"ყველა ჩემი მოსწავლე ჩემი მეგობარია, ეს კი ჩემთვის უმაღლესი ჯილდოა!" - გზაპრესი

"ყველა ჩემი მოსწავლე ჩემი მეგობარია, ეს კი ჩემთვის უმაღლესი ჯილდოა!"

განათლების რეფორმის ფარგლებში, "ახალი სკოლის მოდელის" დანერგვისთვის პედაგოგები და სკოლები თვეების მანძილზე აქტიურად ემზადებოდნენ. 50 სკოლის მხარდამჭერი ჯგუფების მომზადება ინტენსიურად მიმდინარეობდა. განათლების სამინისტროს საიტზე რამდენიმე თვის წინ დაიდო ინფორმაცია, რომ: "ახალი სკოლის მოდელი" - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს. ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მისი ჩატარება რეგიონებშიც იგეგმება.

მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა; სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება; ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში..."

ამ თემაზე სასაუბროდ და საკითხში უკეთ გასარკვევად გეზრულის საჯარო სკოლის პედაგოგს, სასწავლო კურიკულუმის დაგეგმვა-განხორციელების ექსპერტს და ჩვენს ჟურნალისტს როლანდ ხოჯანაშვილს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

- როლანდ, როგორც ვიცი, ზოგიერთი სკოლა უკვე ჩაერთო "ახალი სკოლის მოდელში". იქნებ უკეთ გაგვარკვიო, რას გულისხმობს "ახალი სკოლა"?

- სწავლა-სწავლება დინამიკური პროცესია, რომლის შეფერხება სავალალო შედეგებს იწვევს. მოგეხსენებათ, რამდენად ჭირს საქართველოში კვალიფიციური კადრები. ამის საფუძველი კი ისაა, რომ ჩვენ ვერ ავუწყვეთ ფეხი მსოფლიო საგანმანათლებლო რიტმს. "ახალი სკოლის მოდელი" გულისხმობს სწორედ დინამიკურ პროცესს, რომელშიც მასწავლებელი უფრო მოდერატორია და პასიური პოზიციიდან მართავს სასწავლო პროცესს, ხოლო მოსწავლე ცენტრალური ფიგურა და ორიენტირია.

- ხშირად ამბობენ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება იწყებაო და საბოლოოდ, შედეგი მაინც არასახარბელოა...

- ძალიან მაღალი კვალიფიკაციის განათლების სპეციალისტებმა შეიმუშავეს ეს მოდელი და ის არის ქართული და მსოფლიო საგანმანათლებლო პროგრესის ნაერთი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელსაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ჰქვია. ამ მიზნების მიღწევას ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც უკვე მესამედ მოდიფიცირდა და უკეთესი გახდა. ამ მოდელის მიხედვით, სკოლა გადადის ე.წ. მატრიცულ სწავლებაზე, რომელიც დაყვანილია ცნებებამდე და მკვიდრ წარმოდგენებამდე.

- უფრო გასაგები ენით რომ გვითხრა, რას გულისხმობს ეს მატრიცული სწავლება?

- სიტყვა მატრიცამ არ უნდა დაგვაბნიოს. ეს არის ორგანაიზერი, რომელიც მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დასახული მიზნების მიღწევას უადვილებს. ჩვენ, მასწავლებლებს, რომლებიც შევდივართ გაკვეთილებზე, ხშირად ვივიწყებთ გრძელვადიან მიზნებს და გადავდივართ მოკლევადიანის განხორციელებაზე... მატრიცის ნაწილებია ცნებები და მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვა და კომპლექსური დავალება. ამ მოდელის მიხედვით მასწავლებელი ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე მუშაობს არა ერთი გაკვეთილის განმავლობაში, არამედ - სტრატეგიულად, რამდენიმე დღე ან თვეც კი. კომპლექსურ დავალებას მოსწავლეები ასრულებენ.

GzaPress

- ცნებების რაოდენობა ყველა საგანში ერთი და იგივეა? - ბუნებრივია, არა. ყველაზე მეტი ცნება ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. სულ 11. მუსიკაში კი მხოლოდ ერთი. თუ ქართულის მასწავლებელი 11-ვე ცნებაზე ამუშავებს მოსწავლეებს, შედეგი გარანტირებულია. ამას ვაღწევთ მხოლოდ კომპლექსური დავალებების შესრულებით.

- მაგალითისთვის დაგვისახელეთ რომელიმე საგნის ცნება...

- ქართულში გვაქვს მაგალითად, ტექსტის გააზრების, ინტერპრეტაციის, ჟანრის და სხვა ცნებები.

- როგორც ამბობენ, სახელმძღვანელო არაა მთავარი ამ მოდელის სწავლებისას.

- ისეთ იდეალურ სახელმძღვანელოს ვერავინ შექმნის, რომელიც სრულყოფილი და ერთადერთი რესურსი იქნება განათლების მისაღებად. თქვენი აზრით, ტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჟანრის სწავლებისას? იგავ-არაკს, როგორც ჟანრს, სულხან-საბას მიხედვით ვასწავლით თუ ეზოპეს მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს!

- თქვეს, რომ ერთი ტექსტით შეიძლება რამდენიმე ცნების შესწავლაო...

- რასაკვირველია, შესაძლებელია. თავადაც მაქვს დამუშავებული ციცქნა ნაწარმოების მიხედვით 11-ვე ცნებაზე გათვლილი მატრიცა...

- კომპლექსური დავალება მოსწავლეს სახლში შესასრულებლად უნდა მისცეს მასწავლებელმა?

- არა მხოლოდ. მოსწავლეს ისეთი დავალება უნდა მივცეთ, რომ მისი ინტერესის სფერო იყოს. მისი შესრულების ადგილი და ფორმა არ უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული!

- შეფასების კრიტერიუმზე რას გვეტყვი?

- სამწუხაროდ, მასწავლებლები შეფასებას ხშირად მოსწავლის ცოდნის რევიზიისთვის უფრო იყენებენ, ვიდრე იმის განსასაზღვრავად, რა დონეზეა მოსწავლის ცოდნა. კარგი მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლის ცოდნას და ამის მერე ახლის დაშენებას ანუ კონსტრუირებას იწყებს. მსოფლიო პედაგოგიკა ამჟამად კონსტრუქტივიზმზეა ორიენტირებული და არა ბიჰევერიონიზმზე. მოსწავლემ აუცილებლად იცის რაღაც და არაა ის "ტაბულა რაზა", ანუ სუფთა დაფა. სწორედ წინარე ცოდნაზე უნდა ავაგოთ სასწავლო პროცესი და მოსწავლისთვის სახალისო და სასურველი გავხადოთ. ამით ვზრდით მოსწავლის მოტივაციას. შეფასების კრიტერიუმები აუცილებლად უნდა გვქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელს ხშირად ავიწყდება, რის მიხედვით აფასებს მოსწავლეს და მოსწავლეც არაა ორიენტირებული... ყოფილა შემთხვევები, როცა მოსწავლეს ნიშანს აკლებენ თუნდაც ყოფაქცევის გამო, რომელიღაც საგანში, ეს არასწორია და ბავშვს უკლავს სწავლის სურვილს!

- ამბობენ, რომ ახლა განმავითარებელი შეფასების დრო დადგა...

- განმსაზღვრელ შეფასებას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ განმავითარებელი შეფასებაა ეფექტიანი. სამწუხაროდ, ზოგ პედაგოგს მცდარი წარმოდგენა აქვს განმავითარებელ შეფასებაზე და სიტყვები "ყოჩაღ", "კარგი ბიჭი (გოგო) ხარ", ჰგონია, რომ ავითარებს მოსწავლეს. განმავითარებელი შეფასების მიცემას უნდა დიდი პროფესიონალიზმი. მასწავლებლები თუ ამოვიღებთ ლექსიკიდან სიტყვებს "მაგრამ" და "თუმცა", კარგი იქნება...

- კომპლექსურ დავალებაზე გვესაუბრებოდი. აქამდე თუ გამოგიყენებია ასეთი დავალება?

- კომპლექსური დავალება პროექტულ სწავლებას წააგავს, თუმცა ზუსტად არ იმეორებს. ჩემი პრაქტიკიდან უამრავ მაგალითს გავიხსენებდი. ერთხელ ჭიათურის მერიამ და კიდევ ერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ ფული გადმომცა. ამ ორივე ფინანსური დოტაციის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე წიგნების გამოცემა. ეს სხვადასხვა წელს მოხდა. პირველად გარემოსდაცვითი თემატიკის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას "ჩხიკვთა ქორწილი" და "შვლის ნუკრის ნაამბობი" შეარჩიეს მოსწავლეებმა. მათ თავად აკრიფეს ტექსტი, სასვენი ნიშნებისა და კორექტურის დეტალებზე იმუშავეს, ასევე - ყდა თავისი ნახატებით გააფორმეს. ბეჭდვის წინ კრიტიკულად გადავავლე თვალი ტექსტებს და წარმოუდგენლად კარგი შედეგი იყო! ყველა სასვენი ნიშნის დასმამდე ბავშვები მსჯელობდნენ, რატომ იყო ასე საჭირო და ამის მერე ყველა მოსწავლეს მკვიდრად ჰქონდა ნასწავლი სასვენი ნიშნის დასმის წესი! რაც შეეხება მეორე წიგნს, ის ქართული ლირიკის კრებულია და მოსწავლეებს ჰქონდათ დავალებული, პოეტების შემოქმედებიდან მხოლოდ ერთი ლექსი შეერჩიათ კონსენსუსის გზით. ამასაც წარმატებულად გაართვეს თავი. "ვეფხისტყაოსნიდან" "ავთანდილის ანდერძი" შეარჩიეს ბევრი მიზეზის გამო, თუმცა უმთავრესი ის იყო, რომ ამ თავში ნახსენები "სიყვარული აღგვამაღლებს" - ნაწარმოების იდეაა და ამიტომ შევარჩიეთო... ანუ მოსწავლეებმა იციან იდეის შესახებ და ყველა ნაწარმოებში იპოვიან მას. ასევე წინ წამოსწიეს კონტექსტის გააზრება. დამემოწმება ყველა, რომ "ვეფხისტყაოსანში" ეს თავი მართლაც გამორჩეულია...

- ვიცი, რომ გეოგრაფიასაც ასწავლიდი. ამ საგანშიც გქონდა კომპლექსური დავალებები?

- სამწუხაროდ, უკვე მეორე წელია, ამ საოცარი საგნის სწავლებასთან შეხება აღარ მაქვს. თუმცა, მაგალითს გეტყვი. ერთ წელს მოსწავლეებს მეგობრის დახმარებით მოვუწყვე ექსკურსია თურქეთში. დავავალე, წინასწარ განესაზღვრათ მარშრუტი ტრაბზონამდე. პატარა იმერული სოფლიდან თურქეთის ამ ქალაქამდე მოსწავლეებმა საოცრად დახვეწილი გეგმა წარმომიდგინეს. გათვალისწინებული იყო გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ობიექტები, მანძილი, სამგზავრო დრო, სამოქალაქო ისტორია და რაც უნდა გაგიკვირდეთ, ამ პატარებმა საზღვრის კვეთის ყველა წესი იცოდნენ წინასწარ. მათ თანმხლები მშობლები "გადაიყვანეს" საზღვარზე შენიშვნებითა და დირექტივებით, რადგან არც ერთ მშობელს ამის გამოცდილება არ ჰქონდა, მოსწავლეებს კი დაგეგმვისას ყველა ნიუანსი ჰქონდათ გათვლილი, მათ შორის ისიც, სად სჯობდა ჩაის დალევა!

- ასეთი ტიპის სწავლება გეხმარებოდა შედეგების მიღწევაში?

- თუ ტრაბახად არ ჩამითვლი, მართლა მეხმარებოდა მიზნის მიღწევაში. ძალიან მიხარია, რომ ჩემი არც ერთი მოსწავლე არც ერთ საგანში არ ჩაჭრილა ჩემი 25-წლიანი პრაქტიკის მანძილზე. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მოსწავლეებს გამოცდებისთვის კი არა, განათლების მისაღებად ვასწავლიდი... თან ყველა ჩემი მოსწავლე ჩემი მეგობარია და მეგობრადვე რჩება, ეს კი ჩემთვის უმაღლესი ჯილდოა!

- სასწავლო კურიკულუმის დაგეგმვა-განხორციელების ექსპერტი ხარ უკვე. რა საფეხურები გაიარე ამის მისაღწევად?

- როცა ექსპერტობისათვის კონკურსი გამოცხადდა, ყურადღება არ მიმიქცევია. ერთმა ძალიან გონიერმა პედაგოგმა და მართლაც განმანათლებელმა, ქალბატონმა ეკატერინე კვირიკაშვილმა მითხრა, შენი შესაძლებლობის ადამიანმა ამ პოზიციაზე უნდა გააკეთოს განაცხადიო... მისგან მოტივირებულმა განაცხადი გავგზავნე და როცა გასაუბრებაზე მივედი სამინისტროში, მივხვდი, იოლ საქმეს არ შევეჭიდე! გავიარე გასაუბრების ეტაპიც და 11-დღიანი ინტენსიური სწავლების მერე გადამანაწილეს საჩხერის #1 საჯარო სკოლაში კურიკულუმის დაგეგმვა-დანერგვის ექსპერტად...

GzaPress

- რას მიაქციეს ყურადღება გასაუბრებისას? - მოთხოვნები თავიდანვე იყო გაწერილი, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა საუბარი გვქონდა მეგობრულ ატმოსფეროში კლას-კომპლექტში სწავლების სპეციფიკაზე, რისი გამოცდილებაც მაქვს. სამწუხაროდ, მოსწავლეთა მცირერიცხოვნობის გამო სოფლის სკოლებში ბევრგან გვაქვს კლას-კომპლექტები მერვე კლასის ჩათვლით...

- მიგაჩნია, რომ ყველა შენი კოლეგა ღირსეულად შეარჩიეს?

- ჩემი აზრით, კი. ჯგუფი, რომელთანაც ერთად გავიარე ინტენსიური ტრენინგ-კურსი, იყო მოტივირებული და ძალიან აქტიური. ჯგუფში კიდევ იყო სამუშაო გუნდები გამოყოფილი, ჩემთან ერთად იყვნენ ციური ხურცილავა და თეა მათითაიშვილი. ერთი ფიზიკოსია და მეორე ქიმიკოსი. ძალიან კომფორტული იყო მათთან ერთად მუშაობა. გული დამწყდა, ერთმანეთს რომ დავცილდით... საოცრად კოლეგიალური და გონიერი ქალბატონია ორივე და დღესაც ვაგრძელებთ მეგობრობას!

- სკოლებში მხოლოდ ერთი ექსპერტი შედის მატრიცული სწავლების დასანერგად?

- არა, სკოლის მხარდამჭერ გუნდში 4 ადამიანია. ყველას თავისი მოვალეობა აქვს. ეს არის ქოუჩინგი და არა კონტროლი ან სწავლება, ან კიდევ ტრენინგ-მენტორინგი! ჩვენ მხარს ვუჭერთ კოლეგებს ჯერ მხოლოდ 1-4 კლასში ამ პროექტის დანერგვაში. ზოგადად, წახალისება და დასჯა არაა იმდენად ეფექტიანი, როგორც მხარდაჭერა...

- სკოლაში სკეპტიკურად არ დაგხვდნენ პედაგოგები?

- ბუნებრივია, იყო სკეპტიციზმიც, მაგრამ მათ წინაშე როცა წარვდექით, ეს სკეპტიციზმი სწრაფად დამარცხდა. განსაკუთრებით დიდი როლი ამაში საჩხერის #1 სკოლის დირექტორმა შეასრულა. ჩვენ წინასწარ შევხვდით ერთმანეთს და ზოგადად გავაცანი ამ მოდელის შესახებ ინფორმაცია. ქალბატონი ირმა კაპანაძე პროგრესული საგანმანათლებლო ლიდერია და ის სამაგალითოა მართლაც თავისი შრომისმოყვარეობითა და ლიდერული თვისებებით... ამიტომ, ვფიქრობ, სკოლაში აუცილებლად მივაღწევთ შედეგს! მოტივირებული პედაგოგი, კარგი მხარდამჭერი ჯგუფი და პროგრესული დირექტორი ამის გარანტიაა!

- ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი ისევ მნიშვნელოვანია ალბათ ამ პროექტში...

- რასაკვირველია. გარეთ 21-ე საუკუნეა და მოსწავლეებს ტექნოლოგიები ესაჭიროებათ... თუმცა, კომპიუტერი არაა ერთადერთი საშუალება, რითაც სწავლება უნდა მიმდინარეობდეს. ზოგჯერ დაფა და ცარციც ისეთივე მაღალი ეფექტისაა, როგორც თანამედროვე ტექნოლოგია!

- საფრთხეებს ხედავთ ამ რეფორმატორული პროექტის განხორციელებისას?

- მართალი გითხრათ, ასეთი კარგი რამ ჩვენს რეალობაში არასდროს დაწყებულა! უამრავჯერ გამიკრიტიკებია ქართული საგანმანათლებლო სისტემა, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაშიც, მაგრამ ეს პროექტი არის ძალიან კარგი, რადგან ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის ავტორები და გათვლილია ყველა ნიუანსი. არ მინდა გადაჭარბებული ოპტიმიზმი, მაგრამ ერთს ვიტყვი: ერთხელ თუ სწორად მივცემთ მოსწავლეს კომპლექსურ დავალებას, ის მას მეორედ და ყველა ჯერზე მოითხოვს... მთავარია, სწორი საკადრო პოლიტიკა და ამ უნიკალური პროექტის წარმატებას მალე ვიხილავთ!

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია