საკუთარი სოფლის მემატიანე - გზაპრესი

საკუთარი სოფლის მემატიანე

არასდროს ისეთი განსაკუთრებული არაა კახეთი, როგორიც რთველის დროს. გლეხებს გულს უხარებთ მთელი წლის ნაშრომი. კახელები შემოდგომაზე ყველაზე ხშირად იხსენებენ ღირსეულ წინაპრებსა და წარსულს, ფიქრობენ მომავალზე და განსჯიან აწმყოს. ვის აქვს განსჯის უფლება? ალბათ მხოლოდ ისეთებს, ვინც მამულს გამოადგა შვილად და ცხოვრების გზაზე ამაოდ არ უვლია. ასეთი მამულიშვილია გავაზელი პაატა ბერიაშვილიც, რომლის ნაამბობიდან გთავაზობთ ნაწყვეტებს, რათა მკითხველს ნაწილობრივ მაინც შევუქმნათ წარმოდგენა სოფელ გავაზის შესახებ.

ორიოდე სიტყვა გავაზზე...

- სოფელ გავაზის ისტორია არ არის ჩვეულებრივი სოფლის ისტორია. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ძველ გავაზში აშენდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. პოპულარული ქართული ხალხური სიმღერა მრავალჟამიერის 24 ვარიანტი არსებობს და აქედან ერთ-ერთი გავაზურია. ასევე, ჩვენამდე მოაღწია "გავაზურა" ჯიშის ატამმა და თხილმა. დღეს აღარ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ არსებობდა ვაზის ჯიში "გავაზურა". ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ვისაუბროთ ძველი გავაზის მაღალ კულტურულ და აგრარულ განვითარებაზე.

გავაზს თავისი არსებობის მანძილზე კახური დიალექტითა და დამპყრობლების ენით არაერთი ტოპონიმი შეუქმნია. სპარსული და რუსული ენის გავლენით შექმნილ ტოპონიმებს ტკბილკახურიც ენაცვლება. ცოტამ თუ იცის, რომ ილაანი სპარსულად გველებით სავსე ადგილს ნიშნავს, ნაჩალთუქები - ნაბრიჯალს (ნაბრინჯალი), ჯანგლები კი - ტყეს. გურგვალ პანტას ეძახდნენ ლელიაანის ნაკვეთში მდგარ საოცრად მრგვალვარჯიან ველურ მსხალს. ახლა ეს ხე აღარ არსებობს, მაგრამ გურგვალი პანტა მაინც შემორჩა სოფლის ხსოვნას. აღარც მონას წყარო (მონას კახეთში ზარმაც, ზანტ ადამიანსაც უწოდებენ) არსებობს, რომელიც გამოდიოდა გაიოზ ხაბეიშვილისა და ზაზა ნინაშვილის ეზოების წინ. ძლიერი წვიმების შემდეგ, როცა გრუნტი წყლით ჯერდება, ამ ადგილზე წყალი გამოჟონავს ხოლმე.

მე-20 საუკუნემდელი გავაზი... - მდინარე ავანისხევის წყალშემკრები აუზი გამორჩეულია სიძველეებით. არაერთი ტაძარი, ნაციხარი და საკულტო დანიშნულების ხეები მეტყველებს იმაზე, რომ ყვარლის ამ ტერიტორიაზე საუკუნეების წინ ჩაუყრია საძირკველი ქართველს. მხოლოდ ერთი ტაძრის საფუძვლიანი შესწავლაც კი ცხადყოფს გავაზის უზარმაზარ ისტორიას. თავწმინდა გიორგის სახელით ცნობილ ადრექრისტიანულ სალოცავს თუ მიადგებით და დააკვირდებით, მის კედლებზე შერჩენილ ფრესკების ფრაგმენტებს, ჩამოშლის პირას მისულ კოშკს და მოუვლელობით დაჩაგრულ ეზოს, უკვე დაასკვნი, რომ სოფელს მატერიალური სიმაძღრის პარალელურად, ესთეტიკური პოტენციალიც გამოუყენებია. გრემისა და თელავის სიახლოვე სოფელს ყოველთვის სძენდა განსაკუთრებულობას კულტურული, თავდაცვითი, ეკონომიკური და რელიგიური თვალსაზრისით. გავაზი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეფობის დროს აშენდა ხელმეორედ და დაარსდა განთქმული სოფელი გავაზი. ივანე ამილახვარმა 1850 წელს სოფელში გადამდგარი ოფიცრები (ოჩინსკები, დუბოვსკები, შაროვები, პაპოვები და სხვა) დაასახლა, შემდეგ მათი დახმარებით სხვა რაიონებიდან და ახლომახლო სოფლებიდანაც დაიწყეს გადმოსვლა და გავაზში დაბინავება.

რუსების მიერ საქართველოს დაპატრონებამდე ლეკები არა მარტო მთიდან, არამედ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიიდანაც ესხმოდნენ თავს კახეთს. განსაკუთრებით ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებს. ჭარელები ისე გათავხედებულან, კახეთის მიწა-წყალს ითხოვდნენ საკუთრებაში ჰერეთიდან გავაზამდე, თუმცა კახელები არ აპირებდნენ მამულის ფეშქაშად გაცემას და სისხლის ფასად იცავდნენ ყველა გოჯს...

იმერლების ჩასახლება გავაზში - კომუნისტური ცხოვრების გარიჟრაჟზე ხელისუფლებამ იმერეთიდან ჩამოსახლებული ხალხი გავაზელებთან ყოველგვარი შეთანხმებისა და კომპენსაციის გარეშე, მათ ტერიტორიაზე დაასახლა, რამაც გავაზელთა გულისწყრომა გამოიწვია. ყოველივე ეს გახდა მიზეზი გარკვეული შეხლა-შემოხლისა გავაზელებსა და ჩამოსახლებულ იმერელ მოსახლეებს შორის. საბედნიეროდ, ორივე მხარეს აღმოაჩნდა გონიერება და სერიოზული კონფლიქტის გარეშე დაზავდნენ.

ბეჟანიანი... - 1918 წელს გავაზელმა საბა გიორგის ძე ვარადაშვილმა ხორბლის სამკელი და სალეწი მანქანები შეიძინა. ორივე გერმანული წარმოების იყო. სამკელი მოძრაობდა ცხენების ან ხარების საშუალებით და ეს მანქანა ძნას თვითონ კრავდა. სალეწი მოძრაობაში მოჰყავდა ინგლისური წარმოების "კლეიტონის" ორთქლის ქვაბს, რომელიც ლეწვის დასრულების შემდეგ ხეტყის სახერხად იყო გამოყენებული. 1924 წელს გავაზში მიწის ზოგადი შრომითი დამამუშავებელი ამხანაგობა "ბეჟანიანი" შეიქმნა და არსებობდა 1927 წლამდე. 1925 წლის გაზაფხულზე ამ ამხანაგობამ შემოიტანა ამერიკიდან პირველი ტრაქტორი "ფორდზონი", და სამკელი თვითმკვრელი "კრუპი" გერმანიიდან. ამხანაგობაში გაერთიანებული იყო 40-მდე კომლი. ეს ფაქტი გვიდასტურებს, რომ სოფელში იყო მაღალი თვითშეგნება კოოპერაციული წარმოების უპირატესობაზე და ამ უპირატესობის დანერგვა ახლანდელ სოფლის მეურნეობასაც არ აწყენდა!

უღმერთობის დასაწყისი... - ბოლშევიზმის დასაწყისი იყო დაუნდობელი და შემაძრწუნებელი, თუმცა უღმრთოთა დრო წავიდა და დარჩა რწმენა... "ნეფის ირაკლის დროს ესე ეკლესია ყოვლადწმინდის ხთისა შობლისა მე პეტრე მაკეწლაშვილმან და ძმამან ჩემმან ბადალომა, აღვშენეთი სულისა და ხორცის საოხათ. ვინც წაიკითხოთ, შენდობა გვიბრძანეთ. აშენდა ღთითა მარტის თვედ 1784 წელს", - გვეუბნება წარწერა ქვაზე, რომელიც ეკლესიის კედელშია დატანებული. კომკავშირელებმა და კომუნისტებმა დაანგრიეს სოფლის ეკლესია. "დინამიტებით რომ ვერა დააკლეს, მოიტანეს ნარიყი ხმელი შეშა ალაზნიდან, გაავსეს ეკლესია, მოუკიდეს ცეცხლი და ასე ჩამოანგრიეს დუღაბით ნაშენები კედლები და ჭერი. თუმცა, საკურთხევლის ზემოთ მდებარე თაღოვანი ჭერი და ნავისებური სახურავი გადაურჩა დანგრევას. მე მაშინ ბალღი ვიყავი, - გაიხსენა გიორგი ჩეკურიშვილმა (კონდახამ)L - ეკლესიის წინა კართან ბოლო მღვდელი ვინც იყო, ის დაკრძალეს, ცხონებულს კომკავშირელებმა წვერი გაკრიჭეს და გული გაუსკდა. მღვდელი ახალი დაკრძალული იყო ეკლესია, რომ დაანგრიეს".

GzaPress კოლექტივიზაცია... - "გავაზელებს არ სურდათ კოლექტივის შექმნა, დიდხანს ვერც იქმნებოდა, მერე სხვა სოფლებიდან ჩამაასახლეს კომკავშირელები. იმათ აიყოლიეს უსაქმურები, სხვისა რო შურდათ, იგეთები და ამათ დაკიდეს მაუზერები. დადიოდნენ, აშინებდნენ ხალხს და აეგრე ძალდაძალ შაქმნეს კოლექტივი", - ასე იხსენებს კოლექტივიზაციის დაწყებას გოგია ღონიაშვილი. მისივე თქმით, კოლმეურნეობის შექმნასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ სააგიტაციო შეხვედრაზე ჩამოსულ აგიტატორს გავაზელმა მოხუცმა გია ბეგაშვილმა სიტყვის თქმა სთხოვა. აგიტატორი სიამოვნებით დაეთანხმა თურმე. კაცოო! - დაიწყო გიამ, - ვინც მუშა ფუტკრები იყვნენ (გიამ ჩამოთვალა "კულაკები"), ყველა გადაასახლეთ და ახლა, ე, კელები (ანუ კრაზანები და გიამ ჩამოთვალა კომუნისტები და მათთან მიტმასნებული ხალხი), გაგიკეთებენ თაფლასაა?! მაიხადა და დაახეთქა ქუდი". გია იმ ღამის მერე აღარავის უნახავს... კოლექტივიზაციის პერიოდში გავაზიდან უამრავი გლეხი გააკულაკეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. სხვების დაშინების მიზნით, რამდენიმე გავაზელი ადგილზეც მოკლეს მუხანათურად, მათ შორის იყო არჩილა ბერიაშვილი, 26 წლის ახალგაზრდა... უსამართლობით გაწამებული რამდენიმე გავაზელი ყაჩაღად იყო გავარდნილი ლელში, ალაზნის გაღმა ტყეში და იქიდან თავს ესხმოდნენ კომუნისტებს. ასეთი თავდასხმის დროს ყაჩაღად გავარდნილებმა ლეტო ვარაზაშვილის ხელმძღვანელობით მოკლეს სოფლის საბჭოს თანამშრომელი მარკოზი ვარადაშვილი, რომელიც ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავის ქვაზე ეწერა: "ვერაგულად მოკლულო კომუნისტო ძმაო, შენ სისხლს მტერს არ შევარჩენთ".

ომი გერმანიასთან... - მეორე მსოფლიო ომში გავაზელებიც გაიწვიეს. ბუნებრივია, მათი ძირითადი ნაწილი ქერჩში დაიღუპა, ბევრი ოჯახი დაობლდა, ბევრიც უძეოდ დარჩა. პირველი სიკვდილის ცნობა სოფელში რევაზ ნინაშვილის სახელზე მოვიდა და დაიტირა სოფელმა მხოლოდ საწოლზე დალაგებული სამოსი... შემდეგ ხან სად გაისმოდა წივილ-კივილი და ხან სად. მთელი სიმძაფრით ჩანს მეომარის ტრაგიზმი და წინდახედულობა შაქრო ოსიაშვილის ცოლისადმი გამოგზავნილ წერილში: "ძაან დიდი ომია, იმედი არა მაქ, რო აქიდან ცოცხალი ჩამოვიდე. ბალღები გამიზარდე. შენ თავ მიხედე. თუ მამკლეს, გათხოვდი, ჩემზე არ ინაღვლო!"

სკოლა... - პირველი სარწმუნო ცნობა სკოლის შესახებ გაზეთ "ივერიაში" 1886 წელს, დრიევ-ანკირის ავტორობით, სოფელ გავაზის შესახებ გამოქვეყნებულ პატარა წერილშია. სტატიაში აღნიშნულია, რომ: "თუმცა ახალ გავაზის საზოგადოებას აქამდისინ სკოლა არა ჰქონდა, მაგრამ ახლა-კი გამართეს და შემოდგომიდამ დაიწყებენ ყმაწვილები სიარულს". გავაზელი ლადო ვარადაშვილის პირად ჩანაწერში ვკითხულობთ: "1909 წელს გავაზელმა მკვიდრმა პავლე კეწელაშვილმა მოაწყო ბავშვების სწავლება თავის ბინაზე. უფასოდ თითქმის ორ წელზე მეტხანს ასწავლიდა ოციოდე ბავშვს წერა-კითხვას დედა ენის მიხედვით. არითმეტიკიდან გადასცემდა ძირითად ცნობებს".

პავლე კეწელაშვილი სოფლის დიაკვანი იყო. იგი შემდეგში კომუნისტებმა გადაასახლეს ციმბირში, ათი წლით. გადასახლებიდან დაბრუნებულმა გავაზამდე ვეღარ ჩამოაღწია. მგზავრობით დაღლილი, დაქანცული და მშიერი მატარებლით სოფელ მუკუზანში ჩამოვიდა. საღამო იყო, ნათესავებს ესტუმრა, ღამეს გავათენებ და დილით გავაზში წავალო. სამწუხაროდ, ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა და ვეღარ ეღირსა გავაზის ნახვას ეს ამაგდარი კაცი.

ერთი მკვიდრი ამბობდა, ვიდრე ახალ სკოლას ააგებდნენ, საკლასო ოთახი სიკიაანთ მარანშიც იყო განთავსებულიო. "ერთი დიდი ფიცრის მაგიდა იყო გაკეთებული, მაგიდის ფეხები იყო აკაციის სარები, მიწაში ჩარჭმულები. ეგეთივე იყო მაგიდის გარშემო გრძელი სკამები. დასვენებაზე სკოლის ეზოში მივდიოდით, ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი გიორგი ვარადაშვილი გვეტყოდა ხოლმე, აბა, ბავშვებო, წავიდეთ ახლა "ტარიელისგამოქვაბულში"! ჩვენც ამ ოთახს "ტარიელის გამოქვაბულს" ვეძახოდით. მარანილასტით იყო გადაღობილი და ლასტს იქით მწნილით სავსე "ბოჭკა" იდგა. მშიერი მოსწავლეები მწნილს იპარავდნენ და ახრამუნებდნენ".

როლანდ ხოჯანაშვილი