"მეწყინა, ყველა იპარავს და მე რა გავხდი-მეთქი?" - გზაპრესი

"მეწყინა, ყველა იპარავს და მე რა გავხდი-მეთქი?"

აღიარება მასთან სტუდენტობის დროს მოვიდა. მეხუთე კურსზე გპი-ში ჩატარებულ ოლიმპიადაზე პაროდიებით გამოვიდა - ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ ესტრადაზე. აი, მაშინ შეამჩნიეს და დაიწყეს გამოკითხვა: ვინ იყო? საიდან? აქამდე რატომ არ ჩანდა? ბიძინა მახარაძე მეორე კურსზე სწავლობდა, როცა უმაღლესი სასწავლებლის სცენაზე პირველი სერიოზული ნომრით წარდგა მაყურებლის წინაშე.

- პაროდიებს სკოლაში სწავლის დროსაც ასრულებდით?

- სკოლის ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მაშინ პაროდიებს არ ვასრულებდი. გონიოს სკოლაში ვსწავლობდი. მეოთხე კლასში ვიქნებოდი, როცა ფაშისტის როლი შევასრულე, რომელმაც საბჭოთა კავშირის გმირი ზოია კოსმოდემიანსკაია აწამა. ეს ჩემი პირველი როლი იყო. საინტერესო დამთხვევა მოხდა. თბილისში კომაროვის სკოლაში როცა გადავედი, სკეტჩი უნდა მეთამაშა მე-9 კლასში და იქაც ფაშისტის როლი მომცეს. გონიოში ერთი უხერხული მომენტი მახსოვს. ბავშვებს მოგვწყურდა და ფაშისტის ფორმაში გამოწყობილი მე და ჩემი კლასელი მეზობელს მივადექით, წყალი მოგვეციო. ქალი გადაირია, კასკებით და ავტომატებით რომ დაგვინახა, სურვილი სასწრაფოდ შეგვისრულა.

- გპი-ში როცა ჩააბარეთ, ინსტიტუტის თეატრში არ მიხვედით?

- თეატრში არ მიმიღეს, უფრო სწორად ასე იყო: "თეთრი ბაირაღები" უნდა დაედგათ და გოგოლის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მე და ერთი ბიჭი მივედით, გაგვსინჯეს... ეგ იყო და ეგ. შემდეგ რეჟისორმა ბორის წიფურიამ თქვა, გოგოლი ცოტა ჩასკვნილი უნდა იყოსო, მე კიდევ გამხდარი ვიყავი და არ ამიყვანეს. უყვართ აღიარებულ მსახიობებს თქმა - ჩემში ნიჭი ვერ აღმოაჩინეს და ამიტომ როლზე არ დამნიშნესო. არა, უბრალოდ როლს არ მოვერგე. თეატრი მიყვარდა, მაგრამ ესტრადა უფრო მიღიტინებდა თავში. მეორე კურსიდან ინსტიტუტის ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი, პანტომიმას ვასრულებდი. სცენაზე სერიოზული გამოსვლა პანტომიმით დავიწყე. სხვათა შორის, შეიძლება გაგეცინოთ და დედას გეფიცებით, იმ ნომერს "ოცნება და სინამდვილე" ერქვა. ასე რომ, ბიძინებს გვჭირს ეგ, ოცნება უნდა ერიოს (იცინის).

- ბორის წიფურიას მერე აღარ შეხვედრიხართ?

- როგორ არა, ბორიასთან დავმეგობრდი, ერთხელ კი გავახსენე იმ როლის ამბავი. გულღია კაცი იყო და მგონი, ცოტა უხერხულად იგრძნო თავი. გპი-ის რომ ვამთავრებდი, მირჩია თეატრალურზე ჩამებარებინა. იმ დროს სახელმწიფო ორკესტრ "რეროში" მიწვევა მქონდა, სადაც მიმიღეს კიდეც. მაინც მივედი თეატრალურ ინსტიტუტში ღია კარის დღეზე. მოთხოვნებს გავეცანი და მივხვდი, მე უკვე ვიყავი იმ დონეზე. თან, ფილარმონიაში პატარა კონფლიქტიც მქონდა, არ უნდოდათ ჩემი გაშვება, ვინაიდან ქართულსა და რუსულს, ორივე ენას ერთნაირად და კარგად ვფლობდი. ჩემს თავს ვუთხარი, რაღა გინდა ამ თეატრალურზე-მეთქი და გადავიფიქრე. მით უმეტეს, მაშინ რკინიგზელთა სახლთან არსებული თეატრალური სტუდიის ორწლიანი კურსები გავლილი მქონდა, სადაც მსახიობის ოსტატობას ნატა კანდელაკი, ხოლო მეტყველებას ესმა ახალკაცი მასწავლიდა. ესმა თავის დროზე ოთარ მეღვინეთუხუცესის პედაგოგი იყო და ამით ყოველთვის ამაყობდა.

GzaPress

- რუსული ენა ასე კარგად სად ისწავლეთ? - ბევრს ჰგონია, რომ ერთი გონიო არსებობს, არადა, ორია: ერთი ციხესთან რომ კორპუსებია, მეორეა - საკურორტო ზონა. ჩვენთან იყო რუსული დასახლება. ჩემს ბავშვობაში იქ რუსები, უკრაინელები ცხოვრობდნენ და 5 ქართული ოჯახი ვიყავით, მეტი კი არა. ამიტომ რუსული ქუჩიდან ვისწავლე, რუსულენოვან ბავშვებთან ვთამაშობდი.

- ქართლოს კასრაძესთან ერთად კონცერტზე გამოსულხართ?

- კი, მრავალი წლის მანძილზე, ის ჩემი მასწავლებელია. ჩემს თავზე ვერ ვიტყვი, ესტრადისთვის დავიბადე-მეთქი. მე რომ მკითხონ, ასე ვფიქრობ: თეატრისთვის დავიბადე, მაგრამ ესტრადაზე წავედი. აი, ქართლოსი დაბადებით "ესტრადნიკი" იყო. მისთვის კონცერტი იწყებოდა გაღვიძებისთანავე, იქნებოდა ეს სახლი, ქუჩა, ეზო, ორგანიზაცია... მაშინ ორგანიზაციებში ვატარებდით საღამოებს. ვთქვათ, კონცერტი 5 საათზე იწყებოდა, დირექტორის კაბინეტში შესვლისთანავე ჩათვალეთ, რომ კონცერტი დაწყებული იყო. არ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს სცენაა და ეს სცენის მიღმა. ქართლოსი უნიკალური მოვლენა და ფენომენი იყო, მისი მსგავსი მგონი აღარ დაიბადება. ხანდახან, ვიღაცა ანეკდოტს რომ მოუყვებოდა, ქართლოსი მე გამომხედავდა და იმის მოყოლილს გაითამაშებდა, ანუ მასწავლიდა - ეს ჩემთვის სკოლა იყო.

კახეთში გვქონდა გასტროლები და თელავში ერთ ნომერში მოვხვდით. ღამის ორ საათამდე თავის ფელეტონებს მიკითხავდა, ჩემი შეფასება აინტერესებდა. მერე გავითიშე, ღრმად ჩამეძინა და დილის 6 საათზე ფხაკუნმა გამაღვიძა. ვხედავ, ქართლოსი ფეხზეა და სადღაც მიდის. წაკითხული მაქვს, ნაპოლეონს 4 საათი ეძინაო და მგონი, ქართლოსიც ასე იყო. ძალიან ნაკითხი და განათლებული პიროვნება ყველაფერში ერკვეოდა. იცოდა ჯაზი, ესტრადა, თეატრი... ქართლოს კასრაძის ქებით არ დავიღლები!

- თქვენ მღერით?

- თავის დროზე მუსიკალურ პაროდიებს ვასრულებდი, მაგალითად: კიკაბიძე, ბულბულ-ოღლი, სლიჩენკო... მქონდა უნიკალური პაროდია, რომელსაც ჩემამდე ვერავინ ასრულებდა. მერე გამოჩნდნენ მიმბაძველები. ეს იყო დემის რუსოს პაროდია. ისეთ დონეზე ვაკეთებდი, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს შესაძლებელი იყო. ქართული კულტურის დეკადა იმართებოდა მოსკოვში და იქ შევასრულე. კონცერტზე ანსამბლი "ივერია" გამოდიოდა, "ივერიელებს" ვიცნობდი. ისინი გაოცებული ამბობდნენ, ეს მაღალი ნოტები და ასეთი ვიბრაცია რანაირად გამოგდისო? - ნუგზარ კვაშალმა მითხრა ამის შესახებ. - ბიჭო, მე ვარ და რაფერ დაგიმტკიცოთ? ჯერ ერთი, ტექსტი ქართულ-რუსულია და როდის იყო დემის რუსო ამას მღეროდა-მეთქი? - ნუგზარმა ერთი კვირა ივარჯიშა ვიბრაციაზე და თვითონ რომ გამოუვიდა, დაიჯერა, ე.ი. შესაძლებელი ყოფილა. მაგ პაროდიის გამო ერთი-ორჯერ ვლადიმერ ვინოკურმა და სხვებმა, ნაკრები კონცერტიდან ამომიღეს. რატომ? მათ პაროდიებს ჩრდილავდა. მიდიოდნენ კონცერტის ორგანიზატორთან და ეუბნებოდნენ, - ეს კაცი ამოიღეთო. მოსკოვში ჩემი სპეციალობა ინჟინერ-ელექტრიკოსობა გავიხსენე და "მოსენერგოში" ვმუშაობდი, პარალელურად მინიატიურების პატარა თეატრი შევქმენი.

- მიხაილ ჟვანეცკისაც იცნობდით, არა?

- (იცინის) სამჯერ გავიცანი. მოსკოვში ჟვანეცკი ცხოვრობდა ჩემი ავტორის - სემიონ კამინსკის ბინაში, ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მიხაილი პირველად გავიცანი ლენინგრადში, კონცერტზე, სადაც პირველ განყოფილებაში მიხაილ მიშინი გამოდიოდა, მეორეში - ჟვანეცკი და ის სემიონმა გამაცნო. მეორედ ოდესაში გავიცანი, "რეროს" კონცერტები გვქონდა, პევზნერი იყო ჩვენი ხელმძღვანელი, რომელიც ჟვანეცკის კარგად იცნობდა. მესამედ უკვე თბილისში მოხდა ჩვენი გაცნობა, სადაც ნაკრებ კონცერტში გამოვდიოდით: ჟვანეცკი, ალექსანდრე ივანოვი, არკადი არკანოვი, მზია კვირიკაშვილი, გურამ გეგეჭკორი და მე. ასე იყო, თორემ ჟვანეცკისთან ურთიერთობა და საუბრები არასოდეს მქონია.

- იუმორის კუთხით გურულების მერე, ვინ მოგწონთ?

- ქართულ იუმორში არის სულ სამი სახეობა - გურული, კახური და ქუთაისური - ეს სამი ქმნის იუმორს და დანარჩენებზე ხუმრობენ. ყოველ შემთხვევაში, დიდი თეორეტიკოსი არა ვარ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ასე ხდება.

- ბატონო ბიძინა, თქვენ მიერ განსახიერებული გმირების შესახებ მიამბეთ. როგორ ან სად ეძებთ?

- უფრო ხშირად პროტოტიპები მყავს. იყო ასეთი სკეტჩი "შემთხვევა რკინიგზის ვაგზალზე", ჩხუბი მოხდა და მოწმეები უნდა დაჰკითხონ. ერთი გარე ბიძა - ტოტო მახარაძე მყავდა, რომ დათვრებოდა, იწყებდა ტრაბახს და ვერ გაიგებდი რას ლაპარაკობდა. სკეტჩში გურული მოწმის სათამაშოდ ტოტოს პაროდირება გავაკეთე, ხოლო მეგრელის პროტოტიპად, ბიცოლაჩემ დარჯანიას ბიძის სახე გამოვიყენე. იქ არის ოსი მოწმეც, რომლის განსახიერებისთვის გავიხსენე გომში (ხაშურის რაიონი) ბებიაჩემ ელიჩკას მეზობლად მცხოვრები ოსი ქალი ციცკა და მისი საუბრის მანერა ავიღე. სხვათა შორის, იმ ციცკას რძალი "იუმორინას" კონცერტს დაესწრო და სოფელში გადარეული ჩასულა: ბიძინა ოსს თამაშობს და როგორ ჰგავს ჩემს დედამთილს, ვერ წარმოიდგენთო (იცინის).

ჯემალ ბაღაშვილი დღემდე მახსენებს, ერთი ნომერი ძალიან მოსწონდა: გურიაში არჩევნების წინ ჩადის "რუსთავი 2" და უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ხუთი ნომერი შემოხაზონ. კორესპონდენტის კითხვაზე, - ახლა გურიაში ცხოვრება უკეთესი გახდა ხომ? გურული ერთი და იმავეს ამბობს: "ვინემ როის?" - ეს ფრაზა დიალოგს ლაიტმოტივად მიჰყვება. პროტოტიპად მამაჩემის ძმა ჟორჟიკა ავიღე, იმასავით მოვჭუტე თვალი და იმასავით ვმეტყველებდი, რაც როლს ორგანულად მოერგო.

- ხაშური თქვენი დედულეთია, იქიდან რა მოგონებები ცოცხლდება?

- დედაჩემი ნოზაძის ქალი გახლდათ. ხშირად ხდება, რომ მამის გვარს უფრო ეთაყვანებიან, ვიდრე დედისას, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია - რა მახარაძე, რა ნოზაძე. მით უმეტეს, მახარაძეებთან იმდენი კონტაქტი არ მქონია, რამდენიც ნოზაძეებთან... საერთოდ, წესიერი ბავშვი ვიყავი. გომში რომ ჩავიდოდი და ჩემი ტოლები ვიკრიბებოდით, ყველა ჰყვებოდა იმაზე, თუ რა მოიპარა: ერთმა ვაშლი, მეორემ მსხალი და ა.შ. მე ვერაფერს ვამბობდი, არასდროს არაფერი მომიპარავს. ერთხელ რაღაცნაირად მეწყინა, ყველა იპარავს და მე რა გავხდი-მეთქი? ჰოდა, ამ ჩვენს გომელ, უფრო ზუსტად ხიდისყურელ (დასახლებას ხიდისყური ერქვა) ბავშვებს ვუთხარი: წამოდით, კიტრი და პომიდორი მოვიპაროთ-მეთქი. ჯერ თქვეს, რად გვინდაო? - მაგრამ მაინც ავიყოლიე და კოლმეურნეობის ველ-მინდვრებს შევესიეთ. მეველემ კინაღამ დაგვიჭირა, მაგრამ გამოვიქეცით და მაისურებში გახვეული კიტრი-პომიდორიც წამოვიღეთ. მერე ეს ამბავი გახმაურდა. როცა სოფელი განიხილავდა საკითხს, - ვინ წაგიყვანათ მოსაპარად? ყველა ამბობდა, ბიძინამ აგვტეხაო. არც ერთმა მეზობელმა არ დაიჯერა, - შანსი არაა, ბიძინა მაგას არ იზამდაო (იცინის). ასეთი სახელი მქონდა.

- მახარაძეები საკმაოდ დიდი გვარია და ბევრია ხელოვანიც. კოტე მახარაძე გაიხსენეთ.

- ზუსტ ციფრს გეტყვით, მახარაძეები 9300 ვართ. კოტესთან ახლოს ვიყავი, მახარაძეებს ის გვკრიბავდა ხოლმე. ერთი კურიოზი მოხდა კოტესთან დაკავშირებით. მოსკოვს ჰქონდა პროგრამა "პარად პარადისტავ", სადაც ლეგენდარული კომენტატორი იური ოზეროვი მონაწილეობდა. ერთხელ უთქვამს, 2-3 კონცერტზე არ ვიქნები (სადღაც მიფრინავდა) და ჩემ მაგივრად კოტე მახარაძე ჩართეთო. რუსეთში ორი დიდი კომენტატორი იყო - ოზეროვი და კოტე. კონცერტის ორგანიზატორმა დაურეკა "რეროში" პევზნერს და უთხრა, მახარაძე მჭირდებაო, სახელი არ უხსენებია. პევზნერს რა უნდა ეფიქრა, კონცერტს "პარად პარადისტავ" ერქვა და მე წავედი მოსკოვში. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წასვლამდე ორი დღით ადრე კოტეს კონცერტი მიჰყავდა. მან ჩემგან იცოდა ეს ამბავი და გამოაცხადა, ჩემი მოგვარე მოსკოვში მიიწვიესო, გახარებული იყო. ჩავედი მოსკოვში, მივედი ადგილზე. გაკვირვებულებმა შემომხედეს, ეს ვინ მოიყვანეთო? - მახარაძე ხომ გინდოდათო? - კოტე გვინდოდაო! პაროდიების კონცერტი იყო, მაგრამ მაინც არ ჩამრთეს. ახლაც მახსოვს, 10 აპრილს დაემთხვა, ჩემს დაბადების დღეს. ბილეთი 11 აპრილს ავაღებინე, ბარემ დაბადების დღეს აქ გადავიხდი-მეთქი.

კიდევ ერთ რამეს გეტყვით. ჩემი სახელის ჟღერადობა რუსის ყურისთვის აღიქმება ქალის სახელად, რატომღაც ასე ფიქრობენ. დედას გეფიცებით, არ გატყუებთ - ბილეთის აღების დროს, ბიძინა აბესალომოვნას სწერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქვე ვიდექი. არც ამოწმებდა ვინმე ამ ჩანაწერს, მეც არაფერს ვამბობდი და ჩემთვის მეცინებოდა... ისე, გვარს როცა იგებდნენ, იმწუთას მეკითხებოდნენ, - "კოტე ზნაეტე?", რა თქმა უნდა, ვპასუხობდი: "და, ზნაიუ".

ნანული ზოტიკიშვილი