წერილი, რომელიც პრემიერმა უნდა წაიკითხოს - გზაპრესი

წერილი, რომელიც პრემიერმა უნდა წაიკითხოს

ოდესღაც ხობს ბევრი სიწმინდე ჰქონდა მიბარებული. ღვთისმშობლის კვართი (და არა შესამოსელი), წმინდა გიორგის ბარძაყის ძვალი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, მრავალწლიანი ხატი, რომელიც 52 უჯრად არის გაყოფილი და სადაც წმინდანთა ნაწილებია, ხატის შუაში მოთავსებული ძელიცხოვლის ჯვრით, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარის დედის, ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი, ასევე ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ: დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფე ლეონ II-ს და სხვებს...

ათეიზმის ეპოქაში გაზრდილებს გვესმოდა, რომ ღმერთი არ არსებობს, მღვდელი მატყუარაა და მონასტერ-ეკლესიები ფარისეველთა თავშესაფარი. თუმცა, კულუარულად ამბობენ, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ათეისტი ლენინიც კი გარდაცვალების წინ ღმერთს სთხოვდა შველას, ნიცშემაც ბოლო ამოსუნთქვის წინ "მაჯობე, ნაზარეველო", - თქვაო. კომუნისტებმა ცრუ ღმერთით (ლენინი) და ცრუ მოციქულებით (კომპარტიის გენერალური მდივნები) მოსახლეობას მაინც ვერ ჩაუნაცვლეს უზენაესი, ქრისტე ღმერთად დარჩა ხალხში, მაგრამ მღვდელ-მონაზონებზე მოგონილი ათასი ამბით მოსახლეობა ნელ-ნელა დააცილეს ეკლესიასა და მოძღვრებს...

ჩვენი ქვეყნის თითქმის ბოლო ოცი საუკუნე ქრისტიანობასთანაა გადაჯაჭვული. გასული საუკუნის დაუნდობელმა ათეისტურმა 70-მა წელმა უფრო მეტი დაუშავა ჩვენს წარსულს, ვიდრე უწინდელმა ასწლეულებმა... კომუნისტურ სკოლაში თუ ერთი მასწავლებელი უღმერთობას ქადაგებდა და ამბობდა, რომ არ არსებობს უფრო დიდი გენია, ვიდრე ლენინი და ამ გენიის ხალხში გამომტანი იყო ჯერ სტალინი, მერე ხრუშჩოვი და ასე შემდეგ, სხვა მასწავლებლები გვერდს ვერ უვლიდნენ ეკლესიისა და წმინდა მამების დამსახურებას, რომლითაც 15-საუკუნოვანი მწერლობის მეპატრონენი შევიქმენით, ბიზანტიისა და ისრაელის წმინდა მიწებზე არქიტექტურა აგვიყვავებია და მსოფლიოსთვის "არეოპაგიტიკაც" შეგვიქმნია...

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ხობის დედათა მონასტერი თავისი წარსულითა და დღევანდელობით. გასული საუკუნის 20-იან წლებში მონასტერს ჭილყვავივით დაესხნენ ბოლშევიკები. დიდი სიწმინდეების ნაწილი დაიკარგა, უკანასკნელ მღვდელმსახურს მიახლოებაც კი აუკრძალეს ტაძართან და ის თურმე ხობისწყლის გადაღმიდან ცრემლმორეული, ლოცვას აღავლენდა, რათა არ დაჰკარგოდა ქართველს ღვთის სიყვარული, ღვთისმშობლის კვართი, თამარის გულსაკიდი და აღმაშენებლის ომში საწინამძღვრო ჯვრები...

GzaPress ხობის მონასტრის განადგურება უძველესი ტაძრის ხელყოფით დაუწყიათ, თუმცა უღმრთოთ მალე მისწევიათ რისხვა. ნიშნის მოგების გარეშე ეცოდება ხალხს ახლა ტაძრის სახურავის მომპარავი, ჯვრის შეურაცხმყოფელი, სალოცავის თავლად გადაქცევის მსურველები... განბნევის მერე ყოველთვის იწყება შეკრების ჟამი და უწმინდესის კურთხევით, ხობის მონასტერი 30-ოდე წლის წინ აღდგა. ხუთი მონაზონის დაუღალავმა სურვილმა, აღორძინებულიყო სიწმინდე, შედეგი აჩვენა ხალხს. 23 ჰექტარი, რომელიც ახლა მონასტერს უჭირავს, ნამდვილი სავანეა. ხობისწყლის ხეობის მარცხენა მხარეს, გორაკზე ისევ დგას იავარქმნას გადარჩენილი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რამდენჯერმე დანგრეული და აღდგენილი, ცოტნე დადიანის საფლავით ღირსშემოსილი და მონაზონთა ლოცვით გაბრწყინებული. სამონასტრო კომპლექსის შესასვლელი უზარმაზარი ხეივნითაა დაჩრდილული, ხელმარჯვნივ კელიებია, ხელმარცხნივ - მეუფის რეზიდენცია, სადაც უფრო ხშირად, მონასტრის სტუმრებს შენიშნავთ, მეუფეს - იშვიათად. მერე კათალიკოსის სასახლეც მოჩანს, უზარმაზარი სამრეკლოც და ბოლოს ტაძარი, სადაც მუდამ ფუსფუსებს ერთი მონაზონი მაინც, რომელიც სტუმრებს ყველა კითხვაზე პასუხს დაუზარლად სცემს... ტაძრის ეზოს უზარმაზარი მაგნოლია, წყავი და ბზა, ვინ იცის, რამდენი ვაებისა თუ სიხარულის, შენდობისა თუ ინტრიგის, აღშენებისა და ნგრევის მომსწრეა! ახლა კი მხოლოდ სათნოების დროა და ეს ალბათ თავისებურად უხარიათ გალავნის ქვებს, მიწის ქვეშ ჩამარხულ უძველეს ქალაქს, ბუჩქებს შეფარებულ შაშვებს და იმ ცაცხვსაც, დრო-ჟამმა რომ გადატეხა თითქმის მიწის პირთან, მაგრამ მაინც ყოველ გაზაფხულზე ყლორტებს ზემოთ ისე იწვდის, როგორც ღვთის მოიმედე მლოცველი ხელებს ზეცისკენ...

უღმერთოებს უთქვამთ ათასჯერ, მონასტრებს უგუნურნი ეფარებიანო. მოაზროვნე ადამიანებს სულ ჰქონდათ ამ მოსაზრებაზე შინაგანი წინააღმდეგობა. ნუთუ გრიგოლ ხანძთელი უგუნური იყო, რომელმაც ერთიანი საქართველოს შექმნისთვის ქართლი, ტაო-კლარჯეთი და აფხაზეთი შეამზადა, არც ათონელების მცირედ გონიერებისა დაიჯერებოდა, რადგან დიდი სიბრძნე მათგან ნაწილდებოდა ბიზანტიის სანახებს მიღმაც. საოცრად მიყვარდა ერთი ბერის შესახებ ამბის მოსმენა, როგორ ერკინებოდა მას სატანა: ბერო, შენ თუ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ თუ მცირედ გძინავს, მე მუდმივ მღვიძარებაში ვარ და მაინც ვერ დაგამარცხეო. ის კი მშვიდად პასუხობდა, მოთმინებით გჯობნიო... რამდენმა დაითმინა საქართველოს ძლიერებისა და თუ წარსულის შენარჩუნებისთვის, ეგ ცალკე თემაა, ახლა კი ხობის მონასტერს მინდა დავუბრუნდე.

აქ მუდამ გელოდებიან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შეგხვდება პირველი, დედა სალომე თუ დედა მარიამი, გინდაც სხვა! მთავარია, იქ გხვდება მოთმინებით გამშვენებული ბედნიერება, რომელიც სულის სიმშვიდის ვერსით მომპოვებლებს ისე გვჭირდება, როგორც წყურვილისას წყალი, შიმშილისას - პური არსობისა, ავადობისას - წამალი, პყრობილობისას - მოკითხვა!

"მონასტერი სტუმარს უნდა შეხვდეს სიხარულით, ეს ჩვენი ვალდებულებაა", - ამბობს დედა ანა, რომელიც გამორჩეული იღუმენიაა და ქრისტესმიერი სიყვარულით გულში იკრავს აქაურს თუ ემიგრანტს, მართლმადიდებელსა და სხვა რწმენის ადამიანებს! აი, ამ ბოლოთა სახტად დარჩენილი სახეები მინახავს, რომლებიც გაოცებული რჩებიან მართლმადიდებელ მონაზონთა შემწყნარებლობით...

დედა მარიამს ბოსელი აბარია, კიდევ - საფუტკრე. დადის ღიმილით, პატრონობს ძროხებსა და ფუტკარს, საგალობლის შესრულებისას უნდა ნახოთ კიდევ... დედა ეკატერინე უცხოელ სტუმრებს სრულყოფილი ინგლისურით პასუხობს და თან იწვევს თავის ნახელავ ხაჭაპურზე, გურულ ღვეზელზე, ნამდვილ ჩაიზე... რა მნიშვნელობა აქვს მონასტერში მენიუს, როცა ის დედა ეკატერინეს ხელითაა მომზადებული? თავად მონაზვნები მცირედს მიირთმევენ, მაგრამ სტუმრისთვის მუდამ არის ზეპური სუფრა - უბრალოებით დამშვენებული! მონასტრულ ცხოვრებას არ შეშვენის ხმაური და პიარიო, ესეც უთქვამთ, მაგრამ ვინმემ უნდა თქვას, იქ რაც ხდება.

ერთი ლირიკული გადახვევა მინდა შემოგთავაზოთ: გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართველი ებრაელების ოჯახი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. ინტელექტუალმა ცოლ-ქმარმა დასავლურ მოთხოვნებს გაუძლეს და იმ რიტმს აუწყვეს ფეხი, რომელსაც მოაქვს ფინანსური კეთილდღეობა. საერთო ნაცნობმა მათ შესახებ მომწერა: "მზია ჩემი მეგობარია და საქართველოზე მონატრებულია, სიმსივნის უკანასკნელი სტადიით დატანჯულს უნდა შვილებს საქართველო აჩვენოს. პირველი ორი საქართველოში ჰყავს გაჩენილი, ნაბოლარა ამერიკაში და მთხოვა, ეგებ საქართველოში ისეთი ტური დამიგეგმო, რომელიც შვილებისთვის პირობის ჩამორთმევის საშუალებას მომცემს, არ დაივიწყონ მადლიანი ჩემი სამშობლო". მოკლედ, ამერიკიდან გამოგზავნილი თხოვნა გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტის საშუალებით გადმომეცა. სვანეთის ტურზე შევთანხმდით. გზა დიდი და დამღლელი იყო, ამიტომ საჭირო გახლდათ გზის შუალედში დასვენება. ხობის მონასტერი! - გავიხსენე და ორივე მხარეს მორიდებით ვუთხარი. ებრაელებმა თანხმობა განაცხადეს, სიხარულით მიგვიღეს მონასტერშიც. ტრაპეზზე ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ყველას ერთი ღმერთი ჰყავს სამყაროში, გინდაც ორთოდოქსი ქრისტიანი იყოს, თუნდ - იუდაიზმის მიმდევარი. კიდევ გვეწვიეთო, - ისეთი სიტკბოთი უთხრა იღუმენიამ მზიას და მის შვილებს, მივხვდი, რომ მალე მოისურვებდნენ ამ სავანეში დაბრუნებას. ტრაპეზის შემდეგ დედა ეკატერინემ მონასტრის უზარმაზარი ისტორია უხარვეზო ინგლისურით გააცნო სტუმრებს და ვამჩნევდი ახალგაზრდა ებრაელებს, როგორ აოცებდათ ჩვენი წარსული... ებრაელებმა უკვე სვანეთში ყოფნისას, მესამე დღეს გამოაცხადეს, მონასტერში გვინდა დაბრუნება. აქაც ლამაზია ყველაფერი, მაგრამ იქ მაინც სულ სხვააო და ღამის პირველი საათი იყო ალბათ, როცა კვლავ მივადექით დედა ანას კარზე...

იანვრის დასაწყისში ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ბერად აღკვეცის ცერემონიას დავესწარი. უამრავი ადამიანი ელოდებოდა ხილულ გარდასახვას, რომელიც ჩვენ თვალწინ მართლა აღსრულდა. ერისკაცობაში მყოფი გიორგი ბერული შესამოსლით საოცრად დაემსგავსა ფრესკაზე გამოსახულ წმინდანებს და სიხარულით ატირდა ასეულობით მორწმუნე... ახლა გიორგი მამა ანტონია და აპირებს, ხობში პირველი მამათა მონასტრის დაარსება-გაძლიერებას. პირველი მაისი ჰქვია ხობში ერთ სოფელს, მის ზემოთ, გორაკზე ადრექრისტიანული ტაძარია, იავარქმნილი და ნგრევის პირას მისული. ადგილობრივების თქმით, წმინდა სოფიას სახელზეა აგებული და ქვის გალავნით შემოზღუდული ელოდება კაცის ხელს, რომელიც უშველის წინაპრის რწმენით აგებულ საყდარს... მამა ანტონს უყვარს იქაურობა, ხშირად ადის, ეკალსა და ბარდს ამოძირკვავს, ქვიანებში ველურად ამოხეთქილ დაფნებსა და ბროწეულებს ამოუკაფავს ზედმეტ ტოტებს და ფიქრობს, როგორ უშველოს უპატრონობისთვის განწირულ ისტორიულ წარსულს. "პრემიერ-მინისტრს შეუძლია პირდაპირ გადმოსცეს ეკლესიას ტაძრის ტერიტორია. ვიცი, იტყვის ზოგი, რად უნდა ეკლესიას ამდენი ქონებაო, მაგრამ იმას არ იფიქრებს, ეკლესიის ძალა ქვეყნის ძალა რომაა", - თქვა მამა ანტონმა. დავფიქრდი. მამა ანტონს შვილი არ ჰყავს, ჩიტზე უფრო ცოტა საკვები ჰყოფნის, მაშ, რად არ უნდა გადაეცეს კირქვით და ბუჩქნარით გადავსებული ტერიტორია? მოუვლის, გააკულტურებს, გალავანსა და კედლებზე მოდებულ მცენარეებს საუკუნეების წინ ნაშენებს დასანგრევად არ დაუთმობს. და კიდევ, ცოდვით დამძიმებულებს შეიფარებს და სულის სალბუნად წაუკითხავს "სჯულის კანონს" ან "მრწამსს" და უკეთესი რა უნდა გაკეთდეს?!

P.S. ბერმონაზვნებისთვის არც მითქვამს, მათთან დაკავშირებით დაწერას რომ ვაპირებდი. უბრალოდ, ეს წერილი მინდა გიორგი გახარიამ წაიკითხოს. ვინ იცის, რამდენ სიკეთეს დაედება საფუძველი, თუ დანგრევის პირას მისული ძეგლი მზრუნველი ხელის პატრონობის ქვეშ მოექცევა...

როლანდ ხოჯანაშვილი