, საჩუქრად გადმოგვცა კომპიუტერები, პრინტერი, პროექტორი, სხვა უამრავი საჭირო ნივთი სკოლისთვის. მემორიალის გახსნაზე თავადაც ჩამობრძანდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დაბადებულა და არ გაზრდილა, ძალიან უყვარს საქართველო და დღემდე აგრძელებს ჩვენთან მეგობრობას.

- ქალბატონო ელენე, ახლა თქვენ შესახებ მომიყევით. პედაგოგობაზე ბავშვობიდან ფიქრობდით?

- მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. ეს ორმა ფაქტორმა განაპირობა: ისტორიის საუკეთესო პედაგოგი მყავდა - გრიგოლ ქობალია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა ქერჩის ბრძოლების სისასტიკე. მასში მაღალი პროფესიონალიზმი და საოცარი პიროვნული სიძლიერე მხიბლავდა. გარდა ამისა, ვცხოვრობ დუშეთის ისტორიულ უბანში, 2 მუზეუმს შორის - ერთი მხარეთმცოდნეობისაა და მეორე ჭილაშვილების ყოფილი ციხე-დარბაზია. ბავშვობა სწორედ იმ ეზოებსა და დარბაზებში მაქვს გატარებული. ვოცნებობდი, გიდი გავმხდარიყავი, მაგრამ საბოლოოდ, გორის პედაგოგიური ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე.

GzaPress

- თუ გახსოვთ პირველი სამუშაო დღე? - ჩემი მასწავლებლობის ისტორია 1972 წლიდან იწყება. 47 წელი ერთ სკოლაში გავატარე და შემოთავაზებულ თანამდებობებზე ჩემი სკოლა და მოსწავლეები არასდროს გამიცვლია. როდესაც აქ მუშაობა დავიწყე, ქრისტინე ბაშარული იყო დირექტორი, ძალიან მომთხოვნი ქალი. თავდაპირველად სამართალმცოდნეობის საათები მომცეს. მთელი ღამე ფიქრში გავათენე. დუშეთის სკოლა თბილისის არც ერთ პოპულარულ სკოლას არ უდებდა ტოლს. ამიტომაც ვნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო საკუთარ თავზე. ამდენი წელია, ვმუშაობ და არ მახსოვს, გაკვეთილზე დამეგვიანა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შორს ვცხოვრობ. არც უმიზეზოდ გამიცდენია. მუდმივად ვცდილობ, საუკეთესო სასწავლო გარემო შევუქმნა ჩემს მოსწავლეებს. პედაგოგმა ეს უპირველეს ამოცანად უნდა გაიხადოს. ისტორიის კაბინეტში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვანაირია, ბავშვები სხვანაირად უფრთხილდებიან აქაურობასაც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მუშაობის პროცესში აქტიურად ვიყენებ ინოვაციურ მეთოდებს, ვმუშაობთ არაერთ საინტერესო პროექტზე, ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოვიყენო ტექნოლოგიები, ჩემი მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ონლაინრესურსებს, რომელთა პრეზენტაციებსაც ვაწყობთ. ასეთ დროს პასიური მოსწავლეებიც კი აქტიურდებიან და პროცესი საინტერესო, სახალისო ხდება. მათი მოტივაციისთვის და ნდობის მოსაპოვებლად ბევრი რამეა საჭირო. პირველ რიგში, მოსწავლე შენს ხელქვეითად არ უნდა მიიჩნიო. მე-5 კლასელებთან რომ შეხვალ, მათი ტოლი უნდა გახდე, ხან უნდა ეთამაშო, ხან გაეხუმრო. თუ შორს დადექი და შენსა და ბავშვებს შორის კედელი აღმართე, არ მოგისმენენ. ჩვენს პროფესიაში მთავარი საქმისა და ბავშვის სიყვარულია. ეს უფრო მეტ შედეგს მოგვცემს. თუ ვინმეს შენი მოსმენა არ უნდა და ეჩხუბები, ამით ვერაფერს მიაღწევ. მშობლიური სითბო უნდა აგრძნობინო ბავშვს. 90-იან წლებში, როცა პედაგოგები, ფაქტობრივად, მშივრები დავდიოდით, იცით, საკუთარი ფულით რამდენჯერ გვიყიდია პური, ტკბილეული და გვიჭმევია ბავშვებისთვის? ერთხელ ბიჭი ცუდად გახდა. ვაიმე, დათო, რა მოგივიდა-მეთქი? - ვკითხე. მასწავლებელო, იცით, რამდენი თვეა, ტკბილი საერთოდ არ მიჭამია? დღესაც მშიერი წამოვედი, პურიც არ გვქონდა სამყოფიო, - მითხრა. მთელ ღამეს საცხობში ვატარებდი, რომ პური შემხვედროდა. გამოვივლიდი ხოლმე სკოლაში და ამათ ვაჭმევდი. ახლაც არიან ასეთი ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან, მათთვის ყველი და პური მომაქვს, კარს დავკეტავ და დასვენებაზე ვაჭმევ ხოლმე.

- ხშირად ამბობენ, რომ ასაკოვანი მასწავლებლები ფეხს ვეღარ უწყობენ თანამედროვე ტენდენციებსა და მიდგომებს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და რომ ისინი ძველი მეთოდებით ასწავლიან. თქვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. როგორ ახერხებთ ამას?

- 78 წლის ვარ, მაგრამ შემართება და მონდომება დიდი მაქვს. ჯერჯერობით სიბერეს ვამარცხებ და ჩემი გაკვეთილები სხვისას არასდროს ჰგავს. გული მწყდება, ასე რომ ამბობენ ასაკოვან მასწავლებლებზე. კი ბატონო, თუკი ვეღარ ხედავ და აღარც გესმის, ბავშვებიც პატივს აღარ გცემენ, უნდა წახვიდე, მაგრამ განა ყველა ახალგაზრდა პედაგოგი კარგია მხოლოდ იმის გამო, რომ ასაკით პატარაა? მე ცას ხომ არ გამოვეკიდები? წავალ, როგორც კი მივხვდები, რომ ბავშვებთან მუშაობისთვის ენერგია აღარ მაქვს, წავალ და თან დუშელების სიყვარულს წავიღებ. ამ სიყვარულს მე ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რაც ძალას მმატებს.

- გამორჩეული მოსწავლეები გყოლიათ?

- როგორ არა, შალვა ნათელაშვილი. დიდებული, ბრწყინვალე მოსწავლე იყო, სწავლისთვის მონდომებული. ბაზალეთიდან დადიოდა სკოლაში, 7 კილომეტრს ფეხით გადიოდა. მარინა მოლოდინიც ჩემი მოსწავლე იყო და კიდევ ბევრი სხვა წარმატებული ადამიანიც.

- დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე დიდ ნაკლად რას მიიჩნევთ?

- სახელმძღვანელოებსაც და, მაპატიონ ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ არაპროფესიონალიზმსაც. რა ღირებულ ცოდნას არ იღებდით წინათ იმ ძველი წიგნებიდან? ახლა, ვისაც არ ეზარება, ყველა სახელმძღვანელოს წერს, მაგრამ იმედი მაქვს, ეს პრობლემა თანდათანობით მოგვარდება. გარდა ამისა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული პედაგოგები დაგვღალა არაერთმა ექსპერიმენტმა. რომელიმე იყო ეფექტური? ცოდნის დონე ქვემოთ იწევს თუ ზემოთ? ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს. ისეთი უინტერესო პროგრამაა, ზოგჯერ, თუ ძალიან გამოცდილი მასწავლებელი არ ხარ, კლასს ვერ დაიჭერ. თვითონ უნდა განვითარდე მუდმივად, ახალი ინფორმაცია უნდა გქონდეს ბავშვებისთვის. რაც შეეხება არაპროფესიონალიზმს, ყველა მასწავლებელი ვერ იქნება, ვინც, ვთქვათ იცის ქიმია, ფიზიკა, ისტორია. პედაგოგიკა არ იციან, არადა, მთავარი სწორედ ეს არის. პედაგოგმა ბავშვებს გული არ უნდა გაუტეხოს, იმედი არ უნდა გაუცრუოს, ბავშვებთან მიდგომა უნდა იცოდეს. იცით, რა არ მომწონს კიდევ? შენიშვნა რომ არ უნდა მისცე მოსწავლეს. რატომ არღვევთ ჩემს უფლებასო? - ყოფილა შემთხვევა, ასე უთქვამს მოსწავლეს ჩემთვის, როცა შენიშვნა მიმიცია. მე უწესრიგობას არ მოვითმენ. სკოლა დისციპლინის გარეშე წარმოგიდგენიათ? ვამბობ, რომ სწორედ მასწავლებლის მონდომებაზეა ბავშვების ცოდნის ხარისხი. ჩაწვდით მის სამყაროს, ყოველთვის ნუ გაუბრაზდებით და ნუ მოიშორებთ. მასწავლებელთა უმეტესობა ხომ სწორედ ქალები ვართ და შეგვიძლია, დედაშვილურად მივუდგეთ მათ.

- ქალბატონო ელენე, ასე ძალიან გიყვართ ბავშვები და რატომ არასდროს არ გადაწყვიტეთ დაოჯახება?

- ალბათ პრეტენზიული ვიყავი, თუმცა არაფერს ვნანობ. ისინი, ვისაც ვასწავლი, ყველანი ჩემი შვილები არიან...

ნინო ჯავახიშვილი