91 წლის ასაკში ახდენილი პარიზული ოცნება - გზაპრესი

91 წლის ასაკში ახდენილი პარიზული ოცნება

91 წელი ნათელა ფარემუზაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, პარიზში აღნიშნა. ფრანგული ენის პედაგოგს ოცნება შვილმა და რძალმა აუსრულეს. ამ ამბავს ასეთი გამოხმაურება თუ ექნებოდა, ვერც ვიფიქრებდიო, - მითხრა საუბრისას. პარიზული შთაბეჭდილებების გარდა, ბევრი სხვა ამბავიც გაიხსენა.

- 15 სექტემბერს 91 წლის გავხდი, 16-ში კი ჩემს უფროს ვაჟს 60 წელი შეუსრულდა. წელს ორივემ ერთად აღვნიშნეთ, თან პარიზში. ჩემი ერთი შვილიშვილი გერმანიიდან, ხოლო დისშვილი თავისი მეუღლით, ამერიკიდან ჩამოფრინდნენ საფრანგეთში. ასეთი სიხარული კარგა ხანია, არ განმიცდია. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამ ასაკამდე თუ მივაღწევდი. ჩემი და 94 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა და ამბობდა, საუკუნის რომ გავხდები, ალბათ კოკი (შვილი) მაშინ ჩამოვა საქართველოშიო. ძმაც 92 წლისა გარდამეცვალა. სამამულო ომში ჯერ კიდევ სტუდენტი წაიყვანეს, ბერლინამდე მივიდა. ბევრი რამ გამოიარა ომში და სტალინისგან არაერთი მადლობა მიიღო. ომი რომ დაიწყო, 12 წლის ვიყავი და ყველაფერი კარგად მახსოვს. მამა ომში რომ წაიყვანეს, დედამ დაიკავა მისი ადგილი ქარხანაშიც და ოჯახშიც - მან გვიპატრონა სამ ბავშვს. ის კასპში ერთ-ერთი ქარხნის სასადილოში მუშაობდა და საჭმელი მეტ-ნაკლებად გვქონდა, როგორღაც გადავიტანეთ გაჭირვება. სიღარიბის მიუხედავად, ხალხი უფრო თბილი და ყურადღებიანი იყო ერთმანეთის მიმართ. ჩემი ბავშვობიდან ერთი ამბავი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა: მეზობლის ქალმა, გვარად ზაალიშვილი იყო, მოგვიყვანა თავისი შვილიშვილი, რომლის მშობლებიც ტროცკისტობის გამო იყვნენ გადასახლებულები და გვთხოვა, არიქა, მიშველეთ, ბავშვი სასწრაფოდ უნდა მოვნათლო და ნათელა უნდა იყოს ნათლიაო. იმ დროს გავრცელდა ჭორი, თითქოს ყველა მოკვდებოდა, ვინც მონათლული არ იყო. მე-8 კლასში ვიყავი მაშინ, ის ბიჭი კი - მეოთხეში. სვეტიცხოველში წავედით და მოძღვარმა, რომელმაც მოგვნათლა და რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქის ნათლია ყოფილა, მკითხა, მონათლული თუ ხარო? არა-მეთქი. მაშინვე დატრიალდნენ, იქვე მონახეს ნათლიაც, ჯერ მე მომნათლეს და მერე მომანათვლინეს ის ბავშვი.

დედაჩემს ტრაგიკული ბედი ჰქონდა. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მამამისის სიკვდილის შემდეგ, ბიძამისს ობლებისთვის ბინა გაუყიდია და უსახლკაროდ დაუტოვებია. ბებიაჩემი, დედის დედა, კასპის რაიონიდან იყო, ქვემოჭალიდან. მას წამოუყვანია ბავშვები გასაზრდელად, პატარა ძმა კი, 4 წლისა, თავშესაფარში მიუყვანიათ. დედა 14 წლისა გაათხოვეს, მეორე ძმა მზითვად მიუყვანია ოჯახში. დიდხანს დარდობდა პატარა ძმაზე, გიტარაზე კარგად უკრავდა, მღეროდა და სიმღერებშიც კი ახსენებდა ხოლმე. 18 წლის მერე იპოვეს და-ძმებმა ერთმანეთი. სტუმარია თქვენთანო, - ერთ დღეს მეზობელს მამაჩემისთვის დაუძახია. კარგად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი შემოსულა ეზოში. დედასთვის უკითხავს, ვერ მიცანიო? დედა უყურებდა, უყურებდა თურმე და ბოლოს, თვალებით უცნია. აღმოჩნდა, რომ იმ თავშესაფრიდან ბავშვი სოხუმელ კაცს, გვარად ბაღათურიას წაუყვანია, გაუზრდია, უსწავლებია. ასეთი ახალგაზრდა უკვე ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახლდათ სოხუმში. გავიცანით მისი შვილიშვილიც, რომელიც თბილისში სწავლობდა, მაგრამ ომის შემდეგ ურთიერთობა შევწყვიტეთ - ის აფხაზს გაჰყვა ცოლად, აფხაზი შვილები ჰყავს... აი, ესეც ხომ ტრაგედიაა - და-ძმამ ერთმანეთი იპოვა და ომმა ისევ დააშორა ისინი.

- ახლა ის მითხარით, ფრანგული ენის პედაგოგობა რატომ გადაწყვიტეთ?

- კასპში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობა იქ გავატარე, სკოლაში მედლის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამივე მედალოსანს ოთხიანი გამოგვყვა. პირველ წელს უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი, ფილოლოგიურზე ვაბარებდი. მე-8 კლასამდე კასპში გერმანულს ვსწავლობდით, მერე მასწავლებელი შეიცვალა და მოვიდა ფრანგული ენის სპეციალისტი. სწორედ მან მითხრა, შენ ისე იოლად აითვისე ფრანგული ენა, იქნებ სწავლა ამ განხრით გაგეგრძელებინაო? მისი რჩევა ყურად ვიღე და მეორე წელს უკვე დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები. სტუდენტობის წლები არაჩვეულებრივი იყო. გვასწავლიდნენ: კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, რომელმაც წინა წელს მისაღებ გამოცდაზე ოთხიანი დამიწერა (იცინის). გრიგოლ ხავთასი იყო ფაკულტეტის დეკანი, ნიკო კეცხოველი კი რექტორი. ძალიან მკაცრი რექტორი იყო კეცხოველი. მახსოვს ერთხელ ოქრო-ვერცხლით შემკული რამდენიმე გოგონა გააჩერა დერეფანში და ჰკითხა, სად მიდიხართო? ლექციებზეო, - უპასუხეს. თეატრში მოდიხართ თუ სასწავლებელშიო? - დატუქსა სტუდენტები და მეორე დღეს კედლის გაზეთშიც დაწერეს ამის შესახებ.

- უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყეთ მუშაობა?

- კასპის სკოლაში მინდოდა მუშაობა, მაგრამ სოფელ ხოვლეში გამანაწილეს. 22 წლის ვიყავი მაშინ. არანაირი პირობები იქ არ იყო, წყალი საიდანღაც მომქონდა, შეშას ვყიდულობდი. მახსოვს პირველი გაკვეთილიც. საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიე, რადგან ბავშვებისთვის, რომლებიც მანამდე გერმანულს სწავლობდნენ, ფრანგული უნდა მესწავლებინა. ძალიან ცელქები იყვნენ.

- გამორჩეული მოსწავლეები გყავდათ?

- ყველა მოსწავლე გამორჩეული იყო ჩემთვის. ამას წინათ ექიმთან ურიგოდ შევედი. ჩემს ყოფილ მოსწავლეს შევუმჩნევივარ, კარი შემოაღო და, - პატივცემულო მასწავლებელო, წესრიგი რატომ დაარღვიეთო? - გაჩერდი, თორემ ყურებს აგიწევ-მეთქი, - სიცილით ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომთხოვნი და მკაცრი ვიყავი, პატივს მცემდნენ. სხვათა შორის, ჩემმა რამდენიმე მოსწავლემ სპეციალობად ფრანგული ენის პედაგოგობა აირჩია, ე.ი. მათ შევაყვარე ეს უცხო ენა.

- ამდენწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შემდეგ, რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს პედაგოგი?

- მომთხოვნი და სამართლიანი უნდა იყოს, სიმკაცრე, დისციპლინა აუცილებელია. გაკვეთილს რომ ვხსნი და ყურს არ მიგდებ, ამის მოთმენა შეიძლება? კიდევ, აუცილებელია ობიექტურობა - ჩემი დაწერილი სამიანი სხვის დაწერილ ხუთიანს უდრიდა.

- თქვენს ოჯახზე, მეუღლეზეც მიამბეთ...

- სოფელში რომ აღარ მინდოდა მუშაობა, კასპში, რაიონული გაზეთის რედაქციაში მოვეწყვე. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე - გიორგი ხორგუაშვილი, რომელიც პასუხისმგებელ მდივნად მუშაობდა, პროფესიით - ფილოლოგი გახლდათ. მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, სოფელ დოესში ცხოვრობდა.

GzaPress

- თავიდანვე მოგეწონათ? - არა, სოფლელია-მეთქი, დავიწუნე (იცინის). მერე ისე მოხდა, რომ დავთანხმდი - ჯერ ერთი, უკვე 28 წლის ვიყავი და დედა ნერვიულობდა, დაგიგვიანდა გათხოვებაო, მეორეც - ჩემებს ძალიან უქეს, გიორგი მშრომელი და ჭკვიანი ბიჭია. მოდი, ხელი შევუწყოთ ამათ დაოჯახებასო. რომ იცოდე, დოესში ცხოვრებას არც ვაპირებო, - მითხრა, ან გორში ვიცხოვროთ, ან თბილისშიო. თბილისში კი მიიღო ბინა, მაგრამ კასპი მაინც არ მიატოვა.

- როგორი მეუღლე იყო, ხომ გაგიმართლათ არჩევანში?

- ძალიან კარგი, ღირსეული... შეიძლება, მე არც ვიყავი მისი ღირსი. ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენაში მისი დიდი წვლილია, მამულის კაცი იყო, ჯერ საქვეყნო საქმეზე ფიქრობდა, მერე - ოჯახზე. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ვიცხოვრეთ ერთად, 2011 წელს გარდაიცვალა, 82 წლის. 2 შვილი გვეყოლა, თუმცა მას ბევრი შვილი უნდოდა. ახლა 4 შვილიშვილი მყავს და 2 შვილთაშვილი.

მარია პაპაშვილი ქალბატონი ნათელას რძალია, მათი ურთიერთობის შემყურე რძალ-დედამთილობაზე ყველა ნეგატიური მითი დაგავიწყდება. სწორედ მარიას იდეა იყო, დედამთილისთვის ოცნება აესრულებინათ.

- ყოველთვის უკომპრომისო ვიყავი და როდესაც გავთხოვდი, მაშინ ვისწავლე კომპრომისზე წასვლა. კონფლიქტი დედა-შვილს შორისაც ხდება, მაგრამ კამათის დროს ზღვარს არავისთან უნდა გადახვიდე. მთავარია, ისეთი არაფერი აკადრო, რომ მერე შეგრცხვეს... რაც გავთხოვდი, სულ მესმოდა, რომ ჩემი დედამთილი საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობდა. ხშირად ამბობდა, ბავშვებს პარიზის შესახებ ვესაუბრები და ნანახიც კი არ მაქვსო, მაგრამ მაშინ წარმოუდგენელი იყო ასე ადვილად საფრანგეთში წასვლა. ამასობაში ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ ახლა უკვე ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს. ერთ დღეს ინტერნეტში ვიდეო ვნახე, ასაკიან ქალბატონს ეტლით დაატარებდნენ და ათვალიერებინებდნენ რომელიღაც ქვეყანას, ყველა ღირსშესანიშნაობა აჩვენეს. ჩვენი ბებო კი დადის, მაგრამ მალე იღლება და მუზეუმებში სიარულს ნამდვილად ვერ შეძლებდა. ჩემს ქმარს ვუთხარი, ეტლით გვესარგებლა და ისე წავსულიყავით საფრანგეთის სანახავად. რომ ვკითხე, რას ფიქრობ პარიზში წასვლაზე-მეთქი, თავიდან იუარა, შეგაწუხებთო. ბოლოს დავითანხმეთ და ისე დავამთხვიეთ, რომ ჩემი მეუღლეც და დედამთილიც იქ ყოფილიყვნენ საკუთარ დაბადების დღეზე. დავტრიალდით, ავიღეთ ბილეთები, ექიმებთან გავიარეთ კონსულტაციები, რა წამლები უნდა დაგველია აფრენამდე, რა დაფრენის შემდეგ და ა.შ. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე განახეთ პარიზიო, ახლა სიცილით გვეუბნება. ჩემი შვილი, გიორგი ხორგუაშვილი და შვილიშვილი, 9 წლის სანდრო გვყავდა თან. როგორც უკვე გითხრათ, პარიზში მეუღლესთან ერთად გერმანიიდან ჩამოფრინდა ჩემი მეორე შვილიც, ბებოს მოსახელე ნათია, ასევე მისი დისშვილი - ამერიკიდან და ყველამ ერთად რესტორანში აღვნიშნეთ დაბადების დღე. მთელი საფრანგეთი ურიგოდ მოგვატარა: ეტლით რომ ხედავდნენ მოხუცს, ყველგან გვიშვებდნენ. ამის შემდეგ თუ სადმე წავალთ, ნათელას ყოველთვის თან წავიყვანთ (იცინის).

ნათელა ფარემუზაშვილი: - როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს. სიხარულს ვერ ვიტევდი გულში; სიტყვებით ძნელი სათქმელია ჩემი ემოციები. სიბერე რთულია და ძალიან ცუდია, ძალიან... იქნებ სიკვდილიც კი ჯობს სიბერის წლებს. გეშინია, რომ ღირსებას წაგართმევენ და არ დაგიფასებენ იმას, რაც გაგიკეთებია. მიხარია, რომ ასეთი კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს.

- ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი