"ვოიაჟერი" ანუ ცხოვრება შებრუნებით - ღრმა მოხუცებულობიდან ბავშვობამდე - გზაპრესი

"ვოიაჟერი" ანუ ცხოვრება შებრუნებით - ღრმა მოხუცებულობიდან ბავშვობამდე

ახლახან "სილქ ფაქტორი სტუდიოს" აბრეშუმის თეატრის სცენაზე სპექტაკლ "ვოიაჟერის" პრემიერა გაიმართა. ნამუშევარი ასახავს ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მოხუცი დაიბადა, სიცოცხლე კი ბავშვმა დაასრულა... სპექტაკლში, რომელიც კომპანია "სოინგ ლაბისა" და ფიზიკური თეატრის, "სინთეზის" ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს, ფიზიკური თეატრის ელემენტებთან ერთად, ბალეტის, ჰიპ-ჰოპისა და სხვა თანამედროვე ქორეოგრაფიული დისციპლინების დამახასიათებელი მოძრაობებია გაერთიანებული. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბის" მიხედვით ქორეოგრაფ გიორგი ღონღაძის რეჟისორობით დაიდგა.

გიორგი ღონღაძე, რეჟისორი, ქორეოგრაფი:

- ეს პროექტი რეჟისურაში ჩემი დებიუტია. "ბენჯამინ ბატონის უცნაურ ამბავზე" მუშაობა დიდი ხანია, თავში მიტრიალებს. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად გამორჩეული პერსონაჟია. მისი ცხოვრების ყოველი ეტაპი კონკრეტული მიზნისკენ სწრაფად სვლას წარმოადგენს. ის დაიბადა "იქ", სადაც ჩვენ სიცოცხლის ბოლოს ვაღწევთ. მან დაბადებისთანავე იცოდა ცხოვრების ავ-კარგის შესახებ. იცოდა ყოველი წუთისა და წამის ნამდვილი ფასი, რისი გაგებაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირს და ჩვენი ცხოვრების უძვირფასეს დროს უმიზნოდ ვფლანგავთ. რევერსული სვლით მან გადაწყვიტა ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიეღო. ზუსტად იცოდა, რა არის და როგორი წამიერია ცხოვრება. მისი ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, ვოიაჟია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სპექტაკლისთვის ეს სახელი მეწოდებინა.

- თემა საკმაოდ რთულია და კიდევ უფრო რთული უნდა ყოფილიყო ამ ფილოსოფიის ქორეოგრაფიაში სხეულის ენით გადმოტანა...

- სწორედ ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო, ძალიან ვნერვიულობდი. მიხარია, რომ პროექტი შედგა. ჩემი მიზანი გახლდათ სპექტაკლი სანახაობრივადაც დახვეწილი ყოფილიყო და ამასთანავე, მაყურებლისთვის გასაგები. ისიც უნდა მომეხერხებინა, რომ პერსონაჟების განცდები და მიმდინარე მოვლენები არ დამეკარგა. სპექტაკლის მთავარი გზავნილი გახლავთ, რომ ცხოვრებისგან ყოველივე საინტერესოსა და საუკეთესოს მიღება მაქსიმალურად უნდა მოვასწროთ. თავი დავანებოთ ფუჭ ჭმუნვას და ყოველი წამი გამოვტაცოთ მას, რადგან დაუნდობლად სწრაფად გადის და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, გამოვა, რომ ცხოვრება ტყუილად გავფლანგეთ...

GzaPress

- მსახიობები რა პრინციპით შეირჩა? - მე მყავდა დასი, რომლის წევრებსაც როგორც აკრობატიკაზე, ისე ბალეტზე ვამუშავებდი. ახლა შემოგვიერთდნენ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეები. ჩემთვის მეტად რთული აღმოჩნდა მათი შერწყმა. დროის კონკრეტული პერიოდის მანძილზე მხოლოდ იმაზე მომიხდა მუშაობა, რომ მათ ერთმანეთი, ერთმანეთის პლასტიკა გაეცნოთ. მაქვს საინტერესო პროექტის ჩანაფიქრი უფრო დიდ მასშტაბზე.

- სპექტაკლი საზღვარგარეთაც იმოგზაურებს?

- ამის შესახებ პროექტის მენეჯერებთან აქტიური მოლაპარაკება გვაქვს. მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ გავიტანოთ, თუმცა, პირადად ჩემი დიდი დაინტერესებაა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შევძლოთ მისი ჩვენება.

- ერთ-ერთი ეპიზოდი საკმაოდ თამამი, შეიძლება ითქვას, "რევოლუციური" იყო - ქალების ცეკვას ვგულისხმობ...

- ბენჯამენმა ცხოვრების სხვა, ახალგაზრდობის ეტაპი აირჩია, რომელიც მის მეუღლეს უკვე გავლილი ჰქონდა. ვფიქრობ, როცა ამა თუ იმ მიზეზით ქალი მარტო რჩება, აუცილებლად უნდა მოძებნოს სიმარტოვის დამფრთხობი... მთავარია, იყოს ბედნიერი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან განიცდის თუ იმავე სქესის ადამიანთან. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ბედნიერები ვიყოთ, რა გზითაც უნდა მოხდეს ეს.

ნინი გოგიჩაიშვილი, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე:

- მე და ჩვენი რეჟისორი ერთ სტუდიაში ვასწავლიდით. უკვე რამდენიმე წელია, ვმეგობრობთ, ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ გამოცდილებას: მე ჰიპ-ჰოპში, ის თანამედროვე, ექსპერიმენტულ ცეკვებში. ერთ დღესაც ასეთი სპექტაკლი შემოგვთავაზა, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ თანამედროვე ბალეტის, არამედ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეები მიიღებდნენ. თეატრში პირველად ვითამაშე. ამას ცეკვისგან სრულიად განსხვავებული ემოციები მოჰყვა. შეშლა, შეცდომა გამორიცხულია. ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან ემოცია სიტყვის ნაცვლად, ქორეოგრაფიულად უნდა გამოხატო. რასაც დრამაში ორი სიტყვით გამოთქვამ, მოცეკვავეს იმავე შედეგისთვის შვიდი მოძრაობის შესრულება სჭირდება. თუ ემოცია არასწორად მიაწოდე, მაყურებელი სპექტაკლის აზრსაც არასწორად იგებს.

GzaPress

დეა ნემსაძე, მოცეკვავე: - ფიზიკურ თეატრში ამბავი სხეულის ენით გადმოიცემა. პანტომიმისგან განსხვავებით, აქ აკრობატიკას, ბალეტს დრამატული ხაზი მიჰყვება. ჩვენი დასიც პროფესიონალი მოცეკვავეების, ბალერინებისა და აკრობატებისგან შედგება. ვცდილობთ სპექტაკლი იმდენად ყოვლისმომცველი იყოს, რომ მაყურებლისთვის საინტერესოც აღმოჩნდეს და სანახაობრივიც. მოციგურავე ვიყავი. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ არსებობს ფიზიკური თეატრი. დავინტერესდი და მოვხვდი კიდეც ზღაპრულ სამყაროში, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გავიცანი გიორგი და ნელ-ნელა ჩამოვაყალიბეთ დასი. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი ერთდროულად სახალისოც იყო, დამღლელიც და საინტერესოც, რადგან თვითონ ბენჯამინია მეტად საინტერესო პერსონაჟი.

გიორგი ბაბალაშვილი, პროექტის მენეჯერი:

- ჩემი და გიორგის ურთიერთობა საკმაოდ ადრე დაიწყო - მაშინ, როცა ჩვენ დავაარსეთ და მუშაობა დავიწყეთ მოძრაობის თეატრში. მე მეგობრებთან ერთად თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, გიორგი კი დასის წევრი გახლდათ. 17 წლის თავზე სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდით, გიო პროფესიონალი ქორეოგრაფი გახდა, ჩვენ კი ივენთ კომპანიად ჩამოვყალიბდით. ბენჯამინ ბატონის დადგმაზე დიდი ხანია ფიქრობს. იდეის გარშემო გავერთიანდით და შევეცადეთ, დაფინანსებაც ერთად მოგვეძიებინა. ამის საშუალება თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა მოგვცა. "სილქ ფაქტორ სტუდიომ" დაგვითმო სივრცე, აბრეშუმის თეატრი. ამით მაყურებელს შესაძლებლობა მიეცა ნახოს თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლი, ექსპერიმენტი, რომელშიც საინტერესო სინთეზი ბალეტისა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებმა შექმნეს. სპექტაკლს მალე გავიტანთ ნეაპოლის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მოლაპარაკება დაწყებულია გენუასთან, ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი გასტროლი იტალიაში გვექნება. უამრავ საერთაშორისო დასთან ვმეგობრობთ. ისინი თვალს გვადევნებენ, მხარს გვიჭერენ და გვგულშემატკივრობენ.

- რამდენად მოთხოვნადია დღეს მსგავსი ტიპის სპექტაკლები?

- საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან ქორეოგრაფია არ საჭიროებს ტექსტუალურ მხარეს. შესაბამისად, არ არსებობს ენის ბარიერი. სპექტაკლის ეს ფორმა ადვილად ერგება სხვადასხვა ამოცანას.

შორენა ლაბაძე